Sunday, September 19, 2010

ათ ქალწულზე (მცირე ქადაგება)


დღევანდელი სახარებიდან ჩვენ მოვისმინეთ იგავი ათ ქალწულზე რომლებიც სიძის დასახვედრად გამოვიდნენ ლამპრებით, ეს გახლდათ აღმოსავლური ტრადიცია, მექორწილე წყვილის შეთანხმების შემდეგ, სადღესასწაულოდ შემოსილი სიძე, მეგობრებთან ერთად, ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, მაყრიონთან ერთად, მიდიოდა საპატარძლოსთან სახლში, რომელიც საზეიმოდ გამოწყობილი, მეგობრებით გარემოცული, ელოდა მის მოსვლას. ჩვეულებრივ ეს ღამით ხდებოდა ხოლმე და ამიტომაც სასიძოს ხვდებოდნენ ანთებული ლამპრებით. ამის შემდეგ სასიძო და საპატარძლო, დღესასწაულის ყველა მონაწილესთან ერთად, ხმაურიანი შეძახილებით, სიმღერითა და მუსიკით, მიდიოდნენ სიძის სახლში, სადაც კარი დაიხშებოდა და აღარავის აღარ უშვებდნენ.

და აი, გამოვიდნენ ათი ქალწული მიგებებად სიძისა, ხუთი გონიერი და ხუთი სულელი... გონიერებს ლამპრების გასანათებლად საკმარისი ზეთი ჰქონდათ, ხოლო სულელებს ძალზედ მცირე, და როდესაც დადგა ჟამი სიძის დახვედრისა, ხუთი გონიერი ქალწული სიხარულით მიეგებნენ სიძეს, რადგანაც მათ ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, ხოლო სულელნი კი დაიბნენ, რადგან არც ზეთი ჰქონდათ საკმარისი და არც სინათლე, და გონიერებს მიმართეს, გაგვიყავით ზეთიო.... მაგრამ შეუძლებელი იყო გაყოფა, რადგანაც სიძე უკვე ახლოს იყო, და აღარ მოესწრებოდა... წადითო გონიერმა ქალწულებმა თითქოს ასე უთხრეს სულელებს და იქნებ მოასწროთ ყიდვა ზეთისო მაგრამ უკვე გვიან იყო...

ამ იგავით მაცხოვარმა, კიდევ ერთხელ, მიგვანიშნა ეკლესიურ ადამიანთა ხვედრზე, ათ ქალწულში იგულისხმება ხილული ეკლესიის სისავსე, რომელიც მოელის სიძის - ქრისტეს გამოჩენას დედამიწაზე თავისი დიდებით, იგულისხმება ის ვინც მოელის წყალობას ღვთისაგან ამ ქვეყნად...
მათ შორის ხუთი გონიერი ქალწული გახლავთ ისინი, რომელთაც კეთილი ღვაწლი მოიმუშაკეს, განამრავლეს ირგვლივ თავიანთ სიცოცხლეშივე სიყვარული და სიკეთე და ღირსნი გახდნენ უფალთან ერთობისა...
ხოლო სულელებში კი უნდა ვიგულისხმოთ ისინი, რომელთაც მიიღეს ბეჭედი სულისა წმიდისა, მოინათლნენ ქრისტიანებად, მაგრამ ვერანაირი კეთილი საქმე ვერ აღასრულეს, მხოლოდ სიტყვით გახდნენ ქრისტიანები და ღვაწლი დაივიწყეს... რის გამოც ვერ შევიდნენ მექორწილეთა სიხარულში... უფალთან ერთობაში...
ყოველივე ეს, ის პროცესია, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ ქრისტეს ქადაგებიდან, პირველი საუკუნეში, და რომელიც ფაქტიურად არის გარჩევა კეთილისა ბოროტისაგან ... „მაშინ ორნი იქნებიან ველად, ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება“-ო, დაწერილია სახარებაში... ანუ, ერთი წარწყმდება და ერთი გადარჩებაო...
ე.ი. მხოლოდ ქალწულად წოდება ანუ მხოლოდ ქრისტიანად წოდება ვერ გაუღებს სასუფევლის კარს ადამიანს.... მას სათნოებანი უნდა ჰქონდეს მოხვეჭილი... ამისათვის იფხიზლეთ, რადგანაც არ იცით სიძე როდის მოვაო, გვაფრთხილებს მაცხოვარი...
..... წმ. მამები აღნიშნავენ; რომ ზეთი რომელიც საკმარისად ჰქონდათ გონიერ ქალწულებს ნიშნავს მადლის სიმბოლოს, სიყვარულისა და კეთილი საქმეების სიმბოლოს, რომელსაც ადამიანი მხოლოდ საკუთარი ღვაწლით და ღვთის წყალობით მოიპოვებს მას და რომელიც ბუნებრივ პიროვნულ თვისებად გარდაიქცევა ადამიანში, რის გამოც მისი ვინმესთვის გაყოფა შეუძლებელი ხდება... მაგალითად თუ კეთილი ხარ და მშვიდი ბუნებით, ან ნებისყოფით, და შენს გვერდზე დგას ბოროტი და მზაკვარი, გამტკიცებული ამ მდგომარეობაში... გადასცემ მას სიკეთეს უცბად? ანდა გახდება იგი უცბად კეთილი? ეს ხომ შეუძლებელია... შენი პიროვნული თვისება სხვას რომ აჩუქო... ისე მათთვის გახდება შეუძლებელი უფალთან მყოფობა, რომელთაც ვერ ან არ შეიძინეს საღვთო მადლი თავიანთი შრომით და უფლის წყალობით...
ამიტომ არანაირი სიკეთე არ არსებობს გაყინული და გაჩერებული ის სულ უნდა მიიწევდეს მაღლა და მაღლა, ის სულ უნდა ენთოს ცეცხლივით, თუ ჩვენ ყოველდღე არ ვთესეთ სიკეთე, თუ ჩვენ ყოველდღე არ წარვემატეთ, ეს ნიშნავს იმას რომ ძირს ვეშვებით, ბნელდება, ქრება ცეცხლი და ვიყინებით,... სიკეთეში არ ვგულისხმობ მხოლოდ ვინმესთვის ფულის ჩაჩხრიალებას, არამედ კეთილ სიტყვას, კეთილ საქმეს წმინდა აზრებს... ლოცვას, მარხვას და ა.შ...ზარმაცთან ძნელად მიდის მადლი...
ე.ი. რა არის მთავარი მოწოდება ჩვენი დღევანდელი სახარების საკითხავიდან? ის რომ ჩვენს სულიერ ლამპრებში ე.ი. ჩვენს არსებაში, ყოველთვის გვქონდეს ზეთი კეთილსურნელოვანი, ზეთი სიყვარულისა და სიკეთისა... რათა ჩაუქრობლად ენთოს ჩვენი ლამპრები ღვთის წინაშე...
და თუ კი დღეს თქვენ სიკეთეს ჩადიხართ და ვერ ხედავთ სიკეთის საზღაურს ამ ქვეყნად, ნუ დანაღვლიანდებით, რადგანაც სიკეთეს თუ აკეთებ, სიყვარულს თუ თესავ... და ა.შ. ... ეს უკვე დიდი წყალობაა თქვენზე, დიდი მადლია თქვენზე, რადგანაც ლამპარი თქვენი ბრწყინავს ღვთის წინაშე...
ამიტომ ვეშუროთ ყოველგვარ სიკეთეს, ქრისტესმიერ საყვარელნო, რომელიც უფლის სიხარულში შეგვიყვანს... ამინ!
ქრისტესმიერი სიყვარულით
იღუმენი იოანე ილიასი

Tuesday, September 14, 2010

თავისკვეთა წმ. იოანე ნათლისმცემლისა


ყოველ 11 სექტემბერს, ეკლესია იხსენიებს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს. ამ დღესასწაულს, საზეიმოს ვერ ვუწოდებთ, რადგანაც ამ დღეს გამოვლინდა ადამიანთა უბოროტესი გრძნობები და დამოკიდებულებები ღვთისადმი და საერთოდ, საკუთარი თავისადმი...
იმ დღეს მეოთხედმთავარი გალილეისა მეფე ჰეროდე ანტიპა თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა და დიდი წვეულება ჰქონდა გამართული. იგი იყო შვილი, სწორედ იმ ჰეროდე დიდისა, რომელმაც მაცხოვრის შობისას ბეთლემში ყრმები ამოაჟლეტინა. და როგორც მამა ისე შვილიც ჰეროდე ანტიპა მამის კვალს დადგომოდა, იყო მზაკვარი და ავხორცი, მას ცოლად ჰყავდა უკანონოდ საკუთარი ძმის ცოლი გარყვნილი ჰეროდეადა, რომელმაც ქმრის ძმასთან მაშინ გააბა უკანონო ურთიერთობა, როდესაც ის თავის ძმას სტუმრობდა. ეს ყოველივე ხალხმა იცოდა და ყველა შფოთავდა, მაგრამ ჰეროდეს მხოლოდ იოანე ნათლისმცემელი ამხელდა: „არ გერგება შენი ძმის ცოლი ცოლადო“ ... რაზეც ჰეროდეადას გული მოსდიოდა და მოკვლა სურდა იოანესი, მაგრამ ვერ ხელეწიფებოდა. ჰეროდეს კი ეშინოდა და იფარავდა იოანეს, რადგანაც იცოდა, რომ ის მართალი და წმინდა კაცი იყო. და როგორც სახარებიდან სჩანს ეს, ჰეროდე მას ხანდახან სიამოვნებითაც კი უსმენდა ხოლმე.
და, აი როდესაც ჰეროდე განცხრებოდა და სიამოვნებით ტკბებოდა თავის ნადიმზე, ჰეროდეადას შვილმა სალომეამ იცეკვა მის წინაშე და კიდევ უფრო აღაგზნა მასში ავხორცული ვნებები. გაბრუებულმა ჰეროდემ სალომეას აღუთქვა ყოველივე, რასაც კი ის მოისურვებდა, თვით ნახევარ სამეფოსაც კი დაჰპირდა სალომეას...
სალომეამ კი, დედამისის ჰეროდეადასგან დარიგებულმა, მოთხოვა ჰეროდეს, მოკვეთილი თავი წმ. იოანე ნათლისმცემლისა... როგორი მოთხოვნაა?! ან როგორი სურვილია?! ...
ამით... მან, იოანეს თავის მოკვეთის მოთხოვნით, ფაქტიურად ღმერთი მოკლა და თავიც მოიკლა, რადგანაც მან უკვე ხილული, მამხილებელი სინდისი მოკლა, რასაც წინ, უეჭველად, საკუთარი შინაგანი სინდისის მოკვლა უძღვოდა.... არ სჯობდა ჰეროდეადასთვის სადმე მონად გაჩენილიყო? ან უბრალო მხევალი ყოფილიყო, ვიდრე დედოფლად წოდებულიყო და ასეთი საშინელება მოეთხოვა? ამიტომ დედამიწაზე ყოველთვის საშიშია და საფრთხილოა ყოველი მაღალი წოდება, პატივი და ხარისხი, რადგანაც ეს ყოველივე ღვთაებრივია, მეფეს და დედოფალს, ღვთის მსგავსად, მოწყალება, სამართლიანობა და სიწმინდე ჰმართებს და ჰშვენის, სხვადასხვა მსახურსა თუ მოხელეს ერთგულება, პატიოსნება და შრომისმოყვარეობა... ეს სიკეთეები აქცევს ადამიანს ნამდვილ მეფედ და დედოფლად, ეს სიკეთეები უნდა გააჩნდეს ყოველ ადამიანს, რომელიც რაიმე ხარისხსა თუ წოდებას მიელტვის ამ ქვეყნად, და თუ არა აქვს და ვერც იძენს ამ სათნოებებს, მაშინ სჯობს არც ისურვოს წარმატება, რადგანაც ბოლოს ცუდ დღეში ჩააგდებს საკუთარ თავსაც და სხვასაც... როგორც ეს ჰეროდეადამ გააკეთა, მან ჯერ საკუთარ თავს ავნო, იოანეს მოკვლა რომ მოისურვა, შემდეგ კი თავის შვილსა და ქმარს გაუკეთა ცუდი, რადგანაც რეალურად, ჰეროდეადამ მათით ჩაიდინა მკვლელობა ... ის იყო ირიბად და პირდაპირაც გადაწყვეტილების მიმღები, ბრძანების გამცემი და საქმის აღმსრულებელიც...
თან თითქოს, თვითონაც არ გამოჩნდა, როგორც ეშმაკი...
ახლა კი სალომეას დავაკვირდეთ თუ როგორ მოიქცა ის. მან ისე იცეკვა დედამისის ქმრის თვალწინ, რომ გააბრუა იგი და ხორციელი ვნებები აღძრა მასში... ეს რა ცეკვა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგიერთნი, ჩვენი თანამედროვენი დღეს მას, უეჭველად სექსუალურს უწოდებდნენ... და ქათინაურებსაც არ დააკლებდნენ სალომეას...
კიდევ უფრო ამაზრზენი გახდება ჩვენთვის ის, თუ იმასაც წარმოვიდგენთ, თუ როგორ უყურებდა ამ ყოველივეს ჰეროდეადა...
საერთოდ ცეკვა, ეკლესიის სწავლებით, წმ. მამათა უმრავლესობის აზრით ცოდვაა, რადგანაც ხორციელ ვნებებს აღძრავს ადამიანში, მაგრამ ჩვენ ვიცით ძველი აღთქმიდან, რომ წინასწარმეტყველი და მეფე დავითი, როდესაც სჯულის კიდობანს მოაბრძანებდა თავის ხალხთან ერთად დავითის ქალაქში, მღეროდა და ცეკვავდა წინაშე უფლისა, ე.ი. ... ალბათ ღვთიურმა სიხარულმაც შეიძლება აგამღეროს და აგაცეკვოს კიდეც... რისი მაგალითიც დღეს შეიძლება იყოს, აღდგომისას იერუსალიმში ქრისტე მაცხოვრის ტაძარში, ღვთაებრივი ცეცხლის მომლოდინე, მოზეიმე არაბი მართლმადიდებლები, რომლებიც დაფდაფებით და შეძახილებით ელოდებიან აღდგომის ცეცხლს... ასევე ჯვრისწერის სიხარულმაც შეიძლება ააცეკვოს და აამღეროს ნეფე-პატარძალი, მექორწილენი... მაგრამ როგორ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ, ასეთ დღესასწაულებზე მოზეიმე ადამიანთა მიზეზი და სულიერი განცდა, იმ ადამიანთა მიზეზსა და სულიერ მდგომარეობას, რომელნიც ღამით, ჩაბნელებულ დისკოკლუბებში ცეკვავენ, როკავენ... ?!
ახლა მცირე ხნით ჰეროდეს შევხედოთ გონების თვალით, როგორ გადაწყვეტილებას იღებს იგი? ტკბება თავის ნადიმზე ძალაუფლებით ჰეროდე და ალბათ ქება-დიდებასაც იღებს დამსწრეთაგან, ალბათ ეუბნებიან კიდეც, თუ როგორი ვაჟკაცია და ძლევამოსილი იგი.... ამაყია... და აი, რას ვხედავთ?! სალომეას ცეკვით გაბრუებული, თუ როგორ კარგავს სწორი განსჯის უნარს, სახელმწიფოს უმაღლესი მოხელე, თუ შეიძლება ასე ითქვას მეფეზე, თითქოს ის თავისი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ იყოს... იგი ეუბნება სალომეას ყველაფერს შეგისრულებო რასაც კი მოისურვებო, თვით ნახევრ სამეფოსაც გიწილადებო... და სწორედ ამ დროს ეშმაკის მახეში ებმება... თითქოს ეშმაკი ეუბნება მას უარჰყავი ღმერთიო, შენი მეფური ღირსების სანაცვლოდ...ერთის მხრივ ხალხის წინაშე მას - მეფეს პირობა აქვს დადებული, რასაც წყალი არ უნდა გაუვიდეს, თორემ რეპუტაცია შეელახება ხალხში... მეორე მხრივ კი მართალი და წმინდა კაცის შიში აქვს... დილემის წინაშე დგას ჰეროდე; დაარღვიოს უგუნური პირობა და ხალხის წინაშე პირობის დამრღვევი გამოჩნდეს თუ მოჰკვეთოს თავი წმინდა და მართალ ადამიანს და პირობის შემსრულებელი გამოჩნდეს ხალხში? და იგი ირჩევს მეორეს... არა ღვთის სიტყვას, -სინდისის ხმას, არამედ ხალხის აზრს - საზოგადოებრივ აზრს... აი სად სჩანს მისი ლაჩრობა და მისი დედლობა... დღესაც ჰეროდეს მსგავსად უამრვი სახელმწიფო მოხელე თავისი საკუთარი სინდისის ხარჯზე მიდის კომპრომისზე სხვადასხვა საცდურთან, ფული იქნება ეს თუ ძალაუფლება.... წინააღმდეგ ამისა გავიხსენოთ როგორ იცავდა ღვთის სიტყვას წმ. დიდმოწამე გიორგი, წმ. ქეთევანი, წმ. მეფენი არჩილ და ლუარსაბი და ა. შ... რომელთა ხვედრი ღვთის სასუფეველია, ყოვლისშემომქმედი და ყოვლადძლიერი ღმერთის შვილობა.... ხოლო ჰეროდეადას, სალომეას, ჰეროდეს და მათ მსგავსთა ხვედრი - ჯოჯოხეთი,...
თქვენ იცით, ხვედრი ამ სამი ადამიანისა... ზამთარში, როდესაც სალომეა გაყინულ მდინარე სიკორისზე გადადიოდა, ყინული ჩაუტყდა, წყალში ჩავარდა, ყინულმა თავი მოაჭრა და გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს; ხოლო თავად მეოთხედმთავარი და მისი ცოლი კი გადმოცემით, ცოცხლად შთანთქა მიწამ. . .
„ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი“ ასმენდეს მართალსა და რომელი ძვირსა უყოფდეს წმინდასა...
დღეს ჩვენ მეტნაკლბად ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადას და სალომეას სახით გულისხმავჰყავით თუ როგორები არ უნდა ვიყოთ... და რომ ყოველთვის უნდა გვყავდეს ჩვენს სულში, ჩვენს გულში წმ.იოანე ნათლისმცემელი სიმტკიცე სინდისისა და ქადაგი სინანულისა, „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა....“ ე.ი. რაოდენ დაცემულიც არ უნდა იყოს ადამიანი და ყველანაირი სათნოება ჩამკვდარი იყოს მასში, თუ სინდისის ხმა ცოცხალია მასში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისიც ცოცხალია...
ქრისტესიერი სიყვარულით
იღუმენი იოანე (კავსაძე)

Tuesday, August 31, 2010

მარიამობა 2010წ.


მაცხოვრის ჯვარცმიდან მეჩვიდმეტე წელს მიიძინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა. ამ ხნის განმავლობაში იგი ცხოვრობდა წმ. იოანე მახარებლის სახლში, როგორც ეს მაცხოვარმა განაგო.
დღევანდელი დღესასწაული ჩვენში იწოდება მარიამობად და ამ დღეს ხარობს ყოველი მორწმუნე, ეს არის სიხარულის დღესასწაული, მაგრამ მას როგორც იცით ეწოდება მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ე.ი. მიცვალება ღვთისმშობლისა... რატომ უწოდა წმ. ეკლესიამ ღვთისმშობლის მიცვალებას მიძინება? ან რატომ ვხარობთ ამ დღეს?
როდესაც მორწმუნე ადამიანი ამ სამყაროს შექმნის, ჯვარცმის ან აღდგომის სასწაულებზე ფიქრობს, ის აუცილებლად აღფრთოვანდება ამ მოვლენათა სიდიადით, მას აუცილებლად აღაფრთოვანებს ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის არსებობის სიდიადე, რადგანაც იგია საკვირველებათა საკვირველება, რომელმაც თვით ზეცისა ძალნი განაკვირვა, დაუტევნელის დატევნით... მისმა სათნოებამ - სიმდაბლემ ცანი მოდრიკნა და კაცთა მოდგმას უკვდავების წყარო აღმოუცენა, მისით განკაცდა ძე ღვთისა.... მასში შეერთდა ღმერთი და კაცი უფალი ჩვენი იესუ ქრისტეს სახით... და ამიტომაც იგი იწოდა ყველა ქმნილებაზე უაღმატებულესად, „უპატიოსნესად ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესად სერაფიმთასა“... და სწორედ ამიტომაც მისი მიცვალება იწოდება მიძინებად და არა გარდაცვალებად, რადგანაც მან სიყრმიდანვე უკვდავება შეიმოსა, გარდა ამისა, ყოველი მართალი პირობითად, ღვთის წინაშე მიძინებულია, ტკბილი ძილით და როდესაც საყოველთაო აღდგომა იქნება გაიღვიძებენ... მიძინებულნი არიან, ძველი აღთქმის მართალნი; მოსე, აარონი, აბრაამი, ისააკი და იაკობი.... ახალი აღთქმის წმინდანნი, მოციქულნი, მახარებელნი...და ა. შ.... წინააღმდეგ ამისა შეუნანებელნი ცოდვილნი, ცოცხალნიც კი, მკვდრებად იწოდებიან...
... მიძინებამდე სამი დღით ადრე ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა და ამცნო რომ ზეცად უნდა აღსულიყო, იგი მადლობდა უფალს და შეევედრა, რომ სხეულიდან განსვლისას, წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული თვით უფალს მიეღო. და ასევე, ითხოვდა, რომ აღსრულებამდე ენახა მოციქულნი, რომლებიც საქადაგებლად იყვნენ ქვეყნიერებაზე განბნეულნი. და მართლაც, სასწაულებრივად ქვეყნიერების სხვადასხვა კიდითგან ღვთისმშობელმა შემოიკრიბნა მოციქულნი და აკურთხა ისინი და მიაბარა სული თავის ძეს... როგორც ცნობილია, საეკლესიო გადმოცემით, მიძინებიდან მესამე დღეს დედა ღვთისა უფალმა აღადგინა და აღამაღლა სხეულითაც ზეცად...
...ამ დღეს, ყველაზე დიდი ზეციური მეოხი, კაცთა მოდგმისა, წარსდგა უფლის წინაშე... და ავედრებს უფალს მის მსასოებელთ, წყალობისა და ნუგეშის მთხოვნელთ... იგია განსაკუთრებული მეოხი ქვრივ-ობოლთა და გაჭირვებულთა, ოჯახობათა და ბერ-მონაზონთა, ...
ათონის მთის ბერ-მონაზონთა დასის წინამძღვარი არათუ რომელიმე ეპისკოპოსია ან არქიმანდრიტი, არამედ თვით ღვთისმშობელი ითვლება ათონის მთის იღუმენიად,მის წინამძღვრად... და მისი მიძინებიდან მოყოლებული,ეს არის ერთგვარი უცვლელი ჭეშმარიტება - დედა ღვთისას წინამძღვრობა უფლის მოწაფეთა და ბერ-მონაზონთა, რომლის წინასახეც სწორედ მიძინებისას, სიონის მთაზე მის მიერ შეკრებული მოციქულთა კრებული იყო...
და ეს ყოველივე ჩვენი სიხარულის მიზეზია...
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს რომ სიყვარული და მეგობრობა დაფუძნებულია „მსგავსებასა, თანხმობასა და ერთობასა ზედა ჭკუისა,აზრისა და ხასიათისასა.“ როდესაც ჰხედავ მეგობრობასა და სიყვარულს ორ ადამიანს შორისო, იცოდე, რომ იმ ორ ადამიანს მსგავსება აქვთ გულისა და სულისო; და მსგავსად ამისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვარებსო იმას და მეგობარი შეიქმნება მხოლოდ იმათი, რომელთაც რაიმე მსგავსება, ერთობა ან ზიარება ექნებათ მასთანო;
ასე რომ შევეცადოთ მივბაძოთ ღვთისმშობელს და შევიყვაროთ უმანკოება და სიწრფელე და დავუთმოთ უფალს ...
ამინ.
ქრისტესმიერი სიყვარულით იღუმენი იოანე
ლოს ანჯელესი 28 აგვისტო

Friday, August 20, 2010

ფერისცვალება 2010წ


ალბათ, თვით სიტყვა ფერისცვალება მის შინაარსს ყველაზე მეტად გადმოსცემს. კონკრეტულად, დღესასწაული ფერისცვალებისა, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი კი, არის ჩვენს სამყაროში ღვთაებრივი ბრწყინვალების ხილული გამოცხადება ... დღეს კაცთა მოდგმამ სამი მოციქულის, პეტრეს, იოანესა და იაკობის სახით იხილა მომავალი საუკუნო სიცოცხლის დიდება... ზეციურ ბრწყინვალებაში მყოფი „ძე კაცისა“ - იესუ ქრისტე და ორი დიდი წინასწარმეტყველი მოსე და ილია საუბრობდნენ უდიდესი მისტერიის ჯვარცმის შესახებ. რატომ საუბრობდნენ ჯვარცმაზე...? ან რატომ აჩვენა მაცხოვარმა მოციქულებს თავისი ღვთაებრივი ნათელი?
... ერთი კვირით ადრე ამ მოვლენამდე, ფერისცვალებამდე, როდესაც იესუ ქრისტე ესაუბრებოდა მოციქულებს თავის ჯვარცმაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ვნებულიყო ის, მოციქულებმა ვერ დაიტიეს ეს საიდუმლო,... რადგანაც ძნელი იყო ადამიანისათვის ჯვარცმული უფლის შეცნობა, ამიტომ ახლა ეჩვენა მათ ღვთაებრივი დიდებით შემოსილი, რათა წინასწარ განემტკიცებინა ისინი რწმენაში... პეტრე მოციქულმაც სწორედ, იმიტომ რომ ვერ დაიტია ეს ღვთაებრივი საიდუმლო უთხრა მაცხოვარს: „შეიწყალე შენი თავი, უფალო, ნუ იქნება ეს შენთვის“- ო. (მათე 16,22). რადგანაც არ წარმოედგინა მას უფლის ჯვარცმა... „ხოლო იგი მიუბრუნდა და უთხრა პეტრეს: გამშორდი, სატანა, საცდური ხარ ჩემთვის, რადგან არ ფიქრობ ღვთისას, არამედ - კაცისას.“ ...
რას ნიშნავს : „არ ფიქრობ ღვთისას, არამედ - კაცისას“...?
ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთაებრივს, ყოველთვის, მხოლოდ ადამიანური გონებით, ლოგიკით ვერ ჩაწვდები, ვერ მიხვდები... შეიძლება მიუახლოვდე ოდნავ, მაგრამ ბოლომდე ვერ მიაღწევ... ვერ შეიცნობ მას... ამიტომაც მოაყოლა უფალმა ამ სიტყვებს: „თუ ვინმეს უნდა, შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.“ ე.ი. დაუტეოს თავისი ადამიანური განსჯა და გამომყვეს მე მორჩილებითო... ასე საუბრობს თავად სიყვარული...
დავაკვირდეთ აბა, ადამიანებსაც როდესაც ერთმანეთი უყვარდებათ, ლოგიკურად ხომ არ უყვარდებათ? არამედ მზად არიან ყოველგვარი განსჯის გარეშე იყვნენ ერთად და განუშორებლად...
ამიტომ მითუმეტეს, ღვთაებრივ სიყვარულს ვერ მიწვდება ის,რომელიც მხოლოდ ლოგიკური დასაბუთებით, ან ანალიტიკური დასკვნებით, შეეცდება მიწვდეს მიუწვდომელს... აქ შერწყმაა საჭირო ყოველივე ამაღლებულის... სულის, გულის,გონებისა და ნებელობის ძალის... აქ სინერგიაა საჭირო... რწმენის, სიყვარულის, ცოდნისა და ზრახვის... და რაღა თქმა უნდა ღვთის მადლისა და წყალობის...
ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ძალა ამ ყოველივეს შესამტკიცებლად....

რატომ ეჩვენა უფალი მოციქულებს მოსესთან და ილიასთან ერთად? იმიტომ, რომ მაცხოვარი მათ ილია არ გონებოდათ, ძველი აღთქმის უდიდესი წმინდანი, წინასწარმეტყველი, რომელიც ხორცით იქნა აღტაცებული ზეცად.... რათა ეჩვენებინა, რომ მოსეს სჯული მას არ დაურღვევია და რომ პირიქით, იგია ის, რომელმაც მოსეს მისცა სჯული... ის არის რომელზეც წინასწარმეტყველება და სჯული ქადაგებდა აქამდე...

ფერისცვალებისას ასევე განცხადდა წინასწარმეტყველება ღვთის წმინდათა და მართალთა მომავალი დიდებისა, თუ როგორ იქნებიან ცოცხალნი და გარდაცვლილნი წმინდანნი და მართალნი უფლის მეორედ მოსვლისას გაბრწყინვებულნი... გარდაცვლილნი მოსეს მსგავსად და ცოცხალნი ილიას მსგავსად...

გარდა ამისა ამ ღვთაებრივ მოვლენაში ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ჭვრეტს მარადის, მიწიერი ეკლესია პეტრეს, იოანესა და იაკობის სახით, ზეციურ ეკლესიას - წარმოჩენილს მაცხოვრისა და მისი ორი დიდი წინასწარმეტყველის სახით. „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი“ ხმობს პეტრე მოციქული უფლისადმი... და მასთან ერთად ჩვენც, ვინც ეკლესიაშია თავისი ცნობიერებით, ვამოწმებთ ამას: ... „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი“ უფალო... კეთილ არს შენს სახლში, ანუ შენს ეკლესიაში ყოფაი...
მორწმუნე ადამიანიც როდესაც ღვთის მადლის მოზღვავებას იგრძნობს,სულიერ სიხარულს,
აღარ სურს რომ დატოვოს ღვთის მადლმა და სულ ასეთი სულიერი მდგომარეობა უნდა რომ ჰქონდეს... რადგანაც იგი ამ წამიერ გაელვებაში ქვეცნობიერად ჭვრეტს თავის დაკარგულ უკვდავებას,თავის დაკარგულ სამოთხეს, რომლიდანაც ცოდვით დაცემის შემდეგ ოდესღაც გამოვარდა... და იმ ჩვენ სულიერ სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი...
ფერისცვალების შინაარსი ამოუწურავია... ფერისცვალებაა ადამიანის ცხოვრებაც და თავად ადამიანიც ცვალებადია, ზოგიერთნი იცვლებიან და მიდიან თაბორისული სინათლისკენ, ზოგიერთნი კი პირიქით სიბნელისკენ... ფერისცვალებაა ისიც, როდესაც ახალგაზრდობას სებერე შეცვლის... ეს შეუგუებელი სინამდვილე ადამიანისა... ეს ყველაფერი უნდა გვაფიქრებინებდეს იმას, რომ ადამიანი ოდესღაც უკვდავი იყო - მარადიულად ახალგაზრდა... და ცოდვით დაცემის შემდეგ გამოჩნდა მისი დღეების მთვლელიც - დრო... მაგრამ მადლობა ღმერთს, ქრისტიანებს დრო არ გვაშინებს, რადგანაც ქრისტეში და ქრისტეთი ჩვენ მარადიულ სიცოცხლეს მოველით, სადაც სიხარულია და ცხოვრებაა დაუსრულებელი...
ვილოცოთ რომ ჩვენშიც მომხდარიყოს სულიერი ფერისცვალება და ღვთაებრივი ნათლისაკენ ეცვალოს ფერი ჩვენს ცხოვრებას! და გვხსომებოდეს მუდამ ჩვენი ზეციერი მამის ხმა:„ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ“..." ამინ! მარადის გვესმინოს უფალო შენი...

ქრისტესმიერი სიყვარულით იღუმენი იოანე კავსაძე

Saturday, July 24, 2010

ჩვენს სინამდვილეზე



დღევანდელი სახარების საკითხავიდან გარდა უფლის მიერ აღსრულებული სასწაულებისა ჩვენ ვხედავთ ჩვენს სამწუხარო სინამდვილესაც... ეს არის, როდესაც ეშმაკისა და ადამიანის ნება ერთმანეთს ემთხვევა. რატომ მოხვედი ჩვენს სატანჯველად დროზე ადრეო, ეშმაკეულნი ეუბნებიან მაცხოვარს. დროზე ადრეო, იმიტომ რომ ჯერ არ იყო დამდგარი საშინელი სამსჯავროს დღე და საბოლოო განაჩენი ჯერაც არ დამდგარა უკეთურთათვის... ადამიანებიც, და ამ შემთხვევაში გერგესეველნი, ეშმაკთა მსგავსად დევნიან მაცხოვარს თავიანთი ქალაქიდან... ‘
‘‘მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესუისა და იხილეს და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთაგან“ ...

დავაკვირდეთ აბა, რატომ ეუბნებიან მას „წადი ჩვენი ქალაქიდანო...“ მაცხოვარმა ხომ მათი ორი თანამოქალაქე - გერგესეველი ეშმაკეულნი განკურნა, ... ღორების კოლტის დანთქმით კი უფალმა მათ საკუთარ სულებზე ზრუნვისკენ მოუწოდა...
გარდა ამისა წარმართ მწყემსებს უკანონოდ ჰყავდათ იმ მხარეში ღორების კოლტი, ვინაიდან იქ იუდეველნი ცხოვრობდნენ და მათთვის, როგორც ღვთის მართლმადიდებელი ერისთვის, არაწმინდა ცხოველად ითვლებოდა ღორი... ამიტომ არ იყო სჯულიერი და მორალური მათი გაჩერება იქ...
ამიტომაც მატერიალური წაერთვათ მათ რათა სულიერი შესძინებოდათ... რათა გაღვიძებოდათ...
ჩვენც მაშინ არ გვახსენდება ხოლმე უფალი და საკუთარი სულიც, როდესაც რაიმე საფასეს ან ქონებას ვკარგავთ? მერე ვუღრმავდებით ჩვენს თავს და ვიწყებთ გამოძიებას საკუთარ თავში (თუმცა ზოგიერთნი მაშინაც არ დაეძებენ არაფერს)...
ამიტომ სანამ გაგვაჩნია ამ ქვეყნიური საფასე უნდა ვიზრუნოთ იმ ქვეყნიურზე... თუ ხილული სიკეთე გვაქვს... უნდა შევიძინოთ უხილავი სიკეთე.. თორემ რაც გვაქვს ისიც წაგვერთმევა... გახსოვთ ალბათ იგავი ტალანტებზე...
განა არ უნდა გახარებოდათ მათ თავიანთ ქალაქში ორი ეშმაკეულის განკურნება, რომელნიც არ ასვენებდნენ ხალხს თავიანთი ბოროტებების გამო..? თან მათ თვალწინ - გერგესეველი მწყემსების თვალწინ, უფალმა სასწაული აღასრულა...

ისინი უფრო მეტად მადლიერნი უნდა ყოფილიყვნენ მაცხოვრის მიმართ, მაგრამ წავიდნენ ქალაქში საჩივლელად და მოიყვანეს თავიანათი ქალაქელები და ევედრებოდნენ წადი ჩვენი ქალაქიდანო.... ძალაუნებურად მახსენდება მაცხოვრის სიტყვები რომელიც ნაწინასწარმეტყველები იყო ადრეც... ‘მომიძულეს მე ცუდად’... ასეთი შემაძრწუნებელია ჩვენი სინამდვილეც...

ამ სოფლის სულს სძულს ღვთიური სული, სძულს ღვთიური სიყვარული...
ამიტომ იდევნება ღმერთი იმ საზოგადოებიდან, სადაც მხოლოდ მატერიალურზე არიან ჩაბღაუჭებულნი ადამიანნი.. სადაც მხოლოდ ამქვეყნიურ დიდებას მიელტვიან...
არ უნდათ კურნება, მათ უფრო მეტად თავიანთი ღორი ურჩევნიათ...

დავაკვირდეთ, ღვთისათვის საყვარელ ადამიანებსაც, წმინდანებს, გენიოსებს თუ უბრალოდ ნიჭიერ ხალხს ხშირად ფართო საზოგადოებასთან თუ როგორი კონფლიქტები და უთანხმოებანი აქვთ... ვინც ვერ უძლებს ამ სოფლის წნეხს ისინიც ამ სოფლის შვილებად იქცევიან შემდეგ და ისინიც ამ სოფელთან ერთად გასძახიან უფალს „წადი ჩვენი ქალაქიდან“ ,.. თავი დაგვანებეო... ხოლო ვინც კი უძლებს ასე ლოცულობს „ღმერთო მიხსენი და დამიცავი მე... ჯერ ჩემი ახლობლებისაგან და შემდეგ ჩემი მტრებისაგანო...“

...კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს ვის გვინდა რომ სათნო ვეყოთ ამ სოფელს თუ უფალს, რომელიც საუკუნო სიცოცხლისა და სიხარულის წყაროა? გავიხსენოთ როგორ გვმოძღვრავს უფალი, იყავითო სრულნი როგორიც თქვენი ზეციერი მამა არისო, თუ ვინმემ პერანგი მოგთხოვოს სამოსელიც გაატანეო, თუ ვინმე გაიძულებს რომ ერთ მილზე გაჰყვეო, ორზე გაჰყევიო...
ქრისტეს გავყოლოდეთ... ამინ...


ქრისტესმიერი სიყვარულით იღუმენი იოანე კავსაძე

Wednesday, July 14, 2010

ლოცვა ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლისადმი

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო კარისაო, ივერთა სავანესთან ზღვასა ზედა ზეგარდამო განბრწყინვებულო ბჭეო სასუფევლისაო, კიბეო ზეცისაო წიაღმყვანებელო ქუეყანისათაო ცად მიმართ და კარავო საღვთოისა მის დიდებისაო, კაცთა ნაშობთაგან უაღმატებულესო და უზეშთაესო თვით მათ ზეცისა ძალთაო, სნეულთა მკურნალო, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო და დაცემულთა აღდგომაო...
მოგვხედენ ჩვენ, სან ფრანცისკოში მცხოვრებ ქართველებს... დაგვიცევ, დაგვიფარე და გვიხსენ ჩვენ ყოველგვარი განსაცდელისაგან და ბოროტებისაგან. მოგვხედენ ჩვენ ყოვლადწმიდაო დედუფალო რათა არა ირგონ მტრებმა ჩვენგან არა რა, ნურც ხილულმან, ნურც უხილავმან, შეგვეწიენ ჩვენ დედაო ღვთისავ; სიკეთის ქმნაში, სიწმინდის დაცვაში, საღვთო სწავლათა შემეცნებაში, ლოცვაში, მარხვაში და სიყვარულში. შეგვეწიე და შეგვჭურვე ჩვენ შენმიერი სიყვარულით ღვთისადმი, რათა სიყვარულით მცნებათა მისთა დამმარხველნი, ყოვლითა სულითა, ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა ვადიდებდეთ ყოვლადპატიოსანსა და დიდადშუენიერსა სახელსა მისსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე... ამინ!

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი

ჰოი, ღვთივბრწყინვალეო, ყოვლადწმიდაო დედუფალო ჩვენო ღვთისმშობელო, ყოველთაგან არსთა ზეცისათა და ქუეყანისათა უმაღლესად გამოჩინებულო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო და სერაფიმთა უპატიოსნესო, წიაღო ღვთისგანხორციელებისაო და კარავო საღმრთოისა მის დიდებისაო, მცველო, მფარველო და შემწეო შენისა წილხვდომილისა ერისაო და კეთილადშემსმენელო ლოცვისა, მამისა ჩვენისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია მეორისაო.... დაიცევ და დაიფარე სრულიად საქართველო ყოველგვარი ბოროტებისაგან და გაგვაერთიანე შენი ძისა და ჩვენი ღვთის სიყვარულში ერთობის სულით...
შემწე გვეყავნ ჩვენ, კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველებს, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, რათა დაცულ ვიყვეთ ყოველგვარი უკეთურობისაგან, ხილულ და უხილავ მტერთაგან, მოულოდნელ თუ მოსალოდნელ საფრთხეთაგან, საცდურთაგან და განსაცდელთაგან, შეგვეწიე ჩვენ , რათა დაცულ იყოს ჩვენ შორის ხატება ღვთისა, რათა სიწმინდით ვეგოთ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა და რათა არ დავკარგოთ შენ მიერ ჩვენთვის წილხვდომილი, ჩვენი სამშობლო - საქართველო - მამული, ენა, სარწმუნოება!!!

ლოცვა წმინდა ნინოსადმი

ჰოი, წმინდაო, ქართველთგანმანათლებელო, მოციქულთასწორო, დედაო ჩვენო, ნ ი ნ ო, ღვთისაგან აღრჩეულო ქადაგო სიყვარულისაო და ღვთისმშობლისაგან კურთხეულო ტაძარო სიწმინდისაო, სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, გევედრებით შენ, კალიფორნიაში მცხოვრებნი ქრისტიანენი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილნი, დაგვიცევ და დაგვიფარე ჩვენ შენი დედობრივი კალთის ქვეშ, ყოველგვარ უკეთურობათაგან და გარემოდგომილთა ბოროტებათაგან... შენ ერი ჩვენი დაამოწაფე ქრისტე მაცხოვარს, და მიჰგვარე დედაღვთისმშობელს... და წყალობითა მისითა „რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი,“ , მასვე ევედრე რათა გვაცხოვნოს და შეგვეწიოს ჩვენ - უცხოობაში მყოფთ; სიწმინდით ცხოვრებაში, საღვთო მცნებათა დაცვაში, კეთილ საქმეთა წარმატებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში და შენი ერის ერთგულებაში... გევდრებით შენ წმინდაო დედაო ნ ი ნ ო, დაიცევ, დაიფარე და განაძლიერე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, ბათუმისა და ლაზეთის, და ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველი მიტროპოლიტი დიმიტრი, საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი და კეთილმორწმუნე ერი ჩვენი... და მოგვმადლე ჩვენ, ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა ძლევაი საკვირველი და სამარადისო...

Tuesday, June 15, 2010

ფერისცვალება 2009წ.


გილოცავთ ფერისცვალებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესა!
„კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი“ პეტრე მოციქულის მიბაძვით ხმობს დღეს ჩვენი ეკლესია, „კეთილ არს ჩვენდა“ ღვთის სიხარულში „ყოფაი“ და „კეთილ არს ჩვენდა“ ქრისტესთან „ყოფაი“...
დღეს დიდებით ეჩვენა უფალი მოციქულებს თაბორის მთაზე და კიდევ ერთხელ განცხადდა სამება დედამიწაზე... დღეს ნუგეში სცა ღმერთმა მორწმუნეებს და ახალი იერუსალიმის მომავალ მოქალაქეებს. სწორედ ახალი იერუსალიმის და მარადიული სიცოცხლის სიდიადე იხილეს მოციქულებმა თაბორის მთაზე. მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე, მოსე წინასწარმეტყველი და ელია წინასწარმეტყველ საუბრობდნენ ჯვარცმაზე, რადგანაც მოახლოებული იყო დრო ჯვარცმისა და მოციქულები ღვთის შემწეობის გარეშე მათი მოძღვრისა და მასწავლებლის - ღმერთკაცის ჯვარცმასა და მისი საიდუმლოს შინაარსს ვერ დაიტევდნენ, ამიტომაც ეჩვენა მათ დიდებით ქრისტე, რათა გამხნევებული ყოფილიყვნენ ამ საშინელი მოვლენის წინ... მოსე წინასარმეტყველი სიმბოლურად გარდაცვლილ მართალთა სახედ წარმოჩნდა, ხოლო ელია წინასწარმეტყველი კი ცოცხალ მართალთა სახედ... ასევე იქნება უფლის მეორედ მოსვლის დროსაც, წმინდანნი და მართალნი, რომელნიც მკვდრეთით აღდგებიან იბრწყინებენ მოსეს მსგავსად ქრისტესთან ერთად, ხოლო ვინც ცოცხალი იქნება იმ დროს ელიასავით იბრწყინებს უფალთან ერთად...
რა შეიძლება გავიგოთ კიდევ ამ მოვლენიდან? რას გვიწყაროებს უფალი კიდევ დღეს? როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ პეტრეს, იოანესა და იაკობის მსგავსად ვიხილოთ თაბორისეული ნათელი ჩვენს სულებში? უპირველესად სიყვარული უნდა გვქონდეს ქრისტესი პეტრესავით, უნდა ვუერთგულოთ მაცხოვარს იოანესავით და ისეთივე მოშურნეები უნდა ვიყოთ ღვთისათვის თავგანწირვაში როგორც იაკობი იყო, ანუ უნდა შეგვეძლოს თავგანწირული სიყვარული...
ვინც წრფელი გულით და ყურადღებით კითხულობს წმინდა წერილს, მან კარგად იცის, რომ რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხოთ ის, ყოველთვის აღმოვაჩენთ ახალ სიბრძნეს, რომელიც გაგვინათებს ადამიანური სამყაროს რომელიღაც უცნობ ადგილს, მოგვცემს მიმართულებას ღმერთისკენ სავალ გზაზე.

წმ. წერილის კითხვისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველ სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს და ამ სიტყვებში ღვთის ნებაა გამოხატული, ბევრი მათგანი წინასწარმეტყველურია... იმისათვის, რომ ჩვენთვის გასაგები გახდეს წაკითხულის აზრი და მნიშვნელობა, საჭიროა სიწრფელე, სიმდაბლე და სათნოება, ვინაიდან ნათქვამია; „მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს“.

ფერისცვალების დღესასწაულში, მომავლის წინასწარმეტყველებაც უნდა ამოვიკითხოთ; იესოს მიერ, პეტრეს, იოანეს და იაკობის თაბორის მთაზე აყვანა გვარწმუნებს იმაში, რომ ამაღლების გარეშე არ არსებობს ღვთაებრივი დიდების ხილვა, და იმ უმჭვირვალესი სიწმიდით შემოსვა, რამაც ადამიანი უნდა დაამკვიდროს სასუფეველში, ანუ ვინც ჯერ თაბორზე სულიერად არ გაბრწყინდება ლოცვით ის ვერ ავა გოლგოთაზე მომავალში ... და ის ვერ ავა ზეთისხილის მთაზეც...
...რადგან ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს ვზეიმობთ და ამ დღესასწაულზე ვსაუბრობთ, მინდა პასუხი გავცე იმათ, ვინც კითხულობს, თუ რატომ ხდება ამ დღეს ხილის კურთხევა? უფალი ჩვენ გვახსენებს იმ პირველ ცოდვას, რომელითაც შესცოდა პირველმა ადამიანმა და აგრეთვე იმას, რომ ეს ცოდვა დაკავშირებული იყო ხილთან. ამ კურთხევით ვცდილობთ განვწმინდოთ ადამის ცოდვით შებილწული ხილი და დაუბრუნოთ მას სიწმინდე, რომლითაც მოსილი იყო ედემის ბაღში.

თუ გვსურს, ღვთის სასუფევლში დამკვიდრება, ღვთაებრივ ნათელში დამკვიდრება, ჩავუღრმავდეთ ფერისცვალების საიდუმლოების არსს, კიდევ ერთხელ ვირწმუნოთ, რომ სულიერი ფერისცვალებისათვის მზადება ადამიანმა უნდა დაიწყოს სიცოცხლეში, სწორედ ახლა, ამ დღიდან და ამ წუთიდან...
...რატომ დავაგვიანოთ? მოდით, ახლავე შევუდგეთ და გავყვეთ ფერისცვალების ნათელს თაბორის მთის მწვერვალისაკენ... ვისურვოთ, აღსვლა თაბორის მთაზე მოციქულებთან ერთად და გვესმინოს სანატრელი ხმა უზენაესისა თაბორის ნათელში: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ“...
ქრისტესმიერი სიყვარულით, მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
ფერისცვალება, წმ. ტიხონ ზადონელის სახელობის საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია,
( წმ. იოანე მაქსიმოვიჩის სენაკი) 2009 წლის 19 აგვისტო

გილოცავთ ნიკოლოზობას!!! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!!!ღვთის მადლი, წყალობა და სიყვარული განმრავლდინ თქვენ შორის!!!


19 დეკემბერს, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიები აღნიშნავენ წმ. ნიკოლოზ სავირველთმოქმედი მღვდელმთავრის ხსენებას. წმ. ნიკოლოზი არის ერთერთი ბრწყინვალე მღვდელმთავარი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. მას უამრავი სათნოებანი და სასწაულნი აღუსრულებია ღვთის სადიდებლად და კაცთა საცხოვნებლად. იგი ითვლება; მსწრაფლშემწედ ყოველგვარ კეთილ საქმეში, მსწრაფლშემსმენელად და მეოხად ყოველთა მწუხარეთა და გლახაკთათვის, შემწედ, მცველად და მფარველად ქრისტესმოყვარე ოჯახთათვის და ოჯახის შექმნის მსურველთათვის, იგია მფარველი მოგზაურობაში მყოფთათვის და შემწე მარტოობაში მყოფთათვის... სწორედ მას შეავედრა საქართველოს ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, მფარველობისათვის, დაცვისათვის და ერთიანობისათვის...
ჩვენ ვიცით, რომ წმ. ნიკოლოზი გამოირჩეოდა დიდი სიმდაბლით და კეთილ საქმეთა ფარულად აღსრულებით. მას არაერთი ოჯახი და ადამიანი უხსნია სულიერი თუ მატერიალური სიდუხჭირისაგან... შეიძლება ვინმემ იკითხოს საიდან აქვს ამდენი ძალაუფლება ადამიანს? ისიც ხომ ჩვენნაირი მოკვდავი იყოო?... ვუპასუხებთ:
...როდესაც წმ. ეკლესია ადამიანს წმინდანად შერაცხავს, ამის შემდეგ მას საღვთო პატივს მიაგებს, რადგანაც იგი უკვე განღმრთობილია მადლისმიერ ზეცაში და ღმრთის შვილად იწოდება სინამდვილეში. ამის შემდეგ მას ხელეწიფება ღვთაებრივი ძალაუფლებით მოგვმადლოს ის ნიჭნი და კეთილნი საბოძვარნი, რასაც ზეციური მამა გასცემს თავის მოსიყვარულე შვილთათვის... როგორც ოჯახში შვილს, მამის თანხმობით, შეუძლია გასცეს რაიმე მეგობართათვის ან გლახაკთათვის... ისე წმინდანს აქვს ის ძალაუფლება (ნაწილობრივ რა თქმა უნდა), რაც ღმერთს ააქვს ადამიანთა შესაწევნელად და გადასარჩენად...
...და ამიტომაც ვევედროთ წმ. ნიკოლოზს წყალობისათვის, ცოდვათა შენდობისათვის, ჯანმრთელობისათვის, ბედნიერებისათვის, სიწმინდით ცხოვრებისათვის და გადარჩენისათვის...!!!
ვევედროთ მას საქართველოსათვის და ჩვენი ეკლესიისათვის...

თქვენ იცით, უკვე ცხრა თვეა რაც ქართულად აღევლინება ღვთისმსახურებები ლოს ანჟელესსა და სან ფრანცისკოში... ჩვენ კვლავაც არ გვაქვს ისეთი ოთახი ნაქირავები, სადაც ჩვენ შევძლებდით წირვა-ლოცვების ჩატარებას და სრულყოფილად განვსაზღვრავდით და დავგეგმავდით ჩვენს ღვთისმსახურებათა განრიგს. ამიტომაც ლოს ანჟელესის წმ. ნიკოლოზის სახელობის ქართული მართლმადიებელი ტაძრის დღესასწაულზე წირვას ვერ აღვასრულებთ... და გვექნება მხოლოდ პარაკლისი დღის 12:00 საათზე სილვერლეკში (მისამართი: (650 Micheltorena St., Los Angeles, CA 90026))
მიუხედევად ამისა ჩვენ ვმადლობთ ღმერთს, დედა ღვთისმშობელს და წმ. ნიკოლოზს რომ მოგვცა მცირე სამლოცველო ოთახი კერძო ღვთისმსახურებათა აღსასრულებლად, ვმადლობთ და ვლოცავთ სიყვარულით ყოველ შემომწირველს, რომელთა გულებშიც რწმენა, იმედი და სიყვარულია ღვთისადმი და ჩვენი ეკლესიისადმი...
ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გამრავლოდ სიყვარულში...!!!
მომავალი წელი თქვენთვის ყოფილიყოს გამარჯვებების წელი, ბოროტებაზე და ცოდვებზე გამარჯვებების წელი...!!! ქრისტესმიერი სიყვარული, მშვიდობა, სიწმინდე და სიხარული სუფევდეს ჩვენს სულებში... და ქრისტე შობილიყვეს ჩვენს გულებში... „შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.“... ამინ!!! ქრისტესშობის სიხარულმაც მოჰბერა უკვე... იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!!!
წმ. ნიკოლოზის ყველა მოსახელეს ვულოცავ ანგელოზის დღეს!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით 18 დეკემბერი 2009 წელი
იღუმენი იოანე (კავსაძე) ლოს ანჟელესი, ჰოლივუდი.


ნიკოლოზობა
წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში იყო ერთერთი ბრწყინვალე მღვდელმთავარი. იგი დაიბადა ქალაქ პათარში, მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე. დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ იგი აღესრულა 342-351 წლამდე, (ამ შუალედში) ღრმა მოხუცებულობის ასაკში.

წმ. ნიკოლოზი, სიყრმიდანვე, მრავალი სათნოებებით გამოირჩეოდა, რაც შენიშნა წმ. ნიკოლოზის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა და მშობლების თანხმობის შემდეგ წმ. ნიკოლოზი მღვდლათ აკურთხა. შემდგომ იგი სულიწმიდის მადლით გამორჩეულ იქნა მირონ-ლუკიის მთავაეპისკოპოსად...

წმ. ნიკოლოზმა მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც დადგინდა ახალი აღთქმის წიგნთა კანონი, მრწამსი და დაიგმო არიანელთა მწვალებლობა... ეს ის პერიოდია, როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები, ჯერ კიდევ, არ იყო გაყოფილი...

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქრისტეს ეკლესიას, დღიდან მისი დაარსებისა, უამრავი ბრძოლების გადატანა უწევდა მწვალებლებთან… და ეს ბრძოლა არ წყდება დღესაც... მწვალებელი არის ის,ვინც მცდარ სწავლებას ავრცელებს საღვთო ჭეშმარიტებათა და ღვთის შესახებ...

პირველ საუკუნეებში ასეთები იყვნენ; „მონტანისტები“, გნოსტიკური სექტები, ტერტულიანე, არიოზი, საბელიოსი... და სხვა მრავალი... დღეს არიან ე. წ. „იეღოვას მოწმეები“ და სხვანი... და როგორც ადრე, ასევე ახლაც, ყველა მათგანი, ჭეშმარიტების დროშას აფრიალებს... ამის დამადასტურებელია ,,ახალ აღმომჩენთა ახალი აღმოჩენებიც”, ,იუდას „სახარება”, „და ვინჩის კოდi“ და ა.შ...

სამწუხაროდ, ადამიანის აზროვნების ნაყოფი, კომუნიკაციის და შემეცნების შესანიშნავი საშუალებები: ტელევიზია და ინტერნეტი, ზოგჯერ სიცრუის, სიყალბის, გარყვნილების და ილუზორული ფანტაზიების დაკმაყოფილების უშრეტ წყაროდ იქცევა ხოლმე...

ხანდახან იმის შეგრძნება გეუფლება, რომ უკეთური ძალები ცდილობენ რეალური სამყაროდან ადამიანის გათიშვას, მისთვის დროისა და სივრცის შეგრძნების უნარის წართმევას, პიროვნების ნების დამორჩილებას, დათრგუნვას და მის რობოტად ქცევას...

როგორც კი გამოფხიზლდება ადამიანი ხვდება, რომ ტელევიზია და ინტერნეტი, რაც კაცმა თავისივე გონებით შექმნა,საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის (ალბათ), გამოყენებულია მისსავე საწინააღმდეგოდ...

დღეს ადამიანს უჭირს სიმართლისa და ობიექტური ინფორმაციის მოპოვება, თითქმის ყველა ტელევიზიასა და საინფორმაციო საშუალებას „ვიღაცა“ მართავს, „ვიღაც“ პატრონობს და ამიტომაც ის „ვიღაც“თავისი კონკრეტული მიზნის მისაღწევად აკეთებს ყველაფერს... და ეს ყველაფერი ჰგავს ერთ დიდ დაუსრულებელ სარეკლამო რგოლს უშნო პროდუქციაზე...

მსმენია რომ მეცნიერებაშიც დღეს გრანტს აძლევენ უმეტესად სენსაციურ აღმოჩენებზე და სენსაციურ მოვლენებზე მომუშავე მეცნიერებს... ე.ი. აქაც, რაღაც საცდურთან გვაქვს საქმე ადამიანებს...

ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი მისია გვაქვს შესასრულებელი ჩვენსავე სინამდვილეში და ამ მისიას სხვა არავინ შეასრულებს ჩვენს გარდა... ამიტომაც არ არის სასურველი, რომ ყოველი საღამო ჩვენ ტელეეკრანის წინ სიცილ-ხორხოცში გავატაროთ და დავხარჯოთ ღვთისაგან ნაბოძები დრო... უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ცხოვრება არის უფრო დიდი სიცოცხლისათვის მზადება... უკვდავებისთვის მზადება...

ჩვენ ვალდებულნი ვართ, თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და არ დავშორდეთ მას, თორემ დრო, რომელსაც ასე უანგარიშოდ ვხარჯავთ თვალსა და ხელს შუა გაგვეპარება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება... და რაც მთავარია, ჩვენ ვერ მოვუსწრებთ ჩვენს წამს (ღმერთმა დაგვიფაროს!!!), როდესაც კარნი გაიხსნება და გაისმება: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა.“...
“...იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.” {მათე 25.13}

დღევანდელ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ მაცხოვრის სიტყვები: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა“... ვართ კი ჩვენ გლახაკნი სულით?! ... თავმდაბალნი, ღვთის მოიმედენი...?! ისეთი როგორიც წმ. ნიკოლოზი იყო?...

მე რაც არ უნდა ტკბილი სიტყვებით ვისაუბრო და ჩვენ როგორც არ უნდა ვეცადოთ, არ ვიფიქროთ აღნიშნულზე ან წავუყრუოთ ასეთ თემებს... ვერ გავექცევით იმას, რომ არსებობს ღვთის სამსჯავრო...! სადაც ყველანი განვიკითხებით..., სადაც ყველას მოგვეთხოვება პასუხი...

„შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს ცათა სასუფეველი “... თითქოს დროს გვაძლევს უფალი ამ სიტყვებით... სად არის ჩვენი სინანული, სად არის ჩვენი ცრემლები ჩვენი ცოდვების გამო, ან თუნდაც გაჭირვებაში მყოფი მოყვასის თანაგრძნობის გამო, სად არის ჩვენი ლოცვა და მარხვა...
რატომ გვაქვს დრო მოცემული ამ ქვეყნად? - სამოღვაწეოდ! რათა სიყვარულს მივწვდეთ...

...იმიტომ, რომ გვახსოვდეს ყოველ წუთს, რომ ეს ცხოვრება წარმავალია..., დრო კი არ მიდის, ჩვენ მივდივართ , ჩვენ ვტოვებთ დროს... დრო მთვლელია, მეთვალყურე, ის მხოლოდ ითვლის... ე. ი. ჩვენ დროზე უფრო წარმავალნი ვართ... „დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ და უმრავლესი მათი შრომა და სალმობა“... ამბობს დავით მეფსალმუნე...

დღეს ქრისტეს ეკლესია აქებს და ადიდებს წმ. ნიკოლოზს ამ სოფელში გაწეული ღვაწლისათვის და ღვთის დიდებისათვის... იგი კაცი იყო ჩვეულებრივი და მადლისმიერ განიღმრთო, გახდა შვილი ღვთისა და ამიტომაც საღვთო პატივს მიაგებს ეკლესია მას... რომელმან მართლაც რომ მოიგო სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე...

ამბობენ, რომ მას უყვარდა დაფარულად სიკეთის კეთება, ღვთის გულისათვის. მას არა ერთხელ გადაურჩენია ადამიანები სხვადასხვაგვარ განსაცდელთაგან... და დღესაც განაგრძობს წმ. ნიკოლოზი სასწაულთ მოქმედებებს, იგი მსწრაფლ შემწეა ყველა ღვთის მსასოებელისa, ვინც შველასა და დახმარებას ითხოვს მისგან...
ჩვენ მისი მიმბაძველნი უნდა გავხდეთ...

ჩვენი ეკლესია წმ. ნიკოლოზის სახელობისაა და შევევედროთ მას რომ მოგვმადლოს ყოველივეს კეთილად განმრჩეველობის უნარი... ცოდვათა მიტევება, წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და ღვთივსათნო ერთობა... და რაღა თქმა უნდა ჩვენი საკუთარი კერა, რათა მომავალი წლისათვის წირვა-ლოცვა აღგვევლინოს სადიდებელად ღმრთისა და საცხოვნებელად სულთა ჩვენთათვის ჩვენსავე საკუთარ ტაძარში.... ამინ!!!
წმ. ნიკოლოზის ყველა მოსახელეს ვულოცავ ანგელოზის დღეს!!!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით, იღუმენი იოანე (კავსაძე)
19 დეკემბერი 2009 წელი ლოს ანჟელესი, სილვერლეიკი.

ლოს ანჟელესი, 5 სექტემბერი, 2009წ.(მცირე სამლოცველოს კურთხევა)


ყველას გილოცავთ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის, დროებითი მცირე სამლოცველოს გახსნას ლოს ანჟელესში. დღეს ეს პატარა ოთახი იკურთხა სამლოცველოდ და ეს იმას ნიშნავს, რომ ლოს ანჟელესში მცხოვრებ ჩვენი ეკლესიის შვილებს, წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლს აქ ექნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, სასულიერო კერა, აქ აღევლინება ლოცვები ჩვენი ბედნიერებისათვის, ჯანმრთელობისათვის და ცოდვათა მიტევებისათვის, ვილოცებთ საქრთველოს ერთიანობისათვის და მშვიდობისათვის მთელს მსოფლიოში...
უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ამბობს: „სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“. (მათე18-20) დღეს, მადლობა ღმერთს, ღვთის სადიდებლად ორზე და სამზეც მეტნი შევიკრიბეთ, ესე იგი ახლა, აქ, ამ მომენტში უფალი ჩვენთან მყოფობს... რა თქმა უნდა, თუ ჩვენს გულებში ზაკვა არ არის, ან სიყალბე, მაშინ ჩვენთან არს ღმერთი!!!
მინდა გახაროთ, რომ 1 ოქტომბერს ლოს ანჟელესში ჩამობრძანდება ჩვენი მეუფე დ ი მ ი ტ რ ი, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველი მიტროპოლიტი. მეუფე დიმიტრის ჩამობრძანება არის ძალზედ მნიშვნელოვანი ყველა ჩვენთაგანისათვის და განსაკუთრებით ჩემთვის, რადგანაც მისი ღვთისმიერი ლოცვა-კურთხევა არის ჩემი წარმმართველი ძალა და მამოძრავებელი მადლი ამ ქვეყანაში. მე გლოცავთ და გაკურთხევთ მეუფე დიმიტრის სახელით „სიყვარული, მშვიდობა და წყალობაი განმრავლდინ თქვენ შორის...ამინ!“
ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო, „იყვარებოდეთ ურთიერთარს“, მიუტევეთ ერთმანეთს შეცდომები, გქონოდეთ სიმდაბლე ღვთისმიერი და იყავით გულისხმიერნი და ყურადღებიანნი ერთმანეთის მიმართ, რადგანაც თქვენ და-ძმობა გაქვთ ქრისტეში... და გახსოვდეთ, რომ ჩვენი ერის გადამრჩენელი ძალა და ჩვენი ერის იდეა მუდამ იყო სიყვარული... სიყვარული და სიყვარული!!!
,,მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა. ამინ“

ქრისტესმიერი სიყვარულით, მრვდელმონაზონი იოანე (კავსაძე)
ლოს ანჟელესი, „ჰოლივუდის კელია“, 5 სექტემბერი 2009 წელი

17 იანვარი, ნათლისღების წინა კვირა 2010წ


გილოცავთ შობა-ნათლისღების დღესასწაულს!!! ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. ხმობს დღეს წინაისწარმეტყველი მაღლისა წმ. იოანე წინამორბედი... განვამზადოთ მორწმუნენო ჩვენი გულები უფალთან შესახვედრათ, რადგან მოახლებულ არს ცათა სასუფეველი... ნათლისღების დღესასწაული ახლოვდება და გული ვერ იტევს ამ დიდი წყალობის სიხარულს. დღეს ჩვენი ეკლესია დღესასწაულობს ნათლისღების წინა კვირას და ამით მორწმუნეების სულიერ მზერას მიაპყრობს ამ უდიდესი დღესასწაულისაკენ, რათა წინასწარ გავიაზროთ ნათლიღების დიდი საიდუმლო და ჩავუღრმავდეთ მას. . .
გლოცავთ და გაკურთხევთ ამ სიხარულში...
დღეს მსურდა თქვენი ყურადღება გამემახვილებინა უწმინდესის საშობაო ეპისტოლის რამოდენიმე ასპექტზე...
წლევანდელი საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, როგორც ყოველთვის, ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ჩვენი სინამდვილის ავკარგიანობას და ასევე მისით ჩვენ თითქოს მთელი წლის სამოქმედო გეგმას ვიღებთ სულიერი მოღვაწეობისათვის.
ამ ეპისტოლეს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში, ზოგი რას ჰხედავდა მასში და ზოგი რას. ჩვენ მორწმუნე ქრისტიანებს გვევალებოდა, ეს ეპისტოლე საკუთარ თავთან მიმართებაში გამოგვეკვლია და გვეპოვა იქ, ის ადგილები, სადაც საუბარია ადამიანის სულიერი ცხოვრების წესზე...
მე არვიცი რამდენმა თქვენთაგანმა მოახერხა ეს , მაგრამ მე დღეს მინდა გესაუბროთ, ორიოდ სიტყვით ჩვენს ურთიერთობებზე და ერთმანეთთან დამოკიდებულებებზე.
ადამიანი სიყრმიდანვე შედის გარესამყაროსთან აქტიურ ურთიერთობაში და იგი სწავლობს ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ. ბევრ ჩვენთაგანს მოგვიწია ცხოვრებამ საბჭოთა კავშირში, რაც დამეთანხმებით ჩვენი არჩევანი არ იყო. იქ, სადაც უღმერთობას ქადაგებდნენ, პარალელურად ჩვენი მსოფლმხედველობა ყალიბდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა უფალი ჩვენ გვაწვდიდა სულიერ საზრდოს სხვადასხვა საშუალებებით; კეთილშობილ მეცნიერთა და ხელოვანთა მეშვეობით, ოჯახური კეთილი ტრადიციებისა, თუ კეთილშობილ მასწავლებელთა მეშვეობით, სკოლაში აგიოგრაფიული ნაწარმოებების საშუალებებით თუ ცალკეულ ზნეობრივ პიროვნებათა მაგალითებით,... და ჩვენ მეტნაკლებად ვისწავლეთ მარჯვენისა და მარცხენის გარჩევა, კეთილისა და ბოროტის გარჩევა... მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რაც ვერანაირი საშუალებით ვერ ისწავლება ვერსად, გარდა მხოლოდ ეკლესიისა... ესაა სულიერი ცხოვრება... სულიერი ურთიერთობები... ამას მხოლოდ ეკლესიაში სწავლობენ ან ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლებში... სწორედ ამაზე ბრძანა პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში, რომ: „... აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც, ძირითადად, აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს როგორც სხვა საგნები, მაგ: ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა. . ., რათა მომავალი თაობა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან, აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესები, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და, რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული“. ამას კი, პროკურორები და პოლიციელები ვერ ასწავლიან სკოლებში... ამას სჭირდება ზნეობრივად გამართული ინსტიტუტის ზედამხედველობა, სადაც სიკეთეს ქადაგებენ, სადაც სიყვარულს ასწავლიან...
მოკლედ, შორს რომ აღარ წავიდეთ, ჩვენი აქაური, ასე ვთქვათ, ემიგრაციაში ყოფიდან და ყოველდღიურობიდან გამომდინარე მე თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ჩვენს ურთიერთობებს, როგორ უკვე აღვნიშნე ეს ზემოთ...
ბევრჯერ გვითქვამს და მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანი რთული არსებაა და მის ნებასა და მოქმედებას შორის უთანხმოებაა ხშირად, რაც გამოწვეულია იქედან რომ ადამიანი სრულად ვერ ფლობს საკუთარ თავს, მისი ნება ვერ ხელმწიფობს მისავე მოქმედებაზე და ეკლესიაში ჩვენ სწორედ ამასაც ვსწავლობთ - საკუთარი თავის ფლობას...
როგორც ამას მოციქულები და წმ. მამები ამბობენ, ყველაზე ძნელი ენისა და კუჭის მოთვინიერება ყოფილა... ერთი სულს აღაგზნებს, მეორე კი ხორცს, და ეს ორივე ერთმანეთს აღაგზნებენ... წმ. იაკობ მოციქული ამბობს „... ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა. ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა, რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან.“ და ამიტომაც გვმოძღვრავს მაცხოვარი და გვაფრთხილებს რომ: „ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.“(მათე 12, 36,37) ე.ი ყველა ადამიანი ღვთის სამსჯავროზე ყოველი უქმი სიტყვისათვის განიკითხება. წარმოიდგინეთ, რაოდენ რთული იქნება სიტყვისგება ყოველი უქმი სიტყვისათვის ღმერთთან და რაოდენ, გაცილებით, ამაზე უფრო, რთული იქნება, მაგალითად, ჭორაობისათვის სიტყვისგება უფალთან... რა შედის ჭორაობაში; განკითხვა, დასმენა, შური, ტყუილები და ხანდახან სიმართლის უტრირება... ამბობენ, რომ ჭორაობენ ეშმაკები, როდესაც ადამიანის ცდუნებასა და ბოროტებას განიზრახავენო... იუდაც ეჭორავა ქრისტეს ჯვარმცმელებს და შემდეგ დაასმინა თავისი მოძღვარი - მაცხოვარი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე...
ჩვენც გვმართებს დაფიქრება ამაზე, რომელიმე მათგანს ხომ არ ვემსგავსებით უქმსიტყვაობისას, ჭორაობისას?...
ენა და სიტყვა მოგვეცა იმისათვის, რომ მუდამ სიტკბო და სიწმინდე მოედინებოდეს ჩვენი ბაგეებიდან, მუდამ ვაკურთხოთ, დავლოცოთ, მოვესიყვარულოთ სიტყვით ერთმანეთს... ღმერთი ვადიდოთ და ვუგალობდეთ მას!!!
ასევე ძნელად მოსარევია კუჭიც, უფრო სწორად კი ნაყროვანებისა და გემოთმოყვარების ვნება. საჭმლით სავსე ადამიანს, ღვთიური სული ვერ აღავსებს. წმ. ნილოს სინელი ამბობს: როგორც „ჭუჭყიანი სარკე ზედმიწევნით ვერ გადმოსცემს არეკლილ გამოსახულებას, ისე სიმაძღრით დასუსტებული აზროვნება ვერ იტევს თავის თავში ღვთიურ მეცნიერებას“-ო, ანუ საკვების მიღება პირდაპირ კავშირშია ჩვენს სულიერ მდგომარეობასთან...
ამიტომაც მძიმეა ვნებების ტყვეობაში ყოფნა, შფოთი და მოუსვენრობა არ სცილდება ვნებებით სავსე ადამიანს და ამასვე აფრქვევს ირგვლივ...
წმ. პავლე მოციქული ამბობს: „ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ მოწოდებულნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. რადგანაც მთელი რჯული ერთ მცნებაში მდგომარეობს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით! სულაც არ მოსპოთ ერთმანეთი.“ ჰოდა, მე ვამბობ: სულიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი“...
ყოველი მორწმუნე ქრისტიანი სახარებიდან და ეკლესიიდან უნდა სწავლობდეს ცხოვრებას, ერთმანეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებებს. ყოველი ჩვენთაგანი უნდა უფრთხილდებოდეს ერთმანეთს და უნდა გვერიდებოდეს ერთმანეთის, რათა დაცული იყოს ჩვენი ურთიერთობები... ამისათვის საჭიროა აღვასრულოთ უფლის ის მცნება, რომელიც ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დროს გაისმა: „მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.“ ე.ი. რაც არ უნდა ხდებოდეს, ადამიანმა კვირაში ერთი დღე მაინც უნდა გამონახოს ეკლესიაში მისასვლელად და სალოცავად, ეს არის აუცილებელი პირობა სულიერი ცხოვრებისა... ნურავინ მოიმიზეზებს საეკლესიო ენის, ძველი ქართულის არცოდნას, რადგანაც ფუჭი იქნება ეს... „უფალო შეგვიწყალენ“ ხომ გვესმის?... ამ სიტყვებმა უნდა აღგვამაღლოს ზეციურ მსახურებაში, ამ სიტყვებმა უნდა შეგვაბრუნოს ჩვენი გულის წიაღში ღვთის მოსაძებნათ, ამ სიტყვებით უნდა შევიდეთ ჩვენს სულში და გამოვუკეტოთ კარი ამ სოფელს ღვთისმსახურებისას... რაც საჭიროა რომ მოსწვდეს შენს სულიერ სმენადობას, იმას ყოველთვის გაიგებ... სულ რომ არაფერიც არ გაიგო ეკლესიაში და უბრალოდ იდგე, ესეც გეყოფა დასაწყისისთვის, რადგანაც ეკლესიაში ღვთისაგან უსულო საგნებიც კი სულიერდებიან და მადლს იღებენ და ნუთუ შენ ვერ მიიღებ მადლსა და წყალობას ადამიანო?
დიახ, როგორც ფიზიკური საზრდოს გარეშე ადამიანის სხეული ვერ გაძლებს, ისე სულიერი საზრდოს გარეშე სული უკვდება ადამიანს. და ბოლოს კვლავაც გაგიმეორებთ წმ. პავლე მოციქულის სიტყვებს : „სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. რადგანაც მთელი რჯული ერთ მცნებაში მდგომარეობს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“... და ეს სიყვარული გასწავლით რჯულსაც და ცხოვრებასაც...
ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ ღვთივსათნო ერთობაში!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,
იღუმენი იოანე (კავსაძე)
სან ფრანცისკო 2010 წელი

დიდმარხვის მესამე კვირა, ჯვრისთაყვანისცემა


მოგვიახლოვდა დიდმარხვის მე-3 კვირა. ამ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრისთაყვანისცემას დღესასწაულობს. თაყვანსა ვცემთ ჯვარს როგორც ღვთის ცხოველსმყოფელ ძალას. ჯვარი უპირველეს ყოვლისა სიყვარულის სიმბოლოა, რომლის მეშვეობითაც უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ დაგვაბრუნა ღვთის სასუფეველში, ჯვარი საუკუნო სიცოცხლის წყაროა და მისით ჩვენ შევწვდით ცხონებას, ჯვარი ასევე ძლიერებაა უძლეველი რომლითაც სიკვდილი და ჯოჯოხეთი დამარცხდა და ადამიანი განთავისუფლდა ბოროტის ტყვეობისაგან.. და ბოლოს ჯვარი უდიდესი საიდუმლოა, რომლის სიდიადის განმარტებაც ამოუწურავია ალბათ უკუნისამდე...
მაგრამ წმ. პავლე მოციქული ბრძანებს ასევე, რომ : „...სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს.“ რატომაა სისულელე წარწყმედულთათვის და ცხორებულთათვის ანუ მორწმუნეთათვის ძალა ღვთისა...?
ჩვენ ვიცით, რომ დღესაც ზოგიერთნი ჯვარსა და ჯვრის ძალას უარყოფენ, მათი აზრით; როგორ უნდა გიყვარდეს ის საშუალება რომელი საშუალებითაც დასაჯეს ქრისტე..? როგორ უნდა გვიყვარდეს ის იარაღი, რომლითაც თუნდაც, არა თუ ჩვენი ღმერთი, არამედ ჩვენი საყვარელი ადამიანი მოგვიკლეს, ...და მართლაც ადამიანური ლოგიკით და ინტელექტუალური განსჯით ჯვრის საიდუმლოს რომელნი ჩვენთაგანი ჩავწვდებოდით დღეს..? რომ არა ჩვენი ღირსეული წინაპრების ღვაწლი, სიწმინდე და მოწამეობა, რომ არა ღვთის უსაზღვრო მოწყალება, რომელიც იღვრება მათზე ვინც ღმერთს სულით ეძიებს... წარმოვიდგინოთ აბა, უფალი ჩვენი, ამ სამყაროსა და მისი მიღმიერების შემოქმედი ღმერთი ჯვარცმულად... რომელი ჩვენთაგანის ლოგიკა დაიტევდა ამ „სისულელეს“...? იგი ვინც ყოვლადძლიერია, ყოვლისმყრობელია, ყოვლისმცნობელია, ყოვლისშემოქმედია... ჯვარს აცვეს? ძნელი დასაჯერებელია… მაგრამ დღეს ჩვენ, ვინც ღვთის ტაძარში ვდგავართ, არა ფიზიკურად არამედ სულიერად, ღვთისავე მადლით ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ეს არა ამსოფლიური, არაამქვეყნიური სიბრძნეა... „რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“. სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ?“ „...სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს.“ სირცხვილეულ იქმნა ადამიანური სიბრძნე და მაძიებლობა, რადგან ადამიანური სიბრძნით ჩვენ ვერანაირად ვერ მივხვდებოდით ამ ღვთაებრივ მისტერიას, უფალი რომ არ განკაცებულიყო, რომ არ ექადაგათ და არ დაემოწმებინათ ეს ჩვენთვის ღმრთის ე.წ. „სულელთ“ - მოციქულებს, ღირს მამებს, რომელთა უძლურებაშიც ძალი ღვთისა სრულიქმნა...
და აი დღეს ჩვენ სახარებაში მოვისმინეთ სიტყვები მაცხოვრისა ჯვრის შესახებ:
“ და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.“ ამ სიტყვებს ყველა ისმენს და ყველას არ ესმის, როგორც ყველაა მოწოდებული ზეცისკენ და მცირედნი არიან რჩეულნი...
ვისაც სურს უფალთან, საუკუნო სიცოცხლესთან, საუკუნო სიხარულთან და საუკუნო სიყვარულთან მიახლება უნდა უარჰყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შეუდგეს მას. რა არის ეს, თავის უარყოფა?... ეს არის უარჰყოფა წუთიერ და მშვინვიერ სიამოვნებათა, ამსოფლიურ გართობათა, რომელნიც არაფერს არ ტოვებენ ადამიანის სულში სიცარიელის გარდა, რომელნიც აღვივებენ ადამიანში მდაბალ, უბირ და ეგოისტურ გრძნობებს, რაც ავიწყებს კიდეც ადამიანს ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულს და მსახურებას. სიყვარულისადმი მიახლების გზა მხოლოდდამხოლოდ გოლგოთაზე გადის და ამიტომაც უნდა აღვიღოთ ჯვარი ჩვენი და შევუდგეთ ამ გზას... მრავალჯერ უთქვამთ, ჩვენი ეკლესიის მამებს, რომ ეს ცხოვრება ჩვენი გამოცდაა და აქ იწრთობა ჩვენი სულები... ქრისტეს საუფლოსთან და ზეციურ სინამდვილესთან შედარებით ეს ცხოვრება და აქაური სიამტკბილობანი მტვერიც კი არაა... რა არის ჩვენი გოლგოთა? თუ არა ის რომ დავივიწყოთ ჩვენ ჩვენი ცოდვილი ცხოვრება, განვეშოროთ ბოროტ ჩვეულებებს და უწმინდურ ვნებებს, დავითმინოთ განსაცდელნი წუთისოფლისგან და ამის სანაცვლოდ ჩვენ ზეცას ვიღებთ ღვთისაგან... წარმოიდგინეთ!!! წამიერი სიამოვნების სანაცვლოდ მარადიულ სიყვარულს და სიხარულს ვიღებთ...
უფალი ბრძანებს: “ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.“ ... ნეტარ არიან ისინი ვინც შენ სიტყვას ისმენენ და ასრულებენ უფალო...
ამ ქვეყნად ყველას თავისი ჯვარი აქვს საზიდი, ზოგი მეფობის ან მთავრის ჯვარს ზიდავს, ზოგიც უბრალო ხელოსნისა და მუშის ჯვარს, ზოგიც მღვდელმთავრის ან უბრალო მონაზვნის ჯვარს ზიდავს, ხოლო ზოგი კი თუნდაც ხელოვანის ჯვარს ეზიდება...
ყველას თავის სულიერი საზომის მიხედვით ეძლევა ჯვარი და არავინ არ უნდა დაიქადნოს იმით, რომ ვინმეზე უპირატესია ის, მისი ჯვრის წონა ან ხარისხი, რადგანაც ნამდვილი ჯილდო იმას კი არ მიეცემა რომლის ჯვრის წონა და ხარისხიც უკეთესი იქნება, არამედ იმას ვინც ღირსეულად ზიდავს თავის ჯვარს ამ ცხოვრებაში... რადგანაც ჭეშმარიტ ჯილდოს ჩვენ აქ კი არ ველით, არამედ მარადიულ სიცოცხლეში. ამ ქვეყნად კი საქმე და მსახურება გვეძლევა ავანსად ღვთისაგან...
„ ... რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი.“ უკაცრავად ჩართვისათვის, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ ჩემი პატარა პირადი გამოცდილებაც ამასთან დაკავშირებით.
ეკლესიაში განსაცდელების შემდეგ მოვედი და ძალიან გამიჭირდა ეკლესიური სინამდვილისთვის თვალის გასწორება, რადგანაც ჩემს მსოფლმხედველობას სულ თავდაყირა აყენებდა ეკლესია და სახარება... ის მე რაც სიამოვნებად მიმაჩნდა ადრე აღმოჩნდა მომაკვდინებელი ცოდვა, რაც სიკეთედ მიმაჩნდა აღმოჩნდა ბოროტება, მეგონა რომ ჩემს ზრახვებსა და აზრებს ვერავინ კითხულობდა და ხედავდა და აღმოჩნდა რომ თურმე .... უფალი ხედავდა ყველაფერს, თურმე უფალს ესმოდა ყველაფერი ... „გულისხმა-ჰყავთ აწ, უგუნურ¬ნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისხმა-ჰყოთ. რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა. ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა.“ დავით წინასწარმეტყველის ამ სიტყვებმა შემაცბუნა და შემაშინა, რადგანაც წარმოვიდგინე ჩემი დაფარული აზრები გაშიშვლებული უფლის წინაშე და კაცთა წინაშეც... საშინლად შემრცხვა! და მივხვდი, რომ რადიკილაურად უნდა შევცლილიყავი, რომ უნდა განმემოსა ძველი კაცი და დამეწყო ახალი ცხოვრება ეკლესიაში - ქრისტეში... და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, ვცდილობ დაუტევო ძველი ცოდვილი ჩვეულებანი და შევიძინო ახალი ჩვევები... ვინაიდან:
რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?“
ადამიანი როცა იწყებს ეკლესიური სინამდვილის გაცნობიერებას, იმ წუთასვე წინააღმდეგობაში მოდის ამ სოფელთან, რადგანაც ეს სოფელი და ეს ჩვენი ყოფა სულ სხვა კანონებსა და პრინციპებს გვკარნახობს...
ვიწყებთ, ვთქვათ, ბოროტი ჩვევების გადაგდებას, მაგალითად; ბილწსიტყვაობის, თამბაქოს მოწევის ან ჭარბად ალკოჰოლის მიღების ... იმ წუთში გვიმხედრდება ხოლმე, ჯერ საკუთარი თავი, მერე ეშმაკი, შემდეგ ახლობლები... და სამწუხაროდ, ხშირად, ასეთ გარემოებებში და არა მარტო ასეთ გარემოებებში, ვივიწყებთ ხოლმე უფალს და მის მცნებებს და ყოველივე ეს კი ღალატს ემსგავსება... რადგან უფალი ბრძანებს, „ ...რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა.“ მრუშობა ხომ ღალატსაც ნიშნავს... დაე უფალმა შეგვიწყალოს ოდეს მოვიდეს სუფევითა თვისითა და შეგვინდოს ჩვენ ყოველგვარი სულიერი სილაჩრე, რასაც ჩავდივართ ჩვენ ჩვენი გოლგოთის გზაზე... და ნუ გვარცხუენს ჩვენ უკუნისამდე... ამინ!!!
ჯვრის ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ და კალიფორნიაში მცხოვრები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებს!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით
იღუმენი იოანე (კავსაძე)

დიდი ხუთშაბათი


დღევანდელი დღესასწაული ჩვენთვის არამხოლოდ გახსენებაა საიდუმლო სერობისა, როგორც ისტორიული მოვლენისა, არამედ დღეს ჩვენ მონაწილეობასაც ვიღებთ მასში. ამ დღეს დააწესა მაცხოვარმა საიდუმლო ზიარებისა, მას შემდეგ ყოველ წირვას, რომელიც აღსრულებულა და სრულდება დღემდე, მსჭვალავს იმ საიდუმლო სერობის მადლი... რომელიც 20 საუკუნის წინ აღსრულდა.
თქვენ ალბათ დაკვირვებული ხართ, ხშირად, სადღესასწაულო საკითხავები, ლოცვები, რომელებიც მაცხოვრის ამქვეყნიურ მოღვაწეობას, ან რომელიმე სახარებისეულ დიდ მოვლენას შეეხება, გადმოცემულია არა როგორც წარსულში, არამედ როგორც აწმყოში, თითქოს დღეს ხდება ეს ყველაფერი... მაგალითად, როგორც ეს ეხლახანს ბზობისას იყო: „დღეს მეუფე დიდებისა შევალს იერუსალიმად“, „დღეს საიდუმლო დიდი აღესრულების“... და ა.შ. ყოველივე ეს ცხდჰყოფს იმას, რომ საღვთო და ეკლესიური ჭეშმარიტებანი, დროის ცვალებადობას არ ემორჩილებიან. სიტყვა ღვთისა მარადიულია. წინასწარმეტყველებანიც კი რაც თქმულა ოდითგან, არ უქმდება არასდროს, (ვიდრე ამ სოფლის აღსასრულამდე), თუნდაც ის რომელიმე კონკრეტულ მოვლენაზე ყოფილიყო მიმართული. დღესაც ქადაგებს მთაზე ქრისტე ცხრა ნეტარებას და დღესაც ირჩევა ცხვრები თხებისაგან საშინელ სამსჯავროზე...
და აი დღეს ჩვენ აღვასრულეთ საღვთო ლიტურგია, გავიხსენეთ საიდუმლო სერობა, ვეზიარეთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და გონების თვალით თითქოს მიმოვიხილეთ კიდეც ის ადგილი სადაც ეს მოხდა. ამ დღეს მაცხოვარმა უკანასკნელი პასექი აღასრულა თავის მოწაფეებთან ერთად, დღეს დაედო საფუძველი ახალი აღთქმის უდიდესს, ევქარისტიის (სამადლობელის) საიდუმლოს, დღეს ფერხნი დაბანა უფალმა მონებს, მოძღვარმა მოწაფეებს და ამით ასწავლა მათ სიმდაბლით მსახურება მოყვასისადმი, და ასევე დღეს გაიცა მაცხოვარი იუდას მიერ... ყველა ეს მოვლენა უდიდეს ყურადღებასა და გულისხმისყოფას საჭიროებს ჩვენგან.
უპირველეს ყოვლისა უნდა ვივლტოდეთ იუდას გამცემლობისაგან, რომელმაც ფულში გაცვალა უფალი, იგი დაბრმავებული იყო ვერცხლისმოყვარეობისაგან და ამიტომაც აღარ ესმოდა უკანასკნელი მინიშნებანი და შეგონებანი მაცხოვრისა საიდუმლო სერობისას, და დღესაც, ასევე ვერ გაიგებს ღვთის სიტყვას ის, და გასცემს მაცხოვარს ის, ვინც დაბრმავებული იქნება ფულით და ამქვეყნიური გულისთქმებით.
აგრეთვე აქედან უნდა გულისხმავჰყოთ და გვახსოვდეს ის, რომ არ არსებობს ამ ქვეყნად არანაირი გარანტია საუკუნო სიცოცხლის მოსაპოვებლად, არც სტიქაროსნობა, არც მღვდლობა, არც ბერობა, არც ზიარების მიღება და არც თვით მოციქულობაც კი, არაა გარანტია ცხონებისა, გარდა მხოლოდ შინაგანი სულიერი ღვთივსათნო ცხოვრებისა, პატიოსნებისა, ერთგულებისა, სიწმინდისა და სიყვარულისა... წარმოიდგინეთ, იუდა მოციქული იყო, იგი ქრისტეს თორმეტ უშუალო მოწაფეთა რიცხვში შედიოდა და ალბათ სასწაულებსაც აღასრულებდა, მას მაცხოვარმა ფეხებიც კი დაბანა, აზიარა და რა... ვერ გადარჩა...
რადგანაც მისი გული იმ გვადრუცში, ყულაბაში, რომელიც ებარა მას, უფრო მეტად იყო ვიდრე, უფალთან და მოციქულებთან... და ამიტომაც ჩვენ, ჩვენი გულები ზეცაზე უნდა გვქონდეს მიპყრობილი მუდამ, ზე უნდა გუაქუნდეს გულნი, როგორც ამას წირვისას ვამბობთ ხოლმე „ზე გუაქუნდინ გულნი“... და ასე უნდა „ვმადლობდეთ უფალსა“...
ამ დღეს, როგორც უკვე ვთქით, უფალმა აღასრულა ფეხთბანაც, რითაც მოციქულების მიმართ უმაღლესი სიყვარული გამოხატა და გვიჩვენა ჩვენც რომ მოყვასისადმი სიყვარული ვლინდება ერთმანეთისადმი სიმდაბლით მსახურებაში...
მთავარი მოვლენა კი ამ დღისა, თუ კი შეიძლება ასე ითქვას, მაცხოვრის მიერ ზიარების დაწესებაა მისატევებელად ცოდვათა ჩვენთა და ცხოვრებად საუკუნოდ. ჯერ კიდევ საიდუმლო სერობამდე მან აღუთქვა ხალხს ეს საიდუმლო. როდესაც თქვა, რომ მე ვარ პური სიცოცხლისა და ვინც შეჭამს ამ პურს საუკუნოდ იცოცხლებსო, და ეს პური ხორცია ჩემიო.... ეს სიტყვები ზოგიერთებმა მაშინ ვერ დაიტიეს, და წავიდნენ, მაგრამ უფალს არ უთქვამს მათთვის მოიცათ არ წახვიდეთ, აგიხსნით ეხლა ყველაფერსო... არამედ პირიქით ეს რომ პირდაპირი მნიშვნელობით იყო ნათქვამი და არა გადატანითი მნიშვნელობით, უფრო მეტი სიცხადით დაამოწმა მან: „ამენ, ამენ, გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრება თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრება საუკუნოო “... ანუ დღესაც ეს სიტყვები მრავალს არ ესმის, არამედ რომელსაც ყური აქვს, ანუ რომელსაც სულიერი სმენადობა აქვს, მას ესმის... მართალია გაუჭირდათ მოციქულებს ამ სიტყვის გაგება, და ზოგიერთებმა მიატოვეს კიდეც იგი, მაგრამ რომელთაც უკვე სწამდათ მისი და უყვარდათ იგი, მათ არ მიატოვეს... ხედავთ? აქაც სიყვარულისა და რწმენის მეშვეობით წვდება ადამიანი საღვთო ჭეშმარიებებს... სიყვარულით და რწმენით.... და მაშინ: „ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუ უკუე თქვენცა გნებავს წარსვლა?“ და მიუგო მას სვიმონ-პეტრემ, როგორც ყოველთვის, და თქვა: „უფალო, ვისა მივიდეთ ჩვენ? რამეთუ სიტყუანი ცხოვრებისა საუკუნოისანი გქონან შენ,“ და ჩვენ გვწამს და შეგიცანით რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაო...
... ჩვენ უკვე ზემოთ ვთქვით, რომ წმ. ზიარება არ არის გარანტია ადამიანის გადარჩენისა... იუდაც ეზიარა იმ დღეს, როდესაც მაცხოვარი გასცა... მაგრამ... ზიარება არის აუცილებელი პირობა იგივე გადარჩენისათვის და ცხონებისათვის, უფალთან ერთობისათვის... ყოველი მართლმორწმუნე ქრისტიანი ყოველკვირას უნდა ეზიარებოდეს ქრისტეს სისხლსა და ხორცს მადლიერებისა და სიყვარულის ნიშნად... რადგანაც ამაშია უშრეტი წყარო ჭეშმარიტი სიცოცხლისა...

ეხლა კი რაც შეეხება თავად ამ საიდუმლოს...
თავდაპირველად ევქარისტიის საიდუმლო, პურის განტეხა, როგორც მას მეორენაირადაც უწოდებდნენ, მორწმუნეთა ჩვეულებრივ სახლებში სრულდებოდა, რადგანაც არ ჰქონდათ მათ დიდი ტაძრები, და ღვთისმსახურებაც შესაბამისად იმ სახით სრულდებოდა, როგორც ეს უფლის საიდუმლო სერობაზე იყო, აღევლინებოდა ცალკეულ ფსალმუნთ გალობა და კითხულობდნენ წმ. წიგნებს... პირველი ქრისტიანები თითქმის ყოველდღე ეზიარებოდნენ მაცხოვრის სისხლსა და ხორცს,... და შემდეგში უკვე, დროთა განმავლობაში, ყოველდღე რომ ვერ ახერხებდნენ ზიარებას გარკვეული პირობების თუ გარემოებების გამო, დაწესდა, რომ კვირას - უფლის დღეს აუცილებლად ზიარებოდნენ მორწმუნენი ქრისტეს სისხლსა და ხორცს... რაც დღემდე გრძელდება უცვლელ წესად...
ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ საჭიროება იყო ამისა, ეკლესიაში იცვლებოდა გარეგნული მხარეები, ღვთისმსახურებების ფორმები, ხანგრძლივობები, მღვდელმსახურთა შესამოსლები, საღვთისმსახურო საგნები და ა.შ. ... დროთა სვლას ეკლესია ყოველთვის ითვალისწინებდა, მაგრამ შინაგანი მხარე ეკლესიისა - შინაარსი ეკლესიისა უცვლელი და უცვალებელი იყო მუდამ და ეს ასე იქნება მარად...

და ბოლოს კი გეტყოდით რომ... დღევანდელი დღე, და აღდგომამდე დარჩენილი დღეები (და ვისურვებდი მთელი ცხოვრება) გავატაროთ ყურადღებით, ნამდვილი მარხვით და გულიანი ლოცვით... განსაკუთრებით კი დავიცვათ აზრები და ფიქრები ყოველგვარი უხამსობისა და უკეთურობისაგან...
დღეიდან მაცხოვარს უნდა გავყვეთ გოლგოთის გზაზე, როგორც სვიმონ კვირინელი უფლის ჯვრის მტვირთველი... და ჩვენც უნდა ვიტვირთოთ ჯვარი უფლისა მისდამი თანაგრძნობით და თანაგაცდით.... ჩვენი ჯვრის ტვირთვა კი, განსაკუთრებული ლოცვა და მკაცრი მარხვა იქნება ქრისტეს აღდგომამდე... ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ აღდგომაში და მომავალ საუკუნო სიცოცხლეში!!! ამინ!!!
იღ. იოანე

ბზობა 2010წ.


დღეს მეუფე დიდებისა შედის იერუსალიმში, „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა...“ ასე უგალობს მას ერი მრავალი... ამას კი წინ უძღოდა, მაცხოვრის სტუმრობა ლაზარესთან ბეთანიაში. მაცხოვრის მიერ ლაზარეს აღდგინების შემდგომ ყველგან გავრცელდა ხმა ამ სასწაულებრივი მოვლენის შესახებ... იდიდა უფლის საქმენი იუდეაში და მის ხალხში... და აი, ლაზარესთან სერობისას, მარიამმა ლაზარეს დამ, აღვსილმა უდიდესი მადლიერების, სიყვარულისა და სიხარულის სულით, მოიღო ნელსაცხებელი ნარდისა და სცხო მაცხოვარს ფეხებზე... იმ დროს იუდეაში ნელსაცხებლის ცხება თავზე, სამოსზე ან ფეხზე იყო აუცილებელი წესი სტუმარპასპინძლობისა, და მარიამმა როცა დაინახა, რომ ეს წესი ჯერ კიდევ არ იყო შესრულებული, თავად იტვირთა ამ წესის შესრულება... დუმდა უფალი, და ეს ცხადჰყოფდა იმას, რომ სათნო-იყო უფლამა მარიამის შესაწირავი და ძღვენი, სათნოიყო უფალმა მარიამის დიდი სიყვარული...
და „თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაი მისი, რაისათვის ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?...“
ხედავთ? როგორია სათნოებას ამოფარებული აშკარა ბოროტება, ვითომ უფრო კარგი და კეთილი სურს... სინამდვილეში კი მას ენანება თავისი მოძღვრისათვის და უფლისათვის მარიამის შესაწირავიც კი, თითქოს გლახაკთა საზრუნავი ადარდებდა იუდას და თითქოს უფრო გონივრული გადაწყვეტილება მოიფიქრა, ვიდრე ეს იყო მარიამის გულუხვი და მადლიერების გრძნობით აღვსილი შესაწირავი უფლისადმი...
სამწუხაროდ ჩვენშიდაც იყვნენ ამდაგვარი დამოკიდებულებით მავანნი, რომელნიც ეკლესიების სიმრავლეს ჩიოდნენ და გვთავაზობდნენ სხვა კულტურულ-სპორტულ-გამაჯანსაღებელი შენობების აგებას ეკლესიების ნაცვლად... ეს ყოველივე კარგია, მაგრამ არაა უმთავრესი გაჭირვებისას... ან თუნდაც იმ დროს როცა არ გვიჭირს... რადგანაც სული მხოლოდ ეკლესიაში ცოცხლობს... ერის ხსნა მხოლოდ ეკლესიაშია... რა თქმა უნდა, სათნოა ღვთისათვის გლახაკებზე ზრუნვაც, მშიერთა დაპურებაც, მწყურვალთა სმევაც, შიშველთა შემოსვაც... მოწყალების გაღება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ღვთის სიყვარულისა და თაყვანისცემის ხარჯზე, არანაირი სათნოება არ დგას უფლის სიყვარულსა და თაყვანისცემაზე მაღლა... რადგანაც დაწერილია: „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი“ და შემდეგ უკვე „მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი“... ე.ი. ყველაზე წინ უფალი და უფლისადმი სიყვარული და თაყვანისცემა უნდა იდგეს ჩვენს ცხოვრებაში, და ეს არ უნდა იყოს მეორეხარისხოვანი...
ჯერ ჯანმრთელობა, ბედნიერება და შემდეგ უფალი კი არა, არამედ პირიქით ჯერ უფალი და შემდეგ სხვა დანარჩენი, ამქვეყნიური სიკეთენი... ვინაიდან რა სარგებელი ექნება კაცს თუ კი ყოველივეს შეიძენს ამ ქვეყნიურს და უფალს დაკარგავს? რა სარგებელი იქნება ჩვენთვის თუ კი მარადიულ სიცოცხლეს გავცვლით წუთისოფლიურ კეთილდღეობაში...? ამისათვის უპირველესად უნდა ვეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა... და სხვა ყოველი შეგვეძინება ჩვენ...
ჩვენ ვიცით სახარებიდან, რომ უპირველესად ღვთის თაყვანისცემის ადგილი ჩვენს გულებში და სულებშია, მაგრამ ეს არ კმარა იმ სრულყოფილებისათვის, რომლისკენაც ჩვენ ვართ მოწოდებულნი... ასევე ვიცით, რომ ღვთის შემდეგ ადამიანსაც ეწოდება შემოქმედი და ეს შემოქმედობა ჩვენ ღვთის მსგავსად გვხდის... რაც გამოიხატება ჩვენს სიტყვაში, საქმეში და ფიქრში, რომელიც უზენაესის დიდებულებაზე მოგვითხრობს... „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“... ამბობს წინასწარმეტყველი. ყველა ქმნილება მის შემოქმედზე მოგვითხრობს, მის შემოქმედს ადიდებს სხვადსხვა ბრწყინვალებით, სხვადსხვა გზით, სხვადახვა საზომით... ღვთის ქმნილების გვირგვინი - ადამიანი სიტყვით, საქმით და სულით ადიდებს უფალს და ეს მის შემოქმედებაშიც სჩანს: მუსიკაში, პოეზიაში, მხატვრობაში, ხუროთმოძღვრებაში და ა. შ. ყოველივე ფუჭი იყო, ამაო და მსწრაფლწარმავალი რაშიც ღვთის დიდება არ სჩანდა... რაშიც ჯვარსახოვანი მარადისობა არ სჩანდა...
ყველა მართლმორწმუნე ერები ეკლესიით და ეკლესიაში ადიდებენ უფალს, (ერებში არ ვგულისხმობ მხოლოდ ეთნიკურ წარმომავლობას) რადგანაც ეკლესიაა შესაკრებელი ყველა იმ ადამიანისა, ვინც უფლის ხატებასა და დიდებას ატარებს თავის თავში... და ამიტომაც სადიდებლად უფლისა და საცხოვნებელად სულთა ჩვენთათვის, ვხედავთ დღეს ჩვენ, სვეტიცხოველს, ალავერდს, სიონს, სამებას... რაც ასევე ჩვენი ერის დიდებაზეც მოგვითხრობს, ეს არის ჩვენი სიყვარულის ხილული გამოვლინება უფლისადმი... ესენი არიან ჩვენი ჭეშმარიტი პალმის რტოები და ბზები, საიდანაც უკვე თითქმის 17 საუკუნე მოისმის ხმატკბილი გალობა უფლისადმი „„ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა...“...
და ისევ, მარიამის შესაწირავს დავუბრუნდეთ: სცხებდა რა მარიამი მაცხოვარს ფეხზე ნელსაცხებელს ხილულად გამოხატავდა მის შინაგან თაყვანისცემას, სიყვარულსა და მადლიერებას... ხოლო მაცხოვარი ამ დროს დუმდა... რადგანაც უხაროდა მას მარიამის მადლიერება და სიყვარული...
ძალაუნებურად მახსენდება, ჩემთვის ერთერთი ყველაზე ლამაზი ადგილი სახარებიდან, როდესაც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოეცხადა მოციქულებს და ჰკითხა პეტრეს 3ჯერ: „სვიმონ იონაისო გიყვარ-მეა უფროის ამათსა?, და მიუგებს პეტრე: „ჰე უფალო შენ უწყი რამეთუ მიყვარ შენ...“ და ეს განმეორდა სამჯერ....წმ. მამები სახარების ამ ადგილის განმარტებისას, ამბობენ, რომ ეს იყო პეტრეს სამჯერ უარყოფისა წილ, სამჯერ აღიარება ღვთისადმი სიყვარულისო... გარდა ამისა ეს ალბათ იყო ღვთის უდიდესი სიყვარულის გამოვლინება ადამიანთა მიმართაც და ამ შემთხვევაში პეტრეს მიმართ, და თითქოს უფალიც საჭიროებდა პეტრეს სიყვარულს, თითქოს კი არა, მართლაც, უფალიც საჭიროებდა პეტრეს სიყვარულს... სვიმონ იონაისო გიყვარ-მეა? ეკითხებოდა პეტრეს.... ეს იმიტომ რომ სრულყოფილ სიყვარულში არ კმარა, მხოლოდ ერთს რომ უყვარდეს, რადგან სიყვარული ურთიერთობაა ორისა, შენ როცა გიყვარს მასაც უნდა უყვარდე... და რა ბედნიერებაა, როდესაც უყვარხარ იმას ვინც შენ გიყვარს... სწორედ იმ დროსაც როდესაც მარიამი ფეხზე სცხებდა მაცხოვარს ნელსაცხებელს, უხაროდა მაცხოვარს რადგანაც დიდი იყო მარიამის სიყვარული მისდამი და უფლის სიყვარულიც მარიამისადმი...
გარდა ამისა ეს ქმედება მარიამისა წინასწარ მოასწავებდა მაცხოვრის დაფლვასაც, ახლოვდებოდა ჟამი უფლის ჯვარცმისა და ეს გარემოებანი თითქოს ამზადებდა ყველას იმ სინამდვილის აღსაქმელად, რომელიც შემდეგში უნდა ეხილათ მათ... უკვე პირს კრავდნენ მაცხოვრის ჯვარმცმელნიც უფლის მოსაკლავად, ამაზე წინ კი ლაზარეს მოკვლასაც აპირებდნენ, რათა ეთქვათ მერე, რომ არ აღუდგენია ქრისტეს ლაზარეო და ხალხი განეშორებინათ ქრისტეს რწმენისგან, რადგანაც ლაზარეს აღდგინებით მრავალი მოექცა ღვთისაკენ...
და აი დადგა იერუსალიმში დიდებით შესვლის დღეც, უამრავი ხალხი პალმის რტოებითა და სადიდებელი გალობებით მიეგებოდა მას: „ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, მეუფე ისრაელისა“ ...
შემდეგ კი იოანე მახარებელი გადმოგვცემს წინასწარმეტყველის სიტყვებს რათა, თანაგანმცდელნი შევიქნათ მოციქულთა იმ დროინდელი განწყობისა, ყველას უხარია, მხირულებაა ხალხში, ხოლო მოციქულთა გულებში კი თითქოს ავის მომასწავებელი და შიშნარევი სიხარულია, რადგანაც მოსმენილი აქვთ მათ უკვე ჯვარცმის შესახებ სიტყვა უფლისა... ახლა კი სული ღვთისა ეუბნება და ანუგეშებს მათ: „ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცუსა ვირისასა“ ... სიონის ასულში იგულისხმება ახალი აღთქმის ეკლესიაც, რომელსაც მარადის ანუგეშებს უფალი სულით „ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო...“
რადგან ჯვარცმა უფლისა აღდგომას მოასწავებს... ამინ!!!

წმ. მარიამ მეგვიპტელის ხსენება


ჩვენ როდესაც წმინდანთა და ღირსთა ცხოვრებებს ვეცნობით, არც თუ ისე იშვიათად, ვკითხულობთ ხოლმე მათი ცხოვრების აღწერილობებში თუ როგორ იქმნენ ისინი გამორჩეულები ღვთის მიერ დედის მუცლითგან, როგორი ბუნება გამოავლინეს ჩვილობისა თუ სიყრმის ასაკიდან, თუ როგორი მარხველნი, მშრომელნი და კეთილზნიანნი იყვნენ ისინი თავიდანვე. მაგრამ წმ. მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება, სრულიად საპირისპიროს გადმოგვცემს მის შესახებ. მისი ცხოვრება აღწერა წმ. მამამ ზოსიმე პალესტინელმა, რომელმაც იხილა იგი დიდმარხვისას, უდაბნოში მოსაგრეობისას.
მარიამი გახლდათ ეგვიპტიდან, ჯერ კიდევ მოზარდობიდან მან მიატოვა საკუთარი სახლი, მშობლები, და ალექსანდრიაში გაიქცა. ალექსანდრიაში იგი აღვირახსნილ ცხოვრებას მიეცა და 17 წელიწადი მრუშობასა და გარყვნილებაში ცხოვრობდა. როგორც იგი წმ. ზოსიმეს მოუთხრობდა, შემდეგში მთელ აზრს ცხოვრებისას და მიზანს მისას ამაში ხედავდა, ხორციელი გულისთქმის დაცხრობა ეგონა ადამიანის უმაღლესი დანიშნულება ამქვეყნად. იგი არამხოლოდ თავს ვნებდა, არამედ ცდილობდა სხვისთვისაც ევნო, უმანკონი და ღვთისმოსავნიც კი შეეცდინა, და აი, ერთხელ როდესაც მან გაიგო, რომ მომლოცვლნი მიემგზავრებოდნენ გემით იერუსალიმში ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე, გადაწყვიტა მათთან ერთად ისიც წასულიყო, არა როგორც მომლოცველი არამედ როგორც მაცდური მეძავი გემზე. „მიკვირს როგორ აიტანა მაშინ ზღვამ ამდენი გარყვნილება და მრუშება, როგორ არ განახვნა მიწამ პირი და ქვესკნელად როგორ არ ჩამაგდო ცოცხლად, მე, ღირსი ჯოჯოხეთისა, ვინაც ამდენი სული ვაცთუნე და დავღუპეო“ მოუთხრობდა იგი წმ. ზოსიმეს.
იერუსალიმში ჩასვლის შემდეგაც იგი განაგძობდა მრუშობით ცხოვრებას და აცდუნებდა მრავალ უმანკოთ. ჯვრის დღესასწაულის დადგომისას კი გადაწყვიტა წასულიყო ტაძარში, არა კეთილი განზრახვით, არამედ იმიტომ რომ ყველა მიდიოდა იქ... და აი ტაძრის ზღურბლს როდესაც მიუახლოვდა, უხილავმა ძალამ შეაკავა იგი და არ შეუშვა ტაძარში, ყველანი შედიოდნენ და მხოლოდ ის ვერ შედიოდა...
სწორედ, ეს იყო ღვთის ძალა სასჯელში შეფუთული წყალობა მასზე... რომელმაც აატირა იგი გულამოსკვნით... ამ დროს გადმოსწყდა მას ცრემლნი სინანულისანი, რომელიც დაუწყვეტელად სდიოდა სიცოცხლის ბოლომდე...
სინანულის ცრემლები განსხვავებულია ყველა ცრემლისაგან. ეს არის როდესაც სტირი მწარედ და თან გიხარია, ბედნიერი ხარ, რადგანაც ღვთის უსაზღვრო სიყვარული და ნუგეში იღვრება შენს გულში...
და წმ. მარიამმა იხილა ღვთისმშობლის ხატი რომელსაც ევედრა ცრემლით ესრედ: ჰოი, ქალწულო, დედუფალო, ვინაც შვი ხორცით ღმერთი - სიტყვა! ვუწყი, რომ ღირსი არა ვარ შენი წმიდა ხატების ხილვისაც კი, რამეთუ უფრო ის შემგავს მე, საძულველ გარყვნილს, უარყოფილ ვიქმნა შენი სიწმიდისაგან და საძაგელი ვიყო შენთვის, გარნა ვიცი ისიც, რომ იმისთვის იქმნა კიდეც ღმერთი კაცად, რომ სინანულად მოუწოდოს ცოდვილთ. შემეწიე მე, ყოვლადწმიდაო დედაო, რათა ნება მომეცეს ეკლესიაში შესვლისა. ნუ აღმიკრძალავ იმ წმიდა ძელის ხილვას, რომელზეც სხეულით ჯვარს ეცვა უფალი, ვინაც ჩემთვისაც, ცოდვილისათვის დაღვარა უმანკო სისხლი ცოდვათაგან ჩემი გამოხსნისათვის. უბრძანე, დედუფალო, მეც განმიღოს კარნი ჯვარის წმიდა თაყვანისცემისა. შენ იყავ ჩემდა შუამდგომელი და თავსმდები წინაშე შობილისა შენგანვე. და მე აღგითქვამ, რომ ამიერიდან არათუ აღარსოდეს არ შევიბილწავ თავს ხორციელი ბილწებით, არამედ როგორც კი ვიხილავ წმიდა ძელს შენი ძის ჯვარისა, უმალვე განვუდგები სოფელსა ამას და იქ წავალ, საითაც შენ მიბრძანებ - მხნე თავმსდები ჩემი“.
წმ. მარიამმა მთელი ცხოვრება უდაბნოში გაატარა სინანულსა და უმკაცრეს მარხვაში.
იგი ამ ცხოვრებაშივე დადგა ადამიანური სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე, მიიცვალა სიწმინდით უდაბნოში, მას ევედრებიან, ვისაც ცოდვიანი ცხოვრების მიტოვება სურს და ასევე ხორცთა აღძვრისას.
დღევანდელი დღის აღნიშვნით წმ. ეკლესია ისევ შეგვაგონებს რომ უფალი წყალობს ცოდვილ მონანულს, რომ სიწმინდით ცხოვრება არის ჩვენი მოწოდება, რომ ცოდვებს უნდა განვეშოროთ...
წმ. მარიამის მაგალითით ჩვენ ვხედავთ თუ როგორ შეიძლება ამაღლდეს ადამიანი უმდაბლესი და უგარყვნილესი საფეხურიდან, უმაღლესსა და უწმინდეს საფეხურამდე. და ეს არ ხდება მხოლოდდამხოლოდ ღვთის მადლით აქ ადამიანური ღვაწლიც არის საჭირო, ადამიანური ძალაც არის საჭირო, რათა გამოხსნა და გადარჩენა ადამიანისავე ნებაყოფლობითაც იყოს... აქაც რამხელა ღირსებას ანიჭებს უფალი ადამიანს... არასდროს ართმევს თავისუფალი ნებისა და არჩევანის უფლებას....ამიტომაც ჩვენ ქრისტეანნი კი არ ვლოცულობთ მბრძანებელო ჩვენოო, ან უფროსო ჩვენოო, რადგანაც მბრძანებელი და უფროსი ყოველთვის უსიტყვოდ მოითხოვს ბრძანების შესრულებასა და მორჩილებას თავისი ქვეშევრდომებისგან, არამედ ვლოცულობთ, მამაო ჩვენო, რადგან მხოლოდ მამობრივი სიყვარული თანასწორობს ძეს.... მხოლოდ მამისაგან ეძლევა ძეს მამობის ღირსება....
ჩვენ ვახსენეთ თუ როგორ შეიძლება ამაღლდეს ადამიანი უმდაბლესი საფეხურიდან, უმაღლეს საფეხურამდე, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს პირიქითაც, როდესაც წესიერებიდან და პატიოსნებიდან, უწესობამდე და უზნეობამდე ეცემიან ადამიანები... ეს არის ყველაზე ცუდი და საშიში შემთხვევა... ღმერთმა დაიფაროს ყოველი მორწმუნე ამ ბოროტებისგან! ......
...........................

დიდმარხვის მე-4 კვირა წმ. იოანე სინელის ხსენება 2010წ


დიდმარხვის მე-4 კვირას მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებში იდღესასწაულება წმ. იოანე სინელის ხსენება. წმ. იოანე სინელი გახლავთ მე-7 საუკუნეში მოღვაწე ბერი, რომელიც 16 წლის ასაკში შეუდგა ბერობის გზას და ღრმა მოხუცებულობამდე გაატარა ცხოვრება დაყუდებულობასა და ღვაწლში. მან აღწერა სათნოებათა კიბე, რომელშიც გადმოცემულია მონაზვნური ცხოვრების წესი და რიგი. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, სახარებათა და სამოციქულო წიგნთა შემდეგ, მსოფლიოს მონაზვნობა ხელმძღვანელობს და წარმართვას საკუთარ ცხოვრებას უფალში ამ წიგნით. თუმცა, ეს წიგნი არამარტო მონაზონთათვისაა დაწერილი, არამედ მასში საეროებიც დიდ სწავლასა და ნუგეშინისცემას ჰპოვებენ. (სასურველია რომ ეს წიგნი ერისკაცებმა მხოლოდ მოძღვრის მეთვალყურეობით წაიკითხონ)...
ჩვენ, წინა, ჯვრისთაყვანისცემის კვირას წავიკითხეთ სახარებაში: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.“... ამ სიტყვების შემსრულებელნი, უფრო კარგი იქნება თუ ვიტყვით მიმდევარნი, უპირველეს ყოვლისა მოციქულნი, მახარებელნი და მოწამენი შეიქმნენ, ხოლო მათ შემდეგ კი მონაზონნი...
მონაზონი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მარტომყოფს, „მონოს“ მხოლო, მარტო, და „ძოონ“ მცხოვრები, მყოფი... განდეგილური ცხოვრება ადრეც იყო ძველი აღთქმის პერიოდში მართლმორწმუნე შვილებში და წარმართებშიც, მაგრამ ისეთი შინაარსით როგორც ეს ქრისტიანობამ შემოგვთავაზა არასდროს არ ყოფილა...
ქრისტიანებში, თუ შეიძლება ასე ითქვას, მონაზონთა წინასახე გახლდათ წმ. იოანე ნათლისმცემელი, მკაცრი მოღვაწე, მმარხველი და ქადაგი სინანულისა.
ჩვ. წ. ა-თ, პირველ საუკუნეებში სანამ ქრისტიანობა ბიზანტიის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, ქრისტიანები როგორც ვიცით, სულ დევნასა და შევიწრობას განიცდიდნენ, და უმეტესად მათი ღვაწლი და შრომა უფლისათვის, მოწამეობაში და აღსაარებაში ვლინდებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა მე-4 საუკუნიდან სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, იგი ადვილად გახდა მისაღები ყველასათვის, უფრო მეტიც ის იმ დროიდან უკვე პრესტიჟულიც კი იყო... და ვინაიდან ქრისტიანები თავიდანვე უბრალო და მოკრძალებულ ცხოვრებას ირჩევდნენ და ეწეოდნენ, ზოგიერთ მათთაგანში გაჩნდა სურვილი განმარტოებით ცხოვრებისა, დაფარულად ღვაწლში ყოფნისა, დაფარულში სიკეთის კეთებისა, გაჩნდა სურვილი დახშულ კარს მიღმა უფლისადმი ლოცვისა და დიდებისმეტყველებისა...
თუმცა კი, ბერობა, მაინც უფლის გამოუცნობი და მიუწვდომელი წინაგანგებით დადგინდა ქრისტიანობაში, რადგანაც ბრძანა უფალმა : „არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათაისა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ“ (მთ. 19,12) ე.ი. აქ საუბარია ადამიანის მიერ ღვთისადმი განსაკუთრებულ მსხვერპლშეწირვაზე, განსაკუთრებულ ღვაწლზე, რომელ ღვაწლსაც ადამიანი ნებაყოფლობით ადგება და რომელი მოღვაწეობისთვისაც არა ყოველნი არიან მოწოდებულნი და დამტევნელნი.
თანდათანობით, შემდეგში ამგვარი ღვაწლი გამოიხატა მონაზვნობის მსურველის მიერ უფლისადმი სამი აღთქმის დადებაში, ესენია; ქალწულება, უპოვარება და მორჩილება. ქალწულებაში იგულისხმება წმინდად ცხოვრება, უბიწოება და ერთგულება, უპოვარებაში იგულისხმება ის, რომ მონაზონი არ უნდა იყოს მიჯაჭვული ამ ქვეყნიური საგნებისადმი, არ უნდა იყოს მომხვეჭელი, სახმართმოყვარე, უნდა კმაყოფილდებოდეს იმით რაც ააქვს, და პირიქით, უნდა გასცემდეს რაც კი რამ აბადია... რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა“ (საქ. 20,35)... ხოლო მორჩილებაში კი იგულისხმება უპირველეს ყოვლისა სიმდაბლე და სიყვარული, ღვთისადმი დაუოკებელი სწრაფვა, მუდმივი ღწვა ღვთისა და მოყვასისათვის, მცნებათა დაცვა და ღვთის მართლად მადიდებლობა...
სწორედაც რომ ბერ-მონაზვნობა მართებულად იწოდება ქრისტეს მხედრობად დედამიწაზე, ეს არის საიდუმლო ცხოვრება, რომელიც ერთერთმა წმ. ბერმა ასე გამოთქვა: ერისკაცნი რომ ხედავდნენ და განიცდიდნენ რა სიხარული შემოაქვს ბერობას ადამიანის გულშიო, მყისვე მოინდომებდნენ ბერობასო, მაგრამ ასევე რომ ხედავდნენ და იცოდნენ წინასწარ მონაზვნობის მსურველებმა, თუ რა ბრძოლებია ბერობაში, მას არასდროს არ შეუდგებოდნენო...
დღეს წაკითხულ სახარებაში, ჩვენ კვლავაც მოვისმინეთ სწავლანი თავად მაცხოვრისაგან ცხრა ნეტარებაზე, როგორი უცნაურია და თითქოს შეუსაბამო, როდესაც უფალი ნეტარებების ე.ი. ბედნიერების აუცილებელ პირობად პირველ ყოვლისა სიგლახაკეს გვისახავს და არა ვთქვათ სიმდიდრეს ან მაღალ სოციალურ მდგომარეობასა თუ წარმოშობას... გულით მგლოვარებას გვისახავს და არა ვთქვათ გულისთქმით სიამტკბილობას... ხომ არ უთქვამს მაცხოვარს ნეტარ იყვნენ მდიდარი, პატივცემული ხალხი, ამ სოფლიური სიამტკბილობის მოყვარული ხალხიო, არამედ თქვა ნეტარ იყვნენ გლახაკნი და მგლოვარენი სულითა და გულითო... ვინ არის გლახაკი და მგლოვარე სულით და გულით? ... რა თქმა უნდა თავმდაბალი ადამიანი, რა სიმაღლეც არ უნდა ეჭიროს ამ ქვეყნად მას, ის მაინც ქედდადრეკილია, ლმობიერია, სულგრძელია, მომთმენია, არავისი არ შურს, არ ქედმაღლობს, არ განიკითხავს, არ ჭორაობს, არავის დასცინის... გლახაკია, თუნდაც ისიც, რომელიც მდიდარია გარეგნულად, პატივიც ააქვს ადამიანებში და დაფასებულია, მაგრამ შინაგანად არაფრად რაცხს ამ ყოველივეს უფლის სიყვარულთან შედარებით, წუხს და გლოვობს საკუთარ ცოდვებს გულში და სათნოებათა კეთებაში ყველაზე ნაკლებად მიაჩნია საკუთარი თავი, ვინც იცის, რომ ამაოა ყოველივე აქ და მისი არა არის რა ამ ქვეყანაზე, და ეშურება სიკეთისა და მოწყალების ქმნას, ვინც იცის ის, თუ სად არის.... და სად გროვდება და მრავლდება ჭეშმარიტი სიმდიდრე და საუნჯე ადამიანისათვის... ასეთებისთვისაა სასუფეველი ცათა, ასეთები იხვეჭენ ნუგეშინისცემას, მოწყალებასა და ღვთის შვილობას უფალში. ასეთი ადამიანების გულები სულ ლოცვაში არიან, მათ იციან მარხვა რა არის, იციან რომ მარხვისა და ლოცვის გარეშე შეუძლებელია ადამიანური სრულყოფის გზაზე სვლა...
დღეს, ჩვენ ასევე მოვისმინეთ სახარებიდან თუ როგორ განკურნავს უფალი ყრუმუნჯს, რომელიც მოციქულებმაც კი ვერ განკურნეს, რადგანაც იმ დროისათვის, როგორც ამას ღვთივგანბრძნობილი მამები განმარტავენ, ჯერ კიდევ არ ქონდათ მოციქულებს ლოცვისა და მარხვის შესაბამისი ღვაწლი აღებული თავიანთ თავზე, და ამას ემატებოდა უკეთური სულით შეპყრობილის მამის ურწმუნოებაც... რაზეც აღმოხდა მაცხოვარს: „ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა?“...
ეს მოვლენა შესაძლებელია შევადაროთ ჩვენს დღევანდელ სინამდვილესაც, დღესაც შესაძლოა ითქვას ეს სიტყვები ჩვენზე... როდესაც სასულიერო პირთა ღვაწლი შეუსაბამოა სასულიერო პირთავე უმაღლეს მოწოდებაზე, როდესაც საერონი ურწმუნოებაში არიან და აღარ ესმით ხმა ეკლესიისა, თითქოს ხმაგაუმტარი სივრცეა ჩამოშვებული ცოცხალ სიტყვასა და ადამიანს შორის...
აი მაგალითად, როდესაც რომელიმე ჩვენი ან სხვისი ახლობელი იღუპება ნარკოტიკით (ღმერთმა დაგვიფაროს!) ან ალკოჰოლით, ან თუნდაც ავაზაკობით და არ ესმის შეგონება, არც მამისა, არც დედისა, არც ეკლესიისა... ასეთი ადამიანი, სწორედ იმ „უტყვ“ - ყრუმუნჯ სულსა ჰყავს შეპყრობილი, რომელზეც დღეს ჩვენ სახარებიდან მოვისმინეთ... რომლის განდევნაც ესოდენ რთულია... უფალი ამბობს მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება ეს სული ადამიანიდანო... ვისი ლოცვითა და მარხვით ? სნეულის მშობლებისა და ახლობლების, მმარხველი და მლოცველი სასულიერო პირების ლოცვითა და მარხვით განიდევნება ეს სული... ე.ი. ჯერ მტკიცე რწმენაა საჭირო..., ვინაიდან ბრძანებს უფალი: „უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“...მორწმუნე კი თავის მორწმუნეობას პირველ რიგში ამოწმებს ლოცვითა და მარხვით... ყოველივე ეს თუ არ არის, არაფერი გამოვა... თუ კი თვით მოციქულებმაც კი ვერ შეძლეს განკურნება სნეულისა, განსაკუთრებული ღვაწლის გარეშე,... ჩვენ რაღას გავხდებით ამ უკეთურ სულთან...? უფალო შეგვეწიე...!!!
და ბოლოს, გეტყვით რომ ... დღევანდელი დღით ჩვენ კვლავ შეგვაგონებს წმ. ეკლესია ლოცვასა და მარხვას, რათა ჩვენ სიტყვასა და საქმეს ძალა ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაში, შეგვაგონებს, რომ ვიდგეთ რწმენაში მტკიცედ და შეურყეველად, რათა გულისყურით შევისმინოთ და შევიგნოთ უფლის სიტყვა დარიგება და განეხვნას სულიერნი სასმენელნი ჩვენნი... გვესმოდეს უფლისა და უფალმაც შეისმინოს ჩვენი ლოცვა-ვედრება და იყოს მწე ჩვენდა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა რწმენაში, ლოცვაში და მარხვაში. ამინ!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით
იღუმენი იოანე (კავსაძე)

კეთილი ღვაწლისთვის 2010წ.


ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო, მოგმართავთ რა ამ სიტყვებით სიხარულით ვივსები, რადგანაც ეს სიტყვები, ყველაზე ნათლად ცხადჰყოფს ღმერთთან ჩვენს ნათესაობას . ჩვენ სასულიერო პირები პირობითად ვიწოდებით მამებათ და მოძღვრებათ, „რამეთუ ერთი არს მამაჲ“ ჩუენი „რომელ არს ცათა შინა“ და „ ერთი არს წინამძღუარი“ ჩუენი - „ ქრისტე“ თანა მამით და სულიწმიდითურთ... ჩვენ, ადამიანები, ღვთის განუზომელი წყალობით გავხდით მამები ქრისტეში და ვიწოდებით მამებათ და მღვდლებად უფალში, ეს „ზედწოდება“ სასულიერო პირებისა საჩინოს ხდის იმას რომ ღმერთი განკაცდა და კაცი განიღმრთო და ამ დიდ მისტერიაში ადამიანს ღმერთმა გაუყო თავისი ღვთაებრივი ძალაუფლება მიტევებისა... ადამიანს შეუძლია ღვთის სახელით მიუტევოს ცოდვები თავისნაირ ადამიანს... ჭეშმარიტად, საოცარია ყოველივე ეს! ...და ამიტომაც ყველა ჩვენთაგანი უნდა ზრუნავდეს ცხონებაზე და უნდა ეძიებდეს ცხონების გზებს. რა არის ცხონება? ... თანამედროვე ქართულით ეს ცხოვრებას ნიშნავს, რომელშიც ვგულისხმობთ მარადიულ სიცოცხლეს სიყვარულში - ღმერთთან. და ეს ცხოვრება - ცხონების გზა ამ ქვეყნიდან იწყება. ჩვენ ვიცით მოციქულთაგან რომ სულ ორი გზა არსებობს ერთი ცხონებისა და ერთი წარწყმედისა.
„სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი. მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ. რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი“. (დიდაქე მოძღვრება 12 მოციქულისა)
წარწყმედის - „სიკვდილის გზა კი ამგვარი არის: უპირველესად, ბოროტია ეს გზა და წყევლით აღსავსე: მკვლელობა, მრუშობა, გულისთქმა, სიძვა, ქურდობა, კერპმსახურება, გრძნეულება, მეწამლეობა, ტაცება, ცრუმოწმეობა, პირმოთნეობა, ორგულობა, მზაკვრობა, ამპარტავნება, სიავე, თავმოთნეობა, ნაყროვანება, ურცხვადმეტყველება,... და ა. შ.“(დიდაქე მოძღვრება 12 მოციქულისა)ღმერთმა გვაშოროს ამ გზას...
დღევანდელი წაკითხული სახარება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ქრისტიანული ცხოვრების წესსა და რიგს, ჩვენ თითქოს ვსწავლობთ ცხოვრებას ეკლესიურად მაგრამ მაინც ვერ გავხდით ეკლესიურნი ბოლომდე, ვერ გავაეკლესიურეთ ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ტაძრების კედლების სისქეებით ვამაყობთ, ჩვენი წინაპარი გმირების სახელებით ვამაყობთ და არა თუ ღმერთი გვიყვარს უხილავი, არამედ საკუთარი მოყვასი, რომელსაც ვხედავთ ჩვენს გვერდით ის არ გვიყვარს, მტრის სიყვარულისკენ მოწოდებულია ყოველი ქრისტიანი და ზოგიერთ ჩვენთაგანს ეს ისევ სიშლეგე ჰგონია, დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ამის შესახებ სახარებიდან: „ხოლო თქუენ გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ; და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლისა, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა“ (ლკ 6,35) ... მოწოდებულნი ვართ მივუტევოთ და არ ვუტევებთ, მოწოდებულნი ვართ გვიყვარდეს და კეთილი ვუყოთ ერთმანეთს, ჩვენ კი გვშურს ერთმანეთის და მახეებს ვუგებთ ერთმანეთს, უნდა ვმარხულობდეთ და არ ვმარხულობთ, ღვთის წყალობით და ძალით ეკლესიაში ვდგავართ ვისმენთ ღვთის სიტყვას, მაგრამ გარეთ რომ გავალთ აღარ ვასრულებთ,.. თითქოს ერთი ხელით ვთესავთ, ვრგავთ, ხოლო მეორე ხელით ვძირკვავთ და ვანადგურებთ...
უნდა გვახსოვდეს! რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ მადლისმიერი განღმრთობისაკენ, მარადიული სიცოცხლისათვის და მარადიული სიხარულისთვის ღვთის სასუფეველში... რადგან თავდაპირველად უფალმა შეგვქმნა ჩვენ „ხატად და მსგავსად თვისსა“... ამიტომაც უნდა გავხდეთ მსგავსნი ღვთისა; სიწმინდით, სიყვარულით, სიმდაბლით, სიმშვიდით, მოწყალებით, მიმტევებლობით, მოთმინებით, სასოებით და ძლიერებითაც კი... ამისათვის საჭიროა შინაგანი შრომა და გარჯა ყოველივე ამის შესაძენად...
ჩვენ ამ წუთიდან უნდა შევუდგეთ ღვთივსათნო საქმეებს, დღესვე დავლოცოთ, დღესვე ვაკურთხოთ, დღესვე მივუტევოთ, დღესვე შევინანოთ ცოდვები და დღესვე შევიყვაროთ ერთმანეთი... ასეთი დამოკიდებულება ჩვენს სინამდვილეს გააეკლესიურებს და აღარ ვიქნებით მხოლოდდამხოლოდ გარეგნულად ქრისტიანები, არამედ სულშიც შეაღწევს ღვთაებრივი ნათელი...
ჩვენი უწმინდესი, მოგვიწოდებს ხოლმე, რომ ხშირად დავლოცოთ ერთმანეთი, რადგანაც გულიდან ამოსულ სიტყვას დიდი ძალა აქვს. იგი სულ გვლოცავს ჩვენ და ჩვენც მოგვიწოდებს რომ დავლოცოთ იგი... ღმერთმა დღეგრძელი და ჯანმრთელი გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი!
ღვთის განკაცების შემდეგ მთელი სამყარო გაეხვია მამა-შვილური სიყვარულის წიაღში და იკურთხა ქვეყნიერება ახალი აღთქმის სულით და თუ ჩვენ ჩვენივე ნება-სურვილით არ განვუდგებით მამას აუცილებლად გავიმარჯვებთ ბოროტებაზე...
მაშ მოვედით ეკლესიაში, ამ უსაფრთხო ნავთსაყუდელში ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო, განვემზადოთ ღვაწლისათვის, ვიშრომოთ და ვიხმიოთ წყარო სიცოცხლისა სადიდებელად და სამადლობელად წმიდისა ერთარსისა, ცხოველსმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა და საცხოვნებელად სულთა ჩვენთათვის. ამინ!!! მადლი და წყალობაი განმრავლდინ თქუენ შორის. ამინ!!!
ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს ჩვენი საქართველო!!! ამინ!!!
……………………………………………………………………………………………..
თქვენ უკვე იცით, რომ მეუფე დიმიტრიმ სან ფრანცისკოს ქართული სამრევლო ივერიის დედაღვთისმშობელს ჩააბარა და შეავედრა ჩვენი თავი მას. მაშასადამე ჩვენ ვართ, სან ფრანცისკოს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძარი...
„ვითარ ვუგალობდეთ საკვირველებათა და მოწყალებათა შენთა დედაო ღვთისავ!?“
და „რაი მივაგოთ უფალსა“ ამ დიდი წყალობისათვის „რომელი მოგვაგო ჩვენ“...

ივერიის დედაღვთისმშობელი, კარიბჭისად წოდებული, ზეცით გარდამო განბრწყინვებული გარემოადგა სან ფრანცისკოს ოქროს კარიბჭეს... სანუგეშოდ, შესაწევნელად, დასაცავად და საცხოვნებელად თავისი ერისა... გიხაროდეთ! სან ფრანცისკოში მცხოვრებნო ივერიელნო!!!
ამიერიდან, სულ მალე, აქ ამ ქალაქში, მუხლს მოიდრეკენ ივერიის დედაღვთისმშობლის წინაშე ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენნი, მსასოებელნი ღვთისმშობლისანი...
იგი იქნება ზღუდე და მფარველი უცხოობაში მყოფი ქართველებისა და არა მარტო ქართველებისა... ახლო მომავალში მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით დაიწერება ჩვენი ტაძრისთვის ხატი ივერიის ღვთისმშობლისა, რომელიც იქნება ანალოგიური იმ ხატისა რომელიც დაბრძანებულია ათონის მთაზე ივერთა მონასტერში...
ღმერთმა მოგვცეს შემწეობა და ძალა რათა ღირსი გავხდეთ ივერიის დედაღვთისმშობლის სახელობის სამწყსოდ წოდებისა...
და დედაღვთისმშობელმა მოგვმადლოს ჩვენი ეკლესიისთვის თავის მისადრეკი საკუთარი ადგილი - შენობა...
ეხლა კი პირველი ჩვენი ერთობლივი ლოცვა-ვედრება აღვუვლინოთ ივერიის დედა ღვთისმშობელს:
უფლისა მიმართ ვილოცოთ...
ჰოი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო კარისაო, ივერთა სავანესთან ზღვასა ზედა ზეგარდამო განბრწყინვებულო ბჭეო სასუფევლისაო, კიბეო ზეცისაო წიაღმყვანებელო ქუეყანისათაო ცად მიმართ და კარავო საღვთოისა მის დიდებისაო, კაცთა ნაშობთაგან უაღმატებულესო და უზეშთაესო თვით მათ ზეცისა ძალთაო, სნეულთა მკურნალო, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო და დაცემულთა აღდგომაო... დედაო ღვთისმშობელო...
მოგვხედენ ჩვენ, სან ფრანცისკოში მცხოვრებ ქართველებს... დაგვიცევ, დაგვიფარე და გვიხსენ ჩვენ ყოველგვარი განსაცდელისაგან და ბოროტებისაგან. მოგვხედენ ჩვენ (და ჩვენს შვილებს) ყოვლადწმიდაო დედუფალო რათა არა ირგონ მტრებმა ჩვენგან არა რა, ნურც ხილულმან, ნურც უხილავმან, შეგვეწიენ ჩვენ დედაო ღვთისავ; სიკეთის ქმნაში, სიწმინდის დაცვაში, საღვთო სწავლათა შემეცნებაში, ლოცვაში, მარხვაში და ღვთისა და მოყვასის სიყვარულში. შეგვეწიე და შეგვჭურვე ჩვენ შენმიერი სიყვარულით ღვთისადმი, რათა წყალობა მოვიღოთ მისგან, რათა სიყვარულით მცნებათა მისთა დამმარხველნი, ყოვლითა სულითა, ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა ვადიდებდეთ ყოვლადპატიოსანსა და დიდადშუენიერსა სახელსა მისსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე... ამინ!



ქრისტესმიერი სიყვარულით, იღუმენი იოანე (კავსაძე)
სან ფრანცისკოს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის
სამრევლო. 2009 წლის 18 ოქტომბერი.