Tuesday, August 31, 2010

მარიამობა 2010წ.


მაცხოვრის ჯვარცმიდან მეჩვიდმეტე წელს მიიძინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა. ამ ხნის განმავლობაში იგი ცხოვრობდა წმ. იოანე მახარებლის სახლში, როგორც ეს მაცხოვარმა განაგო.
დღევანდელი დღესასწაული ჩვენში იწოდება მარიამობად და ამ დღეს ხარობს ყოველი მორწმუნე, ეს არის სიხარულის დღესასწაული, მაგრამ მას როგორც იცით ეწოდება მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ე.ი. მიცვალება ღვთისმშობლისა... რატომ უწოდა წმ. ეკლესიამ ღვთისმშობლის მიცვალებას მიძინება? ან რატომ ვხარობთ ამ დღეს?
როდესაც მორწმუნე ადამიანი ამ სამყაროს შექმნის, ჯვარცმის ან აღდგომის სასწაულებზე ფიქრობს, ის აუცილებლად აღფრთოვანდება ამ მოვლენათა სიდიადით, მას აუცილებლად აღაფრთოვანებს ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის არსებობის სიდიადე, რადგანაც იგია საკვირველებათა საკვირველება, რომელმაც თვით ზეცისა ძალნი განაკვირვა, დაუტევნელის დატევნით... მისმა სათნოებამ - სიმდაბლემ ცანი მოდრიკნა და კაცთა მოდგმას უკვდავების წყარო აღმოუცენა, მისით განკაცდა ძე ღვთისა.... მასში შეერთდა ღმერთი და კაცი უფალი ჩვენი იესუ ქრისტეს სახით... და ამიტომაც იგი იწოდა ყველა ქმნილებაზე უაღმატებულესად, „უპატიოსნესად ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესად სერაფიმთასა“... და სწორედ ამიტომაც მისი მიცვალება იწოდება მიძინებად და არა გარდაცვალებად, რადგანაც მან სიყრმიდანვე უკვდავება შეიმოსა, გარდა ამისა, ყოველი მართალი პირობითად, ღვთის წინაშე მიძინებულია, ტკბილი ძილით და როდესაც საყოველთაო აღდგომა იქნება გაიღვიძებენ... მიძინებულნი არიან, ძველი აღთქმის მართალნი; მოსე, აარონი, აბრაამი, ისააკი და იაკობი.... ახალი აღთქმის წმინდანნი, მოციქულნი, მახარებელნი...და ა. შ.... წინააღმდეგ ამისა შეუნანებელნი ცოდვილნი, ცოცხალნიც კი, მკვდრებად იწოდებიან...
... მიძინებამდე სამი დღით ადრე ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა და ამცნო რომ ზეცად უნდა აღსულიყო, იგი მადლობდა უფალს და შეევედრა, რომ სხეულიდან განსვლისას, წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული თვით უფალს მიეღო. და ასევე, ითხოვდა, რომ აღსრულებამდე ენახა მოციქულნი, რომლებიც საქადაგებლად იყვნენ ქვეყნიერებაზე განბნეულნი. და მართლაც, სასწაულებრივად ქვეყნიერების სხვადასხვა კიდითგან ღვთისმშობელმა შემოიკრიბნა მოციქულნი და აკურთხა ისინი და მიაბარა სული თავის ძეს... როგორც ცნობილია, საეკლესიო გადმოცემით, მიძინებიდან მესამე დღეს დედა ღვთისა უფალმა აღადგინა და აღამაღლა სხეულითაც ზეცად...
...ამ დღეს, ყველაზე დიდი ზეციური მეოხი, კაცთა მოდგმისა, წარსდგა უფლის წინაშე... და ავედრებს უფალს მის მსასოებელთ, წყალობისა და ნუგეშის მთხოვნელთ... იგია განსაკუთრებული მეოხი ქვრივ-ობოლთა და გაჭირვებულთა, ოჯახობათა და ბერ-მონაზონთა, ...
ათონის მთის ბერ-მონაზონთა დასის წინამძღვარი არათუ რომელიმე ეპისკოპოსია ან არქიმანდრიტი, არამედ თვით ღვთისმშობელი ითვლება ათონის მთის იღუმენიად,მის წინამძღვრად... და მისი მიძინებიდან მოყოლებული,ეს არის ერთგვარი უცვლელი ჭეშმარიტება - დედა ღვთისას წინამძღვრობა უფლის მოწაფეთა და ბერ-მონაზონთა, რომლის წინასახეც სწორედ მიძინებისას, სიონის მთაზე მის მიერ შეკრებული მოციქულთა კრებული იყო...
და ეს ყოველივე ჩვენი სიხარულის მიზეზია...
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს რომ სიყვარული და მეგობრობა დაფუძნებულია „მსგავსებასა, თანხმობასა და ერთობასა ზედა ჭკუისა,აზრისა და ხასიათისასა.“ როდესაც ჰხედავ მეგობრობასა და სიყვარულს ორ ადამიანს შორისო, იცოდე, რომ იმ ორ ადამიანს მსგავსება აქვთ გულისა და სულისო; და მსგავსად ამისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვარებსო იმას და მეგობარი შეიქმნება მხოლოდ იმათი, რომელთაც რაიმე მსგავსება, ერთობა ან ზიარება ექნებათ მასთანო;
ასე რომ შევეცადოთ მივბაძოთ ღვთისმშობელს და შევიყვაროთ უმანკოება და სიწრფელე და დავუთმოთ უფალს ...
ამინ.
ქრისტესმიერი სიყვარულით იღუმენი იოანე
ლოს ანჯელესი 28 აგვისტო

Friday, August 20, 2010

ფერისცვალება 2010წ


ალბათ, თვით სიტყვა ფერისცვალება მის შინაარსს ყველაზე მეტად გადმოსცემს. კონკრეტულად, დღესასწაული ფერისცვალებისა, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი კი, არის ჩვენს სამყაროში ღვთაებრივი ბრწყინვალების ხილული გამოცხადება ... დღეს კაცთა მოდგმამ სამი მოციქულის, პეტრეს, იოანესა და იაკობის სახით იხილა მომავალი საუკუნო სიცოცხლის დიდება... ზეციურ ბრწყინვალებაში მყოფი „ძე კაცისა“ - იესუ ქრისტე და ორი დიდი წინასწარმეტყველი მოსე და ილია საუბრობდნენ უდიდესი მისტერიის ჯვარცმის შესახებ. რატომ საუბრობდნენ ჯვარცმაზე...? ან რატომ აჩვენა მაცხოვარმა მოციქულებს თავისი ღვთაებრივი ნათელი?
... ერთი კვირით ადრე ამ მოვლენამდე, ფერისცვალებამდე, როდესაც იესუ ქრისტე ესაუბრებოდა მოციქულებს თავის ჯვარცმაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ვნებულიყო ის, მოციქულებმა ვერ დაიტიეს ეს საიდუმლო,... რადგანაც ძნელი იყო ადამიანისათვის ჯვარცმული უფლის შეცნობა, ამიტომ ახლა ეჩვენა მათ ღვთაებრივი დიდებით შემოსილი, რათა წინასწარ განემტკიცებინა ისინი რწმენაში... პეტრე მოციქულმაც სწორედ, იმიტომ რომ ვერ დაიტია ეს ღვთაებრივი საიდუმლო უთხრა მაცხოვარს: „შეიწყალე შენი თავი, უფალო, ნუ იქნება ეს შენთვის“- ო. (მათე 16,22). რადგანაც არ წარმოედგინა მას უფლის ჯვარცმა... „ხოლო იგი მიუბრუნდა და უთხრა პეტრეს: გამშორდი, სატანა, საცდური ხარ ჩემთვის, რადგან არ ფიქრობ ღვთისას, არამედ - კაცისას.“ ...
რას ნიშნავს : „არ ფიქრობ ღვთისას, არამედ - კაცისას“...?
ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთაებრივს, ყოველთვის, მხოლოდ ადამიანური გონებით, ლოგიკით ვერ ჩაწვდები, ვერ მიხვდები... შეიძლება მიუახლოვდე ოდნავ, მაგრამ ბოლომდე ვერ მიაღწევ... ვერ შეიცნობ მას... ამიტომაც მოაყოლა უფალმა ამ სიტყვებს: „თუ ვინმეს უნდა, შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.“ ე.ი. დაუტეოს თავისი ადამიანური განსჯა და გამომყვეს მე მორჩილებითო... ასე საუბრობს თავად სიყვარული...
დავაკვირდეთ აბა, ადამიანებსაც როდესაც ერთმანეთი უყვარდებათ, ლოგიკურად ხომ არ უყვარდებათ? არამედ მზად არიან ყოველგვარი განსჯის გარეშე იყვნენ ერთად და განუშორებლად...
ამიტომ მითუმეტეს, ღვთაებრივ სიყვარულს ვერ მიწვდება ის,რომელიც მხოლოდ ლოგიკური დასაბუთებით, ან ანალიტიკური დასკვნებით, შეეცდება მიწვდეს მიუწვდომელს... აქ შერწყმაა საჭირო ყოველივე ამაღლებულის... სულის, გულის,გონებისა და ნებელობის ძალის... აქ სინერგიაა საჭირო... რწმენის, სიყვარულის, ცოდნისა და ზრახვის... და რაღა თქმა უნდა ღვთის მადლისა და წყალობის...
ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ძალა ამ ყოველივეს შესამტკიცებლად....

რატომ ეჩვენა უფალი მოციქულებს მოსესთან და ილიასთან ერთად? იმიტომ, რომ მაცხოვარი მათ ილია არ გონებოდათ, ძველი აღთქმის უდიდესი წმინდანი, წინასწარმეტყველი, რომელიც ხორცით იქნა აღტაცებული ზეცად.... რათა ეჩვენებინა, რომ მოსეს სჯული მას არ დაურღვევია და რომ პირიქით, იგია ის, რომელმაც მოსეს მისცა სჯული... ის არის რომელზეც წინასწარმეტყველება და სჯული ქადაგებდა აქამდე...

ფერისცვალებისას ასევე განცხადდა წინასწარმეტყველება ღვთის წმინდათა და მართალთა მომავალი დიდებისა, თუ როგორ იქნებიან ცოცხალნი და გარდაცვლილნი წმინდანნი და მართალნი უფლის მეორედ მოსვლისას გაბრწყინვებულნი... გარდაცვლილნი მოსეს მსგავსად და ცოცხალნი ილიას მსგავსად...

გარდა ამისა ამ ღვთაებრივ მოვლენაში ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ჭვრეტს მარადის, მიწიერი ეკლესია პეტრეს, იოანესა და იაკობის სახით, ზეციურ ეკლესიას - წარმოჩენილს მაცხოვრისა და მისი ორი დიდი წინასწარმეტყველის სახით. „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი“ ხმობს პეტრე მოციქული უფლისადმი... და მასთან ერთად ჩვენც, ვინც ეკლესიაშია თავისი ცნობიერებით, ვამოწმებთ ამას: ... „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი“ უფალო... კეთილ არს შენს სახლში, ანუ შენს ეკლესიაში ყოფაი...
მორწმუნე ადამიანიც როდესაც ღვთის მადლის მოზღვავებას იგრძნობს,სულიერ სიხარულს,
აღარ სურს რომ დატოვოს ღვთის მადლმა და სულ ასეთი სულიერი მდგომარეობა უნდა რომ ჰქონდეს... რადგანაც იგი ამ წამიერ გაელვებაში ქვეცნობიერად ჭვრეტს თავის დაკარგულ უკვდავებას,თავის დაკარგულ სამოთხეს, რომლიდანაც ცოდვით დაცემის შემდეგ ოდესღაც გამოვარდა... და იმ ჩვენ სულიერ სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი...
ფერისცვალების შინაარსი ამოუწურავია... ფერისცვალებაა ადამიანის ცხოვრებაც და თავად ადამიანიც ცვალებადია, ზოგიერთნი იცვლებიან და მიდიან თაბორისული სინათლისკენ, ზოგიერთნი კი პირიქით სიბნელისკენ... ფერისცვალებაა ისიც, როდესაც ახალგაზრდობას სებერე შეცვლის... ეს შეუგუებელი სინამდვილე ადამიანისა... ეს ყველაფერი უნდა გვაფიქრებინებდეს იმას, რომ ადამიანი ოდესღაც უკვდავი იყო - მარადიულად ახალგაზრდა... და ცოდვით დაცემის შემდეგ გამოჩნდა მისი დღეების მთვლელიც - დრო... მაგრამ მადლობა ღმერთს, ქრისტიანებს დრო არ გვაშინებს, რადგანაც ქრისტეში და ქრისტეთი ჩვენ მარადიულ სიცოცხლეს მოველით, სადაც სიხარულია და ცხოვრებაა დაუსრულებელი...
ვილოცოთ რომ ჩვენშიც მომხდარიყოს სულიერი ფერისცვალება და ღვთაებრივი ნათლისაკენ ეცვალოს ფერი ჩვენს ცხოვრებას! და გვხსომებოდეს მუდამ ჩვენი ზეციერი მამის ხმა:„ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ“..." ამინ! მარადის გვესმინოს უფალო შენი...

ქრისტესმიერი სიყვარულით იღუმენი იოანე კავსაძე