Tuesday, June 8, 2010

კითხვა-პასუხები

მამაო, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ხატის საფულით ტარება? და თუ არა რატომ? პატივისცემით ქრისტინა
*********************
ქრისტინა, უკაცრავად დაგვიანებული პასუხისათვის. შეგიძლია ხატი ატარო ნებისმიერი საშუალებით, რაც არ შეურაცხყოფს ხატის სიწმინდეს. კარგი იქნება თუ ხატს გულის ჯიბით ატარებ, კიდევ უფრო კარგი იქნება თუ ხატთან ერთად ლოცვასაც ატარებ გულით... და გულშიც. ღმერთმა დაგლოცოს!!!

*********************
გამარჯობათ, მამა იოანე ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, შეგვიძლია თუ არა მართლმადიდებელ ქრისტიანებს ბავშვები რომ გავიყვანოთ ჰალოუინზე Trick and Treat-ისთვის ?
პატივისცემით თეონა
**********************
ღმერთმა დაგლოცოთ თეონა!
როგორც იცით, ეს „დღესასწაული“ ქრისტიანული წარმოშობის არ არის, ის წარმართულია და განასახიერებს უკეთურ სულთა „ზეიმს“, ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნავენ ამ „დღესასწაულს“ ბაძავენ ეშმაკებს გარეგნულადაც და შინაგანადაც...
ჩვენ კი ქრისტიანები მოწოდებულნი ვართ, ზეცას მივბაძოთ, იმიტომ
ვიმოსებით მართლმადიდებელი სასულიერო პირები გამშვენებულად და დიდებულად, რომ უხილავ, ზეციურ ეკლესიას ვბაძავთ და გარკვეულწილად ვლუცულობთ ჩვენი ფორმით. ღმერთს ვანახვებთ ხილულად ჩვენს შინაგან ლტოლვას მისკენ...
აგრეთვე, ასე შემოსილნი, სასულიერო პირები, მორწმუნე ადამიანებს აღამაღლებენ გონების თვალით ზეცისკენ, საითკენაც ყოველი ქრისტიანის სულიერი მზერა უნდა იყოს მიპყრობილი...
ჰალოუინს რაც შეეხება, თვითონ მიხვდებით რაც არის... ფორმა გამოხატავს შინაარს... ეს გარეგნულად ვითომ გართობაა, ხოლო ადამიანის სულიერ სამყაროში კი, (მითუმეტეს ბავშვის), შესაძლოა სულ სხვა პროცესები მიდიოდეს ამ დროს...
მე გირჩევთ, რომ მოარიდოთ ბავშვები ამ „დღესასწაულს“ ფრთხილად, ისე რომ ბავშვებს აკრძალულისადმი მეტი ინტერესი არ გაუჩნდეთ და ამ ტრადიციის მიმდევარი ადამიანების გაღიზიანება არ გამოიწვიოს, რომელნიც მრავლად არიან ამ ქვეყანაში...
ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ ყოველგვარი უკეთურობისაგან!
*************************

კვირა, 29 მარტი, 2009წ

გლოცავთ და მოგიკითხავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ი ლ ი ა II –სა და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის სამრევლოების მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით. ,,მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა! ” ამინ!

,,დიდება ღმერთს ყველაფრისათვის” ეს სიტყვები აღმოხდა წმ. იოანე ოქროპირს თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ წუთებში... და დღეს, ჩვენც, მორწმუნე ქრისტიანები ვიმეორებთ ამ სიტყვებს მადლიერებით: დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!!! რადგან მართალი უყვარს და ცოდვილსა სწყალობს, რადგან ძლიერთა სიმტკიცეა და უძლურთა ძალაა, ქვრივ-ობოლთა შემწეა და მიტოვებულთა პატრონი, რადგანMმისი წყალობა გარდაემატა მის სამართალს -- ,,რამეთუ დიდ არს ზესთა ცათა შინა წყალობაი მისი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაი მისი”, რადგან უთვალავი და აღურაცხელია სახიერება და წყალობა მისი. დიდება! და მადლობა ღმერთს! დიდთა ქველისმოქმედებათა თვისთათვის და ყველაფრისათვის, რომელიც მოიღო ჩვენ ცოდვილთა ზედა!!!

კალიფორნიაში ქართული ეკლესიის გახსნაც, არის კიდევ ერთი დიდი კურთხევა და წყალობა ღვთისაგან,... იმედია ჩვენ სულ მალე გვექნება ჩვენი ეკლესია აქ და მოგვეცემა საშუალება უკვე ჩვენს ეკლესიაში, ჩვენივე ქართულ ენაზე ვილოცოთ და ვწიროთ ჩვენი სულების გადასარჩენათ, საქართველოს კეთილდღეობისა და ერთიანობისათვის. …...წმინდაა ყველა ის ენა, რომელ ენაშიც ღვთის სიტყვა გაისმა. ქართული ენაც, მოკრძალებულად რომ ვთქვათ მათ რიგშია. ყოველ ენაში დაფარულია ერის ერთობა, ყოველი ენა თავისი ერის სულიერი ძალის მატარებელია... და ამ ერთობით და ძალით აღწევს მორწმუნე ერის ლოცვა-ვედრება ღვთის ტახტამდე. წმ. იოანე-ზოსიმე, საუკუნეების წინ ხედავდა და გრძნობდა ქართული ენის იდუმალ ძალას, სიკეთეს და სიცოცხლისუნარიანობას... რომლის გადარჩენის საიდუმლოც, დღეს დაფარულია და ამოუხსნელია ჩვენთვის, მაგრამ შინაგანად თითქოს ვგრძნობთ ამას ,, ... და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა”... ენაში აქ ერი იგულისხმება... და მდაბალში და დაწუნებულში, ჩვენი ერის დამაშვრალობა და ტვირთმძიმობა... (გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები)... დიახ, მაშვრალნი ვართ ჩვენ განსაცდელებითაც და ღვაწლითაც, ტვირთმძიმენი კი ჩვენ... ჩვენი ცოდვებით ვართ...

ალბათ, შემთხვევითი არაა რომ დღევანდელი სახარების საკითხავიდან, უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ კიდევ ერთხელ ცხრა ნეტარება შეგვახსენა და გვანუგეშა...
ჭეშმარიტად ცხრა ნეტარებას არის დამოწაფებული ჩვენი ერი, სულით გლახაკი და მგლოვიარე, მაძიებელი სიმართლისა და მშვიდობისა, ღვთის მოსავი და მოწყალე, დევნული და ყვედრებული... და ამავე დროს სიხარულისა და სიყვარულის მატარებელიც...
ვინ მოთვლის, რამდენი ჭირ-ვარამი აქვს გამოვლილი ჩვენს ერს...!? მაგრამ ღვთის იმედი არასდროს არ დაუკარგავს მას, ის ხსნას ყოველთვის ეკლესიაში და ღმერთთან პოულობდა...და ეს დღესაც ასეა...
ჩვენ არ შეგვიძლია უღმერთოდ არსებობა... და ამას ადასტურებს ჩვენი შეკრება და ერთობა აქ ამ უცხოობაში.

ეკლესია იყო, არის და იქნება ერის გამაერთიანებელი, შემამტკიცებელი და მაცოცხლებელი ძალა. ეკლესიის წიაღში ყველა ქართველი ქედმოდრეკილი დგას ღვთის წინაშე, აქ არ არსებობს კამათი, შფოთი და უთანხმოება, ეს ის შემთხვევაა, როდესაც არა კამათში იბადება ჭეშმარიტება, არამედ დამდაბლებულ გულებში, მდუმარებაში და ერთურთის სიყვარულში იბადება ჭეშმარიტება... რა არის ეკლესიურობა? ეკლესიურობა არის როგორც გარეგანი ასევე შინაგანი ცხოვრების წესი... და მოითხოვს ჩვენგან გარკვეულ ღვაწლს. დღევანდელი სახარების შემდეგი საკითხავით ამას შეგვახსენებს უფალი, რომ ჩვენში დაბუდებული უგრძნობლობის, სიზარმაცის და ღვთის მცნებათა მიმართ დაუდევრად მოპყრობის სულს განდევნის ლოცვა და მარხვა – სიტყვა და საქმე. თუ ვინმეს ლოცვისა და მარხვისთვის საკმარისი რწმენა არა აქვს, აქვე გვასწავლის სახარებით უფალი, რწმენაში განმტკიცების საშუალებასაც: აღმოთქმას ,, ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა”... … …

შეგვეწიოს უფალი უცხოებასა შინა მყოფთ... ამინ!
შეგვეწიოს უფალი მწირობასა შინა მყოფთ... ამინ!
და დაგვიცვას და დაგვიფაროს ბოროტისაგან ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა... ამინ!!!

„მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთაქ თანა“. ამინ!

ამინ!!!

ჩვენთან არს ღმერთი!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით, მღვდელ-მონაზონი იოანე.
ლოს-ანჟელესი, ფულერტონი, დიდმარხვის მე-4 კვირა, 29 მარტი, 2009წ.

4 აპრილი, ღვთისმსობლის დაუჯდომლის შაბათი

გლოცავთ და მოგიკითხავთ სიყვარულით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ი ლ ი ა მეორისა და ბათუმისა და ლაზეთის , ამერიკისა და კანადის სამრევლოების მიტროპოლიტ დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით. ,,წყალობაი თქუენთანა და მშვიდობაი და სიყვარული განმრავლდინ!“

ჭეშმარიტად, ,,გიხაროდენ სძალო უსძლოო“... დღეს, ერი შენი შეკრებილია სიყვარულით, უცხოობაში და შენ გადიდებს. ვადიდებთ და ვმადლობთ უფალს, რადგან დღეს დედაეკლესია სულით ეხუტება უცხოობაში მყოფ საკუთარ შვილებს, ანუგეშებს და ეუბნება: ,,ნუ გეშინინ“...,, მე თქუენ თანა ვარ...“

თქვენ იცით, რომ ახლოვდება ქართული მრევლის მწირობის დასასრული აქ, ამ მხარეში, ალბათ სულ მალე ღვთის წყალობით, ჩვენ კალიფორნიაში, ჩვენი ქართული ეკლესია გვექნება. ვმადლობთ უფალს და იმ ეკლესიებს, რომლებმაც ამ დრომდე , შეგვიკედლეს, გვანუგეშეს და სიყვარული გვაჩუქეს, ამ მიწაზე. რაღაცნაირად სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ სერბულ ეკლესიაში ვწირავთ, რადგანაც ორივე ერს ერთნაირი სატკივარი გვაქვს, ჩვენ სამაჩაბლო და აფხაზეთი, ხოლო მათ კოსოვო. ალბათ ღვთისმშობელმა, აქ, ამ მომენტში სათნო-იყო ჩვენი ერების ერთობა და თანხმობა ლოცვაში ღვთის სადიდებლად და ჩვენი ღვთივსათნო სურვილების აღსასრულებლად. ,,წაგართვეს მიწები?“ თითქოს გვეუბნება ღვთისმშობელი, ,, ნუ სწუხართ და ნუ შეძრწუნდებით, არამედ უმეტესად გიხაროდეთ, რადგან თქვენ ზეცა მოიგეთ“... რადგან სულით გლახაკნი და დამდაბლებულნი - ღვთის მოიმედენი ხდებიან ხოლმე ზეცის ღირსნი, და არა ქედმაღალნი და ამპარტავანნი... ჭეშმარიტად, ზეცას მიელტვოდნენ ჩვენი ღირსი მამები და ჩვენი ღირსეული წინაპრები, რომელნიც ჯერ სულიერზე ზრუნავდნენ და შემდეგ ხორციელზე და რომელთა ღვაწლით და ღვთის წყალობით დღემდე მოსულა ჩვენი ერები. გადიდებთ და გმადლობთ შენ ქრისტე ღმერთო ყველაფრისათვის!!!

ახლოვდება ხარების დღესასწაული და აღდგომის სიხარულის ნიავმაც მოჰბერა მორწმუნეებს დღეს. დიახ, ყოველი დღე რაღაცას მოგვითხრობს და გვასწავლის ,,დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა“. დღევანდელი დღეც, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს და გალობს ღვთისმშობლის დაუჯდომელ გალობას, მოგვითხრობს უდიდეს სიხარულზე, რომელიც კაცობრიობას 2000 წლის წინ მიემადლა, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა ყოვლადწმიდა ქალწულს მაცხოვრის უბიწოდ ჩასახვა. დღევანდელი დღის ტროპარში შესანიშნავად არის გადმოცემული ის განცდა, რამაც მაშინ თვით ანგელოსთა დასიც კი განაკვირვა. ,,ბრძანებული საიდუმლო მიიღო გონიერად, და მეყსეულად კარვად იოსებისა მოიწია უხორცო და ეტყოდა უქორწინებელსა: რომელმან სიმდაბლით ცანი მოსდრიკნა, ყოვლითურთ უცვალებელად შენ შორის დატევნილ იქმნების, რომელსა ვხედავ მუცელსა შენსა მონისა ხატითა, განვსცვიფრდები და გიღაღადებ: გიხაროდენ სძალო უსძლოო“ . ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეწეოდეს კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველებს და ყველას, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებს. კიდევ ერთხელ ვადიდოთ დედაღვთისმშობელი და ვუგალობოთ!!!

გიხაროდენ, ბჭეო ცხოვრებისაო,
გიხაროდენ, დასაბამო ქრისტეს საკვირველებათაო,
გიხაროდენ, წიაღო ღუთისგანხორციელებისაო, და
გიხაროდენ, სულისა ჩვენისა სასოებაო....

გილოცავთ დღევანდელ დღეს და აგრეთვე წინასწარ მინდა მოგილოცოთ ხარების დღესასწაული. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და უხვად მოგმადლოთ ზეციური და ქვეყნიური სიკეთეები, სადიდებელად წმიდისა, ერთარსისა, ცხოველსმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა და საცხოვნებელად სულთა ჩვენთათვის.

ამინ!!!

„მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთაქ თანა“. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით, მღვდელ-მონაზონი იოანე.
სან-ფრანცისკო, ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი, 4 აპრილი 2009წ.

8 აპრილი 2009 წელი, დიდმარხვის მე-6 კვირა

ყოველი გათენებული დღე არის სასწაული და წყალობა ღვთისა ადამიანისათვის მომადლებული, ყოველი დღე, ჩვენ, შეგვაგრძნობინებს სიცოცხლის სულს და სუნთქვას, მოგვითხრობს ღვთის საქმეებისა და ქმნილებათა შესახებ, არ არსებობს დღე სიახლის გარეშე.

სულ ახლახანს, მიილია დიდმარხვის მე-5 კვირა და მინდა შეგახსენოთ , ზოგადად, დიდმარხვის გასულ კვირებში, ეკლესიაში მოწოდებული ზოგიერთი საღვთო შეგონება, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ ამჟამინდელი ჩვენი სულიერი მდგომარეობა და სულიერი მოძრაობა. მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან მოყოლებული ეკლესია მორწმუნეებს ამზადებს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად. მეზვერისა და ფარისევლის კვირამ ჩვენ გვასწავლა ის, რომ სიმდაბლით უნდა მივეახლოთ უფალს, რომ ,,მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული “ . სიმდაბლე ჩვენში ჩვენი ცოდვების ხედვითა და განცდით წარმოიშვება, რომელიც შემდეგში სინანულისკენ და კეთილი ღვაწლისკენ აღვგვძრავს.

„უძღები შვილის“ კვირამ გვასწავლა რომ მონანულ შვილს უფალი ისევ გულში ჩაიკრავს, ანუგეშებს და მადლს მისცემს. მაგრამ ამ ყოველივეს დასატევნელად და შესანარჩუნებლად საჭიროა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შვილობის მადლს ვიღებთ არა ჩვენი დამსახურებით და ღირსებით, არამედ ღვთისა და მამის დიდი წყალობით და სიყვარულით, და ამიტომაც, რომ არ დავკარგოთ ის, რაც შევიძინეთ ჩვენ ღვთის შვილობით და რომ უფრო ფრთხილები ვიყოთ, ეკლესია ხორციელის კვირას საშინელ სამსჯავროს შეგვახსენებს და კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, რომ არსებობს სასჯელი ბოროტთათვის და უმადურთათვის და არსებობს ჯილდო კეთილთათვის და მდაბალთათვის.

ასეთი სულიერი განწყობით ვხვდებით ჩვენ ყველიერის-შენდობის კვირას. შენდობას ვთხოვთ ღმერთს და ერთმანეთს, რათა შედარებით უფრო სუფთა სინდისით დავიწყოთ მარხვა.
შემდეგ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმით ჩვენ ავღნიშნავთ, ჩვენი ეკლესიის უცდომელობას და თაყვანსვცემთ ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებას, რათა რწმენაში გავძლიერდეთ და გულმხურვალედ ვადიდოთ ღმერთი.

დიდმარხვის მე-2 კვირას კი, როდესაც ეკლესია იხსენიებს, წმ. გრიგოლ პალამას, ლოცვის შინაარსის წვდომისაკენ მოგვიწოდებს, რომელიც საკუთარ გულებში უნდა ვეძიოთ. გულით ლოცვა არის უმთავრესი საქმე მართლმადიდებელი ქრისტიანისა. ლოცვა და გალობა ღვთისადმი არის ნეტარება გულისა და სულისა და ვინც შეიგრძნობს ღვთის შეხებას თავის გულში, მას აღარ მოუნდება შეწყვეტა ლოცვისა და ღვთის დიდებისმეტყველებისა... არამედ, მას მუდმივად ენდომება ღვთის დიდება და სიყვარული, ლოცვითა და გალობით. ასეთ სულიერ საფეხურს მცირედნი აღწევენ, თუმცა კი ყველა მორწმუნე უნდა ვცდილობდეთ ამ საფეხურზე ასვლას, რადგან მარადიული და უსასრულო სიყვარულია „ის“ ვისკენაც ჩვენ მივილტვით. სწორედ ჯვრისთაყვანისცემის ერთ-ერთი მიზეზიც ამ ფორმულაშია; ლტოლვა ზეცისკენ ღვთის მიმართ და ლტოლვა მოყვასისკენ- ადამიანების მიმართ. დიდმარხვის მე-3 კვირაც ამ უდიდეს მცნებასა და ჯვარსახოვან ჭეშმარიტებას გვასწავლის, „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ და „შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. მე-4 კვირას ჩვენ წმ. იოანე კიბისაღმწერელის ხსენებას ვდღესასწაულობთ, რომელმაც მონაზვნებისათვის და ამქვეყნად ანგელოზებრივი ცხოვრების ამრჩევლებისათვის, მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის უდიდესი სახელმძღვანელო, ზეცადაღმავალი „კიბე“ დაგვიტოვა, რომლის სწავლებებითაც იკვებება დღეს მართლმადიდებელ ბერ-მონაზონთა სამყარო.

წინა კვირას კი, წმ. მარიამ მეგვიპტელის ხსენებამ შეგვახსენა ღვთის დიდი წყალობა და კაცთმოყვარება ადამიანთა მიმართ. წმ. მარიამის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი დიდი დაცემიდან, როგორ დიდ სიწმინდეს აღწევს ადამიანი ღვთის წყალობით, რომელიც „აღადგენს ქუეყანისაგან გლახაკს და სკორეთაგან აღამაღლებს დავრდომილს.... “

ახლოვდება ბზობის კვირა, მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში და ჩვენს გულებს სიხარულთან ერთად მწუხარებაც ავსებს... რადგან ჩვენ უკვე ვიცით სახარებიდან, რომ ის ხალხი, რომელიც უგალობდა“ოსანა“ს მაცხოვარს იერუსალიმში შესვლისას, იყვირებს მალე მის საწინააღმდეგოდ „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე“.... ვიხსენებთ და ვძრწუნდებით იმ მოვლენების გახსენებისას, როდესაც გაიცა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ოცდაათ ვერცხლად იუდასაგან , ევნო და დაეფლა. ვნების შვიდეული არის ყველაზე მძიმე შვიდეული წელიწადისა. ამ კვირაში მორწმუნე ქრისტიანი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, გახდეს თანაგანმცდელი იმ მოვლენებისა, რომელიც 2009 წლის წინ მოხდა. ეს კი შესაძლებელია; ხშირი ლოცვით, მარხვით, ეკლესიაში მსახურებებზე დასწრებით და იმ საკითხავების მოსმენით, რომლებიც ეკლესიაში იკითხება ამ კვირას. (თუ შესაძლებლობა არ არის ეკლესიაში წასვლისა სახლშიდაც შეიძლება წაკითხვა სახარების იმ თავებისა, სადაც აღწერილია ეს მოვლენები). ვნების შვიდეულში ადამიანი სულიერად თავდახრილი უნდა იდგეს ჯვარცმული ქრისტეს ქვეშ და ცრემლებითა და სიყვარულით აღმოთქვამდეს ამ სიტყვებს; „ ტკბილო იესუ, შემიწყალე მე...“ და მაპატიე მე...
უნდა ითქვას, რომ ეკლესია, ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ვნებებს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობით არ აღნიშნავს, ეს არ არის მხოლოდდამხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ეს დროში განფენილი სინამდვილეა, რომელიც დღესაც აღესრულება სხვადასხვა სახით ჩვენში... დღესაც გასცემს იუდა ქრისტეს ოცდაათ ვერცხლად, დღესაც წუწუნებს და შენიშვნებს იძლევა იუდა მარიამის შესაწირავზე, როდესაც ნელსაცხებელი სცხო მარიამმა იესუს და თმებით შეუმშრალა ფეხები, „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა“ო,... ჩვენ დროშიც ასე „კეთილზნეობრივად“ არ ცდილობენ ხოლმე იუდასნაირები თავიანთი სახის წარმოჩენას? „განა დღესაც არ ამხედრდებიან ხოლმე ღვთისადმი ამგვარი შესაწირავის წინააღმდეგ?! ჩვენივე ეკლესიისგან განზე გამდგარი შვილები, როცა ეკლესიების მშენებლობისა და კეთილმოწყობისათვის შემოწირულობას ხედავენ, განა არ ამბობენ? „რა საჭიროა ამდენი ხარჯი, ღმერთს სიმდიდრე არ სჭირდება. ეს ფული შეიძლება სკოლებს ან საქველმოქმედო შენობების აშენებას მოხმარდესო“. მაგრამ ჩვენ ვიცით სახარებიდან, რომ უფლისათვის სათნოა ამგვარი მსხვერპლი, რადგან შემომწირველის სიყვარულისა და ერთგულების გამომხატველია... დიახ, ეს ყველფერი თითქოს ყველა ეპოქაში მეორდება, ოღონდ ახლებურად და სხვადასხვანაირად. ჩვენ დროშიც იბანს პილატე ხელებს, კაიაფა კი სამოსელს იხევს, დღესაც აცვამენ ქრისტეს ჯვარზე... და დღესაც ამბობს იესუ ჯვარზე, „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“... ჯვარცმული ქრისტეს მაგალითით, ჩვენც უნდა შეგვეძლოს, რომ არ დავკარგოთ სიყვარულისა და მიტევების უნარი,მიუხედავად ჩვენი ტკივილებისა, განცდებისა და წყენისა. რათა „ვიყვნეთ ჩვენ სრულ, ვითარცა მამაი ჩვენი ზეცათაი სრულ არს“ ... კიდევ ერთხელ შევთხოვოთ უფალს შენდობა ცოდვათა და მოტევება უსჯულოებათა ჩვენთა, და შევეცადოთ ამ კვირაში, ვნების შვიდეულში, ახლოს ვიყოთ ქრისტესთან თანაგრძნობით და თანაგანცდით, რათა თანა აღვსდგეთ მასთან ერთად დიდებით და შევწიროთ მას ყოველი პატივი, დიდება, ქება, მადლობა, სიყვარული, სიხარული და თაყვანისცემა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

„მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთაქ თანა“.

ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე.
8 აპრილი 2009 წელი, დიდმარხვის მე-6 კვირა ორენჯ ქაუნთი,
ჰანტინგტონ ბიჩი

19 აპრილი 2009 წელი, ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

განუზომელია მორწმუნე ადამიანისათვის აღდგომის სიხარული, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და ჯოჯოხეთი დაემხო, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და აღარ უფლობს სიკვდილი ადამიანზე, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიცოცხლე დაგვიბრუნდა... „სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი... სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი ...?

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი არის დღესასწაულთა დღესასწაული, ეს არის სიცოცხლის, სიხარულის და სიყვარულის დღესასწაული ერთად... სიკვდილი მოიკლა და ჩვენ განვცხოველდით - გავცოცხლდით... შეიძლება ვინმემ იკითხოს, როგორ მოიკლა სიკვდილი, ადამიანები ქრისტეს აღდგომის შემდეგაც ხომ კვდებიანო...? დიახ, ზოგი მართლაც კვდება, ზოგი კი გარდაიცვლება... ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ არსებობს ორგვარი სიკვდილი; არსებობს სხეულის სიკვდილი და არსებობს სულიერი, სამარადისო სიკვდილი, რომელსაც ღმერთთან განშორება ჰქვია. ეს სიკვდილი უფლობდა ადამიანს ქრისტეს აღდგომამდე. მართალზეც და მტყუანზეც ჯოჯოხეთი მთავრობდა.

და აი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე - ღმერთი, განკაცდა რათა დაემარცხებინა უსამართლობა და უკეთურობა, რათა მოეშთო ადამიანის პირველქმნილი ცოდვა და ბოროტება. რადგან დაცემული ადამიანი მხოლოდ თავისი ძალებით ვერაფერს გახდებოდა ბოროტთან. და აი იგი განკაცდა, განწმინდა ადამიანური ბუნება და ღმერთამდე აღამაღლა, თუმცა კი , უფრო სწორად რომ ვთქვათ, მან ადამიანური ბუნება განაღმრთო. ღმერთი განკაცდა და კაცი განიღმრთო - გაღმერთდა... და ამიტომაც ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ყოველი ადამიანი მოწოდებულია მადლისმიერი განრმრთობისაკენ, სიწმინდისაკენ და სიკეთისაკენ, ამას თუ ღრმად გავაცნობიერებთ მივხვდებით თუ როგორი გზით უნდა განვლოთ ეს ცხოვრება და წუთისოფელი...

ეს ცხოვრება სიზმარივით წავა და განქარდება, ხოლო ჩვენი სულები კი აღმოჩნდებიან სულ სხვა, ზეციური, სინამდვილის წინაშე... სადაც ყოველივეს ფარდა აეხდება და განცხადდება ... ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ ამ დღესთან შესახვედრად... ! და აღდგომის სიხარულში შესასვლელად!!! ...და ვინ შევა აღდგომის სიხარულში, თუ არა ის , ვისაც შეიწყალებს უფალი, თუ არა ის, რომელიც არის „უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა,“ ვინც თავმდაბალია, მოწყალეა და სიყვარული აქვს... „რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი ...“ „ამან მოიღოს კურთხევა უფლისაგან და წყალობა ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა....“ ... „ესე არს ნათესავი,“ რომელიც შევა აღდგომის სიხარულში....

მაშ მოვედით, ძმანო და დანო , ვადიდოთ უფალი ღმერთი ჩვენი, ჩვენივე გულისთვის განკაცებული, ჯვარზე ვნებული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე!!! ყველას ვულოცავ სიყვარულით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველებს, ჩვენი ეკლესიის შვილებს... და მთელ საქართველოს!!!

გილოცავთ და მოგიკითხავთ სიყვარულით, ამერიკისა და კანადის ქართულ სამრევლოებს ჩვენი მეუფე დიმიტრის სახელით... ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ თქვენ და ყველა, უცხოობაში მყოფნი ჩვენი თანამემამულენი!

შევთხოვოთ, ჩვენს უფალსა და ღმერთს - მკვდრეთით აღმდგარ იესუ ქრისტეს, რათა დაიცვას და დაიფაროს ჩვენი სამშობლო - საქართველო მადლითა და წყალობით, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვითა და მეოხებით!!! ღმერთმა დღეგრძელი, ჯანმრთელი და გახარებული ამყოფოს ჩვენი უწმინდესი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!!!

ამინ!


ქრისტე აღდგა!!!
ჭეშმარიტად!!!

Christ is Risen!!!
Indeed he is Risen!!!

Христос воскресе!!!
Воистино воскресе!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე.
19 აპრილი 2009 წელი, ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

25 აპრილი 2009 წ. ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი

გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!!! „ესე არს დღე რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“. . . „ესე არს დღე“ გამოხსნისა წყევისაგან , ჯოჯოხეთისაგან და სიკვდილისაგან და „ესე არს დღე“ დიდი წყალობისა, სიცოცხლისა და სიყვარულისა, რომელიც ჩვენ დაგვიბრუნდა, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს მიერ...

მაქვს პატივი და სიხარული მოგილოცოთ ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ი ლ ი ა მეორის სახელით, და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მიტროპოლიტ დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით!!! ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მადლი და სიხარული იყოს თქვენზე და თქვენს ოჯახებზე!!!

გილოცავთ, ასევე, ლოს ანჟელესში მცხოვრები ქართველი მრევლის სახელით. ჩვენ ვმადლობთ ღმერთს, რომ ღირსგვყო უფალმა კალიფორნიაში პირველად, ქართულ ენაზე ჩაგვეტარებინა, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება. სააღდგომო ლიტანიობით სვლა ტაძრის ირგვლივ ვერ მოვახერხეთ, რადგანაც ტაძრის მდებარეობამ არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ უფალმა უკეთესად მოაწყო ჩვენი სააღდგომო ლიტანიობა. . . ჩვენი მომავალი ტაძრისთვის განკუთვნილი, წმ. ნიკოლოზის სახელზე ნაკურთხი ოდიკი (ოდიკი არის ის, რაზეც ძღვენი იკურთხება და რის გარაშეც ეკლესია არ არსებობს) გავახვიეთ ქართულ დროშაში, დავდეთ პატარა მაგიდაზე და ზედ, ჩვენი უწმინდესის მიერ ნაჩუქარი, პატარა ხის ტაძარი დავდგით სამ ანთებულ სანთელთან ერთად, და სიმბოლურად ჩვენს საკუთარ ტაძარს შემოვუარეთ წრე სააღდგომო ლიტანიობით... იმედი გვაქვს, რომ შემდეგი სააღდგომო ლიტანიობისათვის ჩვენ გვექნება ჩვენი ნამდვილი ტაძარი - შენობა და მომავალ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას უფრო დიდი სიხარულით ვიდღესასწაულებთ!!!

მოგეხსენებათ, აღურაცხელია და განუზომელია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სიდიადე და მნიშვნელობა, და რადგანაც ერთი დღე ვეღარ იტევდა აღდგომის დღესასწაულის სიხარულსა და მადლს, წმ. ეკლესიამ დააწესა აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად არა ერთი დღე, არამედ რამდენიმე დღე, რომელსაც ბრწყინვალე შვიდეული უწოდა და რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ახლა. გარდა ამისა, წელიწადის ყოველ კვირა დღეს ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს, რადგან ყოველი კვირა დღე, სახეა და სიმბოლოა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა... და ჩვენც მორწუნენი, ვცხოვრობთ რა ეკლესიურად, ყოველი დღე კვირა დღის მოლოდინში ვართ ხოლმე სულმოუთქმელად, რათა თანაზიარნი და თანაგანმცდელნი ვიყოთ იმ დიდი სიხარულისა და სიყვარულისა, რომელი სიხარული და სიყვარულიც ქრისტემ თავისი ბრწყინვალე აღდგომით კაცობრიობას 20 საუკუნის წინ მოანიჭა....

წმ. მამები ამბობენ, რომ ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი არის გვირგვინი ყველა დღესასწაულისა, ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული. თავისი სიდიადით ის შეიძლება გაუსწორდეს შესაქმის დღესასწაულს - ამ სამყაროს შექმნის დღეთა საასწაულს, თუმცა კი, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, თავის ერთერთ სიტყვაში მათ მიმართ, „ვისაც აღდგომისა არა სწამს“, შექმნა გაცილებით უფრო საკვირველი და მიუწვდომელია ვიდრე აღდგომა, რადგან „არ არის ერთი და იგივე - აანთო ჩამქრალი სანთელი და გააჩაღო არასდროს არსებული ცეცხლი“.

მართლაც, ამ სამყაროში ძე ღვთისას განკაცებამდე, ჩამქრალი იყო სანთელი კაცობრიობისათვის და სიბნელეში, ჯოჯოხეთი ნთქავდა კეთილსაც და ბოროტსაც. ჩვენი მაცხოვრის იესუ ქრისტეს მოსვლით და ბრწყინვალე აღდგომით კი ნათელი აღმოუბრწყინდა მთელ სამყაროს „ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ“(მათე4,16)... ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით, დაცარიელდა ჯოჯოხეთი, სიკვდილი მოიკლა და გამოხსნილია ადამი ტყვეობისაგან... ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით, კაცობრიობას სიცოცხლე დაუბრუნდა ღმერთში... და მისი მეშვეობით, ჩვენ „მოველით აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა“... ამინ!!!

... და დღეს, თუ კი, ვინმეს უჭირს, ქრისტეს აღდგომის სასწაულის დაჯერება, მაშინ იქნებ, დაფიქრდეს კიდევ ერთხელაც იმაზე თუ, როგორ წარმოიქმნა ცა, ვარსკვლავები, მზე, მთვარე, მიწა და წყალი ... დაფიქრდეს იმაზე თუ, როგორი წესრიგითაა მოწყობილი ეს სამყარო... და აღარ გაუჭირდება ქრისტეს აღდგომის სასწაულის დაჯერებაც და მასთან ერთად ჩვენი სამომავლო აღდგომის დაჯერებაც... როგორც ხორბლის მარცვალი ითესება მიწაში ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით... ასევე იქნება სამომავლოდ ადამიანთა აღდგომაც... ეხლა „ითესება სხეული მშვინვიერი“ ხოლო მომავალში კი „აღდგება სხეული სულიერი“ ... და როგორც წმ. ეფრემ ასური ამბობს, მაშინ ყველანი მიიღებენ სხეულს თავიანთი საქმეების შესაბამისად. მართალთა სხეული მზის ნათელზე შვიდგზის უფრო მეტად იბრწყინებს, ხოლო ცოდვილთა სხეული კი ბნელი და სიმყრალით სავსე იქნება. ყოველი ადამიანის სხეული თავის საქმეებს გამოაჩინებს, კეთილი კეთილს, ხოლო ბოროტი ბოროტს, რადგან ყოველი ჩვენთაგანი თავის საქმეებს თავისი სხეულით ატარებს. შევთხოვოთ უფალს, რომ ოდეს მოვა თავისი დიდებით, მოგვიხსენოს, მოწყალე გვექმნას და ღირსგვყოს ჩვენ წმინდათა თანა მკვიდრობა...

მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი იყავნ თქუენ ყოველთა თანა!!!

ამინ!!!
ქრისტე აღდგა!!!
ჭეშმარიტად!!!

ქრისტე აღდგა!!!
ჭეშმარიტად!!!

ქრისტე აღდგა!!!
ჭეშმარიტად!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე.
25 აპრილი ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი,
სან ფრანცისკო, კოლმა, წმ. იოანე ნათლისმცემლის
სერბული ტაძარი. 2009 წელი. ამ დღეს პირველად აღესრულა წირვა კალიფორნიაში ქართულ ოდიკზე.

შაბათი, 2 მაისი 2009 წ.

ჩვენ თითქმის ყველამ ვიცით „მამაო ჩვენო“ და თითქმის ყოველი მორწმუნე ქრისტიანი ამ ლოცვას ამბობს დღეში რამდენიმეჯერ. ძირითადი ფაბულა ამ ლოცვისა, (როგორც ყველა ლოცვისა), მარტივად რომ ვთქვათ, არის ღვთის დიდებისმეტყველება და ჩვენი სათხოვარი ღვთისადმი... მაგრამ გარდა ამისა ამ ლოცვაში არის ჩვენი დაპირება და ვალდებულება როგორც ღვთისადმი ასევე ადამიანებისადმი.... „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“... ამ სიტყვებით, ჩვენ ღმერთს ვეუბნებით, რომ ჩვენც ისევე მოგვიტევე შეცოდებანი ჩვენნი, როგორც ჩვენ მიუტევებთ ჩვენ შემცოდეებსო, ანუ ერთგვარ ხელშეკრულებას ვდებთ ჩვენ ღმერთთან ამ სიტყვებით. და ეს ყველა კეთილგონიერ ადამიანს უნდა ახსოვდეს და ცდილობდეს იყოს მიმტევებელი, მოწყალე და არა შუღლისმოყვარე. უფალი ამბობს: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი(მათე6,14)ო, ანუ ჩვენი ცოდვათა მიტევება უფალმა ჩვენზე გახადა დამოკიდებული...

მიტევება არის, იმ სათნოებათა ჯაჭვის ერთერთი შემადგენელი ნაწილი, რომლის თავშიც სიმდაბლეა ამაღლებული. მიმტევებლობა არის დიდსულოვან და ძლიერ ადამიანთა თვისება, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ფლობს მას ძალუძს იყოს მიმტევებელი და მოწყალე... მიტევება დასაბამია შერიგებისა, მშვიდობისა, ურთიერთგაგებისა და უმეტესი სიყვარულისა... თქვენ იცით რომ ჩვენმა პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ი ლ ი ა მეორემ 28 აპრილი მიტევების დღედ გამოაცხადა და ამით მოგვიწოდა ყველას შერიგებისაკენ, ერთმანეთის სიყვარულისაკენ და განახლებული სიყვარულისმიერი ერთობისაკენ... დღეს საქართველოს ყველაზე მეტად ერთობა სჭირდება და ეს ერთობა ამ შემთხვევაში გადის ჩვენი „მე“ს ცოტათი უკან დახევის გზაზე, მიმტევებლობაზე, მოთმინებაზე და ჩვენს ნებისყოფაზე...

როდესაც სიყვარულისმიერი, ლოცვითი თანხმობაა ჩვენს შორის, ღმერთი ჩვენთანაა, და ჩვენი გულები სიხარულით არის სავსე, მაგრამ სამწუხაროდ თუ ჩვენდა სასიკეთოდ, ეს არ არის ჩვენი მუდმივი სულიერი მდგომარეობა, რადგან ცვალებადია ადამიანი და ვერ ინარჩუნებს მუდმივად თავის გულში სიხარულსა და მშვიდობას, რადგან მის შინაგან სამყაროში უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობებია... და ასევეა ეს საზოგადოებაშიც, არ არის მუდმივი მშვიდობა და ურთიერთგაგება, რადგან ყველა ჩვენთაგანს სხვადასხვანაირად გვაქვს მოწყობილი შინაგანი სამყარო, და ამიტომაც დედამიწაზე იდეალური ერთობა და თანხმობა თითქმის არ არსებობს არცერთ საზოგადოებაში... და ეს ღვთის დაშვებით არის ასე, რათა გვახსოვდეს, რომ იდეალური ერთობა და მარადიული სიხარული მხოლოდ ღმერთთანაა ზეცაში...

აქ კი არის ჩვენი სამოღვაწეო ადგილი, ეს არის ის ასპარეზი, სადაც ჩვენ უნდა ვიშრომოთ და ოფლი ვღვაროთ სიყვარულში ერთობისათვის. ქრისტიანი ადამიანისათვის შრომა პირველ რიგში შინაგანი სულიერი საქმეა და გარკვეულწილად ტანჯვასთანაც არის დაკავშირებული, რადგან ხშირად მართლმორწმუნე ქრისტიანს მშვიდობისათვის, ერთობისათვის და სიყვარულის გავრცობისათვის... საკუთარი „მე“ს უარყოფა უწევს, მოთმინება უწევს, შეურაცხყოფის დათმენა უწევს და ა.შ... გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები : “სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, .... ... ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს....“ მაგალითად, ვინმემ გული გატკინა ან შეურაცხყოფა მოგაყენა, შენ კი ძალიან გინდა რომ სამაგიერო მიუზღა, შური იძიო, მაგრამ არ მიუზღავ ბოროტს და არ იძიებ შურს მასზე, ესეც შეიძლება ითქვას, რომ ტანჯვაა და შრომაა - საკუთარი თითქოსდა ლოგიკური, აგრესიული პასუხის არ გაცემა მოწინააღმდეგისათვის. სხვათაშორის, ძველბერძნულად შრომა და ტანჯვა ერთნაირად იწერებოდა, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ ტანჯვაც გარკვეულწილად ღვაწლთან და შრომასთან იყო გაიგივებული. მაგრამ ნუთუ მართლა ასეთი ძნელია მიტევება და პატიება? ნუთუ მართლა ტანჯვაა მიუტევო ადამიანს ცოდვა? თუ კი ვიცით, რომ არაფერი ისე არ გვამსგავსებს ღმერთს, როგორც ის, როცა ჩვენ ბოროტ ადამიანებს და ჩვენს შემაწუხებლებს შევუნდობთ...

ჩვენ ვიცით, რომ ეს თვისება ყოვლადძლიერი ღმერთის ერთერთი თვისებათაგანია, რომელმა თვისებამაც შეარიგა ღმერთთან ადამიანი, და განა კარგი არ იქნებოდა ეს საღვთო თვისება ჩვენც რომ შეგვეძინა და გავძლიერებულიყავით ამაში? გავიხსენოთ, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჯვარცმული, როდესაც იგი ჯვარმცმელებზე ლოცულობდა და კაცობრივი ბუნებით ღმერთს ევედრებოდა, რათა მიეტევებინა თავისი ჯვარმცმელებისთვის ეს საშინელი ცოდვა... ნუთუ ღმერთს არ შეეძლო ეს ჯალათები იქვე მოესპო? მაგრამ მან თავისი კაცთმოყვარებით , დაუტოვა მათ შესაძლებლობა გადარჩენისა და მან მოუსპო მათ ბოროტების მიზეზი ... თქვენ იცით, საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, რომ ერთერთმა მხედართაგანმა, რომელმაც ლახვრით უგმირა ქრისტეს გვერდში, ჭრილობიდან გარდამოსული სისხლითა და წყლით სნეული თვალის კურნება მიიღო. შემდგომში ეს მხედარი - სახელად ლონგინოზი , წმინდანთა დასში ჩაეწერა და დღეს ეკლესია მასზე ლოცულობს. ასე რომ მიტევება არის აუცილებელი თვისება რომელიც უნდა გააჩნდეს ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს, ეს არის პირობა ჩვენი გადარჩენისა, ჩვენს მიმართ ღვთის მოწყალების გამოვლენისა და ჩვენი განღმრთობისა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, ერთმანეთთან დიალოგისას, რომ უმეტესად გამოვნახოთ ის მხარეები და ის საკითხები, რომელებიც უფრო გვაერთიანებს და გვაკავშირებს ერთმანეთს და არა პირიქით - გვაშორებს.

ღმერთმა მოგვცეს ერთობის სული ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულში!!!

ამინ!!!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე.
შაბათი, 2 მაისი 2009 წელი,ჰანტინგტონ ბიჩი.

17 მაისი, სამარიტელის კვირა,

დღევანდელი სახარების საკითხავიდან უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვასწავლის, თუ როგორია ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა. თუ როგორ უნდა ვცეთ ჩვენ თაყვანი ღმერთს. სულიერი არსი ამ საკითხავისა მდგომარეობს ჭეშმარიტი ლოცვის შეცნობაში. იმ დროს, იუდეველნი ამტკიცებდნენ რომ მხოლოდ იერუსალიმის ტაძრიდან იწირებოდა ჭეშმარიტი მსხვერპლი და ლოცვა უფლისადმი, ხოლო სამარიტელნი ფიქრობდნენ რომ მხოლოდ იმ მთაზე შეიძლებოდა უფლისადმი თაყვანისცემა რომელ მთაზეც მათ ააშენეს ტაძარი. ამ განსხვავებების გამო და არამარტო ამ განსხვავებების გამო, სამარიტელებსა და იუდეველებს შორის არსებობდა კონფლიქტი, რომელიც ერთმანეთის სიძულვილში იყო გადაზრდილი. იუდეველები ცოდვად მიიჩნევდნენ მცირეოდენ ურთიერთობასაც კი სამარიტელებთან და ასევე სამარიტელებიც, არ ურთიერთობდნენ იუდეველებთან და სძულდათ ისინი. და აი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე მიმავალი გალილეის მხარისკენ, სამარიის ქალაქ სუქარში მოსასვენებლად ჩამოჯდა წყაროსთან, სადაც სამარიტელ დედაკაცს გაესაუბრა და დამოძღვრა იმ სათნოებაში, რომელსაც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა ეწოდება. ჩვენ ვიცით, რომ განხორციელებული ღმერთის, იესუ ქრისტეს ყოველი სიტყვა და ნაბიჯი უდიდესი განგებულებითა და წინასწარგანზრახვითაა განსაზღვრული და ეს შეხვედრაც სამარიტელ დედაკაცთან შემთხვევითი არ იყო, რადგანაც უფალს სურდა ყველგან დაეთესა მარცვალი ჭეშმარიტებისა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახარების ამ მონაკვეთიდან, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, იწყება სამარიტელი დედაკაცის მიერ ნათქვამი სიტყვებით მაცხოვრის მიმართ: „ უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.“... ,, ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა.“ თაყვანისცემა.“ .. გვითხარი სად გვმართებს ღვთის თაყვანისცემაო, თითქოს შეეკითხა ქრისტეს სამარიტელი დედაკაცი, რომელსაც ხუთი ქმარი ყავდა და რომელსაც მეექვსესთან ჰქონდა გაბმული უკანონო ურთიერთობა … ხედავთ რა საოცარია? მიუხედავათ დედაკაცის ცოდვიანი ცხოვრებისა მასში იყო დაფარული სურვილი ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემის „ადგილის“ მოძიებისა და მასში აღმოჩნდა საკმარისი სარწმუნოება ღვთის სიტყვის მისაღებად და დასაჯერებლად... და ჩვეულებრივ ბუნებრივ წყაროსთან მისულს, დახვდა ზებუნებრივი, სიცოცხლის წყარო - იესუ ქრისტე ... ჭეშმარიტად, „საკვირველ არიან საქმენნი შენნი უფალო...“

ამ მოვლენიდან ძალიან დიდი ხანი გავიდა და დღესაც ზოგიერთ ჩვენთაგანს მსგავსი შეკითხვა კიდევ უჩნდება, და ეს თავისთავად კარგი არის, რადგანაც ყოველი, ღვთის, კეთილად, მაძიებელი ადამიანი, ესწრაფვის იმ „ადგილს“, სადაც უფლისათვის სათნოა თაყვანისცემა. და მიუგო უფალმა: „დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა.“ ... „. არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. 24. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ.“ ანუ მთავარია სულით და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა მამისა და არამხოლოდ გარეგნულად თაყვანისცემაო. ცხადია რომ ამ სიტყვებით უფალი არ გამორიცხავს თაყვანისცემის გარეგნულ ქმედებებსაც, რადგან სანამ ადამიანი ხორცშია, რჩება სხეულებრივ-სულიერ არსებად და მისი შინაგანი ღვთის თაყვანისცემა დროსთან და ადგილთან ერთად, გარკვეულ სიმბოლურ ქმედებებთანაც არის დაკავშირებული, რომელიც ასევე სულიერი სარგებელისთვისაა განსაზღვრული. მაგრამ, უფრო მეტად უფალი გვეუბნება, რომ მარტოოდენ გარეგნულ თაყვანისცემას, რომელიც მხოლოდ განსაზღვრულ ადგილთან არის დაკავშირებული, შინაგანი თაყვანისცემის გარეშე, ღვთის თვალში ფასი არა აქვს. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში უფალი ადამიანთაგან მოითხოვდა გარეგნულ სიწმინდეს მხოლოდდამხოლოდ შინაგანი სიწმინდისათვის. რატომ? იმიტომ, რომ გარეგნული ქმედებით ჩვენ ვეჩვევით სულიერ ქმედებასაც, ანუ გარეგნული ქმედების ფორმა გამოხატავს სულიერი ქმედების შინაარსსაც. ხოლო სრულყოფილთ ღვთის თაყვანისცემაში აღარ სჭირდებათ გარეგნული ფორმების ძებნა. . .

და მაინც, დღეს სად არის ის ადგილი, სადაც ჩვენ თაყვანი უნდა ვსცეთ ღმერთს? მხოლოდ ეკლესიაში? ან მხოლოდ ჩვენ სალოცავ კუთხესთან? ... დიახ, რა თქმა უნდა ეკლესიაშიც და ჩვენს სალოცავ კუთხესთანაც, მაგრამ მთავარი ადგილი სადაც თაყვანი უნდა ვსცეთ ჩვენ ღმერთს, ეს არის ჩვენი გულები და ჩვენი სულები... ეს ის ადგილებია სადაც ყველაზე მეტად სათნოა ღვთისათვის თაყვანისცემა. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჯვარსეცვა გოლგოთაზე, მთელი დედამიწა წმიდათა წმიდაზე უფრო წმიდა გახადა და ამიტომაც მუდამ უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა ვიყოთ, უნდა ვილოცოთ მოუკლებელად, რადგანაც ლოცვა არის ის სულიერი საკვები, რომლის გარეშეც ადამაინი კვდება სულიერად... მრავალ თქვენთაგანს ალბათ გაახსენდა ეხლა, ის რომ ლოცვებს სათანადოდ ვერ კითხულობს, ან დრო არა აქვს, ან მეტისმეტად გრძელი ეჩვენება, ან უბრალოდ ეზარება. დიახ, შეიძლება, ცოტათი ძნელი იყოს დღევანდელ ყოფაში, ყველა ლოცვისა და წესის ზედმიწევნით შესრულება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენთვის, ჩვენი სულებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ოდესღაც, ლოცვა, ჩვენი წინაპრებისთვის სისხლსა და ხორცში გამჯდარი ჩვევა იყო, და ეს არ იყო უცხო მდგომარეობა სულისა, მათ იცოდნენ, რომ როგორც საჭიროა საზრდელი სხეულისათვის, ასევეა საჭირო საზრდელი სულისათვის. ამიტომ დღეს მინდა კვლავაც მოგოწოდოთ ჩვენი წინაპრებისეული, მაგრამ განახლებული, სულისკვეთებით ლოცვისაკენ, ვისაც როგორ შეუძლია ისე ილოცოს, ოღონდ წესად ჰქონდეს ყოველდღიურობაში ლოცვა. გაგვიანდება სადმე? გზაში ილოცე; შეხვედრები გაქვს ბევრი ? თხუთმეტი წუთით განმარტოვდი სადმე და შენთვის ჩუმად ილოცე; დაღლილი ხარ ძალიან და გეძინება? მხოლოდ „მამაო ჩვენო“ თქვი და მერე დაისვენე, დაიძინე...

... ნამდვილი ლოცვა არის უმაღლესი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა ადამიანისა დედამიწაზე, არ არსებობს დიდ მლოცველზე ბედნიერი და მოხარული ადამიანი... რადგან ლოცვა თავისი არსით არის ღმერთთან საუბარი... ღმერთთან, რომელიც დროისა და სივრცის მიღმაა... და რომელიც სიყვარულია...

ამიტომაც არის რომ მართლმადიდებელი ეკლესია და საერთოდ წმინდა მამები, ყოველდღიურ ლოცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მოუწოდებენ მორწმუნეებს სისტემატიური ლოცვისკენ. ალბათ, ჩვენთაგან უმრავლესობას, ჯერ არ განუცდია ის ბედნიერება, რასაც ლოცვა ანიჭებს, მაგრამ ღმერთთან სულიერი შეხვედრის იმედით, ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ ლოცვის ჯერ ყურადღებით წაკითხვას, შემდეგ გონების მოკრებას ლოცვისას, შემდეგ სისტემატიურად ლოცვის აღვლენას და ა. შ. ასე, რომ ესე იწრთობა ადამიანი ლოცვაში...

და ბოლოს, გვახსოვდეს! წუთისოფელში ყველაფერი დროებითია და წარმავალია, ხოლო ლოცვა ბედნიერი მარადიულობისკენ სწრაფვაა....

ვილოცოთ საქართველოს ერთიანობისათვის, მშვიდობისათვის და კეთილდღეობისათვის!!!ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მოგვცეს მადლი ჭეშმარიტი თაყვანისცემისა და გულისმიერი ლოცვისა!!!

ამინ!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
17 მაისი, კვირა 2009წ. სან ფრანცისკო, კოლმა,
წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი

1 ივნისი, წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე

მოციქულთასწორთა შორის ერთერთი ყველაზე გამორჩეული წმ. ნინოა. 12 წლის ასაკში მასზე უდიდესი ღვთის მადლი გადმოვიდა, დედაღვთისმშობელმა მას თავისი წილხვდომილი ქვეყნის განმანათლებლობა დააკისრა. საოცარია ღვთის მადლი და ნამდვილად, „საკვირველ არიან საქმენი“ მისნი, საკვირველია დედაღვთისმშობლის ნება-სურვილიც, მსგავსად ძისა თვისისა... მან არათუ გამოცდილ და ზრდასრულ ადამიანს დაავალა საკუთარი წილხვდომილი ქვეყნის განმანათლებლობა, არამედ პატარა, სუსტ გოგოს, რომლის სულიერი მზაობა აღემატა მისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარს... მართლაც, რომ ძალი ღვთისა მის უძლურებაში სრულ იქმნა...

დღევანდელი დღესასწაული ქართველთათვის არის ერთერთი ყველაზე ღირშესანიშნავი, დღეს შემოანათა საქართველოში ღვთის მადლმა თავისი სისავსით. ავღნიშნავთ რა დღევანდელ დღეს, ვცდილობთ, უფრო ღრმად ჩავწვდეთ წმ. ნინოს შემოსვლის არსს საქართველოში. გარდა იმისა, რომ წმ. ნინომ ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება იქადაგა საქართველოში და გააქრისტიანა სრულიად საქართველო. მან ასევე ქალის ღირსება აამაღლა უმეტესად საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში ქალის მიმართ უდიდესი პატივი და კრძალვა აქვთ, მას შემდეგ ქალები იწოდებიან მანდილოსნებად, შერიგებისა და მშვიდობის მყოფელებად. წმ. ნინოში გამოჩნდა ძალა და მადლი ღვთისა ცხადად, რადგან შეუძლებელია ღვთის ძალისა და მადლის გარეშე, ის შეძლოს ადამიანმა, რაც წმ. ნინომ შეძლო...

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია უცხოობაში მყოფ ქართველთათვის, წმ. ნინოს ხსენებით, თითქოს თვალწინ გვიდგება ჩვენი, მრავალტანჯული ერის ისტორია... შევნატრით მის წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც ...

რა შეგვიძლია ჩვენ დღეს მივაგოთ საქართველოს, იმ სიყვარულისა და სიკეთის წილ, რაც მან მოგვაგო ჩვენ...?! როგორ მივუზღათ სიკეთე მას?!... როგორც მშობლების ვალს ვერასდროს გადაიხდის შვილი, რაც უნდა სიკეთე უკეთოს მან თავის მშობლებს მთელი ცხოვრება, ისე ჩვენც ვერ მივაგებთ იმდენ სიკეთესა და სიყვარულს ჩვენს სამშობლოს, რაც მან მოგვაგო ჩვენ... ეს არის უპირველეს ყოვლისა ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტესი...

აბა, წარმოვიდგინოთ, ჩვენ რომ სხვა ქვეყანაში დავბადებულიყავით, ყველანი ვიქნებოდით მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელნი...? ყველანი ვიწამებდით ჯვარცმულ იესუს ღმერთად..? გმადლობთ შენ, დაუცხრომელად , უფალო ღმერთო ჩვენო მოწყალებათათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისათა...!

გმადლობთ შენ, დედაო ღვთისავ, შენი წილხვდომილი ერის შვილები რომ ვართ! და გმადლობთ შენ, წმინდაო მოციქულთასწორო და ღირსო დედაო ჩვენო ნინო, რომელმან ქრისტეს ნათელით განანათლე სრულიად საქართველო!!!

წმ. ნინოს ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!!! გილოცავთ ნინოობას!!!


ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
სან ფრანცისკო, წმ. იოანე ნათლისმცემლის
სახელობის სერბული მართლმადიდებელი
ტაძარი, 2009 წლის 01 06, ორშაბათი

სულთმოფენობა, 7ივნისი, კვირა 2009

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც. დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა, გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე, „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი“...

როდესაც მოსე წინასწარმეტყველი ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს გამოუცხადა მათ ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. სწორედ ამ მოვლენას აღნიშნავდნენ ებრაელები იმ დროს, როდესაც სულიწმიდა გარდამოხდა ზეციდან და ცეცხლოვანი ენების სახით მოციქულებს თავებზე დაადგრა. არ არსებობს ღვთის განგებულებაში არავითარი შემთხვევითობა. . . მოსემ ეგვიპტიდან გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს გამოუცხადა შჯული ებრაელებს, ხოლო სულიწმიდა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე... ასეთი სიმბოლური მსგავსება ამ მოვლენებისა ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო, ასევე ნიშანი იყო იმისა, რომ „ერთი და იგივე არს ძველისა და ახლისა შჯულისა მომცემელი“...

ოდესღაც ენები, კაცთა მზაკვრული ზრახვების გამო გაიყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, დღეს კი სულიწმიდის მადლითა და წყალობით მოეცა ადამიანებს, რათა შეეწიოს მათ,... მაშინ განიბნია, რათა კაცს კაცისათვის არ მოესმინა, ახლა კი მოეცა, რათა ისმინონ უფლისა, გულისხმაყონ და ისწავლონ ერთმანეთისგანაც, რომ ჩვენთან არს ღმერთი, მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა ... მოეცათ ენები მოციქულებს, რათა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება მთელს ქვეყანაზე, და მას შემდეგ ყოველი მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა სულიწმიდის მადლით ქადაგებს და იღწვის. . . ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც შეურყვნელად არის დაცული ქრისტეს სარწმუნოება და მოძღვრება, სულიწმიდის მადლია დავანებული... და სულიწმიდა არის ჭეშმარიტი მოძღვარი, მასწავლებელი და მქადაგებელი ეკლესიაში... სწორედ ამ ჭეშმარიტების დასამოწმებლადაც ამბობს წმ. იოანე ოქროპირი ეკლესიის შესახებ, : "ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა,მისთვის ღმერთი არ არის მამა"... სულიწმიდა არის სული ღვთისა, თანასწორი მამისა და ძისა „რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს„ მადლითა თვისითა, სულიწმიდაა, „ნათელი და ნათლის მომცემელი კაცთათვის, რომლისა მიერ მამა იცნობების და ძე იდიდების და ყოველთა მიერ საცნაურ იქმნების“, ვერავინ ვერსად დაემალება სულიწმიდას, ვერც კეთილისმოქმედი და ვერც ბოროტისმოქმედი, არ არსებობს არცერთი ზრახვა გავლებული ადამიანის გულში, რომელსაც სულიწმიდა ვერ გაიგებს. ამიტომაც სულიწმიდა ნუგეშინისმცემელია კეთილთათვის და საშიშია ბოროტთათვის. შევთხოვოთ უფალს - სულიწმიდას, რომ მოგვმადლოს ნიჭები სიკეთისა, სიყვარულისა, სიმდაბლისა, სარწმუნოებისა, სიმშვიდისა, ლოცვისა, მარხვისა, მიტევებისა და მოთმინებისა... შევთხოვოთ სულიწმიდას საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, საქართველოში სიყვარულისა და მშვიდობის დამკვიდრება... ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ კალიფორნიაში მცხოვრებნი ქართველნი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილნი!!! . . .

დღეიდან უკვე ითქმება, დასაწყის ლოცვებში ყველა ჩვენთაგანისათვის საყვარელი ლოცვა ღვთისადმი, და მინდა მოგიწოდოთ ეხლა, რომ ვთქვათ ეს ლოცვა ერთად: მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
სულთმოფენობა, 7ივნისი, კვირა 2009წ.
სან ფრანცისკო, კოლმა, წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი

ყოველთა წმიდათა კვირა, 14 ივნისი

გასულ კვირას ჩვენ ვიზეიმეთ სულთმოფენობის - ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღესასწაული დედამიწაზე. დღეს კი ვზეიმობთ ყოველთა წმიდათა ხსენებას. ყოველნი წმინდანნი არიან ისინი, რომელთაც კეთილად იღვაწეს ამ ქვეყანაზე და ღვთის სასუფეველის ღირსნი გახდნენ. მათი ამ ქვეყნიური ცხოვრების მაგალითით ვსწავლობთ იმას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, რომ სასუფევლის ღირსნი გავხდეთ. როგორი გულები უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ უფალი ჩვენში შემოვიდეს და დამკვიდრდეს. ეკლესიური სწავლებით ყველა ადამიანს მოეთხოვება სიწმინდით ცხოვრება, რადგან წმიდაა შემოქმედი, უფალი, ღმერთი ჩვენი და მისი სული მკვიდრობს ყოველი ადამიანის სხეულში. „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკვიდრებულ არს თქვენ შორის?“ (I კორ. 3,16). ამბობს წმ. პავლე მოციქული...“

სწორედ დღევანდელი სახარების საკითხავს შეესაბამება ყოველთა წმინდანთა ცხოვრების არსი და წესი, ისინი იყვნენ რომელთაც უდრტვინველად აღიარეს და იქადაგეს ქრისტე წინაშე კაცთა, მათ დაითმინეს ტანჯვა და წამება ქრისტესთვის, მათ დაუტევეს ყოველივე ქრისტესთვის და აღიღეს ჯვარი თვისი და შეუდგნენ მას... ვადიდებთ და ვაქებთ მათ კეთილ ღვაწლს და უფლისმიერ საქმეებს. არათუ ცოდვები და ცოდვიანი ცხოვრება დაუტევეს მათ, არამედ ზოგიერთმა მათგანმა ამქვეყნიური სიკეთეები დაუტევა ქრისტეს გულისათვის, სიყვარულისათვის და შეუდგა მას... ჩვენ კი ხშირად, მავნე და დამღუპველ საკუთარ ცოდვებს ვერ ვტოვებთ ღვთის გულისათვის...

ყოველთა წმიდათა ხსენებასთან დაკავშირებით, თქვენთან საუბრის მომზადების დროს, უნებურად გამიჩნდა კითხვა (ალბათ, საკუთარი თავის მიმართ): საერთოდ, აქვს კი ვინმეს მორალური უფლება იქადაგოს სიწმინდეზე...? ...და უხერხულობისაგან პასუხი ვერ გავეცი შინაგან ხმას, რადგან შეუდარებლად შორს არის ჩემი ცხოვრების სტილი იმ მამათა ცხოვრების წესისაგან, რომელსაც მრავალი საუკუნის წინ, ქადაგებდნენ და საქმეებით წარმოაჩენდნენ ისინი და საზღაურად, ნაყოფიც ეძლეოდათ მათ ღვთისაგან; „მკვდართა აღადგენდნენ, ეშმაკთა განასხმიდენ და სნეულთა განკურნავდნენ...“

მაგრამ მიუხედავად ამ სხვაობისა მაინც ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი მოწოდებულია იქადაგოს სიწმინდე და დაიცვას იგი, მითუმეტეს დღეს, როდესაც ზნეობრივად ასე თავდაყირა დადგა მთელი მსოფლიო. ჩვენ ვხედავთ ყოველდღე, თუ როგორ ცდილობს ამ სოფლის სული, სიწმინდის დაცინვას და დაკნინებას. თითქოს ისტორიას ჩაბარდა ათი მცნება, ცხრა ნეტარება, თითქოს ტყუილად ეწამნენ სიწმინდისათვის, ქრისტესათვის ამდენი წმინდანნი, თითქოს აღარავინ მოგვთხოვს პასუხს ჩვენს უზნეობაზე და უკეთურობაზე...

ყველანი ცოდვილები ვართ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს, ასე უნდა იყოს... ჩვენ ყოველდღე უნდა ვცდილობდეთ, რომ უფრო და უფრო უკეთესნი გავხდეთ, ნუ შეგვაშინებს დაცემა და წარუმატებლობა სულიერ გზაზე, არამედ სასწავლებლად მივიღოთ ყოველივე ეს და უმალვე წამოვდგეთ ხოლმე ღვთის იმედით , და შენდობა და წყალობა ვთხოვოთ უფალს აღსარებაში... ამის სათქმელად იმიტომ ვკადნიერდები რომ ქრისტე, ჩვენი - ეკლესიის წიაღში მყოფთა, შემწე, მფარველი და მოსიყვარულე მამაა... „ნუ გეშინინ“ გვეუბნება მაცხოვარი, „რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“...

ქრისტიანული ცხოვრების გზა, ღვთის შემწეობით თვითგანწმენდის გზა არის. ეს არის ვიწრო გზა ღვთისაკენ მიმავალი, რომელიც საკუთარ გულზე გადის. ამიტომაც წმ. ეკლესია ამ მაცხოვნებელ გზაზე სიარულისას ხშირად მოგვიწოდებს ხოლმე სიფრთხილისაკენ და სიფხიზლისაკენ, ამიტომაც დაწესდა მარხვა და წესი სულიერი ცხოვრებისა ეკლესიაში. მარხვა არის სულის სიმსუბუქე და საკუთარ სხეულზე და ნება-სურვილებზე უფლობა. ყველაფერი შეიძლება მიიღოს ადამიანმა, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ იქნება მისთვის, როგორც სულიერად ასევე ფიზიკურად... მარხვა არის უდიდესი საქმე, რომელიც სულსაც ადგება და სხეულსაც. მხოლოდ თავშეკავება, რომელიც მარხვისას გამოგვიმუშავდება, არის ერთერთი ის თვისება, რომელიც ადამიანს ადამიანად წოდების ღირსად ხდის. ხვალიდან იწყება პეტრე-პავლობის მარხვა და შესაბამისად ჩვენი სულიერი ცხოვრებაც უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს. ჩვენი ლოცვა და მარხვა ჰარმონიულად უნდა შეერწყას ერთმანეთს რათა ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე გაგვიჩნდეს სინანული ჩვენს ცოდვებზე. პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. საეკლესიო გადმოცემით ეს მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ პირველ საუკუნეში, მე-6 საუკუნეში კი წმინდა მამებმა საეკლესიო კრებებზე სახელდვეს და განაწესეს როგორც პეტრე-პავლობის მარხვად. თავდაპირველად ეს მარხვა ერთ კვირამდე გრძელდებოდა, ხოლო დღესდღეობით მისი ხანგრძლივობა ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება და იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და მთავრდება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე 12 ივლისს.

უფალმა ინებოს, რომ კეთილად და მშვიდობით შევხვდეთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს, უფრო აღმატებულები სულიერ საქმეში, უფრო წარმატებულები სიკეთის ქმნაში, სიყვარულში და საერთოდ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგცეთ მადლი, წყალობა და მიტევება ცოდვათა, თქვენ და კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველებს, ჩვენი ეკლესიის შვილებს. მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ მარხვაში განსაკუთრებით ვილოცოთ ერთმანეთისათვის საქართველოს გამთლიანებისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, და გაძლევთ ლოცვა-კურთხევას რათა თქვენი ყოველდღიური ლოცვების კანონთან ერთად თქვათ ეს ლოცვაც:

(ლოცვა სიყვარულის განსავრცობად და შურისა და ყოველგვარი სიავის აღმოსაფხვრელად)

მოციქულთა შენთა სიყვარულის კავშირით შემაერთებელო ქრისტე, შეგვაერთენ ჩვენ, ერთგულნი მონანი შენნი, მით შენთან მჭიდროდ, რათა აღვასრულებდეთ მცნებათა შენთა და სიყვარულითა წრფელითა ვიყუარებოდეთ ურთიერთას, ლოცვითა ღმრთის-მშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარეო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიყვარულის ცეცხლით გაათბე შენდამი გულნი ჩვენნი ქრისტე ღმერთო, რათა მით მიერ აღნთებულნი, გულით, გონებით და მთელი არსებით შეგიყვაროთ შენ წრფელად და მცნებათა შენთა დამმარხველნი გადიდებდეთ შენ, ყოველთა კეთილთა მომცემელო ჩვენდა უფალო, დიდება შენდა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღევანდელი წაკითხული სახარების ბოლოში წერია: „ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა და უკანანი წინა...“ დიახ, არავინ არვიცით ხვალ, ვინ სად ვიდგებით იმ ქვეყნად, არავითარი ამქვეყნიური წოდება და ხარისხი არაა გარანტი სასუფეველში მოხვედრისა და ამიტომაც გთხოვთ, რომ ვილოცოთ ერთმანეთისთვის ამ ქვეყნად სანამ ვართ და აღუთქვათ ერთმანეთს რომ გვეყვარება ერთმანეთი ქრისტეში, რადგანაც ჩვენ ქრისტეს სიყვარულში ყველანი თანასწორნი ვართ... ჩვენთან არს ღმერთი!!!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
ყოველთა წმიდათა კვირა, 14 ივნისი 2009წ.
სან ფრანცისკო, კოლმა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

21 ივნისი 2009წ.

ვადიდებთ და ვმადლობთ ღმერთს, რომ ღირსგვყო დღეს ერთად გველოცა და გვეწირა უფლისადმი წმ. ტიხონ ზადონელის სახელობის ტაძარში, ვადიდებთ და ვმადლობთ წმ. ტიხონ ზადონელს და წმ იოანე სან ფრანცისკოელს, რადგან მათი ლოცვით ჩვენ წყალობას მოველით ღვთისაგან. დღეს ეკლესია დღესასწაულობს ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ათონის მთაზე განბრწყინებულთა და ყოველთა წმიდათა რუსეთის მიწაზე განბრწყინებულთა ხსენებას. ყველას გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ დღეს. მათი ლოცვა შეეწიოს ყველა მართლმორწმუნე ერს. დღევანდელი წაკითხული სახარებიდან მაცხოვარი გვეუბნება, რომ ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ გლახაკნი სულითა ანუ მდაბალნი, რითაც მიგვანიშნებს, თუ როგორები უნდა ვიყოთ ჩვენც. ყველა სათნოების მწვერვალს შეიძლება მიწვდეს ბოროტი და შერყვნას იგი ამპარტავნების შხამით, ხოლო სიმდაბლე ეს ის სათნოებაა, რომელიც სხვა ქრისტიანულ სათნოებათა შორის ყველაზე მაღლა დგას და რომელსაც ვერასდროს ვერ მიწვდება ბოროტი, რადგან მასზე თავად უფალია დავანებული... და ეს, იმ წმინდა მამებმა და დედებმა, რომელთა ხსენებასაც აღვასრულებთ ჩვენ დღეს, იცოდნენ და უფლისმიერი სიმდაბლით ცხოვრობვდნენ... გახსოვთ, ალბათ წმ. მეფისა და წინასწარმეტყველის დავითის სიტყვები ფსალმუნიდან: „რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე“ (ფს.17,28) მაშ, ვევედროთ უფალს, რომ მოგვმადლოს სიმდაბლე რათა შევძლოთ ერთმანეთის სიყვარული ღმერთში. ვევედროთ ათონის მთაზე და რუსეთის მიწაზე განბრწყინებულ მამებსა და დედებს, რომ წყალობა და მადლი არ მოგვაკლოს უფალმა, და გვახსოვდეს რომ დედამიწაზე ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო ზეციური მართლმადიდებლობაა...

მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა!!!

ამინ!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
წმ. ტიხონ ზადონელის სახელობის საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია,
(წმ. იოანე მაქსიმოვიჩის სენაკი) 2009 წლის 21 ივნისი

სან ფრანცისკოს მრევლს

გლოცავთ და მოგიკითხავთ სიყვარულით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისაგან და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველის, მიტროპოლიტ დიმიტრისაგან... მშვიდობა და ერთობა გქონოდეთ ქრისტეში!!!

თითქმის ერთ თვეზე მეტია, რაც სან ფრანცისკოში ვარ, და აღსავსე ვარ თქვენი სიყვარულით და სითბოთი. ვმადლობ და ვადიდებ უფალს, რადგან ეს სიყვარული რასაც თქვენ გასცემთ, ვგრძნობ რომ უფლისგან გაქვთ... გმადლობთ და გაკურთხევთ ღვთის სიკეთეში, რადგან გულწრფელები ხართ სიყვარულში. . . ვმადლობ თქვენს მოძღვრებს ქრისტეში, რომლებიც ახლა საქართველოში არიან, ლოცულობენ თქვენზე და რომელთაც დიდი სულიერი ამაგი აქვთ თქვენზე. ადრე, როდესაც წავიკითხე სახარებიდან მაცხოვრის სიტყვები, იმის შესახებ, რომ ყველას, ვინც კი მიატოვებდა სახლს, ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან შვილებს, ან ყანებს ღვთის სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებდა და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებდა... ვიფიქრე, რომ მხოლოდ იმ ქვეყნიური დაპირება იყო მაცხოვრისა, მაგრამ დღეს ვხედავ, მჯერა და „მრწამს მე ხილვაი კეთილისა ქუეყანასა მას ცხოველთასა“(ფსალმ.26), რადგან უფალმა მე თქვენი შვილობა და სიყვარული მომმადლა ქრისტეში, ეკლესიაში, ამ ქვეყანაზე... რაც ძალიან მახარებს, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობის გრძნობას მმატებს, რომელიც მიბიძგებს, მუდამ ფხიზლად და ყურადღებით ყოფნისკენ, რადგან მახსოვს თავთა მოციქულთა, წმიდათა, პეტრესა და პავლეს შეგონებანი, რომელნიც აფრთხილებენ ღვთისაგან დადგინებულ მღვდლებს და მოუწოდებენ, რომ მწყემსონ მათთვის მობარებული ღმრთის სამწყსო და მიხედონ მათ, არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით (1 პეტრ. 5, 1-2). და გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის მცველებადაც დადგენილ იქმნენ სულიწმიდისმიერ, რათა მწყემსავდენ ღმერთის ეკლესიას პატიოსნებით . (საქმე 20, 28) ... რათა მუდამ ახსოვდეთ, რომ „მწყემსმან კეთილმან სული თვისი“ უნდა დადვას საკუთარი ცხვრებისათვის, ანუ უნდა ახსოვდეთ ის, რომ მღვდელმსახურმა თავიც კი უნდა გასწიროს, თუ საჭიროება მოითხოვს, საკუთარი სულიერი შვილებისთვის... ყოველი თქვენთაგანი განსაკუთრებული და განსხვავებულია ერთმანეთისაგან, მაგრამ ყველა თქვენთაგანს ერთნაირად გიბრწყინავთ ხოლმე თვალები, როდესაც სიკეთეს აკეთებთ, რაც იმას ნიშნავს რომ უფალი თქვენთანაა ამ დროს... და ამიტომაც, ხშირად, მე ვერ უსწორებ ხოლმე თვალს თქვენს გაკეთებულ სიკეთეს, რადგან უფლის დიდ წყალობას და სიყვარულს ვხედავ, ჩემს უღირსობაზე მოწევნულს, და მადლიერების გრძნობისგან ცრემლი მადგება... ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ მის სიკეთეში და სიყვარულში!

როგორც იცით, სულ მალე, მივემგზავრები ლოს ანჟელესში, ქართველებთან, თქვენს დებთან და ძმებთან შესახვედრად და წირვა-ლოცვების აღსავლენად. თუ რამდენ ხანს გავჩერდები იქ, ზუსტად არვიცი. მახარებს მათი, ეკლესიის გახსნის საკითხთან დაკავშირებული, აქტიურობა და მოუთმენლად ველი შეხვედრას მათთან. თქვენ კი, ისევე როგორც ლოს ანჟელესის ქართველობას, მოგიწოდებთ, რომ წმ. ნიკოლოზისადმი ილოცოთ და დედაღვთისმშობლის ხატისადმი ილოცოთ, რომელიც თქვენს ოჯახებში დაბრძანდება, რომ მალე მოგვმადლოს უფალმა საკუთარი კერა ჩვენი ეკლესიისათვის. გაუფრთხილდით ერთმანეთს და სიყვარულით მოიკითხეთ ხოლმე ერთმანეთი. ეხლა მარხვაა პეტრე-პავლობის და მინდა გთხოვოთ, რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ ხოლმე თქვენს სულიერ საზრუნავს, ლოცვას. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ მეტი იმუშავოთ საკუთარ აღსარებაზე, რომ თქვენ აღსარებაში გულწრფელობა არ დაიკარგოს და მხოლოდ ცოდვების სახეობების აღწერად არ დარჩეს თქვენი აღსარება. გლოცავთ სიყვარულით და გეფერებით ყველას ვინც ღვთის წყალობას ითხოვთ. განსაკუთრებით მინდა დავლოცო მხევალი ღვთისა ქეთევან სირაძე, ნაყოფისშემომწირველი და კეთილისმყოფელი წმინიდისა და ყოლადპატიოსნისა ტაძრისა ჩვენისა, რომელმაც მღვდელმსახური (ჩემი სახით) შეიფარა საკუთარ სახლში ამ ხნის განმავლობაში... დიდი მადლობა და წყალობა მას! ვლოცავ და ვაკურთხებ ქავთარაძეების ოჯახს, რომელთაც სულ ახლახანს ვაჟი შეეძინათ და სახელად გიორგი დაარქვეს. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს გიორგი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა!!!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!!!

ჩვენთან არს ღმერთი!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
სან ფრანცისკო 2009 წლის 26 ივნისი

პეტრე-პავლობა, 12 ივლისი 2009წ.

"თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი, პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართთა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათა....." ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!!!

წმ. ეკლესიამ წმიდა მოციქულებს პეტრესა და პავლეს, ღვთისადმი, მათი გამორჩეული მსახურებების გამო მოციქულთა თავები უწოდა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთისაგან სრულიად გასხვავებული გზით მივიდნენ ქრისტესთან. წმ. პეტრე მოციქული თორმეტ მოწაფეთაგანია, რომელმაც მაცხოვრის სიტყვა თავიდანვე შეიტკბო და გაჰყვა მას. წმ. პავლე მოციქული კი ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლეა, რომელიც სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის დიდი მსახური პავლე. ეს დღესაც ასე ხდება, ზოგიერთი თავიდანვე ღვთის მორჩილია ბუნებით, ესმის უფლის სიტყვები და მოდის პირველივე მოხმობისას ეკლესიაში, ხოლო ზოგიერთი კი თავიდანვე ურჩია და სანამ დიდ განსაცდელს არ შეხვდება, ან ხიფათს არ გადაეყრება და სანამ "ჭიმითა და აღვირით" არ მოაქცევს უფალი, მანამ არ ესმის ღვთის სიტყვა და არ მოდის ეკლესიაში - ღვთის სახლში თავისივე სულის გადასარჩენად... მაშასადამე, ჩვენს წინაშეა ქრისტეში ერთნი... ორი, სრულიად განსხვავებული გზებით მოსული ადამიანი - წმ. პეტრე მოციქული და წმ. პავლე მოციქული ...

წმიდა მოციქული პეტრე იგივე სვიმეონი გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო, რომელიც ასევე მეთევზეობით ირჩენდა თავს და განსაკუთრებული განათლება მას არ ჰქონდა მიღებული არსად. განკაცებული უფლის გამოჩენა მას ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან. როდესაც ქრისტემ მოუწოდა პეტრეს, იგი საოცარი სიმდაბლით ჩაუვარდა ფეხებში იესუს და მიუგო: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“.

წმინდა პავლე მოციქული (ყოფილი სავლე) კი სჯულით ფარისეველი, კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა, საერო მეცნიერებებს იგი თავიდანვე კარგად ფლობდა. იერუსალიმში იგი მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან კარგად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელიც გახლდათ. მისი მოქცევა ღვთისაკენ სხვაგვარად იყო; იგი „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“ (საქმე, 8,3). მაგრამ ერთხელაც. როდესაც იგი დამასკოში მიემგზავრებოდა, რათა ქრისტიანთა დევნა მოეწყო, უფალი გამოეცხადა მას გზაზე და იხილა ზეციდან გარდამოსული ნათელი, გაოცებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ მოესმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ (საქმე 9,3-5) ამ სასწაულებრივი მოვლენის შემდეგ წმ. პავლე მოციქულმა ქრისტეს გულისათვის ბევრი იღვაწა, იტანჯა და ბოლოს ეწამა კიდეც, რის გამოც წმ. ეკლესიამ, და რაღა თქმა უნდა უწინარესად უფალმა, იგი ღირსჰყო მოციქულთა თავად წოდებად.

სახარების ის ნაწილი, რომელიც დღეს იქნა წაკითული, მიგვანიშნებს იმაზე თუ რაოდენ დიდია, დღესაც, მოციქულთა მისია დედამიწაზე. თქვენ ვინ გგონივართ მე, ეკითხება მოციქულებს ქრისტე, არა იმიტომ რომ არ იცის მათი აზრი, არამედ იმიტომ რომ საუკუნოდ დაიბეჭდოს მოციქულთა და მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნო აღსაარება პეტრე მოციქულის სიტყვებით:„შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“... რომელ სიტყვებზეც მიუგებს მაცხოვარი:„ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ. 16,15-19) ამ სიტყვებს მაცხოვარი ეუბნება პეტრეს და გულისხმობს ყველა მოციქულს, გარდა ერთისა, რომელიც თავისივე ნებით განდგა ღვთისაგან. ამ სიტყვებით ქრისტე ღმერთი თავის ძალაუფლების ნაწილს გადასცემს ადამიანებს, მოციქულთა სახით, რაც დასტურია ღვთის უდიდესი სიყვარულისა კაცთა მოდგმისადმი. და დღეს ჩვენ ცოდვილნი ცოდვათა მიტევებას ვიღებთ რა მღვდელმსახურისაგან უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ის ძალაუფლებაა, რომელიც ქრისტე ღმერთმა თავის დროზე მოციქულებს გადასცა, მოციქულებმა მღვდელმთავრებს გადასცეს, მღვდელმთავრებმა კი მღვდლებს...

„საკვირველ არიან საქმენნი შენნი უფალო“ და „ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“. . . უკანასკნელი პასექისას უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოციქულებს მიმართა: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. . . ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა იდუმალი სიჩუმე ჩამოვარდებოდა მოციქულთა შორის, მაცხოვრის ნათქვამ ამ სიტყვათა შემდეგ. ... მაგრამ როგორც თითქმის, ყველგან და ყოველთვის წმ. პეტრე მოციქულმა აქაც დაარღვია ეს სიჩუმე და მიუგო ქრისტეს: ,,დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე“(მთ. 26,31-34). მიუგო ქრისტემ. და მართლაც მოხდა ისე როგორც უფალმა თქვა.

მაშინ, ჩვენ ამ მოვლენას, სამჯერ უარყოფას, რომ შევსწრებოდით, გაგვიჭირდებოდა წარმოდგენა იმისა, რომ შემდეგში ეკლესია წმ. პეტრე მოციქულს სიმტკიცის კლდეს უწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს უკვე ჰქონდა ნათქვამი პეტრე მოციქულისადმი სასწაულებრივი სიტყვები:,,შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი“ო. წმ. პავლე მოციქულიც, იმ დროს, რომ დაგვენახა თუ როგორ დევნიდა ქრისტიანებს და ტანჯავდა მათ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეკლესია მას ქრისტეს პირსა და წარმართთა მოძღვარს უწოდებდა, მითუმეტეს მაშინ, რომ დაგვენახა, როდესაც იგი თავისი ნათესავის, წმ. სტეფანე პირველდიაკონის წამებას ესწრებოდა. ამით გვასწავლის უფალი, რომ ჩვენც არასდროს არ უნდა განვიკითხოთ არავინ, რადგან არ ვიცით ვინ როდის სად აღმოჩნდება. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ! ამბობს უფალი, რადგან „ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად.“ ... ჩვენგან განსხვავებით გულთამხილავი უფალი ხედავდა წმიდა მოციქულების პეტრესა და პავლეს შინაგან სამყაროს, რომელთა ,ხალხისათვის დაფარული და დამდაბლებული გულები სათნოიყო უფალმა და მათ უძლურებაში ძალი უფლისა სრულ იქმნა... რადგან უფლისგან არის სიმტკიცე, სიტყვაც და სარწმუნოებაც ...

ვდღესასწაულობთ რა პეტრე-პავლობას, ვადიდებთ მათ ღვაწლს და ვცდილობთ რომ გავიგოთ კიდეც თუ როგორი იყო მათი ღვაწლი, მათი ქადაგებანი. როგორც ვიცით ჩვენ, მათ ქადაგება უწევდათ ჯერ კიდევ მოურწყველ ნიადაგზე. ძნელი იყო ღვთის სიტყვის ქადაგება მაშინდელ იუდეველებთან, მიუხედავად იმისა. რომ იმ დროს, ისინი სჯულის დამცველებად ითვლებოდნენ, ძნელი იყო ღვთის სიტყვის გადაცემა ასევე წარმართთათვისაც, რადგანაც თითქმის ყველა მათთაგანს გასასტიკებული და სავსე ჰქონდათ გულები თავიანთი უსულგულო წეს-ჩვეულებებით და ბოროტისეული კერპთაყვანისმცემლობებით, თითქმის აღარ იყო მათ გულებში უფლის სიყვარულის ადგილი და ამიტომაც ღვთის სიტყვის მქადაგებელ მოციქულებს ხან ქვებს ესროდნენ, სცემდნენ და ტანჯავდნენ, და ხან კიდევ ციხეებში ამწყვდევდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა მოციქულებმა მოიმოწაფეს და მოიმუშაკეს მთელი მსოფლიოს რჩეული ერი, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტი მადიდებელი ერი.

ჩვენს დროში, მოციქულებრივ ღვაწლს განაგრძობს წმ. ეკლესია, მღვდელმთავართა მოციქულებრივი მსახურებით. თუმცაღა დღეს აღარავინ ესვრის, პირდაპირი გაგებით, ქვებს მღვდელმთავრებს, რადგან ჩვენი სარწმუნოების ნიადაგი მორწყულია, ჩვენს წინაპართა, მოციქულთა, მღვდელმთავართა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა სისხლითა და ოფლით. მაგრამ დღესაც, დღევანდელ მღვდელმსახურთა გამოცდილებიდანაც მინდა გითხრათ, რომ საშინელია ღვთის სიტყვის ქადაგება ამ შემაღლებული ადგილიდან ამბიონიდან, მითუმეტეს მაშინ როდესაც გააზრებული გაქვს, რომ ღვთის სიტყვაზე უნდა ისაუბრო ღვთისავე ხალხთან, რომელნიც თავად უფალმა მოიყვანა თავის სამწყსოში, ეკლესიაში. ღმერთმა მოგვცეს კეთილგონიერება და სიბრძნე, რათა გულისყურით გავიგოთ მისი სიტყვები და შევიცნოთ საკუთარი თავი და უფალი ჩვენში ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ლოცვით, ღმერთმა მოგვცეს ცოდვათა მიტევება, სიმშვიდე სულისა და სიყვარული ერთმანეთისა!!!

მოციქულთა ლოცვით ღმერთმა გააერთიანოს და გაამთლიანოს ქრისტეს სიყვარულში ჩვენი საქართველო!!! ღმერთმა ჯანმრთელი, დღეგრძელი და გახარებული ამყოფოს ჩვენი პატრიარქი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა!!! და ჩვენ წყალობა მოგვცეს უფალმა ჩვენი პატრიარქისა და ჩვენი მეუფე დიმიტრის ლოცვით!!!

ამინ!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
ლოს-ანჟელესი, წმ.საბას სერბული მართლმადიდებლური ტაძარი, 12 ივლისი 2009წ.

18 ივლისი 2009წ.

ჩვენი პატრიარქი, ხშირად ბრძანებს ხოლმე ძველი რომაელების გამოთქმას „დრონი იცვლებიან და დროსთან ერთად ვიცვლებით ჩვენც“ო, ერშიც იტყვიან ხოლმე ჩვენთან, მსგავსადვე ამისა „ეხლა სხვა დრო არისო“ ... და მართლაც, სხვა დროა ახლა, თითქოს აჩქარდა ყველაფერი და გაიოლდა ყოფაც, მაგრამ სულიერი პრობლემები ისევ რჩება და იზრდება. დღევანდელი ჩვენი ყოფაცხოვრება, ისე როგორც არასდროს, გვკარნახობს, რომ ვიყოთ უფრო მიწიერნი ვიდრე სულიერნი. დღეს მთელს მსოფლიოში სულიერების დეფიციტია, რადგან ღვთის რწმენას კარგავენ ადამიანები. თანამედროვე მიღწევებმა მეცნიერებაში და ახალმა ტექნოლოგიებმა გააამპარტავნა ადამიანი და ისეა გაკადნიერებული რომ ღვთის არსებობას ეჭვის ქვეშ აყენებს. მან შეიქმნა ყველანაირი კომფორტი მიწაზე და ეხლა სურს ერთადერთი „ხელისშემშლელი“ - ღმერთი მოიშოროს თავიდან, რადგანაც უფალი ხელს უშლის მის აღვირახსნილ მისწრაფებებსა და ფანტაზიებს. დიახ, აღარაა ღმერთის ადგილი ხორციელი სიტკბოებით გამაძღარ ადამიანში და იგი ღმერთის არ არსებობის დაჯერებით ცდილობს დაიმშვიდოს საკუთარი თავი, რადგანაც ფიქრობს, რომ „თუ ღმერთი არ არის, ვინ არის ჩემი განმკითხველი...? … ყველაფერი დაშვებულია!“ ალბათ გაგახსენდათ დოსტოევსკის ნაწარმოებიდან ცნობილი გამონათქვამი „არ არის ღმერთი! ესეიგი ყველაფერი დაშვებულია!“ მაგრამ ვაი, რომ ცდება ის ვინც ასე ფიქრობს, ვაი, რომ მიწას ირჩევს ზეცის ნაცვლად ის ვინც ასე ფიქრობს.

დღევანდელი სახარების საკითხავი რწმენას შეეხება. უფალი გვასწავლის, თუ როგორი შეუორგულებელი და მტკიცე რწმენა უნდა ჰქონდეს ადამიანს ღვთის მიმართ. ყოველგვარი ეჭვი სარწმუნოებაში აბრკოლებს ღვთისაგან მომდინარე სიკეთეს ადამიანზე. როდესაც მაცხოვარი მთავრის ასულის მკვდრეთით აღსადგენათ მიდიოდა, გზაში ავადმყოფმა დედაკაცმა შეახო ხელი მას სამოსელზე და თქვა გულში: “შეხოლოთუვახო სამოსელსა მისსა ვსცხოვნდე“ . გარდა იმისა, რომ არ ეეჭვება ღვთის სასწაული ამ დედაკაცს, მას აქვს განზრახვა კეთილი და საქმე ხილული - მან შეახო ხელი უფალს. ასევე ჩვენც უნდა ვისწავლოთ აქედან, რომ სარწმუნოება ღვთისა მაშინ იქნება ჩვენში ცოცხალი, როდესაც ჩვენ უფალს შევეხებით, როდესაც ჩვენ ვიცხოვრებთ ეკლესიურად, როდესაც ჩვენ გულით ვეზიარებით პატიოსანსა და უხრწნელსა ხორცსა და სისხლსა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესა. დღევანდელი სახარების საკითხავიდან ჩვენ კიდევ ვიგებთ რომ უფალი ყოველთვის მზადაა ჩვენზე კურნება მოიღოს. მთავრის ასულის განსაკურნავად და აღსადგენათ მიმავალი გზაზე,თითქოს შემთხვევით , შემხვედრ ავადმყოფ დედაკაცს კურნავს.

რწმენა საქმის გარეშე მკვდარია და არა რას არგებს ადამიანს, თუ მას კეთილი საქმეები არ ახლავს. წმ. იაკობ მოციქული ამბობს: „მიჩვენე მე სარწმუნოებაი შენი საქმეთაგან შენთა და მე გიჩვენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაი ჩემი. შენ გრწამს ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან“ ანუ მხოლოდ ცოდნა იმისა, რომ ღმერთი არსებობს არ ყოფილა მაცხოვნებელი, მხოლოდ რწმენა ღვთისა, კეთილ საქმეთა გარეშე არ ყოფილა მაცხოვნებელი. ჩვენ ყოველ დღე უნდა ვწვრთნიდეთ საკუთარ თავს ღვთივსათნო საქმეებით, რათა მოვიპოვოთ რწმენა ცხოველი ჩვენს გულებში. ამ სულისკვეთების გამოძახილია წმ. ილია მართლის მიერ ნათქვამი „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე აბა დღეს, მე ვის რა ვარგე“ .

რწმენა ჭეშმარიტი ღვთისადმი არის ძირითადად წარმმართველი და მაცოცხლებელი ძალა არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პიროვნებისა, არამედ ერებისაც. ამის მაგალითია ჩვენი პატარა საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ავხსნით, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის შემხედვარე, ჩვენს სასწაულებრივ გადარჩენას. ქრისტეს სარწმუნოება ჩვენი ერის სულია და მის გარეშე ვერ ვიარსებებთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ თითქმის არასდროს ვყოფილვართ ჩვენი სარწმუნოებით მოძალადენი, ჩვენთან ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს სხვა სარწმუნოების აღმსარებელნი, რადგანაც სწორად და კეთილად ესმოდათ ჩვენს წინაპრებს მცნება უფლისა, ღვთისა და ადამიანის სიყვარულის შესახებ. და როდესაც გვესმის ზოგჯერ ამა თუ იმ ადამიანის ურწმუნოება ან გნებავთ განდგომა ჩვენი სარწმუნოებისაგან, ძალიან სამწუხაროა.

დღეს კვლავაც, მოუწოდებს უფალი და ჩვენი ეკლესია მისი მწყემსმთავრის პირით, ეკლესიის გარეთ მყოფ ნათელღებულ თანამემამულეებს, „დამიბრუნდით! რადგან მე გამოგისყიდეთ თქვენ!“ (ისაია 1,18, 44,22). „განღებულ არს კარი სინანულისაი, შევიდეთ მას შინა, ძმანო შევინანოთ შეცოდებანი ჩვენნი, რათა მიერ გამოვიდეთ წმიდანი ხორცითა და განათლებულნი სულითა“ ...

დაწერილია, რომ უკანასკნელ ჟამს ბევრი ცდუნება იქნება მომდინარე ამა სოფლისგან, და მრავალნი მოვლენ ცრუწინასწარმეტყველნი და ცრუ მოძღვარნი, რათა აცდუნონ ადამიანები, ზოგიერთს აცდუნებენ სხვა ღმერთების არსებობით, ზოგიერთს ვითომდა ახალი აღმოჩენებით, ზოგიერთს კი საერთოდ ღმერთის არ არსებობით... ამისათვის გაფრთხილებთ დედაეკლესია ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო, ნუ ცდუნდებით ბოროტისაგან, ,,დექით მტკიცედ და შეურყეველად“ სარწმუნოებაში, გქონოდეთ რწმენა ცხოველი ღვთისა კეთილ საქმეებთან ერთად და ,,იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი.“ რათა გვრქვას ოდესღაც , უფალმა ღმერთმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, ცხოველსმყოფელი სიტყვები: ,,ნუ გეშინინ“ ... ,,სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“ ამინ!

ღმერთმა დალოცოს გააერთიანოს და გაამთლიანოს ჩვენი საქართველო თვისი წყალობით! და ღმერთმა ღირსგვყოს მართლმადიდებლობისა სიტყვითა წარდგომად წინაშე მისსა, დღესა მას სიტყვისგებისა ჩვენისასა, ოდეს იგი მიაგებდეს თითოეულსა საქმეთა მათთაებრ!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაკურთხოთ სარწმუნოებაში ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
ლოს-ანჟელესი, წმ.საბას სერბული მართლმადიდებლური ტაძარი, 18 ივლისი 2009წ.

August 2, 2009 Iliaoba - day of St. Elia the Prophet


„Behold, how good and how pleasant it is for brethren to dwell together in unity!“thanks be to God! That he gave us, to Serbian and to Georgian people opportunity to Glorify the Lord together on the feast day of St. Elia the Prophet!

The prophet Elias, who was taken up alive to Heaven on a fiery chariot, According to the tradition of Holy Church, he will be a Fore Runner of the Terrible Second Coming of Christ upon the earth and during the time of preaching, he will unmask the evil and will endure bodily death for Christ. May he pray for us to the Lord!!!

As you know, our orthodox church is praying for our life. We ask to the Lord for mercy, for grace, for forgiveness of our sins, for good defense at the dread judgment of Christ and many other blessings, but most important place in our prayers has Peace and unity… almost in all parts of holy services we pray to The God for peace and for unity and God blesses us by the words of priests with peace in unity “Peace be unto all”…

God’s glory seems in our friendship, in our brotherly relations and in our love. And today when we are together, Serbian and Georgian Orthodox people, let us ask again to the Lord for our countries well being, Peace and unity… let us ask to the lord for our pain, since Both of our countries share a similar fate…

Also, let us remember God’s suggestions and comfort… “But rather seek ye the kingdom of God; and all these things shall be added unto you. Fear not, little flock; for it is your Father's good pleasure to give you the kingdom.” So lets not be scared if the earth is taken away, because the heavens is given to us.

Nothing happens without the Lord’s will, and perhaps this peril was bestowed upon us to test our faith and to strengthen our spiritual path. May God will that we shall soon celebrate our countries’ unity, peace and prosperity.

Today is the Saint’s day of His Holiness and Beatitude Ilia II Catholicos Patriarch of All Georgia and Archbishop of Mtskheta and Tbilisi.

What can a child say about his parent? First of all to wish him health, longevity and happiness!!!

In the year 1977, when he was first given the title of Patriarch, our church was in a bad situation. The number of our parishioners was small and the Communist regime dominated the whole country. However, despite all these hardships, he was able to return the people back to the church and the future warriors of the independent Georgia grew up under him.

He also converted many Communist officials to Christianity, many of whom would say their confessions in secret. This is how new religious life was beginning in Georgia.

With God’s strength and mercy, he was able to regenerate religious and monastery life. He reopened ecclesiastic seminaries during the time when such a thing was unheard of. He was and is the peacemaker everywhere and in every matters between men and between people, he was the first person in the history of Soviet Union to ask the General secretary of the communist party to abolish the death penalty …

And with your permission, our dear hosts, our dear Serbian brothers and sisters, I would like to say a toast in the name of all Georgians living in California and also in your name to congratulate Catholicos Patriarch of All Georgia Ilia II!!! Truly, your spirit shines brilliantly before men and because of this we praise your father in Heaven both now and ever and unto the ages of ages…Amin!!!

I would like to thank you all in the name of Archbishop Dimitri and myself personally for the hospitality, the warmth and the love that you have shared towards the Georgian people. Many thanks to bishop Maxim, I had the pleasure of meeting him at the Saint Herman of Alaska Monastery in Platina. He is truly a brilliant person.

And of course, many thanks to my spiritual brother in Christ, our Father Jurica, who is also a brilliant person for all of us.

May God wish with the help of our patriarchs’ and our archbishops’ prayers, our countries’ prosperity and unification.

Amin!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
სან ფრანცისკო, წმ. იოანე ნათლისმცემლის სერბული მართლმადიდებლური ტაძარი, 2 აგვისტო, კვირა, ილიაობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღე.

2 აგვისტო, ილიაობა


„აჰა, ესერა რამე კეთილ, რამე შუენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად“...ვმადლობთ ღმერთს, რომ ღირსგვყო სერბი და ქართველი მართლმადიდებელი ხალხები, ერთად გვედიდებინა უფალი - წმ. ილია წინასწარმეტყველის ხსენების საზეიმო დღეს.

წმ. ილია წინასწარმეტყველი, რომელიც სხეულით იქნა ზეცად აღყვანილი, ეკლესიის სწავლებით – ღვთის ნებითა და განგებით, ბოლო ჟამს გამოჩნდება დედამიწაზე, რათა ამხილოს ბოროტება და ეწამოს ღვთის გულისათვის. ღმერთმა შეგვიწყალოს მისი ლოცვით.
მოგეხსენებათ, წირვა-ლოცვისას ეკლესია უფალს ავედრებს ეკლესიის წიაღში მყოფთა, მორწმუნეთა ცხოვრებას. ჩვენ ვითხოვთ, წყალობას, მადლს, ცოდვათა მიტევებას, კეთილ სიტყვისგებას საშინელი სამსჯავროს წინაშე და ა.შ. მაგრამ განსაკუთრებულია ჩვენი სათხოვარი ღვთისადმი, რომელიც მშვიდობასა და ერთობას შეეხება.

წირვა-ლოცვის თითქმის ყოველ ნაწილში ვთხოვთ უფალს მშვიდობასა და ერთობას, რადგანაც მშვიდობით და ერთობით იდიდება უფალი და მშვიდობაში და ერთობაში იკურთხება ერიც, მღვდლის მიერ წარმოთქმული სიტყვებით „მშვიდობა ყოველთა!“. უფლის დიდება, ჩვენს ღვთისმიერ, ძმურ ურთიერთობაში და სიყვარულში გამოიხატება. დღეს, სერბი და ქართველი მართლმადიდებელი ხალხები, ვევედრებით რა უფალს, კიდევ შევთხოვოთ მას ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა, მშვიდობა და ერთობა, შევთხოვოთ ჩვენი სატკივარი, რომელიც მსგავსი გვაქვს ორივე ერს …

ამასთან, გვახსოვდეს უფლის შეგონება და ნუგეშიც... ,,ეძიებდით სასაუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.“...და „ნუ გეშინინ, მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი.“...ასე რომ ნუ შევშინდებით მიწა თუ გვერთმევა, ზეცა გვეძლევა!!! არაფერი არ ხდება ღვთის დაშვების გარეშე, და ეს განსაცდელიც ალბათ, იმიტომ იქნა დაშვებული ჩვენზე, რომ ჩვენი სულიერი მიმართება და ღვთისაკენ სვლა გაგვემტკიცებინა... ღმერთმა ინებოს რომ სულ მალე, ჩვენ გვეზეიმოს ჩვენი ქვეყნების გამთლიანება, მშვიდობა და კეთილდღეობა!!!

დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ი ლ ი ა მეორის ანგელოზის დღე.

რა შეიძლება შვილმა თქვას მშობელზე? თუ არა ის რომ უპირველეს ყოვლისა უსურვოს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სიხარული!!! 1977 წელს როდესაც ის აღსაყრდა საპატრიარქო ტახტზე, მძიმე მდგომარეობაში იყო ჩვენი ეკლესია, მცირე იყო მორწმუნეთა რაოდენობა, კომუნისტური რეჟიმი ბატონობდა მთელს ქვეყანაში და მიუხედავად ამისა, მან მოახერხა დამოწაფება და დაბრუნება ქართველი ხალხისა ეკლესიაში, სწორედ ეკლესიის წიაღში აღიზარდნენ, შემდგომში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მრავალნი მებრძოლნი. მან მოდრიკა მაშინ სარწმუნოებისაკენ ბევრი ჩინოვნიკი კომუნისტიც, ზოგიერთი მათგანი, მას, საიდუმლოდ აბარებდა აღსარებას, ასე იწყებდნენ ახალ ეკლესიურ ცხოვრებას საქართველოში...

მან, ღვთის ძალითა და მადლით მოახერხა და ააღორძინა საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრება, მან გახსნა სასულიერო სასწავლებლები, მაშინ როდესაც ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო, იგი იყო და არის მშვიდობისმყოფელი ყველგან და ყველა საკითხში, რომელიც ადამიანთა და ერთა ურთიერთობებს შეეხება, მან პირველად საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში მოთხოვა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს გაეუქმებინა სიკვდილით დასჯა...

და თქვენი ნებართვით, ჩვენო მასპინძლებო, ჩვენო ძვირფასო სერბო ძმებო და დებო, მე მინდა ჩემი და კალიფორნიაში მცხოვრები ქართველი ხალხის სახელით, მივულოცო სრილიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქს ი ლ ი ა მეორეს ანგელოზის დღე!!! ჭეშმარიტად, ბრწყინავს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა და ამისათვის ვადიდებთ მამასა თქვენსა ზეცათასა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე... ამინ!!!

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველი მიტროპოლიტი დიმიტრის სახელით და პირადად ჩემი სახელით, თქვენი სტუმართმოყვარეობისათვის, სითბოსათვის და სიყვარულისათვის, რასაც თქვენ გამოხატავთ ქართველი მრევლის მიმართ... დიდი მადლობა მეუფე მაქსიმეს, მქონდა ბედნიერება გავცნობოდი მას პლატინის, წმ. ჰერმანე ალიასკელის სახელობის მონასტერში; ის არის მართლაც ბრწყინვალე პიროვნება!

და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩემს სულიერ ძმას ქრისტეში, ჩვენს მამა ჯურიცას, რომელიც ასევე ბრწყინვალე პიროვნებაა ყველა ჩვენთაგანისათვის...

დღეს ასევე არის ჩვენი ერის, დიდი საზოგადო მოღვაწის და სულიერი მამის წმ. ილია მართლის ხსენება, რომლის ლოცვითა და მეოხებით ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს კეთილმორწმუნე ერი ჩვენი!!!

ღმერთმა ინებოს ჩვენი პატრიარქების და ჩვენი მეუფეების ლოცვით, მშვიდობით კეთილდღეობა და გამთლიანება ჩვენი ქვეყნებისა!!!

ამინ!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
სან ფრანცისკო, წმ. იოანე ნათლისმცემლის სერბული მართლმადიდებლური ტაძარი, 2 აგვისტო, კვირა, ილიაობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღე.

ნ ა თ ლ ო ბ ი ს დ ღ ე ! ! !


კალიფორნიის წმ. ნიკოლოზის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ქრისტეს მხედარი იშვა...

2009 წლის 9 აგვისტოს, სან ფრანცისკოში, ოკეანეში ნათელ-იღო გიორგი ქავთარაძემ!!! ღმერთმა დალოცოს და გაახაროს გიორგი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა!!!



რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს ქრისტე შეგვიმოსიეს ალილუია!!!

9 აგვისტო


დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმ. დიდმოწამისა და მკურნალის პანტელეიმონის ხსენებას. შევთხოვოთ უფალს, რომ მისი მეოხებით მოგვცეს სიმტკიცე რწმენაში და მოიღოს კურნება ჩვენს სულებზე.

ყოველი დღე რაღაცას გვასწავლის და გვაუწყებს, განსაკუთრებით ეკლესიაში ... ვსწავლობთ უფრო მეტს ცხოვრებაზე, ღმერთზე და გარესამყაროზე..., რადგანაც ეკლესიაში მასწავლებელი თვით სულიწმიდაა... და აი დღევანდელი წაკითხული სახარებიდან უფალი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს და გვასწავლის იმას თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენმა მცირედმორწმუნეობამ.

წმ. პეტრე მოციქულის მაგალითი ყველა მორწმუნისა და განსაკუთრებით სასულიერო პირისათვის გულისხმისსაყოფია, რამეთუ სასულიერო პირი ადგება რა ამ საპატიო და ამავე დროს რთულ გზას, თითქოს უცხადებს უფალს: „უფალო, ... მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა“. წარმოუდგენლად მძიმეა და ამავე დროს მსუბუქიც მღვდელმსახურება...

ყოველ დღეს, ყოველ წუთს და ყოველ წამს ჩვენ ბრძოლა გვიწევს საკუთარ თავთან, უხილავ მტრებთან „რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, ...“

ამისათვის გვმოძღვრავს წმ. პავლე მოციქული: „აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ. და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად;“

რწმენა, საჭურველია და ფარია ყოველგვარი უკეთურობისა და მცირედმორწმუნეობის წინააღმდეგ, ჩვენი სარწმუნოება გაჯერებულია სახარებისეული სიმართლით, რომელსაც ადამიანი სულიწმიდის მადლით, ეკლესიური ცხოვრებით, ეკლესიის წიაღში იღებს... ჩვენმა პატრიარქმა შესანიშნავად ბრძანა თავის ერთერთ ქადაგებაში: „ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს“.

ადამიანი მთელი სულით და გულით უნდა ცხოვრობდეს ეკლესიაში, რომ შეიცნოს ჭეშმარიტების სული, დაცულ იყოს მცირედმორწმუნეობისაგან, ბოროტისაგან, გაიგოს, რომ ღვთის მოწყალება აღემატა ღვთისავე სამართალს და მიხვდეს, რომ მხოლოდ შეუორგულებელი რწმენით შეუძლია ადამიანს უფალთან მისვლა...

და აჰა მოუხმო უფალმა პეტრეს, რათა მისულიყო მასთან წყალზე სვლით... და „იხილა ქარი იგი ძლიერი“ - პეტრემ ,, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე!...“ . და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი? ... ... როგორც მოსიყვარულე მამა თავის საკუთარ პატარა შვილს სიარულს ასწავლის და როცა წაიბორძიკებს შვილი ხელს შეაშველებს ხოლმე, ისე უწვდის და აშველებს ხელს ქრისტეც პეტრეს...

„ქარი იგი ძლიერი“ არის განსაცდელები ჩვენზე მოწევნული, რომლებიც მრავლადაა ჩვენს ცხოვრებაში, წყალზე სვლა პეტრესი არის სიმბოლო ჩვენი სვლისა სარწმუნოებაში, ხოლო შიში პეტრესი კი არის მცირედმორწმუნოების ნაყოფი... მცირედმორწმუნეობა ადამიანის მძიმე სენია და არის დასაბამი დაღუპვისა. ყველა ცოდვასა და ვნების აღძვრას წინ მცირედმორწმუნეობა უძღვის...

თუმცა უფალი, ჩვენი მცირედმორწმუნეობის დროსაც კი გვეუბნება: „კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ! ... რაჲსა შეორგულდი...?“ მადლობა ღმერთს, მთელი სახარება აღსავსეა ამ ნუგეშის სულით, ნუგეშინისმცემელის სულით... ეს სული უძღვის წინ ყველა კეთილმორწმუნეს ეკლესიაში...

ღმერთმა მოგვცეს სიმტკიცე რწმენაში და უფალმა განკურნოს ჩვენი სისუსტეები წმ. პანტელეიომონის ლოცვით. თქვენ იცით, რომ წმ. პანტელეიმონს ეკლესიამ მკურნალი უწოდა, მას ევედრებიან მძიმედ სნეულნი და ასევე, მას ევედრებიან რწმენაში განმტკიცებისთვის... შემთხვევითი არაა, რომ დღეს წაკითხული სახარება ეხმიანება რწმენის სიმტკიცის საკითხს, რომლის სიმტკიცე წმ. პანტელეიმონმა დიდმოაწამეობით დაბეჭდა...

ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ და გაკურთხოთ სარმუნოებაში!!! თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ გუშინ საქართველოს ყველა ეკლესიაში შესრულდა პანაშვიდი, გასულ წელს სამაჩაბლოში მომწყდარი გმირების სულთა საოხად... ამ ტრაგიკული მოვლენებიდან უკვე ერთი წელია გასული... ღმერთმა დაამკვიდროს ისინი „სადაცა მართალნი განისვენებენ...“ და წმინდანთა და მართალთა ლოცვით უფალმა გააერთიანოს და გაამთლიანოს ჩვენი საქართველო...

ამინ!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
სან ფრანცისკო, წმ. იოანე ნათლისმცემლის სერბული მართლმადიდებლური ტაძარი, 9 აგვისტო, კვირა

16 აგვისტო, კვირა, მარხვისათვის. 2009


„...და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამოთ. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ...“ აი, სად იღებს მარხვა სათავეს... სიმბოლურად ყოველი მარხვა, იმ პირველი მარხვის გაგრძელებაა... და ასეა მარიამობის მარხვაც.

ერთი შეხედვით, მარხვა არის ადამიანის თავშეკავება ხორციელი სიამოვნებისაგან, მაგრამ სულიერი შინაარსი მარხვისა გაცილებით ღრმაა... წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ხის ნაყოფზე საუბრისას, განმარტავს, რომ აქ რეალურ ხის ნაყოფზე, ან ხილზე კი არ არის საუბარი, არამედ ლაპარაკია, უმაღლეს ღვთაებრივ საიდუმლოებებზე და ჭეშმარიტებებზე, რომელიც ადამიანს ჯერ არ უნდა ეგემა ღვთის წინაგანგებით...

ბევრ ადამიანს აღიზიანებს, დაწესებული სულიერი აკრძალვები და ჰგონია , რომ ეს მის თავისუფლებას ზღუდავს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არსი ამ „აკრძალვებისა“გამომდინარეობს ღვთისმიერ ადამიანის სიყვარულიდან და მდგომარეობს ადამიანისათვის ხელშეწყობაში და მისი წარმატების სრულყოფაში... ადამიანმა ყველაფერი მიიღო ღვთისაგან: სიყვარული, სიცოცხლე, ცხოვრება სამოთხის ბაღში, თავისუფალი ნება, მშვიდობა, სილამაზე, სიხარული,... და საჭირო იყო რომ ადამიანშიც ამოქმედებულიყო ეს სიყვარულის ძალა, საკუთარი ნებით, საკუთარი ღვაწლით, რომელიც მდგომარეობდა ღმერთის მიმართ სიკეთის ქმნაში, დიახ ღმერთის მიმართ...

რა შეეძლო ადამს მიეცა ღვთისათვის? რა ჰქონდა მას თავისი რომ ღვთისათვის ებოძა? რა თქმა უნდა არაფერი გარდა საკუთარი თავისუფალი ნებიდან და თავისუფალი არჩევანიდან გამომდინარე დამოკიდებულებისა...მადლიერებისა, რომელიც ამ შემთხვევაში მდგომარეობდა ღვთის გულისათვის აკრძალული ხილის არ დაგემოვნებაში - მარხვაში ...

ეს არის სიყვარულის უმთავრესი კანონიც - რომ მე შენთვის ამას და ამას არ გავაკეთებ! ან პირიქით, მე შენთვის ამას გავაკეთებ! მაგალითად უმცირესი გამოვლინება სიყვარულისა მდგომარეობს თუნდაც იმაში, რომ ადამიანი ადამიანს წყალს დაალევინებს... ხოლო უმაღლესი გამოვლინება სიყვარულისა მდგომარეობს თავგანწირვაში ... მე შენთვის თავს გავწირავ!

დღესაც შეყვარებულები დაახლოებით ასე არ ეფიცებიან ხოლმე ერთმანეთს? ... ეს არის სახარებისეული ჭეშმარიტებაც „უფროის ამისა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“ (იოანე 15,12-13). სიყვარული საურთიერთოა და ამ ურთიერთობაში ჩვენ ყოველდღე გარკვეულწილად ვწირავთ საკუთარ თავს ერთმანეთისთვის...

მარხვა უპირველეს ყოვლისა სიყვარულის გამოვლინებაა ღვთისადმი. შენ ჯვარს ეცვი უფალო პარასკევს ჩვენთვის? ჩვენ შევეცდებით, ჩვენი ადამიანური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თანაგანმცდელნი ვიყოთ შენი ტკივილებისა... და მადლიერების ნიშნად ვიმარხულებთ პარასკევს შენთვის...

სიყვარულის და თანაგანცდის კანონი არ შეიძლება დაიყვანებოდეს რაღაცის ჭამაზე ან არ ჭამაზე... მშიერი ხარ? მიირთვი რაც გენებოს... „საჭმელი არ შეაგინებს კაცს“... მაგრამ ჩაწვდი მარხვის არსს, რადგანაც ეს შენ ხელს შეგიწყობს, რომ ჩამოყალიბდე სრულყოფილ ადამიანად... არავის ეგონოს, რომ მარხვა არის მხოლოდდამხოლოდ გარეგნული წესი, რომელსაც თუ არ დაიცავ, აუცილებლად ღმერთი დაგსჯის ან ჯოჯოხეთში მოხვდები... მარხვა ჩვენი შინაგანი საქმეა... და იგი ჩვენთვისაა, ადამიანებისათვის, ის ღმერთს არ სჭირდება...
ის სრულყოფს ადამიანს, აყალიბებს დამოუკიდებლობას, ხასიათის სიმტკიცეს, ამაღლებს ვნებების წინააღმდეგ ბრძოლის უნარს... მარხვაზე თავის არიდება ის შეცდომაა, რომელიც ადამიანის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას არყევს, მარხვა არის სულიერი ენერგიების წყარო, რომლიდანაც საზრდოობს ადამიანი და მისგან განშორება ნიშნავს სულიერ წყაროზე უარის თქმას...

აბბა პიმენი ამბობს: „სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება.“. „აკრძალვანი, რომელშიც მარხვის დადგენილების შედეგად მოექცევა ჩვენი სხეული, არარაობაა იმ სულიერ სარგებლობასთან, რომელიც შეუძლია მოგვიტანოს მარხვამ.“ ამბობს წმ. ეპიკოპოსი ეგნატე. მარხვა და ლოცვა ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში, კეთილგონიერებაში, ძლიერებაში, კეთილ ზრახვებში, სულიერ მტრებთან ბრძოლაში და ა.შ. მარხვა სულის ხელმწიფებაა სხეულზე, მმარხველი ადამიანი თავისუფალია...

დღეს წაკითხული სახარებიდან ჩვენ ვიგებთ, რა ძალა აქვს მარხვას ადამიანის ცხოვრებაში. იგი განდევნის ადამიანიდან ყველაზე მზაკვარ სულს, რომელიც ტანჯავს ადამიანს „ ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.“ გვასწავლის მაცხოვარი...

არის შემთხვევები, ჩვენი უძლურებებისა და სისუსტეების გამო მარხვას ვტეხავთ საკუთარი ნებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი მარხვა უნდა გავტეხოთ... გულითადი მონანიება და შემდგომ მარხვის დაცვა არის შესანიშნავი გამოსავალი...

პავლე მოციქული ამბობდა: „რამეთუ არა რომელი იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“ (რომ. 7, 19). ანუ ხშირად ჩვენს სურვილებსა და ჩვენს ქმედებებს შორის შეუსაბამობაა...

ამასთან, მარხვა მარტო საკვების შერჩევა და აკრძალვა არ არის, მარხვა შესაბამისი განწყობის შექმნაც და გულითადი და ხშირი ლოცვებია, მარხვა მონანიება და ცოდვათა მიტევებაა. მარხვის დღეები, არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ თავშეკავებით, ზოგჯერ ტკივილებით და ურთიერთპატიებით, ვცდილობთ განწმენდას, რათა შემდგომ უფრო მსუბუქად და ლაღად გავიაროთ... ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვა არის ადამიანის სულში მიმდინარე დიდი შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც თუ სწორად წარმართავს ადამიანი, დაიბრუნებს სამოთხეს და სამოთხეზე უფრო მეტს...

ამიტომაც ვიყოთ ყოველთვის ღვთის იმედით, შევეცადოთ დავიცვათ ღვთის მცნებები, მთელი სულით და გულით და უფალი აუცილებლად შეგვინდობს ჩვენს ცოდვებს, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთია და მისდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე...ამინ!!!

მაშ მოვედით ძმანო და დანო, ვიმარხულოთ სიყვარულისათვის - ღვთის გულისათვის, რადგანაც ჩვენი ხსნა სიყვარულშია...

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
სან ფრანცისკო, 16 აგვისტო, კვირა,წმ. ტიხონ ზადონელის სახელობის ტაძარი,(წმ. იოანე შანხაელის კელია)