Tuesday, July 9, 2013

წერილი ჩემს შვილს

ჩემო საყვარელო შვილო, გთხოვ, ნუ გახდები, უნებლიედ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან აგიტატორი… არა აქვს მნიშვნელობა რომლის… იყავი ქრისტიანი, უბრალო… ნურც შენი ხმამაღალი ლოცვით შეაწუხებ ვინმეს და ნურც ინტერნეტში იქადაგებ ღვთისმეტყველებას, როგორც ამას "მრავალი" "თეოლოგი" აკეთებს… გახსოვდეს, ყველა არაა უფლებამოსილი იქადაგოს და დამოძღვროს … ყველა ვერ იქნება სიბრძნის მღაღადებელი მოძღვარი… გიყვარდეს ღმერთი, ყოველგვარი სიკეთის წყარო, შენი ოჯახი, ერთგული იყავი შენი ცოლის, შვილების, შენი ახლობლების… იშრომე და მუდამ სიკეთე სთესე… მოეფერე ყველას და ყველაფერს, ღვთის გაჩენილს, ამქვეყნად… და მტრის სიყვარულსაც მალე ისწავლი… ყოველგვარი საზოგადოებრივი აქტივობა, შენი თავის მოწესრიგებიდან დაიწყე, ჯერ შენს თავს მიხედე, გაისარჯე სწავლაში, შრომაში, სიკეთის ქმნაში… გახდი თავის უფალი ადამიანი… შემდეგ კი შენს ირგვლივ გახდი მაგალითი, შენს ირგვლივ მყოფთ გამოადექი… არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნები ამქვეყნად, მღვდელი, პრეზიდენტი თუ დურგალი… ბევრი ფული გექნება თუ ცოტა… მთავარია ღვთის მადლი იყოს შენში დავანებული, რომელიც ყოველგვარი სიკეთის; სიხარულის, სიყვარულის და ჭეშმარიტი სიცოცხლის წყაროა… გახსოვდეს, ბევრს ნუ აიღებ შენს თავზე, შენივე ნებით, ნურასდროს, თუ კი გექნება ძალა საპატიო ტვირთის ზიდვისა, უფალი გამოგარჩევს და დაგადგენს იქ სადაც ეს საჭირო იქნება შენთვის და სხვისთვისაც… გაიხსენე, მოსე როგორ მოიძია უფალმა და დაადგინა მამად თავის რჩეული ერისა… იყავი მშვიდი და თავმდაბალი… და წინ ნუ აღუდგები ბოროტს, გაეცალე და გაატარე, ის თვითონვე წაბორძიკდება თავისავე სიბოროტეზე და გადაიჩეხება… იყავი ღმერთის… და არაფერმა არ შეგაშინოს ამქვეყნად, რადგან ის იქნება შენი მფარველი აქაც და "იქაც"… გლოცავ და გეფერები ჩემო შვილო… შენი ყოველი წარმატება სიცოცხლეს მმატებს, მახარებს ძლიერ… მე უკვე დავბერდი და გავდექი ჩრდილში… აჰა შენ ასპარეზი… აჰა შენ სარბიელი… ახლა შენა ხარ ყოჩი… იბრძოლე და გაიმარჯვებ!!! კურთხეულ იყავ ღვთისაგან ამიერითგან და უკუნისამდე… !!! სიყვარულით, შენი მამა (კარმელი, კალიფორნია 2013 წელი)