Saturday, August 10, 2013

წერილი ჩემს შვილს # 9

ჩემო საყვარელო შვილო, ბოლო წერილში შენ მწერდი რომ, ვეღარ უძლებ ცხოვრებისეულ სირთულეებს და რომ ყველას და ყველაფერს გაურბიხარ უკვე… მართალი გითხრა, მე არ ველოდი შენგან ასეთ წერილს, რადგან ვიცი რომ მამაცი გული გაქვს, მამასავით… :) ნუ შეშინდები ჩემო შვილო, მხნედ იდექი და გაიწვრთენი საკუთარი თავი კეთილგონიერებაში, "იყავი უმანკო, როგორ მტრედი და გონიერი როგორც გველი…" ყოველი განსაცდელი ჩვეულებრივ მიიღე და არ გაიკვირვო არაფერი არავისგან და არც თვით შენგან… რადგან "ბოროტსა ზედა დგას წუთისოფელი" და ჩვენ (სიკეთეს მოწყურებულნიც კი) ბოროტისაკენ ვართ მიდრეკილნი,… სიბრძნეს დაეშურე და გიყვარდეს ტკივილების ატანა, რადგან ეს ნეტარებების დასაწყისი შეიძლება იყოს… გახსოვს? ბავშვობაში, როდესაც კბილის ექიმთან დამყავდი, გზაში ბევრს ტიროდი ხოლმე… და შემდეგ უკვე, როცა აგიხსნიდი, რომ ეს სასარგებლო იყო შენთვის, ცრემლებში ღიმილს შეურევდი და მხნედ დაუჯდებოდი ხოლმე კბილის ექიმს სკამზე… ისევე ახლაც არ დაკარგო სიმხნევე და მტკიცედ იდექი ღვთისა და ადამიანის სიყვარულში… იყავი ღრმად მოაზროვნე და ყოველდღე შეიმეცნე - "შეიცანი შენი თავი", ეს სამყარო, "ის" სამყარო… სიყვარული და სიცოცხლე… ცხოვრებაში, ადამიანთა უმრავლესობას, აუცილებლად დაუდგება ხოლმე წამი, როდესაც უნდა აირჩიოს, მგელი იყოს თუ ცხვარი…? და ის თვითონ აკეთებს არჩევანს, ვინ იყოს ამქვეყნად… მე ცხვრობა ავირჩიე, ჩემო შვილო... და კეთილ მწყემსს მივებარე სამარადჟამოდ, ყოვლადძლიერს, ყოვლის შემომქმედს და ყოვლის განმგებელს… ის იბრძვისს ჩემს წილ... ნუ შეშინდები შენი სისუტით ან სხვისი ძლიერებით... გახსოვდეს.. "რბილი სძლევს მაგარს, სუსტი სძლევს ძლიერს...", ჯვარცმული იმარჯვებს ჯვარმცმელზე... ღმერთს მიებარე და დაუთმე მას, რომ შენს უძლურებაში თავისი ძალა გამოაჩინოს... საზოგადოებასთან კონფლიქტი ჩვენ მემკვიდრეობითად გვერგო, ჩემო შვილო, რადგან უცხოა ეს სახეცვლილი სამყარო და ეს დაცემული ბუნება ჩვენთვის… არც კი ეცადო შეურიგდე ამაოების მსახურთ, თორემ იმწამსვე თავისნაირად გაქცევენ, დაგცემენ და გადაგივლიან მერე… გახსოვდეს, მკვდარი აბელი სჯობს იყო, ვიდრე ცოცხალი კაენი… მე მთელი ცხოვრება ჩემსა და გარეშე საზოგადოებას შორის არსებული თანდაყოლილი ბზარის ამოვსებას ვცდილობდი და დიდხანს ვთხოვდი არაფრის მქონეს, სიკეთეს ამაოდ… და მერე მივხვდი, ცოტა მოგვიანებით, რომ უფრო მეტად და მეტად იზრდებოდა ნაპრალი წუთისოფელსა და ჩემს შორის… გამარჯვებას გისურვებ, გლოცავ და გეფერები, სიყვარულით შენი მამა (სან ფრანცისკო, ოქროს კარიბჭე, კალიფორნია 2013 წელი)