Monday, August 25, 2014

რომ ეკლესიას "ცოცხალი სული" წინამძღვრობს

"რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს." (2 კორ. 3,6) ..არა მხოლოდ წმინდა წერილით და არც მხოლოდ სჯულის კანონით ხელმძღვანელობს ეკლესია, არამედ ეკლესიაში “სული ცხოველი”, “სული უფლისა” წინამძღვრობს… ამიტომაა ცოცხალი მარად ჩვენთვის ღვთის სიტყვა, რადგანაც ეკლესიისგან ვიგებთ მის ძალას… რომ არ არსებობდეს ეკლესია, ვერ აცხონებდა ადამიანს, ვერც წმინდა წერილი, და ვერც სჯულის კანონი… მხოლოდდამხოლოდ ის, რომ ადამიანს შეუძლია მივიდეს ეკლესიაში და კურთხევა აიღოს სასულიერო პირისგან, უდიდესი წყალობაა ღვთისა.. რომ აღარაფერი ვთქვათ აღსარებაზე, ზიარებაზე… ანუ ადამიანი პირდაპირ კავშირს ამყარებს ცოცხალ ღმერთთან მხოლოდ ეკლესიის მეშვეობით… ესაა ზეცის სადგური დედამიწაზე… აბა წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ მარტო “ხელითწერილი” კანონები, ან თუნდაც მხოლოდ წმინდა წერილი გვქონოდა… ვინ იქნებოდა ჩვენი შემწე? ვისღა ვეტყოდით აღსარებას? დიახ, სწორედ “სული ცხოველი” ცოცხალ ადამიანთა საკრებულოშია დავანებული, იქ სადაც მღვდელმთავარია ქრისტესი და სამწყსო მისი… ეს უდიდესი ძღვენია ღვთისაგან ბოძებული ადამიანთა მოდგმისათვის. მან ღვთაებრივი ძალაუფლება ცოდვათა მოტევების, ადამიანთა მოდგმას გადასცა, რათა მათით ემოქმედა ჩვენი სულების გადასარჩენად. რადგან ადამიანი როდესაც სცოდავს, იგი თავისივე ბუნების მიმართ სცოდავს და შეუძლებელია იგი თავადვე გახდეს საკუთარი ცოდვების მიმტევებელი, ეს იგივეა საკუთარი თავი ასწიო შენივე ხელებით. აღსარება დიდი საიდუმლოა და მისით შეიცნობა კავშირი ღმერთთან ადამიანისა… აღსარებისას ღმერთი, უხილავად მყოფობს, როგორც სული; მღვდელმსახური ხილულად როგორც კაცი; და მონანული ცოდვილი ღვთაებრივისა და კაცებრივი ბუნებების წინაშე შენდობას იღებს. რადგანაც კაცს არა აქვს ბუნებითად ცოდვათა მიტევების ხელმწიფება და ღმერთი აძლევს მას ამ ძალაუფლებას, ამრიგად ღმერთი და კაცი იბარებს აღსარებას და ცოდვებს უტევებს ადამიანს. ბედნიერია აღმსარებელი ადამიანი, რადგან სიკვდილის მიზეზს სიცოცხლე აქრობს… “სული წმინდა” და “სული ცხოველი” დროში უკვალოდ მის ცოდვებს წარხოცს.. სამარადჟამოდ… ამიტომაც ეკლესიის გარეშე სიცოცხლეს აზრი ეკარგება, რადგან იქაა ნამდვილი სიცოცხლე, სწორედ ამიტომ ამბობს წმ. კვიპრიანე კართაგენელი შესანიშნავად; “ვისთვისაც ეკლესია არაა დედა, მისთვის ღმერთი არაა მამა ” იარეთ ეკლესიაში, ჩემო კარგებო, ნუ დაიგვიანებთ… იოლი არაა მაგრამ იპოვეთ მოძღვარი, კეთილგონიერი მამაცი, პატიოსანი და მამასავით მშობლიური… ჩაჰკიდეთ ხელი და ნუღარაფერი შეგაშინებთ… 2014 წელი, კარსონ სითი, ნევადა, არქიმანდრიტი იოანე კავსაძე