Tuesday, September 14, 2010

თავისკვეთა წმ. იოანე ნათლისმცემლისა


ყოველ 11 სექტემბერს, ეკლესია იხსენიებს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს. ამ დღესასწაულს, საზეიმოს ვერ ვუწოდებთ, რადგანაც ამ დღეს გამოვლინდა ადამიანთა უბოროტესი გრძნობები და დამოკიდებულებები ღვთისადმი და საერთოდ, საკუთარი თავისადმი...
იმ დღეს მეოთხედმთავარი გალილეისა მეფე ჰეროდე ანტიპა თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა და დიდი წვეულება ჰქონდა გამართული. იგი იყო შვილი, სწორედ იმ ჰეროდე დიდისა, რომელმაც მაცხოვრის შობისას ბეთლემში ყრმები ამოაჟლეტინა. და როგორც მამა ისე შვილიც ჰეროდე ანტიპა მამის კვალს დადგომოდა, იყო მზაკვარი და ავხორცი, მას ცოლად ჰყავდა უკანონოდ საკუთარი ძმის ცოლი გარყვნილი ჰეროდეადა, რომელმაც ქმრის ძმასთან მაშინ გააბა უკანონო ურთიერთობა, როდესაც ის თავის ძმას სტუმრობდა. ეს ყოველივე ხალხმა იცოდა და ყველა შფოთავდა, მაგრამ ჰეროდეს მხოლოდ იოანე ნათლისმცემელი ამხელდა: „არ გერგება შენი ძმის ცოლი ცოლადო“ ... რაზეც ჰეროდეადას გული მოსდიოდა და მოკვლა სურდა იოანესი, მაგრამ ვერ ხელეწიფებოდა. ჰეროდეს კი ეშინოდა და იფარავდა იოანეს, რადგანაც იცოდა, რომ ის მართალი და წმინდა კაცი იყო. და როგორც სახარებიდან სჩანს ეს, ჰეროდე მას ხანდახან სიამოვნებითაც კი უსმენდა ხოლმე.
და, აი როდესაც ჰეროდე განცხრებოდა და სიამოვნებით ტკბებოდა თავის ნადიმზე, ჰეროდეადას შვილმა სალომეამ იცეკვა მის წინაშე და კიდევ უფრო აღაგზნა მასში ავხორცული ვნებები. გაბრუებულმა ჰეროდემ სალომეას აღუთქვა ყოველივე, რასაც კი ის მოისურვებდა, თვით ნახევარ სამეფოსაც კი დაჰპირდა სალომეას...
სალომეამ კი, დედამისის ჰეროდეადასგან დარიგებულმა, მოთხოვა ჰეროდეს, მოკვეთილი თავი წმ. იოანე ნათლისმცემლისა... როგორი მოთხოვნაა?! ან როგორი სურვილია?! ...
ამით... მან, იოანეს თავის მოკვეთის მოთხოვნით, ფაქტიურად ღმერთი მოკლა და თავიც მოიკლა, რადგანაც მან უკვე ხილული, მამხილებელი სინდისი მოკლა, რასაც წინ, უეჭველად, საკუთარი შინაგანი სინდისის მოკვლა უძღვოდა.... არ სჯობდა ჰეროდეადასთვის სადმე მონად გაჩენილიყო? ან უბრალო მხევალი ყოფილიყო, ვიდრე დედოფლად წოდებულიყო და ასეთი საშინელება მოეთხოვა? ამიტომ დედამიწაზე ყოველთვის საშიშია და საფრთხილოა ყოველი მაღალი წოდება, პატივი და ხარისხი, რადგანაც ეს ყოველივე ღვთაებრივია, მეფეს და დედოფალს, ღვთის მსგავსად, მოწყალება, სამართლიანობა და სიწმინდე ჰმართებს და ჰშვენის, სხვადასხვა მსახურსა თუ მოხელეს ერთგულება, პატიოსნება და შრომისმოყვარეობა... ეს სიკეთეები აქცევს ადამიანს ნამდვილ მეფედ და დედოფლად, ეს სიკეთეები უნდა გააჩნდეს ყოველ ადამიანს, რომელიც რაიმე ხარისხსა თუ წოდებას მიელტვის ამ ქვეყნად, და თუ არა აქვს და ვერც იძენს ამ სათნოებებს, მაშინ სჯობს არც ისურვოს წარმატება, რადგანაც ბოლოს ცუდ დღეში ჩააგდებს საკუთარ თავსაც და სხვასაც... როგორც ეს ჰეროდეადამ გააკეთა, მან ჯერ საკუთარ თავს ავნო, იოანეს მოკვლა რომ მოისურვა, შემდეგ კი თავის შვილსა და ქმარს გაუკეთა ცუდი, რადგანაც რეალურად, ჰეროდეადამ მათით ჩაიდინა მკვლელობა ... ის იყო ირიბად და პირდაპირაც გადაწყვეტილების მიმღები, ბრძანების გამცემი და საქმის აღმსრულებელიც...
თან თითქოს, თვითონაც არ გამოჩნდა, როგორც ეშმაკი...
ახლა კი სალომეას დავაკვირდეთ თუ როგორ მოიქცა ის. მან ისე იცეკვა დედამისის ქმრის თვალწინ, რომ გააბრუა იგი და ხორციელი ვნებები აღძრა მასში... ეს რა ცეკვა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგიერთნი, ჩვენი თანამედროვენი დღეს მას, უეჭველად სექსუალურს უწოდებდნენ... და ქათინაურებსაც არ დააკლებდნენ სალომეას...
კიდევ უფრო ამაზრზენი გახდება ჩვენთვის ის, თუ იმასაც წარმოვიდგენთ, თუ როგორ უყურებდა ამ ყოველივეს ჰეროდეადა...
საერთოდ ცეკვა, ეკლესიის სწავლებით, წმ. მამათა უმრავლესობის აზრით ცოდვაა, რადგანაც ხორციელ ვნებებს აღძრავს ადამიანში, მაგრამ ჩვენ ვიცით ძველი აღთქმიდან, რომ წინასწარმეტყველი და მეფე დავითი, როდესაც სჯულის კიდობანს მოაბრძანებდა თავის ხალხთან ერთად დავითის ქალაქში, მღეროდა და ცეკვავდა წინაშე უფლისა, ე.ი. ... ალბათ ღვთიურმა სიხარულმაც შეიძლება აგამღეროს და აგაცეკვოს კიდეც... რისი მაგალითიც დღეს შეიძლება იყოს, აღდგომისას იერუსალიმში ქრისტე მაცხოვრის ტაძარში, ღვთაებრივი ცეცხლის მომლოდინე, მოზეიმე არაბი მართლმადიდებლები, რომლებიც დაფდაფებით და შეძახილებით ელოდებიან აღდგომის ცეცხლს... ასევე ჯვრისწერის სიხარულმაც შეიძლება ააცეკვოს და აამღეროს ნეფე-პატარძალი, მექორწილენი... მაგრამ როგორ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ, ასეთ დღესასწაულებზე მოზეიმე ადამიანთა მიზეზი და სულიერი განცდა, იმ ადამიანთა მიზეზსა და სულიერ მდგომარეობას, რომელნიც ღამით, ჩაბნელებულ დისკოკლუბებში ცეკვავენ, როკავენ... ?!
ახლა მცირე ხნით ჰეროდეს შევხედოთ გონების თვალით, როგორ გადაწყვეტილებას იღებს იგი? ტკბება თავის ნადიმზე ძალაუფლებით ჰეროდე და ალბათ ქება-დიდებასაც იღებს დამსწრეთაგან, ალბათ ეუბნებიან კიდეც, თუ როგორი ვაჟკაცია და ძლევამოსილი იგი.... ამაყია... და აი, რას ვხედავთ?! სალომეას ცეკვით გაბრუებული, თუ როგორ კარგავს სწორი განსჯის უნარს, სახელმწიფოს უმაღლესი მოხელე, თუ შეიძლება ასე ითქვას მეფეზე, თითქოს ის თავისი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ იყოს... იგი ეუბნება სალომეას ყველაფერს შეგისრულებო რასაც კი მოისურვებო, თვით ნახევრ სამეფოსაც გიწილადებო... და სწორედ ამ დროს ეშმაკის მახეში ებმება... თითქოს ეშმაკი ეუბნება მას უარჰყავი ღმერთიო, შენი მეფური ღირსების სანაცვლოდ...ერთის მხრივ ხალხის წინაშე მას - მეფეს პირობა აქვს დადებული, რასაც წყალი არ უნდა გაუვიდეს, თორემ რეპუტაცია შეელახება ხალხში... მეორე მხრივ კი მართალი და წმინდა კაცის შიში აქვს... დილემის წინაშე დგას ჰეროდე; დაარღვიოს უგუნური პირობა და ხალხის წინაშე პირობის დამრღვევი გამოჩნდეს თუ მოჰკვეთოს თავი წმინდა და მართალ ადამიანს და პირობის შემსრულებელი გამოჩნდეს ხალხში? და იგი ირჩევს მეორეს... არა ღვთის სიტყვას, -სინდისის ხმას, არამედ ხალხის აზრს - საზოგადოებრივ აზრს... აი სად სჩანს მისი ლაჩრობა და მისი დედლობა... დღესაც ჰეროდეს მსგავსად უამრვი სახელმწიფო მოხელე თავისი საკუთარი სინდისის ხარჯზე მიდის კომპრომისზე სხვადასხვა საცდურთან, ფული იქნება ეს თუ ძალაუფლება.... წინააღმდეგ ამისა გავიხსენოთ როგორ იცავდა ღვთის სიტყვას წმ. დიდმოწამე გიორგი, წმ. ქეთევანი, წმ. მეფენი არჩილ და ლუარსაბი და ა. შ... რომელთა ხვედრი ღვთის სასუფეველია, ყოვლისშემომქმედი და ყოვლადძლიერი ღმერთის შვილობა.... ხოლო ჰეროდეადას, სალომეას, ჰეროდეს და მათ მსგავსთა ხვედრი - ჯოჯოხეთი,...
თქვენ იცით, ხვედრი ამ სამი ადამიანისა... ზამთარში, როდესაც სალომეა გაყინულ მდინარე სიკორისზე გადადიოდა, ყინული ჩაუტყდა, წყალში ჩავარდა, ყინულმა თავი მოაჭრა და გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს; ხოლო თავად მეოთხედმთავარი და მისი ცოლი კი გადმოცემით, ცოცხლად შთანთქა მიწამ. . .
„ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი“ ასმენდეს მართალსა და რომელი ძვირსა უყოფდეს წმინდასა...
დღეს ჩვენ მეტნაკლბად ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადას და სალომეას სახით გულისხმავჰყავით თუ როგორები არ უნდა ვიყოთ... და რომ ყოველთვის უნდა გვყავდეს ჩვენს სულში, ჩვენს გულში წმ.იოანე ნათლისმცემელი სიმტკიცე სინდისისა და ქადაგი სინანულისა, „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა....“ ე.ი. რაოდენ დაცემულიც არ უნდა იყოს ადამიანი და ყველანაირი სათნოება ჩამკვდარი იყოს მასში, თუ სინდისის ხმა ცოცხალია მასში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისიც ცოცხალია...
ქრისტესიერი სიყვარულით
იღუმენი იოანე (კავსაძე)