Friday, April 1, 2011

...


...აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან. უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა. მზემან დღისი შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე. უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან. უფალმან იცევინ შესლვა შენი და გამოსლვა შენი ამიერითგან და უკუნისამდე. . .

მცირე ქადაგება რწმენის შესახებ


უფალი ბრძანებს:მე ვარ კარი, ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს ცხონდეს"...
დედამიწაზე არ არსებობს კაცთა მოდგმა თუ ტომი, რომელსაც არა სწამს ღმერთის ან რაიმე ზებუნებრივი ძალის, ერთერთი მწერალი ამბობს; თქვენ შეიძლება ნახოთ ერები, რომელთაც არა აქვთ დამწერლობა, არა აქვთ ხელოვნება, არ იციან ფულის ხმარება, მაგრამ ყველა ერში არსებობს ცოდნა ღვთის არსებობის შესახებ... ე.ი. არსებობს რწმენა „რაღაც“ ზებუნებრივისა...
ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს თავიდანვე, მისი გაჩენის დღიდანვე ღვთისაგან შთანერგილი აქვს რელიგიურობა - ღმერთთან ურთიერთობის გრძნობა. და ჩვენ, რაც არ უნდა გვაკრიტიკონ დღეს ათეისტებმა თუ ევოლუციონისტებმა, ისინი ვერაფრით ვერ უარჰყოფენ იმას, რომ ზნეობრიობისა და მორალის საწყისი ადამიანებში რელიგიურობიდან გამომდინარეობს, ღვთისაგან გამომდინარეობს...
ადრე მარქსისტები ამბობდნენ და ეხლა მათი მსგავსნი (ლიბერალები) იმეორებენ, რომ ზნეობრიობა და მორალი საზოგადოებრივი განვითარების ნაყოფია, და რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას... ასე ვთქვათ ისინი ფიქრობენ, რომ ერთიანიდან დაიწყო ეს სამყარო, მატერიალურიდან წარმოიშვა ყოველივე... ჩვენ კი ვფიქრობთ და გვწამს, რომ ნულიდან დაიწყო ყველაფერი... ჩვენ გვწამს, რომ თავდაპირველად ღმერთმა არარსებობიდან არსებობაში მოიყვანა ცა და ქუეყანა, გვწამს აგრეთვე ის, რომ თავიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი " სამყაროსმიღმიერი და შემოხდა იგი ქუეყნად," და იქმნა ნათელი"... ურწმუნოები კი თავისას არ იშლიან... მათ არც სამყაროს წესრიგი აკვირვებთ და არც ყველა ადამიანში არსებული თითქმის ერთნაირი შინაგანი ზნეობრივი კანონი...
დედამიწის ზურგზე ყველა ერი სხვადასხვაგვარად ვითარდებოდა, მაგ; აფრიკული ტომები სხვაგვარად ვითარდებოდნენ, სლავური ტომები სხვაგვარად, იბერო-კავკასიელი ტომები სხვაგვარად... და ნუთუ არ არის მავანთათვის საოცარი და საკვირველი ის,რომ დედამიწის სხვადსხვა კუთხეებში მცხოვრებ სხვადსხვა განვითარების მქონე ერებს აქვთ ერთნაირი ზნეობრივი კანონები... არა კაც ჰკლა, არ იყო მოღალატე, არა იპარო... მადლიერების,მეგობრობის და სიყვარულის კანონი ხომ ყველგან ერთია?! სწორედ ალბათ, ამიტომ აღმოხდა გამოჩენილ გერმანელ ფილოსოფოსს ემანუელ კანტს შესანიშნავი სიტყვები; ორი რამ მაკვირვებს ამ ქვეყნადო.. ეს არის, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზევით და ზნეობრივი კანონი ჩემშიო...
ღვთის არსებობაში დარწმუნების შემდეგ, თუ კი დარწმუნდება ადამიანი, რომ ღმერთი არსებობს, იწყება ალბათ უფრო რთული გზა. იწყება ძიება იმისა თუ სად არის ჭეშმარიტი სწავლება ღვთის შესახებ...
ყველას თავის სიმართლე აქვს, ყველა მართლობას იჩემებს... და რა შეიძლება გახდეს ჩვენთვის ორიენტირი ანუ გზამკვლევი ჭეშმარიტების საძიებლად ამ ქვეყნად? ალბათ საყოველთაოდ მიჩნეული, ყველაზე ამაღლებული გრძნობა - სიყვარულისა, რასაც ჩვენ ყველანი განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა მეტნაკლებად ვაღიარებთ როგორც უმაღლეს გრძნობად...
სხვადასხვა რელიგიური სისტემები თუ დოქტრინები, რომლებიც იქმნებოდა კაცობრიობის ისტორიაში უმეტესად გადმოსცემდნენ მშრალ სწავლებასა თუ მოძღვრებას რაღაც აბსტრაქტულ ჭეშმარიტებებზე... და თვით მქადაგებელი ამა თუ იმ მოძღვრებისა გახლდათ მხოლოდ მქადაგებლი... ქრისტეანობაში კი მქადაგებელი კი არ არის უბრალო მოაზროვნე ან და ადამიანთა ყურთასმენის მაამებელი, სულიერი სიამოვნებების მაძიებელი, არამედ, ქრისტე მამაზეციერის სიტყვაა ცოცხალი, ის არის მშობელი და მზრუნველი მამა კაცთა მოდგმისა, რომელმაც სული თვისი დადვა შვილთა მისთათვის... ის არის შეწირული და შემწირველი ჩვენი მოდგმისათვის, მან თავისი ღვთიური, ზეციური ჭეშმარიტება თავისი უხრწნელი სისხლით დაამოწმა... იგი ჯვარსეცვა ჩვენთვის და აღდგა მკვდრეთით...
გარდა ამისა დედამიწაზე არცერთ რელიგიას არცერთ მქადაგებელსა თუ მოძღვარს არასდროს ასეთი სიცხადით არ უუწყებია ჩვენთვის, რომ „ღმერთი სიყვარულია“, რომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი...
რა თქმა უნდა უამრავი არგუმენტები შეიძლება ითქვას ჭეშმარიტების დასამოწმებლად და უამრავი საწინააღმდეგოც შეიძლება ითქვას, მაგრამ თვით სიყვარულის კანონი გვაიძულებს რომ ვაღიაროთ ქრისტეანობა ერთადერთ, ჭეშმარიტ, ღმერთკაცის მიერ ნაბოძებ სარწმუნოებად...
და სწორედ დღევანდელი დღის სახარების საკითხავში თვით ქრისტე გვაუწყებს, რომ მის მიერ არს ცხოვრება, იგია წყარო სიცოცხლისა და იგია კარი სასუფევლისა .. ამას ამბობს უფალი; „მე ვარ კარი; ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს ცხონდეს“ .... „მე ვარ მწყემსი კეთილი; მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის“ ხოლო „ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.“ ... ვინ იტყვის იმას, რომ ქრისტემ სული არ დასდო ჩვენთვის,.. ვინ იტყვის იმას რომ მან ჩვენ არ მოგვიძია და მიგვატოვა უპატრონოდ?! ... ვერავინ!! ...რადგანაც აქ ჩვენ დღეს ქრისტეთი ვდგავართ და ქრისტესმიერ ვდგავართ!!
ამიტომაც მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხსნა მხოლოდ ქრისტესმიერაა შესაძლებელი, მხოლოდ ქრისტეთი გადავრჩებით, რამეთუ დაწერილია ფსალმუნთა წიგნში, რომ „ყოველნი ღმერთნი წარმართანი ეშმაკ არიან“...
და ჩვენ ვისმენთ რა ყოველ შაბათს თუ კვირას სახარებას ამბიონიდან, ღვთის სიტყვას ეკლესიიდან, ეს უნდა გახდეს ჩვენ ცხოვრების გზამკვლევი ...
ამიტომ ბედნიერია ის ვინც ღვთის სიტყვას ისმენს ეკლესიაში, რადგანაც აქ სული ღვთისა მასწავლებლობს, სული ღვთისა მღვდელმოქმედებს... რომლისა არს დიდება მამისა თანა და ძისა თანა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე... ამინ!
იღუმენი იოანე კავსაძე

"ყოველი ნიჭი ზეგარდამო არს შთამომავალი ღვთისაგან"


ქრისტესმიერ საყვარელნო!
თითქმის ორი წელია, რაც ჩვენი პატრიარქისა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, თქვენთან ვიმყოფები... და რაც დრო გადის, ვეჩვევი აქაურობას, გეჩვევით თქვენ.... რაც დრო გადის მით უფრო შემოდის ჩემში, თქვენი ცხოვრება... თქვენი სიხარული, თქვენი ტკივილი, თქვენი ზრახვები... და მე მგონია, რომ თანაგანმცდელი ვარ თქვენი ცხოვრების, თანამგრძნობი ვარ თითოეული თქვენთაგანის...
ეს სიცოცხლე მართლაც, ერთი ამოსუნთქვაა, და ეს დრო კი, შემახსენებელია იმისა, რომ არსებობს უდროობაც ანუ მარადიულობა...
ღვთის თვალში ყველანი პატარა ბავშვებივით ვართ, ზოგი ურჩი, ზოგი მორჩილი, მაგრამ ის თავად ერთნაირად ყველას გვწყალობს... საკვირველია, როგორი თავისუფლება მოგვანიჭა ყოვლისშემოქმედმა და ყოვლისმპყრობელმა ...(!) თითქოს ჩვენს ფიქრებს საზღვარი არააქვს, თითქოს ყველაფერს წვდება ადამიანი და ალბათ ყველაფერსაც უნდა ხვდებოდეს...
... თითოეული თქვენთაგანი, თითო დიდი სამყაროა, მრავალსახოვანი, განუმეორებელი... და ყველა თქვენთაგანს სხვადასხვანაირი სიკაშკაშე აქვს ღვთის წინაშე, როცა სიკეთეს ჩადიხართ... როცა გიყვართ... როცა ვინმეზე ზრუნავთ... როცა ვინმეს პატიობთ... როცა ღვთის შექმნილს ეფერებით... და როცა ქმნით...
„სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.“(კორ 1. 15. 41) სხვაა დიდება დედამიწისაც... და ყოველივე ეს ერთ წესრიგში ბრუნავს, ერთ რითმში სუნთქავს... ღმრთის განგებით...
ამ სამყაროში და მის მიღმაც ყოველგვარი კეთილხმოვანება, კეთილსურნელება და კეთილფერადოვნება უფალს, შემოქმედს ეკუთვნის,მის მიერაა ადამიანებში შთანერგილი ყოველი ნიჭი... და ალბათ არ იქნება სწორი, რომ ვიფიქროთ, მაგალითად მოცარტზე ის, რომ მას რაიმე სხვა ძალა აქმნევინებდა რექვიემს... ან მიქელანჯელოზე, ანდა სხვა ნებისმიერ მოკვდავზე, თუ კი ის რაიმე ღირებულს ქმნიდა ამ ქვეყნად, რომ მხოლოდ საკუთარი უნარით შესწევდა მას რაიმე სასიკეთოს კეთება კაცობრიობისათვის... პავლე მოციქული ამბობს, რომ ყოველი ნიჭი ზეგარდამო არს შთამომავალი ღვთისაგან...,რა თქმა უნდა ის უპირველეს ყოვლისა სულიერ სათნოებებს გულისხმობდა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ, შეგვიძლია ვიგულისხმოთ შემოქმედებითი სათნოებებიც... რომლებიც მიგვიძღვიან უფლის შეცნობისაკენ...
და სიტყვა რომ აღარ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ სხვაა ბრწყინვალება გენიოსის და სხვაა ბრწყინვალება ვთქვათ პატიოსანი დურგლის... ისინი იდუმალად ერთმანეთს მსახურებენ... და ღვთის წინაშე ხან ერთი კაშკაშებს ხან მეორე... და ეს ჰარმონიულობა ღმერთს ადიდებს და მის დიდებულებაზე მოგვითხრობს...
ამიტომ ჩვენ არასდროს არ უნდა გვშურდეს ერთმანთის, არასდროს... არ უნდა ვქედმაღლობდეთ ერთმანეთზე... რადგანაც თავმდაბლობით სიკეთის მოქმედი ღმერთს მსახურობს... და რადგან ნიჭი ყოველი ზეგარდამო არს შთამომავალი ღვთისაგან, ღვთის გარეშე სიკთეს ვერ ჩაიდენს ვერავინ... „რაჲსა ცუდად ვმაღლოჲთ ოდეს ყოველნი მოკვდავნი ვართ და მიწად მიქცევადნი?..“(გიორგი მთაწმინდელი)
ამიტომაც გაქვთ მთელ სამრევლოს ლოცვა-კურთხევა, რათა ილოცოთ სიყვარულის განსავრცობად და შურისა და ყოველგვარი სიავის აღმოსაფხვრელად ... „მოციქულთა შენთა სიყვარულის კავშირითა შემაერთებელო ქრისტე, შეგვაერთენ ჩვენ, ერთგულნი მონანი შენნი....სიყვარულისა ცეცხლითა აღანთე შენდამი გულნი ჩვენნი ქრისტე ღმერთო,...“ და ა. შ.

მე მინდა რომ ჩვენი ურთიერთობები ეკლესიაში არ დაემსგავსოს ერთმანეთისადმი მხოლოდდამხოლოდ ანგარიშის ჩაბარებას, ჩვენი სულიერობა სინქრონულად უნდა ეწყობოდეს შემოქმედის სიტყვას... ამქვეყნიურით მხოლოდ ცხოველი კმაყოფილდება და მადლობა ღმერთს რომ ჩვენში, ამქვეყნიურით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დევს და რაღაც სიდიადეს ვეძებთ ყველანი... ეს იმიტომ რომ ყოველ ჩვენგანში, ქრისტესმიერ, მეფური სისხლი სჩქეფს...

დღეს არის დღესასწაული ღვთისმშობლის ხატისა „ყოველთა მწუხარეთა სიხარულად“ წოდებულისა. სან ფრანცისკოში არის ტაძარი ამ ხატის სახელობის, სადაც არის წმ. იოანე მაქსიმოვიჩის უხრწნელი ნეშტი დასვენებული...
დედა ღვთისმშობელი გვეწეოდეს ჩვენ და ყოველთა მწუხარეთაც და ყოველთა მოხარულთაც... ამინ!
იღუმენი იოანე კავსაძე

"უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“


თქვენ უკვე იცით რომ, ეკლესია თავისი ყოველდღიური წეს-განგებით, ლოცვებით, ღვთისმსახურებებით, საღვთო სწავლებებს მოგვითხრობს, ყოველ დღე გვეხმარება ზეციურისა და ქვეყნიურის შეცნობაში... ამიტომ არის მოცემული ჩვენს მართლმადიდებლურ კალენდარში ყოველდღიური საკითხავები სახარებიდან და სამოციქულოდან...რათა ყოველდღე გამოვკვებოთ ჩვენი სულები ღვთიური ჭეშმარიტებებით... ასე მიმდინარეობს ცხოვრება ეკლესიაში „დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.“ დღევანდელი წაკითხული სახარება გვაფიქრებინებს ჭეშმარიტებისა და თავისუფლების არსზე, მათ ურთიერთმიმართებაზე...
რა არის ჭეშმარიტება? ეს კითხვა პილატემ დაუსვა მაცხოვარს ჯვარცმის წინ... ამ კითხვას სვამენ დღესაც, ბრძენნი თუ უგუნურნი... და პასუხად, როგორც მაშინ, ისევე ახლაც, იდუმალი სიჩუმე მიეგებათ... სიჩუმე რომელშიც ისმის, კეთილი მწყემსის ხმა: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე....“ ეს ყოველ მორწმუნე ქრისტიანს სჯერა და სწამს, მაგრამ ამის შეცნობას ყოველი მორწმუნე ქრისტიანი ვერ ახერხებს... რადგან ეს მხოლოდდამხოლოდ ცოდნით ან ლიტონი რწმენით ვერ შეიცნობა , თუ შენ არ მონაწილეობ მთელი შენი შეგნებით ეკლესიურ ცხოვრებაში, თუ არ ხარ ქრისტესთან გულით და სულით, ვერ შეიცნობ ჭეშმარიტებას და ვერ იგემებ ღვთიურ თავისუფლებასაც...ეს შეიცნობა მხოლოდ უფალში ცხოვრებით, სულიერი საქმიანობით და შრომით...
ჭეშმარიტებას შეეძლო პილატე გაენთავისუფლებინა... მაგრამ მან ძალაუფლების მონობა არჩია... თქვენ თუ გახსოვთ იგი არ იყო მომხრე მაცხოვრის ჯვარცმისა და თითქოს თანაუგრძნობდა კიდეც მას... და ასეა ყოველი ის ადამიანი ვინც ცოდვის მონობას ვნებების მონობას არჩევს ჭეშმარიტებაში თავისუფლებას...
ბევრ ადამიანს ვხედავთ ჩვენ დღეს ეკლესიაში მოსიარულეს, მათ შორის სტიქაროსნებს, მკითხველებს, მღვდლებსაც კი... მაგრამ ყოველი მათგანი კი არ იცნობს და ვერ იცნობს ღვთიურ და ეკლესიურ ჭეშმარიტებას... კი, ისინი დადგენილნი არიან ღვთისაგან ეკლესიაში, პატივში, მადლმოსილნი, მაგრამ მხოლოდ დადგენა არ კმარა... აქედან მათ თვითონ უნდა დაიწყონ უფლისაკენ სავალი გზის მოძიება და გზის გაყვანაც... ამაზე ამბობს სწორედ დავით წინასწარმეტყველი „პირი შენი უფალო მოვიძიო მარადის“ო...
ე.ი. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეძიებდეთ ღვთის პირს ანუ ღვთის სიტყვას, მის მცნებებს, მის სწავლებებს... როდესაც ვსაუბრობთ ღვთის მცნებებზე და სწავლებებზე არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ რაღაც აღურაცხელი კანონიკური თუ დოგმატური ფორმულები... არამედ უნდა წარმოგვიდგეს ორი უმთავრესი მცნება უფლისა... შეიყვარო ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და მეორე შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი... აი სად მიდის ჭეშმარიტებისა და თავისუფლების გზა...


უფალი ბრძანებს: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ ე.ი. ვინც ისმენს მის სიტყვას და აღასრულებს მას, ის არის ჭეშმარიტი მოწაფე ქრისტესი, ვინც ისმენს ღვთის სიტყვასა და აღასრულებს მას, ის შეიცნობს ჭეშმარიტებას და გახდება თავისუფალი ..... ეს არ არის გამოცანა ანდა რებუსი, რომ გამოვიცნოთ... მისი ამოხსნის ფორმულა მდგომარეობს მის მუდმივ მოძიებაში... ადამიანს ანთავისუფლებს ჭეშმარიტება... და ჩვენ შევცდებით თუ კი ერთ წინადადებაში მოვინდომებთ ამ ჭეშმარიტების ამოხსნას ან თუნდაც ერთ წიგნში ამოვწურავთ მის ახსნა-განმარტებას... ყველაზე მნიშვნელოვანი და საამური რაც არის ადამიანისათვის ამ ქვეყნად, ეს არის თავისუფლება, და ჩვენი ქართული სიტყვა პირდაპირ გვიხსნის თუ რას ნიშნავს თავისუფლება...
ღმერთმა მოგვმადლოს საკუთარი თავის ფლობის ნიჭი და თავისუფლება!
გლოცავთ ქრისტესმიერი სიყვარულით
იღუმენი იოანე