Wednesday, August 17, 2011
“ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა"
...თქვა უფალმა: “ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.” ერთი შეხედვით ეს სიტყვა უფლისა მძაფრად ჟღერს და იგი არათუ ურწმუნოთა, არამედ მორწმუნეთა ყურთა სმენასაც შეაკრთობს, მაგრამ მასში, თუ კარგად ჩავუღრმავდებით დიდი სიყვარულია კაცთა მოდგმისადმი გამოხატული… როგორც ვიცით უფალი განკაცდა კაცთა მოდგმის გადასარჩენად და მისი ყოველი აზრი, სიტყვა და ქმედება ადამიანთა სასიკეთოთ იყო მიმართული. მაშ გამოვიძიოთ თუ რას გვეუბნება უფალი ამ სიტყვებით? რა უნდა გავიაზროთ ჩვენ ამ სიტყვებში? … არსებობს მრავალი განმარტება ამ სიტყვებისა წმინდა მამათაგან თუ სხვადასხვა საერო მასწავლებელთაგან, მაგრამ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის განმარტება ვფიქრობ ზედმიწევნით ზუსტად წარმოაჩენს მის სულიერ შინაარსს. წმინდა მამა განმარტავს, რომ ამით ჩვენ უფალი გვეუბნება, იმას რომ ის “ ვინც არ მიიღებს ჩემსა სწავლასა და სჯულს, ვინც არ არის მოზიარე და თანახმა ჩემი აზრის, იგი არის ჩემი მტერი: ასევე, რომელიც მიიღებს ჩემს სწავლას და არ აღასრულებს მას, და არ შეეცდება, რომ შეიძინოს და გაამდიდროს თავისი თავი სათნოებებით, რომელთაც მე ვასწავლი, იგი წახდება სულიერად და გაღარიბდება”…
...ვფიქრობ რა ამ სიტყვებზე, სხვადასხვა აზრებთან ერთად, ჩამესმის თანამედროვე ადამიანის ყველაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამპარტავნული და ალბათ ღვთისათვის არმოსაწონი შეკითხვა: “რა… ქრისტიანი ვინც არაა, ყველა დაიღუპება?”… ამას ამბობენ ძირითადად ურწმუნო ადამიანები, მაგრამ სამწუხაროდ მორწმუნეთაგანაც, უფრო სწორად მცირედმორწმუნეთაგან გავიგონებთ ხოლმე მსგავსს შეკითხვებს… გასაგებია, რომ ადამიანისათვის ძალიან ძნელია ძალით ირწმუნო ანდა ძალით შეიყვარო… რადგან ეს ისეთი გრძნობებია ადამიანის სულში, რომელსაც ვერ შეეხები, მაგრამ ვინც უკვე მონათლულია და მეტნაკლებად საეკლესიო სინამდვილეში ერკვევა, მას არა აქვს უფლება ასე ფიქრობდეს და ამგვარ შეკითხვებს სვამდეს… ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანმა აღვირი უნდა ამოსდოს მის აზროვნებასა და ფიქრებს… რატომ?..
ღვთისაგან დალოცვილო! რა გაიძულებს იფიქრო, რომ ქრისტეს გარეშე არსებობს გადარჩენა? რა გაიძულებს იფიქრო რომ, ქრისტეს გარეშე ვინმე ცხონდება? მაშ ქრისტე ჯვარსეცვა ტყუილად..? შენთვის? მაშ ტყუილად ეწამნენ ქრისტეს გულისთვის წმინდანები? მაშ რაღა საჭიროა ეკლესია თუ კი გგონია რომ მის გარეშეც არსებობს გადარჩენა -ხსნა… და ჭეშმარიტად! როცა ამბობს უფალი, რომ ის “ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა” სრული სიმართლეა…
თუ არა გაქვს სწორი გულისხმიყოფა ან დაიბენი, ითხოვე უფლისგან და მოგეცემა, ამას ამბობს იაკობ მოციქულიც თავის ეპისტოლეში: “უკუეთუ ვინმე თქვენთაგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან,” და მოგმადლებს სიბრძნეს არ დაგაყვედრებს…
“ ამიტომ გეუბნებით თქვენ” ამბობს უფალი: “ ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. “ სწორედ როდესაც ეჭვის თვალით შეხედავ ღმერთის ამ უდიადესს და უაღმატებულესს მსხვერპლს- ღვთის განკაცებას და ქრისტეს ღვთაებრივ ღვაწლს დედამიწაზე, რომელიც მან გაიღო ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად … შენ ნებით თუ უნებლიედ, სულიწმიდის გმობაში ჩავარდები… (ღმერთმა დაგვიფაროს!)
თქვენ იცით, რომ ყველა ცოდვა შეიძლება მიეტევოს ადამიანს, თვით უსაშინლესი და უსაძაგლესი ცოდვებიც კი, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება ადამიანს არასდროს… მაგალითად; თვითმკვლელობა, რაშიდაც მეტნაკლებად შეიძლება ვიგულისხმოთ ნარკომანია და ლოთობა, ღვთის მცნებების დარღვევა, არა სისუსტის გამო, არამედ წინასწარი განზრახვით და გადაწყვეტილებით… და რაც უკვე ზემოთ ვთქვით, სულიწმიდის გამომხსნელობითი საღვთო მოქმედებების უარყოფა..
“ ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.” ეს იმიტომ თქვა, მაცხოვარმა მაშინ რომ ებრაელებმა ჯერ ბოლომდე არ იცოდნენ, ღვთის მეორე ჰიპოსტასის განკაცებისა და მისი ღვთაებრივი ქმედებების შესახებ, ხოლო სულიწმიდის ქმედებანი კი მათ ძველი აღთქმის პერიოდშიც ჰქონდათ ნანახი და შეცნობილი…
მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სხვადასხვანაირია ღვთიური მიმტევებლობა და ადამიანური მიმტევებლობა… თქვენ გახსოვთ, როდესაც დავით წინასწარმეტყველმა შესცოდა, ცოდვათა გამოსასყიდათ მას მიეცა არჩევანი ან ღვთის სასჯელი მიეღო ან ადამიანის მსჯავრი მიეღო და მან აირჩია ღვთის სასჯელი, რადგანაც იცოდა რომ უფალი უფრო მეტად მოწყალე იქნებოდა… დიახ, ადამიანები ხშირად დაუნდობლები ვართ ერთმანეთის მიმართ… და ხანდახან იმას რასაც შენ ღმერთი გპატიობს, ადამიანი არ გპატიობს…
“ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე.“
როგორც ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა, ასევე ღვთის სული - სულიწმიდა, ღვთის სიტყვითვე - ძით შეიცნობა… ასევე ადამიანთა მოდგმაც თავისი საქმეებით შეიცნობა… და იცის რა უფალმა ადამიანთა საქმენი კიდევ უფრო მძაფრად შეაგონებს მათ, რათა მათ გაყინულ გულებში ღვთაებრივი ცეცხლი დაინთოს. . . - “იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე. “
იქედნე არის ქვეწარმავალი, ისინი როცა იბადებიან საკუთარი დედის მუცელს გამოჭამენ და ისე გამოდიან.. ამას მიმართავს იმ უგულისხმისყოფო და უმადურ ადამიანებს, რომელთაც საკუთარივე ბოროტება სჭამთ შიგნიდან… რომელთაც რომ დაინახეს მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაული - ეშმაკეულის განკურნება, თქვეს რომ ეშმაკის მთავრით განდევნისო ეშმაკებს… მათ არ შეუძლიათ კეთილი სიტყვა თქვან.. რადგანაც გულში რაც ააქვთ ის ააქვთ პირზე… თქვენ გინახავთ ვინმეზე ან რამეზე გაღიზიანებული ადამიანები რომელნიც თავიანთ შეფასებებში დაუნდობლად ამკობენ ერთმანეთს ხოლმე სხვადასხვა უწმაწური სიტყვებით… და სწორედ იმ დროს როდესაც ისინი ვინმეს უწოდებენ მაგალითად, (შენდობას ვითხოვ და) “ნაგავს” … შესაძლოა, სწორედაც რომ თვითონ იყვნენ ისეთები…
რადგან …“კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. “ ამიტომაც უნდა იყოს ჩვენი სასმენელნი გამზადებულნი კეთილი სიტყვის - ღვთის სიტყვის შესასმენად, ამიტომაც უნდა იყოს ჩვენი ბაგენი გამზადებულნი კეთილი სიტყვის აღმოსათქმელად… რადგანაც ყოველი თუნდაც უმისამართოთ წარმოთქმული სიტყვისთვის “ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. “ … “ვინაიდან” -დაწერილია “სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო “…
ცოტა არ იყოს მძაფრი ქადაგება გამოგვივიდა დღეს, მაგრამ როგორც მარილის სიმლაშე ინახავს ხორცს გაფუჭებისგან, ისე მკაცრი შეგონებაც ხანდახან სულს იცავს სხვადასხვა უკეთურობებისგან… ღმერთმა დაგლოცოთ და განგიმტკიცოთ რწმენა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი! ამინ!
ქრისტესმიერი სიყვარულით, იღუმენი იოანე+ 2011 წელი შაბათი 6 გვისტო
Subscribe to:
Posts (Atom)