Thursday, August 11, 2011

ათონის მთა, ფილოთეოს მონასტერი, 2007 წლის 26 ნოემბერი. ჩემი მფარველი წმინდის იოანე ოქროპირის ხსენების დღე.


ქორკანდელი (მრავალტოტიანი სასანთლე)
საეკლესიო წესგანგებით კვირა დღეებსა და სადღესასწაულო დღეებში ღვთისმსახურებისას ტაძრებში ანთებენ ყველა კანდელს, მათ შორის ქორკანდელსაც, რომელიც ჰკიდია ტაძრის შუაგულში, გუმბათის ქვეშ. ქორკანდელი სიმბოლურად განასახირებს ღვთაებრივ ნათელს, რომელიც ცათა სასუფეველში ანათებს მართალთა სავანეს. ანთებულ სანთელთა სიმრავლე კი, როგორც თანავარსკვლავედი, ასევე განასახიერებს ზეციურ ეკლესიას, სულიწმიდით გაბრწყინებულ ადამიანებს - წმინდათა კრებულს, რომელნიც აღტრფობილნი არიან ღვთაებრივი სიყვარულით... ზოგიერთ ქორკანდელს ბოლოში, ანუ ქვემოთ აქვს ქრისტე მაცხოვრის მაკურთხეველი მარჯვენის ხატება, რომელიც აკურთხებს მიწიერ ეკლესიას, ასევე მასში უნდა ვიგულისხმოთ შემოქმედის მარჯვენა, რომლითაც მან შექმნა ეს სამყარო...
დღევანდელ საეკლესიო ღვთისმსახურების პრაქტიკაში ქორკანდელი
უმეტესად გამოიყენება მონასტრებში (ძირითადად ათონის მთაზე)... როდესაც ქორკანდელის გამოყენებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ ღვთისმსახურების გარკვეულ მონაკვეთებში ღვთისმსახურნი მას ატრიალებენ წრიულად... რათა მორწმუნენი, გარკვეულწილად აღამაღლონ, გონების თვალით, ზეციურ ეკლესიამდე...
აქვე მინდა რომ ძალიან მოკლედ, გაგიზიაროთ თქვენც, 2007 წლის ნოემბერში, ჩემი, ათონის მთაზე მომლოცველობისას, განცდილი პირველი შთაბეჭდილება...
ათონის მთაზე, თითქმის ყველა მონასტერში, ღამისთევის მსახურებები იწყება დაახლოებით შუაღამის 3:00 საათზე და გრძელდება დილის 8:00 საათამდე ან უფრო მეტ ხანს...
ყველა მონასტერში მსახურების დაწყებას გვატყობინებს ზარების რეკვა ან კანკური - ფიცრის სარეკელი, რომელიც მოგვაგონებს ქრისტე მაცხოვრის მილურსმნვნას ჯვარზე, ან კიდევ საგანგებოდ დადგენილი მორჩილი, რომელიც აკაკუნებს თითოეული მონაზვნის კარზე, რითაც გვახსენებს მაცხოვრის სიტყვებს სახარებიდან: “იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს“ …
ღვთის მადლით და წყალობით წმ. იოანე ოქროპირის ხსენების დღეს 26 ნოენბერს, აღმოვჩნდი ფილოთეოს მონასტერში, ერთერთი მკაცრი ტიპიკონოს მქონე სავანეში. მონასტრის სიწმინდეთსაცავში დაცულია მრავალი წმინდის უხრწნელი წმინდა ნაწილები, მათ შორის იყო დაცული წმ. იოანე ოქროპირის უხრწნელი ხელის მტევანი, რომელიც იმ დღეს გამოაბრძანეს თაყვანისსაცემად. საოცარი მსახურება აღევლინა გალობით და ფსალმუნებით, თითოეული ბერი მსახურებისას თითქოს დროისა და სივრცის მიღმა იმყოფებოდა, ისინი თითქოს არამხოლოდ მსახურობდნენ, არამედ ეს იყო მათი სუნთქვა, მათი გულისცემა, მათი ცხოვრება... ყოველი მათი მოქმედება და მოძრაობა იყო გაჯერებული, რაღაც, საღვთო სიმსუბუქით... არანაირი დაღლა და არანაირი მოწყენილობა არ დაგეუფლებოდა ამ საკმაოდ ხანგრძლივ მსახურებაზე... ეს იყო ჩემთვის ერთერთი ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში... ეს იყო დღე როდესაც მივხვდი რომ ნამდვილი ლოცვა არ არის მხოლოდ მოვალეობა ჩვენი, არამედ ეს არის ჩვენი სიცოცხლის არსი და წყარო, რომელიც არ მოგბეზრდება არასდროს...და რომელი სულიერი მდგომარეობაც ყოველთვის უნდა ვეძიოთ ჩვენში...