Friday, February 22, 2013

წერილი

ჩემო საყვარელო შვილო, გთხოვ არ ჩაერიო არანაირ პოლიტიკურ გარჩევაში, გახსოვდეს რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამქვეყნად, ჩვენი სულების სახსნელად მოვიდა, რათა ჩვენი სულიერი მეუფება აღედგინა იმიტომ მოვიდა და არ მოსულა იგი იმ მიზნით, რომ რომაელების უღელი მოეცილებინა თავისი ერისთვის ან სხვა რაიმე უფრო საპატიო მიზეზის გამო.. ჩვენთვის ბოროტების უღელი რომ აეხსნა და ზეციური მამის წიაღში დავებრუნებინეთ, იმიტომ მოვიდა უფალი ჩვენთან... ებრაელებსაც უნდოდათ მაცხოვარი მეფედ მოეყვანათ , მაგრამ არ იყო ეს მხსნელის მისია… არ გვაქვს ჩვენ მაგალითი მისგან პოლიტიკური მოღვაწეობის, ამიტომაც არ არის კეთილგონივრული ქრისტეს მხედრისათვის (მით უმეტეს თუ სასულიერო პირობა გსურს), ის, რომ გამოდიოდე და აკრიტიკებდე ან ლანძღავდე სხვას, ქვეყნისათვის ამა თუ იმ, საჭირბოროტო საკითხზე… ნუ შეგაშინებს თუ კი ვინმე შენს ასე ვთქვათ, (ამ კონტექსტში არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის თქმა მაგრამ) ნეიტრალობას სისუსტედ ჩაგითვლის… ყოველთვის ლოცვას შეაფარე თავი და შეგეშვებიან…ამბობენ რომ იუდასაც უნდოდა რომ ისრაელის მეფე გამხდარიყო ქრისტე და იმედი რომ გაუცრუვდა, იმიტომ მივიდა მის გაცემამდეო… გაექეცი!ჩემო შვილო, გაექეცი! ყველანაირ პოლიტიკურ დაპირისპირებებს და დისკუსიებს… ილოცე და შენი საქმე აკეთე და ღმერთი ძალას - სიხარულს მოგმადლებს და ვერავინ წაგართმევს, შენ თუ არ მოისურვებ რომ დაკარგო ეს სიტკბოება… გახსოვდეს! ეკლესიის გარეთ, ღვთის სიტყვის გარეთ, სიკეთე ვერ ხარობს დიდხანს… და წმინდა ეკლესია ის ადგილია, სადაც სიკეთე, სიყვარული და სამართლიანობა სუფევს, მუდამ… ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს არის ჩვენი არჩევანი, მკაფიო და გასაგები… ვინც ეკლესიის არის, მას ესმის მისი და ეკლესიასაც ესმის მისი, ხოლო ვინც არ არის ეკლესიის, ის მეამბოხეა ან მსხვერპლია მეამბოხის… ერთერთი უდიდესი შეცდომა რომელიც სასულიერო პირმა შეიძლება დაუშვას, ეს არის პოლიტიკაში ჩარევა და რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ხმამაღალი განცხადებით… რადგან კეთილსა და ბოროტს შორის, სწორედ საერონი ირყევიან აქეთ-იქეთ, თავიანთი საერო სიბრძნეებით თუ პარტიული დოქტრინებით… ჩვენთვის კი ყოვლადწმიდა სამებაა ჭეშმარიტება და ქრისტე… და ჩვენი ვალია იმ მანათობელ შუქურებად ვიქცეთ რომლებსაც გემები მიჰყავთ უსაფრთხო ნავსაყუდლამდე… ახლა კალამი მითავდება და ბევრს ვეღარ გწერ, თუმცა ვაპირებ კიდევ მოგწერო ამ საკითხზე… სიყვარულით შენი მამა საბერძნეთი კუნძული პატმოსი 2011 წელი