Thursday, August 21, 2014

რომ სიყვარული სჯულის აღსრულებაა

“...რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ მიხვდეს "ქრისტიანი", რომ ჯვარცმულის "სისუსტე", ჯვარმცმელთა "ძლიერებაზე" მაღლა დგას, რომ შემწყნარებლობა სისასტიკეზე მაღლაა, რომ წყალობა სამართალზე, სიხარული მწუხარებაზე, თანალმობა გულგრილობაზე, ნუგეში სასოწარკვეთაზე, გლახაკთმოყვარეობა მდიდართმოყვარეობაზე, უბრალოება დიდებისმოყვარეობაზე, უპოვარება ვერცხლისმოყვარეობაზე, პატიოსნება მექრთამეობაზე, სიცოცხლე სიკვდილზე და რომ აღდგომა თვით სიცოცხლეზე მაღლაა… რომ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი სჯულზე მაღლა დგას… ?!! ქრისტეზე მეტმა ვინღა უნდა გვითხრას ეს ჩვენ..?! დაარღვიეთ!!! ..დაარღვიეთ და გადაყარეთ ძველი ტიკები "მორწმუნენო”!!! და ჩაასხით სუფთა ღვინო ახალ ტიკებში... და ნუღარ მიუჭახუნებთ ერთმანეთს ჭიქებს ცრუდ და ფლიდურად … და შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც დედებს უყვართ შვილები.. როგორც ქრისტეს უყვარს ადამიანი… როგორც იოანეს უყვარს ღმერთი - ჯვარცმული ჩვენთვის… ამით "სცნან წარმართთა" რომ ჩვენ ღვთის შვილები ვართ, ამით "სცნან ყოველთა" რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!!!” ნუ შეშინდებით!!! უფალი ჩვენი ქრისტე ღმერთია!!! მღვდელი დევიდ ლინდგრენი წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია ანაჰაიმი, კალიფორნია 2014

თანაგრძნობაზე

შენ შეიძლება ლოცვებს კითხულობ, სანთლებს ანთებ და წმინდა წერილი ზეპირად იცი, შეიძლება, "მოწყალებას" გასცემ, მოყვასიც გიყვარს და არავის არ ვნებ, შეიძლება, ტკბილადაც გალობ და ზედმიწევნით ზუსტად იცავ ყველა კანონს, არაფერს არღვევ… იმარხავ "ორგზის", ლოცულობ "ოთხგზის" და ზეთს იცხებ "ოცგზის"... შეიძლება, ეკლესიაშიც, ყველაზე ადრე, შენ მიდიხარ და ანთებ კანდლებს, გულსაც იჩუყებ სიკეთის ქმნაზე და ვერ იკავებ ცრემლებს თვალზე… მაგრამ თანაგრძნობა და თანალმობა მეგობრისა, თუ შენში არ ზის, შენ ვერ ყოფილხარ ქრისტიანი და ასე რა გრჯის…(!?) (მღვდელი დევიდ ლინდგრენი, თარგმანი - იოანე კ.) თუ კი ქრისტიანს არ გააჩნია თანაგრძნობა და თანალმობა მოყვასის, მწუხარებასა ან თუნდაც სიხარულში, ძნელია მას ქრისტეს მიმდევარი ეწოდოს… რადგანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სწორედ თანამლმობელი და თანაგანმცდელი გახდა ჩვენი ყოფის, ჩვენი გაჭირვების… შიშვლები ვიყავით და შეგვმოსა, მშივრები ვიყავით და დაგვაპურა, მწყურვალები ვიყავით და წყალი გვასვა, ციხეში ვიჯექით დამნაშავენი და ისიც, უდანაშაულო, ციხეში ჩაჯდა ჩვენი გულისთვის… ის ჩვენს ყოფაში შემოვიდა და თანაგანიცადა ჩვენი დაცემები და ტკივილები, უცოდველად.. მან ივნო არა როგორც თანაზიარმა ჩვენი უსჯულოების, არამედ როგორც ერთგულმა მეგობარმა, თანამტვირთველმა, ჩვენი შეცდომების… რათა ჩვენ დავებრუნებინეთ ცათა სასუფეველში, რათა ჩვენთვის ესწავლებინა ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი მეგობრობა და ნამდვილი სიცოცხლე… ყოველ წესსა და რიგს რასაც ვსწავლობთ ჩვენ ეკლესიაში ამისკენ უნდა მოვყავდეთ… და არა უსულგულო "სულიერი" “მიხვრა-მოხვრისკენ” “სულიერი” პოზიორობისკენ, ან თუნდაც საუბრის მანერისკენ, არა ანნასკენ და კაიაფასკენ… არამედ ქრისტესკენ..!!!

(სასულიერო მოღვაწეობის რამდენიმე ასპექტის შესახებ)

ჩემო საყვარელო შვილო, სხვაა მღვდლობა და სხვაა მოძღვრობა, მათ მხოლოდ გამოცდილება, წლები და ღვთის მადლი აერთიანებთ. უცნაურ დროში ვცხოვრობთ, საერონი ბერობას ცდილობენ, ხოლო საბერონი ერში მოილტვიან… ეს არის ალბათ დღევანდელი მოძღვრობის პრობლემაც, როდესაც მასწავლებელი მოწაფეს თვისობრივად სხვადასხვა ცოდნას აწვდის ერთმანეთში შერეულს… გამოდის უამრავი წიგნი, მონაზვნური გამოცდილების შესახებ, მორჩილების შესახებ, ქრისტიანული ცხოვრების შესახებ, ვისმენთ ამა თუ იმ "სტარეცის" ან “თეოლოგის” მოსაზრებებს, აუდიო თუ ვიდეო საშუალებებით… ერთი სიტყვით ყველა საშუალება გვაქვს, თითქოს, რომ სწორად ვიცხოვროთ… მაგრამ ხანდახან, ისე ხდება, რომ შეუსაბამობაში მოდის ჩვენი ერული სინამდვილე, ჩვენივე "ბერულ" აღტკინებასთან…და აი, სწორედ აქ გვჭირდება გზამკვლევი, მიმართულების მიმცემი ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს ძირითად საეკლესიო სწავლებას, საერო და სასულიერო ცხოვრების შესახებ და რომელსაც აქვს უნარი ცხოვრებაში საფრთხილო და სასარგებლო საგანთა გარჩევის... სწორედ მან უნდა მოგვცეს გეზი და რეცეპტი სულიერი ცხოვრებისა ერში, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავსაც ვავნებთ და სხვასაც თავგზას ავუბნევთ… მოძღვრობის პრობლემაა, ალბათ ისიც, რომ საერო მღვდლებს, მეტადრე პატიოსნებსა და განსწავლულებს, ხშირად, მონასტრული სულის დამკვიდრება სურთ ერში, რაც, როგორც ავღნიშნე, შეუსაბამობაში მოდის ერულ ცხოვრებასთან. ასეთი სულისკვეთებით აღზრდილი მრევლი შეიძლება კარგად მოსჩანდეს ტაძარში, მსახურების დროს, საზოგადო ლოცვის დროს, ან გნებავს მონასტერში სტუმრობისას, მაგრამ ასეთ მორწმუნეს გარე სამყაროსთან ურთიერთობა გაუჭირდება. მას გაუჭირდება თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირება… მითუმეტეს რომ ჩვენი თანამედროვე გარემო, პროგრესს განიცდის და ჩვენი ვალია ენა გამოვნახოთ, ნებისმიერ ადამიანთან, ნებისმიერი საზოგადოების წევრთან.. ჩვენი ქრისტიანობა კი არ უნდა გამოვლინდეს, სკვნილებით, კრიალოსნებით ანდა გრძელი წვერების ტარებით, არამედ ჩვენი საქციელით, ჩვენი ადამიანობით და ჩვენი თანაგრძნობით… ჩვენი ეკლესიის, ერთერთი უდიდესი წმინდანი, ღირსი მამა, იოანე სინელი, რომელმაც, ბერული ცხოვრების მთავარი სახელმძღვანელო “კიბე” დაგვიტოვა, წერს თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ ერისკაცნიც: “…როგორც შეგიძლიათ, ისე აკეთეთ სიკეთე: არავინ დააბეზღოთ, არაფერი მოიპაროთ, არავინ მოატყუოთ, არავისთან იამაყოთ, არავინ შეიძულოთ, ეკლესიაში ყოველთვის იარეთ, გლახაკებს წყალობა მიეცით, არავინ დააბრკოლოთ, სხვის საკუთრებას ნუ მიიტაცებთ, სხვას ნუ მოინდომებთ და თქვენი მეუღლეები იკმარეთ. თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, შორს არ იქნებით ცათა სასუფევლისგან“. ეს არის ერისკაცის გზა… შეიძლება ცოტა მსუბუქად გეჩვენოს ეს სიტყვები, მაგრამ დამერწმუნე, სწორედ, ესაა ის, რაც უნდა ასწავლო შენს სულიერ შვილებს, რაც ვფიქრობ, არც თუ ისე ადვილია, მაგრამ უფლისმიერ კურთხეულია… ასევე დისონანსშია, ბერულ ყოფა-ცხოვრებასთან, როდესაც მღვდელ-მონაზონი, ერში მსახურებას ესწრაფვის, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკიდურესად შეუასაბამოა მონაზვნობის არსთან, ისევე როგორც მონაზვნური წესით ცხოვრება ერისკაცთათვის… მართლაც რომ უტყუარი და ჭეშმარიტია სწავლება ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა, იმის შესახებ რომ ვინც ერში მღვდლობს მას ცოლიც უნდა ჰყავდეს და შვილებიც, ხოლო ვინც ბერშია, მონასტრის უნდა იყოს მთელი თავისი არსებით… ალბათ შენ გინახავს, ზოგიერთი, წირვა-ლოცვაზე მდგომი, "ბერული" შეხედულების, მარხვისაგან მოუძლურებული, ფერმკრთალი, ახალგაზრდა მამაკაცი და გინახავს აგრეთვე გამოპრანჭული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მღვდელმონაზონიც, რომელიც ერში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში… ეს არ შეიძლება იყოს სწორი… ერს, საღი, ჯან-ღონით სავსე ადამიანები სჭირდება, რომელთაც ცხოვრება, ოჯახი, ახლობლები უყვართ, რომელთაც ერის გამრავლების უნარიც შესწევთ და მზად არიან თავიანთი ფიზიკური თუ სულიერი მზაობით, ომშიც წავიდნენ სამშობლოს დასაცავად… მონასტერში მკაცრად მმარხველი, მლოცველი ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ, რომელთაც არ უჭირავთ თვალი საყოფაცხოვრებო ტექნიკისკენ ან ქალაქისაკენ მიმავალი გზისკენ, წუთისოფლისკენ… ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეშმაკს სურს მონაზვნობის საზღვრები მოშალოს, რაც საბოლოდ მას ძალას მისცემს იბატონოს ერზეც და ბერზეც… (ღმერთმა ნუ ჰქმნას..) როდესაც გვესმის წმინდა მამათაგან, რომ მონაზვნობა არის არა ამსოფლიური მოღვაწეობა, ისინი იმასაც გულისხმობენ, რომ ერში არ უნდა ცხოვრობდნენ მონაზვნები, იღუმენები, არქიმანდრიტები, სხვაა მათი მისია და სხვაა ერში მოღვაწე სასულიერო პირთა მისია... ...ადრე წამიკითხავს სადღაც… ერთი მღვდელ-მონაზონი რომელიც საერო ეკლესიაში მსახურობდა, განსაკუთრებით გამოირჩეოდა გარეგნული მოღვაწეობით, მკაცრად მარხულობდა, ლოცულობდა, კანონებს ასრულებდა, არაფერს არღვევდა, მრევლს უყვარდა, თითქოს ყველაფერს კარგად იცავდა, მაგრამ როცა გადაიყვანეს მიყრუებულ სოფელში სადაც თითო-ოროლა კაცი თუ ესწრებოდა მის მსახურებებს, "დაინგრა" ვერაფერი შეძლო და გალოთდა… იცი რატომ? პატივმოყვარეობის და დიდებისმოყვარეობის ეშმაკი ვერ გამოკვება იქ… რომელიც ჭაობში ან მტკნარ ტბაში მიმალულ ნიანგს ჰგავს, თითქოს მშვიდია ტბა, არანაირი საფრთხე არ სჩანს, მაგრამ უცბად "აამ"… და სასიკვდილოდ იწყვლება საბრალო კაცი... ასე რომ ყველა სული უნდა გამოიცადოს რომელიც სასულიერო გზაზე შედგება… ძველად მონაზვნებს არ უშვებდნენ ერში სამოღვაწეოდ, არამედ მხოლოდ მონასტერში, მათ არ ჰქონდათ უფლება ჯვარი დაეწერათ წყვილისათვის, მრევლი ჰყოლოდათ, რადგანაც მათი შინაგანი საქმიანობა სულ სხვა სიდიდადეს უნდა მიწვდომოდა, უფრო აღმატებულს, უფრო ანგელოზებრივს… ამიტომ განაჩინა უფალმა საერო ეკლესიებში ცოლიანი მღვდლები, რომლებიც საიდუმლოებებს აღასრულებენ და რომელთაც მრევლის განსწავლის უფლებაც აქვთ, კატეხიზატორულ დონეზე…ხოლო მონაზვნები მონასტრებში, რომლებიც აღთქმას დებენ მონასტრიდან გაუსვლელობის, რათა მთელი თავიანთი არსებით და შემართებით მონაზვნურ, "მარტო მყოფობაში" მოშურნეობდნენ... ჩვენს სინამდვილეში კი ვფიქრობ, ყველაფერი ერთმანეთშია აღრეული, მაგალითად ზოგიერთი მღვდელი თუ კი ვერცხლისმოყვარე არაა, სამაგიეროდ ცდილობს ადამიანზე იბატონოს, იმბრძანებლოს, მონასტრულ მორჩილებას სთხოვს თავის მრევლს, იესოს ლოცვაში “ამეცადინებს” ერისკაცებს, გულისსიტყვების გამხელას სთხოვს… იმას ვინაც ჯერ არ იცის, რომ უკეთესი სხვას უწილადოს, დოგმატიკას ასწავლის… ასეთი ქცევის გამართლებას კი მონაზვნურ პრაქტიკებში "პოულობს", ეს ხომ უმეცრებაა!?.. იმის მაგივრად რომ შეეხიდოს და შეეწიოს მორწმუნეს უფლისაკენ სავალ გზაზე, როგორც მეგობარი, როგორც კეთილი თანაშემწე, ტვირთის შემამსუბუქებელი… საპირისპიროს სჩადის “მძიმე ტვირთს” ჰკიდებს მორწმუნეს და ასე ედება სათავე ახალ ფეოდალიზმს, რელიგიურ ფეოდალიზმს… მოძღვრობა თავისი შემეცნების ხარისხით, გაცილებით უფრო ღრმაა ვიდრე მღვდლობა, არ იფიქრო რომ მღვდლობას ვაკნინებ რამენაირად, ნებისმიერ პატიოსან, სასულიერო სემინარია კურსდამთავრებულს, შეუძლია გახდეს მღვდელი ერში, რომელსაც ცოდნაც ააქვს, პატიოსნებაც, სიყვარულიც და კარგი მეგობრობაც შეუძლია, ხოლო მოძღვარი ვერ გახდება ნებისმიერი, 20 წლის ახალგაზრდას არ შეიძლება ეწოდოს მოძღვარი, რადგანაც ეს მასაც დაღუპავს და მის დასამოძღვრსაც… მოძღვარი შეიძლება იყოს, მხოლოდ პატიოსანი, გამოცდილი, ტკივილგამოვლილი, ცხოვრება "ნანახი" ადამიანი… ვერცერთი აკადემია, უნივერსიტეტი თუ სემინარია ვერ ასწავლის მორწმუნეს გამოცდილებას და იმ სულიერ სწავლას რომელსაც მხოლოდ გამოცდილებით იძენს მღვდელი… გარდა ამისა მოძღვრობა ღვთიური ნიჭია, რომელსაც უფალი თავად ანიჭებს მას, ვისაც თვლის ამ ნიჭის ღირსად… ვინც იმსახურებს თავისი ცხოვრების წესით… ვისაც შეუძლია უწამლოს განსაცდელში მყოფთ… კარგად გახსოვდეს ჩემო შვილო, ღმერთი ჩვენ ცოდვილთა სახსნელად მოვიდა ამქვეყნად და არა მართალთა დასაჯილდოვებლად… ყოველი შენი სიტყვა იმედის მიმცემი უნდა იყოს ადამიანებისთვის, რადგან სახარებას ვქადაგებთ და უფალი ჩვენი ყოვლადძლიერი და ყოვლისშემძლეა, თუ სამხელია ვინმე ამხილე მკაცრად, ოღონდ მამობრივი სიყვარულით და თანაგანცდით, ნუ დათრგუნავ ადამიანებს ნურასდროს, ისედაც მრავლადაა განსაცდელები წუთისოფელში, დაე უხაროდეთ სიცოცხლე, ეს ხომ ჩვენი ერთადერთი გზაა ღვთისაკენ მიმავალი… სწორედ გზამკვლევად და დამხმარედ უნდა ექცე ადამიანებს ამქვეყნად და არა დამაბრკოლებლად… გახსოვდეს, მხოლოდ “სწორი სწავლება”, მეტი ცოდნა ან წეს-კანონების შესრულება არაა გარანტი ცხონების. როდესაც უფალმა თქვა; “ვისაც მე გიყვარვართ ჩემი მცნებები დაიცავითო” იგულისხმა რომ მოწყალე სამარიტელივით გულისხმიერნი გავხდეთ და არა ანნასავით და კაიაფასავით “სწორნი” მცნებების დაცვაში… არ არის საკმარისი, ქრისტიანობისთვის, მხოლოდ, კომფორტულად მორგებული, “ჯიბის” “ლოცვანი” და ნორმატივებივით შესრულებული “აღსარება” და “ზიარება”.. ახლა კი მოკლედ გაგცემ პასუხს შეკითხვაზე, "შეიძლება თუ არა სპორტით დაკავდნენ შენი მრევლის ახალგაზრდები?"… რა თქმა უნდა, შეიძლება, პირიქით, ხელიც უნდა შეუწყო რომ სპორტით დაინტერესდნენ, თუ გაქვთ შესაძლებლობა სპორტული დარბაზიც კი უნდა აუშენოთ მათ… გარდა ამისა სხვა , მრავალი, შემეცნებითი (თუნდაც "გასართობი") ღონისძიებებიც უნდა განახორციელო, მრევლის სულიერი თუ ფიზიკური გაჯანსაღებისთვის… გახსოვდეს, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქალაქში ცხოვრობს, არ ხარჯავს ფიზიკურ ძალას, მარხულობს მკაცრად, ლოცულობს, უფრო სწორად, ლოცვებს კითხულობს, საათობით, ან ბერობისთვისაა დადგენილი ან ავადმყოფობისთვისაა განწირული. შეეცადე ყველა დააკავო თანაბრად როგორც ფიზიკური ისე სულიერი შრომით, ამას თვითონ მიხვდები ვინც რამდენს შეძლებს იმის მიხედვით… ქრისტიანობა არაა მხოლოდ "თეოლოგების", პროფესორების ან თუნდაც “მართალთა” რელიგია, ის ყველას რელიგიაა როგორც წიგნიერის ისე უწიგნურის… ამიტომ ყველას მიეცი საშუალება თავიანთი ნიჭი მაქსიმალურად წარმოაჩინონ, ყველა ვერ იქნება მჭვრეტელი ქრისტიანი, ზოგიერთი დურგალი გამოვა, ზოგიერთი მეცნიერი, ზოგიერთი მშენებელი, ზოგიერთი კი მღვდელი… შენ უნდა შეეცადო ასწავლო მათ ერთად ლოცვა, ერთად დგომა, ერთმანეთზე ყოველგვარი შურის და მედიდურობის გარეშე… ჩემო შვილო, იყავი მოთმინებით და ფრთხილად და, გამოცდილებასაც მალე შეიძენ, ძნელია მღვდლობის უღელი, მაგრამ ძალას არ დაიშურებს უფალი შენთვის, რომელმაც გიბოძა შენ ეს “ტკბილი უღელი” და “მსუბუქი ტვირთი”. ბოლოს კი გეტყვი იმას, რომ ჩემი დარიგება არ მიიღო როგორც რაიმეს მტკიცებად, ან შენზე ზედგამოჭრილ რჩევად, მუდმივად გამოიძიე შენი თავი და გაანალიზე შენი სინამდვილე, იყვნენ ერშიც გამორჩეული მოძღვრებიც და მონაზვნებიც, მაგრამ ისინი გამონაკლისნი არიან, ერთეულები.. უფალმა ინებოს და შენთვის უმჯობეს ადგილზე დაგამკვიდროს აქაც და "იქაც" ასი წლის შემდეგ... გლოცავ, სიყვარულით, შენი მამა კარსონ სითი, ნევადის შტატი, 2014 წ. მღვდელი დევიდ ლინდგრენი