Monday, June 14, 2010

15 თებერვალი შენდობის კვირა, მირქმა 2010წ.



დღეს არის დიდმარხვის აღების წინა დღე, სამოთხიდან ადამის განდევნის ხსენება. უფალი ბრძანებს: „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა.“ „ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას.“ თქვენ ალბათ გსმენიათ ძველი ლათინური გამოთქმა „მემენტო მორი“ – „გახსოვდეს სიკვდილი“ , ეს ფრაზა ადრე ადამიანებს შეაგონებდა ამ ქვეყნის ამაოებას, რომ ყოველი ადამიანი წარმავალია. ჩვენ ქრისტიანები კი ვამბობთ, „გახსოვდეს სიცოცხლე“ , „გახსოვდეს ცხონება“... ჩვენც ვამბობთ, რომ ეს ცხოვრება ამაოა, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ის მზადებაა უფრო ნამდვილი სიცოცხლისათვის, მარადიული სიცოცხლისათვის, რომლის შესასვლელი კარი - ბჭე ვიწროა, და მხოლოდ მცირედნი ვლენან ამ გზაზე... რატომაა ვიწრო და ძნელი, ეს ბჭე და ეს გზა? იმიტომ რომ ეს გზა გადის საკუთარი თავის უარყოფაზე, გახსოვთ ალბათ მაცხოვრის სიტყვები: ... „რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი“ო, ანუ „რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი“ სიყვარულისთვის, უფლისათვის ან მოყვასისათვის მან ჰპოვოს იგი.... ამის პირველი მაგალითიც თვით ქრისტემ მოგვცა როდესაც ჩვენი გულისთვის ჯვარს ეცვა... აქედან გამომდინარე ვინაიდან ჩვენ ქრისტიანებად ვიწოდებით და ქრისტეს სისხლით ვარ გამოსყიდულნი, გვმართებს ზრუნვა ერთმანეთისთვის, გვმართებს სიყვარული ერთმანეთისა, რომელიც მოითხოვს ჩვენგან შრომასა და ღვაწლს - მსხვერპლის გაღებას... აი როგორია ჭეშმარიტი სიყვარული, შეგახსენებთ პავლე მოციქულის მიერ გამოთქმულ სიყვარულის ჰიმნს: ...„სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. . . როგორ ფიქრობთ ადვილია ყველაფრის მოთმენა? ან ყველაფრის ატანა...?
დიახ, სწორედ ასეთია ვიწრო ბჭით შესასვლელი გზაც, რომელზეც მცირედნი ვლენან. ამ გზაზე უნდა იდგეს ყოველი ქრისტიანი ვინც მარადიულ სიცოცხლეს ესწრაფვის...
დღეს ჩვენ სახარებაში მოვისმინეთ მაცხოვრის სიტყვები მიმტევებლობაზე: „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“-ო, ესეიგი ჩვენი გადარჩენის საკითხი ჩვენს ხელშიც არის... ყოველთვის ადვილი არ არის მიტევება, ესეც ჩვენი პირადი „მე“-ს უარყოფით და დათრგუნვით ხდება, რაც ძალზე ძნელია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი. „მამაო ჩვენოს“ ლოცვაში, რომელიც თვით ქრისტემ გვასწავლა, ვითხოვთ ზეციური მამისგან - შენც ისევე მოგვიტევე ჩვენი შეცოდებანი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მომართ შემცოდეებსო, და თითქოს ამით ვპირდებით უფალს დარწმუნებით, რომ ჩვენ ყოველთვის შევუნდობთ ჩვენს შემცოდეებს ...
ასევე მინდა გითხრათ, რომ ვინც განიკითხავს მოყვასს, (თუ არ შეინანებს) ისიც ვერ გახდება მიტევების ღირსი მამაზეციერისგან, რადგანაც განკითხვისას ადამიანი შინაგანად არ პატიობს სხვას სისუსტეებსა თუ ცოდვებს.
შემდეგ კი შეგვაგონებს უფალი, თუ როგორ უნდა ვიმარხულოთ. არა თვალთმაქცივით... კი არ უნდა გავიძახოდეთ წამდაუწუმ ქვეყანაზე გინდა ხმამაღლა და გინდა გულში; მარხვაზე ვარ, შემხედეთ როგორი სულიერი ვარ! არამედ მართლაც, რომ უნდა დავიმარხოთ ანუ შევინახოთ საიდუმლოდ ჩვენს გულებში წმ. მარხვა, და უფალი რომელიც გულთამხილავია მოგვაგებს ზეციურ სიხარულს ამავე ქვეყნად. ეს უნდა იყოს ჩვენი შინაგანი საქმე, დაფარულად საკეთებელი... გარდა ამისა მარხვაში უნდა ვთესოთ სიკეთე, საქმით, სიტყვით, გულით, გონებით, რათა ცათა სასუფეველში, იქ დავაგროვოთ ჩვენი საუნჯე და არა აქ სადაც ყველაფერი განქარდება და ძონძად იქცევა...
დღეს ასევე ვდღესასწაულობთ ღვთის განგებით მირქმის-მიგებების დღესასწაულს, რადგანაც დიდმარხვის პირველ კვირას არ ეგების დღესასწაულის აღნიშვნა 15 თებერვლის მსახურება გადმოვიდა 14 თებერვალს.
დღეს, მართალი სვიმეონის სახით სიმბოლურად კაცობრიობის მართალთა და ღვთის მოშიშთა ნაწილმა მიირქვა უფალი... ვფიქრობ, საოცრად თბილი შეერთება გამოვიდა დღესასწაულებისა - მირქმისა და შენდობისა, ან თუ შეიძლება ასე ითქვას, მეტი სითბოს გამოსახატავად, მიხუტებისა და შენდობისა... დღეს ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს, უფალი შეუნდობს და იხუტებს... რადგანაც დღეს იხსნება ბჭენი სინანულისა... წმინდა დიდმარხვა...
მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციისა და სწავლებისამებრ, დღევანდელ დღეს ყოველი წევრი ეკლესიისა, განურჩევლად იერარქიული მდგომარეობისა, ერთმანეთისაგან შენდობასა და მიტევებას ვითხოვთ, რათა შეძლებისდაგვარად სუფთა სინდისით დავიწყოთ წმინდა დიდმარხვა... თავდაპირველად ჩვენც შენდობა ვითხოვოთ უფლისგან, რათა შეგვინდოს ყოველივე რაც ვსცოდეთ გასული წლის განმავლობაში და მთლიანად ჩვენი ცხოვრების მანძილზე... შენდობა ვთხოვოთ ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და ჩვენს მეუფეს, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველ მიტროპოლიტ დიმიტრის... მინდა გთხოვოთ, შენდობა, ასევე მეც, რომელიც უღირსი ვარ ვიდგე აქ წმ. ამბიონზე... მაგრამ ქრისტეს წყალობასა და მღვდლობას ვუჭირავვარ აქ, და ეს არის ჩემი იმედიც, რწმენაც და სიყვარულიც....ვცოდე ბევრჯერ, საქმით, სიტყვით, გონებით და გულისხმისყოფით და ყოველი ჩემი საცნობელით,. გთხოვთ შემინდოთ და მაპატიოთ ყოველივე... მე ვარ ყველაზე მეტად ცოდვილი... შემინდეთ!!!

საშინელი სამსჯავროს ხსენება


ქრისტიანები, ცათა სასუფეველის ქადაგების, თითქმის, პირველივე დღიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე მოელიან ქრისტეს მეორედ მოსვლის დღეს.
მოწამენი, მმარხველნი, მეუდაბნოენი, ქრისტეს მორწმუნენი - ერნი თუ ბერნი ამ დღისათვის ევედრებიან უფალს, რათა შეწაყალებულ იქმნენ.
მრავალი ლოცვა დაწერილა დღემდე და დაიწრება ალბათ მარად, მაგრამ მონანული ავაზაკის ჯვარზე ნათქვამი ლოცვა, ალბათ, ყველაზე მეტად განსაკუთრებულია, „მომიხსენე მე უფალო სასუფეველსა შენსა ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“... ანუ მომიხსენე მე უფალო, შენს ზეციურ სამეფოში როცა მოხვალ მეორედ მოსვლისას შენი მეფობით და დიდებითო...ამ ლოცვით იმავე დღეს სასუფევლის კარი გაეხსნა მონანულ ავაზაკს და კაცთაგან, პირველი შევიდა ცათა სასუფეველში.
დღეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიები აღნიშნავენ საშინელი სამსჯავროს ხსენებას ანუ უფლის მეორედ მოსვლის დღეს.
ჩვენ ვიცით, რომ პირველად მოსვლა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი იყო სიმდაბლით, მან თავის თვისი დაიმდაბლა, იმისათვის რათა გამოეხსნა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის ტყვეობისაგან, იგი ჩვენი გულისთვის მოკვდა წამებით და აღდგა დიდებით რათა დავებრუნებინეთ მამის წიაღში. პირველად მოსვლისას მან დათესა მაცხოვნებელი სიტყვა და საუკუნო სიცოცხლე ჩვენს სულებში, რომლის აღმოსაცენად და ნაყოფის გამოსაღებად ჩვენ უნდა ვიღვაწოთ ამ სოფელში. ხოლო მეორედ მოსვლისას იგი ამ ნაყოფის მოსაღებად მოვა.
იგი დადიოდა ამ ქვეყნად როგორც გლახაკი და ღარიბი, და არაფერი არ ებადა მას, არც სახლკარი, არც ფული, არც ოქრო და ვერცხლი... რათა ენახა ჩვენი თანაგრძნობა და თანაგანცდა, თუ როგორები ვიყავით ჩვენ სინამდვილეში... და აი სწორედ იმ დღეებიდან დაიწყო განყოფა ცხვრებისა თიკანთაგან, იმ დღეებიდან დაიწყო საშინელი სამსჯავროსათვის მზადება და დღემდე გრძელდება... ჩვენს სინამდვილეში ხდება გარჩევა კეთილისა და ბოროტისა...
მეორედ მოსვლის შესახებ ბევრი ითქვა და ითქმება კიდეც მომავალშიც ალბათ მავანთა და მავანთაგან. ჩვენ გვსმენია ალბათ უამრავი ვერსია ამ სამყაროს აღსრულების შესახებ და აღარ არის საჭირო მათი გამეორება.
ეკლესიური, მორწნუნე ქრისტიანისთვის სავსებით და სრულიად საკმარისია იცოდეს ქრისტეს სიტყვები წმ. სახარებიდან, ამ სამყაროს აღსასრულის შესახებ, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მისთანა, მაშინ დაჯდეს საყდარსა დიდებისა თვისისათა. და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა იგი მწყემსმან რაი განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან“ ... ამ მოვლენის უფრო ნათლად დასურათხატებისთვის ცოტათი ადრე ბრძანებს უფალი, რომ მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოსცვივდებიან ციდან და შეიძვრებიან ციურნი ძალნი: „მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას ყოველი ტომი ქვეყანისა, და იხილავენ ძე კაცისას - ცის ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით“. აქ „ძე კაცისას“ სახელით უფალი თავის თავს იხსენიებს, ხოლო „ძე კაცისას ნიშან“-ში წმ. მამები როგორც განმარტავენ იგულისხმება ჯვარი ქრისტესი, რომელიც ცაზე გამოჩნდება საშინელი სამსჯავროს წინ...
„და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯვენით მისსა და თიკანნი მარცხენით...“
ცხვარი როგორც იცით მორჩილების სიმბოლოდაა ნახსენები, ხოლო თიკანი ურჩობის სიმბოლოდ. ეს ის დღე იქნება როდესაც ფარდა აეხდება ყველაფერს, აქ გამოჩნდებიან ცხვრის ტყავში გახვეული მგლებიც და თიკნებიც. დღეს თუ ხორცი ფარავს ადამიანის სულს, მაშინ სული დაფარავს ადამიანის ხორცს და შესაბამისი გარეგნობა ექნება ადამიანსაც. ამ დღეს გადაიშლება წიგნები ჩვენი მოუნანიებელი და დაფარული ცოდვებით აღწერილი, რომლებიც აღსარების საიდუმლოში და სინანულში არ აღხოცილა... ასევე გადაიშლება ის წიგნები სადაც ჩვენს მიერ გაკეთებული სიკეთეებია აღწერილი... მინდა იცოდეთ, რომ როდესაც საუბარია ზეციურ და ირეალურ მოვლენებზე და ნახსენებია ამქვეყნიური საგნები და შესატყვისები, წმ. წერილში, ისეთები მაგალითად როგორებიცაა, წიგნები, ფრთები, ცეცხლის ტბები და ა.შ. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მხოლოდ სიმბოლურად ნახსენები სიტყვები და შესატყვისები, რომლებიც გამოხატავენ რაიმე საგნის ან მოვლენის სულიერ შინაარსს.

„მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანნო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით, რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხუედით ჩემდა.“ დავაკვირდეთ აბა, სად უნდა ვეძებოთ უფალი, სად უნდა მივეახლოთ ზეციურ მეუფეს? სრა-სასახლეში? მდიდრულ ნადიმზე? რაიმე გასართობ ადგილას? ან თუნდაც „ელიტარულ“ წრეებში ან და მათთან „ინტელექტუალურ“ დისპუტებში უნდა ვეძებოთ უფალი და მისი ჭეშმარიტება? როდესაც ამხელა ზეციური სიკეთის სამკალია ჩვენს ირგვლივ სამოღვაწეოდ... აი, ჩვენი მაცხოვნებელი საქმეებიც აქ არის, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ; მშიერთა დაპურება, მწყურვალეთა სმევა, გლახაკთა შეწყნარება, შიშველთა შემოსვა, სნეულთა მიხედვა, პატიმართა მონახულება... მოკლედ რომ ვთქვათ, სიკეთის კეთება დაუცადებლად...
„მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?“ ჰოი სანატრელო, სიმდაბლევ! რომელი თვისების მქონენიც საკუთარ კეთილ საქმეებს არაფრად აგდებენ, არაფრად რაცხავენ, რადგანაც ღვთის სიტყვის ერთგული მოწაფენი არიან, რომელიც ამბობს: „ ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაი შენი, რასა იქმოდის მარჯუენაი შენი. რაითა იყოს ქველისსაქმე შენი ფარულად და მამაი შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.“
... „და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყვი თქვენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. ეს არის ხვედრი მართალთა, მოულოდნელი ზეციური სიხარული სასუფევლისა, წმინდანთა თანა მკვიდრობა და ანგელოზთა თანა გალობა...
ხოლო მარცხნივ მყოფთ მიუგებს: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის. რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა და არა მოხვედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა ანუ საპყრობილესა, და არა გმსახურეთ შენ?“ როგორც მართალნი სიმდაბლის გამო ვერ ცნობდნენ თავიანთ სათნოებებს, ასევე ცოდვილნიც ვერ იცნობენ თავიანთ უკეთურობებს სულიერი სიბრმავის გამო. სულიერი სიბრმავე არის საშიში სენი, რომელიც მეტნაკლებად ყველა ჩვენთაგანს სჭირს და რომელიც გამომდინარეობს ყველაზე მეტად ალბათ ამპარტავნებიდან, რადგანაც ამპარტავანს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის, ყველაფერს მიწვდა... ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ რომ გვიხსნას უფალმა ამ სულიერი სენისაგან.
„მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყვი თქვენ, რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა“. აი ეს არის საშინელი სამსჯავროს აღსასრულიც, საბოლოოდ განყოფა კეთილისა ბოროტისაგან.
აქედან გულისხმავჰყოთ ყველა ჩვენთაგანმა, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ დღემდე, საშინელ სამსჯავრომდე და მზად ვიყოთ ყოველთვის უფალთან შესახვედრათ, რადგანაც არვიცით, როდის მოვა ეს დრო. „ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა; და არ იცოდნენ ვიდრე წარღვნა მოვიდოდა და ყველას წაიღებდა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლისასაც“... ასე რომ ვიფხიზლოთ!
ქრისტემ გაგაძლიეროთ რწმენაში და შრომაში!!!

მეზვერისა და ფარისეველის კვირა 2010წ.



ვუახლოვდებით დიდ მარხვას და ეკლესია იწყებს მორწმუნეთა სულების შემზადებას დიდი მარხვისათვის, და ეს იწყება სწორედ ამ კვირიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან. ჩვენ ადრე გვისაუბრია მარხვის შესახებ, როგორც საკუთარი სულის გამოწრთობის საშუალებაზე, დღევანდელი წაკითხული სახარებიდან კი უნდა გავიაზროთ მარხვა, როგორც ღმერთთან მიახლების საშუალება. როგორი მარხვა გვმართებს ჩვენ? როგორი გულით უნდა ვიმარხულოთ, რომ სათნოვეყოთ უფალს? როგორი განწყობით უნდა დავიწყოთ მარხვა? ამ კითხვებზე პასუხს ვიგებთ ჩვენ დღევანდელი წაკითხული სახარების საკითხავიდან უფლის იგავით, მეზვერესა და ფარისეველზე...
გადავხედოთ კიდევ ერთხელ, „ორი კაცი აღვიდოდა ტაძრად“ სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მეზვერე.“ შეგახსენებთ, იმ დროს ფარისეველნი ითვლებოდნენ მართალ ადამიანებად და გამოირჩეოდნენ იმით, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ხოლო მეზვერეები ანუ მებაჟეები იყვნენ გადასახადის ამკრეფები, რომელნიც ძირითადად დამპყრობელ რომაელებს ემსახურებოდნენ და ებრაელებს ისინი, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვარდათ. „ფარისეველი დადგა და ასე ლოცულობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.“ო,
ნახეთ, ერთი შეხედვით, რა კარგად იწყებს ლოცვას ფარისეველი მადლობით, თითქოს მოწიწებაც სჩანს მის სიტყვებში და შემდეგ როგორ აგრძელებს; გმადლობო, უფალო, რომ არა ვარ სხვა კაცთა მსგავსად... (ცოდვებს ჩამოთვლის)... ცოდვილიო და იწყებს თავისი საქმეების, „სათნოებების“ ჩამოთვლას...
როგორია ასეთი ადამიანის სულიერი მდგომარეობა ამ დროს?
თვითკმაყოფილი, დაჯერებული იმაში რომ ის კარგია, რომ ბევრს სჯობია, იმასაც კი რომელიც იქვე მასთან ახლოს დგას ფიზიკურად, მერე რა რომ ისიც სალოცავად დგას, ის ხომ „მეზვერეა“... ფარისეველი თითქოს საკუთარ თავსაც განიხილავს და საკუთარ სულშიც იხედება, რაც კარგია ასევე, მაგრამ როგორ განიხილავს იგი საკუთარ თავს, რას ხედავს იგი თავის სულში? ეს არის საკითხავი... ისეთი კი არა ვარ, არამედ ორჯერ ვმარხულობ, მოწყალებას გავცემ, ვლოცულობო და ა.შ. შეგვიძლია ჩვენც გავარძელოთ ეს ჩამონათვალი და დავამატოთ: სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია, პატივისცემის მეტი არაფერი მიქმნია... და ა.შ. მგონი ნაცნობი ფრაზაა... დღესაც ბევრი ფიქრობს და ამბობს, როცა რაიმე განსაცდელი შეხვდება, რატომ დამემართა ეს, სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებიაო...
ასე იმიტომ ხდება რომ თუ ადამიანს სიმდაბლე არა აქვს, ფუჭია მისი საქმეები; მოწყალება, ლოცვა, მარხვა, ფუჭია მისი ღვაწლი და სიყვარულიც კი ... რადგან თუ ადამიანს სიმდაბლე არა აქვს და სხვა რაიმე სიკეთე და სათნოება გააჩნია, ამპარტავნება ყველაფერს დააკარგვინებს...
...სიმდაბლე არის ყველა სათნოებებზე მაღლა მდგომი სათნოება, ეს ის მწვერვალია, რომელსაც პირველად ღვთისმშობელი შეწვდა უცოდველი ცხოვრებით, და რომელიც ამ შემთხვევაში ცოდვილ მეზვერეს აღმოაჩნდა... იგი „იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა,ამას“ო ...
აი ეს არის ლოცვა, ნამდვილი, აღმომსკდარი გულიდან და სულიდან... და არა განცხადებასავით და ახსნა-განმარტებასავით ნათქვამი ლოცვა... ეს ლოცვა წარმოშვა სინანულმა და სიმდაბლემ, და ზეცა გახსნა ასეთმა ლოცვამ...
აქვე მსურს ყურადღება გაგამახვილებინოთ იმაზე, რომ ზოგჯერ მორწმუნე ადამიანს ახასიათებს, ასე ვთქვათ, „პატარ-პატარა“ გადაცდომები, აი მაგალითად: როცა მოისმენს იგავს სახარებიდან მეზვერესა და ფარისეველზე, თავის თავს წარმოიდგენს, როგორც მეზვერეს, ე.ი. კარგს; როცა მოისმენს იგავს მოწყალე სამარიტელზე, თავი მოწყალე ჰგონია, ან კიდევ, როცა მოისმენს ამბავს მაცხოვართან ჯვარცმულ ავაზაკთა შესახებ, თავი იმ ავაზაკად წარმოუდგენია, რომელმაც ღმერთი შეიცნო და სასუფეველში პირველი შევიდა... ასეთი მიდგომა ჩვენ სულიერებაში წინ ვერ წაგვწევს...
ამ იგავებმა მორწმუნე ადამიანს არ უნდა მისცეს სარწმუნოებაში და საეკლესიო წესების დაცვაში საბაბი სიზარმაცისა, არ უნდა აფიქრებინოს ის, რომ...ეხლა მეც მეზვერესავით ვერ ვიცავ ზუსტად წესებს, ცოდვებს ჩავდივარ, მაგრამ შემდეგ მეზვერესავით მეც შევინანებ და ვილოცებო, ჯერ შევცოდავ და მერე შევინანებ და მასსავით გავმართლდებიო, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენი, გულთა მხილავია, და თან წინასწარ არვიცით ხვალინდელ დღეს ვიხილავთ თუ არა...
ჩვენ ახლავე გვმართებს სინანული, სიმდაბლე და კეთილი გულისხმისყოფა, უმჯობესია დღეს ჩვენ ჩვენს ფარისევლობას ვტიროდეთ, ჩვენს ამპარტავნებასა და უმოწყალობას ვტიროდეთ, იმაზე ვტიროდეთ, რომ წლები გავიდა და ვერ ვწვდებით ღვთივსათნო ცხოვრებას...
უმჯობესია ჩვენ სინანულის ნაყოფი გამოვიღოთ, ვიდრე ვიფიქროთ იმაზე თუ როგორი მართლები ვართ... ძალიან საშიში დრო დგება, რადგანაც ძნელი ხდება ადამიანების გარჩევა, დღეს შეიძლება მეზვერე, რომელიც ღმერთს სათნო ეყო ფარისეველივით იდგეს, ხოლო ფარისეველი კი სახარებისეულ მეზვერეობას იჩემებდეს, ყველა ნიღაბს ირგებს და ყველა კეთილმსახურებას იჩემებს, დღეს თითქმის ყველაფრის აღრევა ხდება; რელიგიების, კულტურების, ერების, სქესებისაც კი... შფოთავს დემონი და აგონიაშია, რადგანაც ახლოვდება დღე მეორედ მოსვლისა დიდებით უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი...
და ამ ბოლო დროს, შემთხვევითი არ არის ისიც, რომ ზოგიერთნი, სასულიერო პირნიც კი, აღარ ესაუბრებიან თავიანთ მრევლს ბოლო ჟამზე... ცდილობენ ათასგვარი „ტკბილი სიტყვებითა“ და ლიქნით ესაუბრონ მათ, შეალამაზონ საშინელი სამსჯავრო... ეს ძალიან სამწუხაროა და დამაბრკოლებელია ბევრისთვის, რადგანაც ფიქრობენ, რომ აგვიანებს უფალი მოსვლას, დრო გვაქვს დროს ტარებისთვის, განლაღებისათვის, „მერე შევინანებთ“ ... და სინამდვილეში კი უკვე კართან დგას უფალი, ბოლო ჟამია და ვაი იმას ვინც არ მოელის მას... „ჰე, მოვალ ადრე!“ ამბობს უფალი იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიპსში... ჰე მოხვიდოდე, უფალო ჩვენო იესუ ქრისტე!!!
მაშასადამე, სიმდაბლით და სინანულით შემუსვრილი გულით უნდა ვილოცოთ, როგორც მეზვერემ, რომ წყალობა მოვიღოთ უფლისგან... და გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხსნა ჩვენს ხელთაცაა...
ბოლოს კი მაცხოვარი ასე ამთავრებს დღევანდელ იგავს: „გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.“ ხედავთ? უფალი როგორ ამბობს აქაც „გარდამოვიდა ესე განმართლებული... ვიდრე ფარისეველი იგი“ო, ე.ი. არ იგულისხმება აქ ის, რომ ფარისეველი იმ წუთასვე ჯოჯოხეთს მიეცა, აქვს ფარისეველს კიდევ იმის შანსი, რომ ჩაწვდეს ლოცვის შინაარსს რომელიც სიმდაბლეში და სინანულში მდგომარეობს... რომ გულისხმაჰყოს ღვთიური ჭეშმარიტება: „... რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს...
ღმერთმა მოგვმადლოს სიმდაბლე, სინანული, ლოცვა გულწრფელი და წყალობა ღვთისა...
მადლი და სიყვარული განმრავლდინ თქვენ შორის!!!
ამენ!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით
იღუმენი იოანე(კავსაძე)
სან ფრანცისკო 24 იანვარი 2010წ
მეზვერისა და ფარისევლის კვირა