Saturday, August 10, 2013

წერილი ჩემს შვილს # 9

ჩემო საყვარელო შვილო, ბოლო წერილში შენ მწერდი რომ, ვეღარ უძლებ ცხოვრებისეულ სირთულეებს და რომ ყველას და ყველაფერს გაურბიხარ უკვე… მართალი გითხრა, მე არ ველოდი შენგან ასეთ წერილს, რადგან ვიცი რომ მამაცი გული გაქვს, მამასავით… :) ნუ შეშინდები ჩემო შვილო, მხნედ იდექი და გაიწვრთენი საკუთარი თავი კეთილგონიერებაში, "იყავი უმანკო, როგორ მტრედი და გონიერი როგორც გველი…" ყოველი განსაცდელი ჩვეულებრივ მიიღე და არ გაიკვირვო არაფერი არავისგან და არც თვით შენგან… რადგან "ბოროტსა ზედა დგას წუთისოფელი" და ჩვენ (სიკეთეს მოწყურებულნიც კი) ბოროტისაკენ ვართ მიდრეკილნი,… სიბრძნეს დაეშურე და გიყვარდეს ტკივილების ატანა, რადგან ეს ნეტარებების დასაწყისი შეიძლება იყოს… გახსოვს? ბავშვობაში, როდესაც კბილის ექიმთან დამყავდი, გზაში ბევრს ტიროდი ხოლმე… და შემდეგ უკვე, როცა აგიხსნიდი, რომ ეს სასარგებლო იყო შენთვის, ცრემლებში ღიმილს შეურევდი და მხნედ დაუჯდებოდი ხოლმე კბილის ექიმს სკამზე… ისევე ახლაც არ დაკარგო სიმხნევე და მტკიცედ იდექი ღვთისა და ადამიანის სიყვარულში… იყავი ღრმად მოაზროვნე და ყოველდღე შეიმეცნე - "შეიცანი შენი თავი", ეს სამყარო, "ის" სამყარო… სიყვარული და სიცოცხლე… ცხოვრებაში, ადამიანთა უმრავლესობას, აუცილებლად დაუდგება ხოლმე წამი, როდესაც უნდა აირჩიოს, მგელი იყოს თუ ცხვარი…? და ის თვითონ აკეთებს არჩევანს, ვინ იყოს ამქვეყნად… მე ცხვრობა ავირჩიე, ჩემო შვილო... და კეთილ მწყემსს მივებარე სამარადჟამოდ, ყოვლადძლიერს, ყოვლის შემომქმედს და ყოვლის განმგებელს… ის იბრძვისს ჩემს წილ... ნუ შეშინდები შენი სისუტით ან სხვისი ძლიერებით... გახსოვდეს.. "რბილი სძლევს მაგარს, სუსტი სძლევს ძლიერს...", ჯვარცმული იმარჯვებს ჯვარმცმელზე... ღმერთს მიებარე და დაუთმე მას, რომ შენს უძლურებაში თავისი ძალა გამოაჩინოს... საზოგადოებასთან კონფლიქტი ჩვენ მემკვიდრეობითად გვერგო, ჩემო შვილო, რადგან უცხოა ეს სახეცვლილი სამყარო და ეს დაცემული ბუნება ჩვენთვის… არც კი ეცადო შეურიგდე ამაოების მსახურთ, თორემ იმწამსვე თავისნაირად გაქცევენ, დაგცემენ და გადაგივლიან მერე… გახსოვდეს, მკვდარი აბელი სჯობს იყო, ვიდრე ცოცხალი კაენი… მე მთელი ცხოვრება ჩემსა და გარეშე საზოგადოებას შორის არსებული თანდაყოლილი ბზარის ამოვსებას ვცდილობდი და დიდხანს ვთხოვდი არაფრის მქონეს, სიკეთეს ამაოდ… და მერე მივხვდი, ცოტა მოგვიანებით, რომ უფრო მეტად და მეტად იზრდებოდა ნაპრალი წუთისოფელსა და ჩემს შორის… გამარჯვებას გისურვებ, გლოცავ და გეფერები, სიყვარულით შენი მამა (სან ფრანცისკო, ოქროს კარიბჭე, კალიფორნია 2013 წელი)

Tuesday, July 9, 2013

წერილი ჩემს შვილს

ჩემო საყვარელო შვილო, გთხოვ, ნუ გახდები, უნებლიედ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან აგიტატორი… არა აქვს მნიშვნელობა რომლის… იყავი ქრისტიანი, უბრალო… ნურც შენი ხმამაღალი ლოცვით შეაწუხებ ვინმეს და ნურც ინტერნეტში იქადაგებ ღვთისმეტყველებას, როგორც ამას "მრავალი" "თეოლოგი" აკეთებს… გახსოვდეს, ყველა არაა უფლებამოსილი იქადაგოს და დამოძღვროს … ყველა ვერ იქნება სიბრძნის მღაღადებელი მოძღვარი… გიყვარდეს ღმერთი, ყოველგვარი სიკეთის წყარო, შენი ოჯახი, ერთგული იყავი შენი ცოლის, შვილების, შენი ახლობლების… იშრომე და მუდამ სიკეთე სთესე… მოეფერე ყველას და ყველაფერს, ღვთის გაჩენილს, ამქვეყნად… და მტრის სიყვარულსაც მალე ისწავლი… ყოველგვარი საზოგადოებრივი აქტივობა, შენი თავის მოწესრიგებიდან დაიწყე, ჯერ შენს თავს მიხედე, გაისარჯე სწავლაში, შრომაში, სიკეთის ქმნაში… გახდი თავის უფალი ადამიანი… შემდეგ კი შენს ირგვლივ გახდი მაგალითი, შენს ირგვლივ მყოფთ გამოადექი… არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნები ამქვეყნად, მღვდელი, პრეზიდენტი თუ დურგალი… ბევრი ფული გექნება თუ ცოტა… მთავარია ღვთის მადლი იყოს შენში დავანებული, რომელიც ყოველგვარი სიკეთის; სიხარულის, სიყვარულის და ჭეშმარიტი სიცოცხლის წყაროა… გახსოვდეს, ბევრს ნუ აიღებ შენს თავზე, შენივე ნებით, ნურასდროს, თუ კი გექნება ძალა საპატიო ტვირთის ზიდვისა, უფალი გამოგარჩევს და დაგადგენს იქ სადაც ეს საჭირო იქნება შენთვის და სხვისთვისაც… გაიხსენე, მოსე როგორ მოიძია უფალმა და დაადგინა მამად თავის რჩეული ერისა… იყავი მშვიდი და თავმდაბალი… და წინ ნუ აღუდგები ბოროტს, გაეცალე და გაატარე, ის თვითონვე წაბორძიკდება თავისავე სიბოროტეზე და გადაიჩეხება… იყავი ღმერთის… და არაფერმა არ შეგაშინოს ამქვეყნად, რადგან ის იქნება შენი მფარველი აქაც და "იქაც"… გლოცავ და გეფერები ჩემო შვილო… შენი ყოველი წარმატება სიცოცხლეს მმატებს, მახარებს ძლიერ… მე უკვე დავბერდი და გავდექი ჩრდილში… აჰა შენ ასპარეზი… აჰა შენ სარბიელი… ახლა შენა ხარ ყოჩი… იბრძოლე და გაიმარჯვებ!!! კურთხეულ იყავ ღვთისაგან ამიერითგან და უკუნისამდე… !!! სიყვარულით, შენი მამა (კარმელი, კალიფორნია 2013 წელი)

Wednesday, May 22, 2013

A brief sermon on Sunday of the Myrrh-bearing women...

Today we are commemorating Myrrh -bearing women's Sunday... Glory be to God that he granted us opportunity, on this feast day, to venerate and to Glorify again, his beautiful creation - a woman. Every time when I see, in my mind, those divinely merciful women, it makes me think about how wonderful a woman's existence is, about her external and internal beauty, about her love and care for family and children. It's not by accident that the first joy of Christ's resurrection, God granted to Myrrh-bearing women. Not Peter, not any of the disciples, not even John was rewarded with the honor of being the first witness of the resurrection, only Myrrh-bearing women were. Woman is a birth giver ... she is the messenger of good news … she is the giver of life, that's why Adam named a woman "Eva", which in Hebrew means "life living one". From Eva came sin to Adam and now from New Eva came words of Salvation to new Adam. This day reminds us also Myrrh -bearing women's humility and obedience to Jesus Christ. They were also involved in Jesus Christ's ministry and in His life … they were obedient to the love ... obedient to the God. In that way, our creator beautified His creation with all kinds of virtues. Think about how good it is when woman is dressed like a woman, acts like a woman, and speaks like a woman. Likewise we can say the same about a man as well - when a man acts like a man. At first glance it seems like it's easy, but let us observe what kind of values the modern world offers us - same-sex marriage – which is enough to poison the whole world and humanity, This is an attack against God and His creation… because Love between a man and a woman is the fundamental value of our existence.. So Let us keep our faith in our hearts strongly, let us listen to what the holy spirit says by church's mouth and let us be true men and true women... for His the dominion and the power and the Glory of the father and of the son and of the holy spirit now and ever and unto the ages of ages... amen..

Monday, March 18, 2013

გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას!

გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას! ეს პერიოდი მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში ხვნა-თესვის პერიოდს წააგავს, როდესაც შენ საკუთარ თავზე იწყებ მუშაობას… საკუთარი შინაგანი სამყაროს შესწავლას და მოწესრიგებას… და ეს არის უმნიშნელოვანესი ადამიანისათვის… ყოველივე ჩვენს ირგვლივ ისევე წარემართება, როგორ კალაპოტსაც ჩვენ მივსცემთ მას - ჩვენს ცხოვრებას… ყოველგვარი ღირებული და ყოველივე ღირსეული ამ სამყაროში და ამ სამყაროს მიღმაც, წესრიგს ექვემდებარება... რაც ჰქმნის დიდ ჰარმონიას ჩვენს ირგვლივ.. მაგალითად; კოსმოსი ბერძნულიდან, პირდაპირ რომ ვთარგმნოთ ქართულად, ნიშნავს წესრიგს… და ეს წესრიგი, რომ არა ჩვენი ყოფიერება სათუო იქნებოდა ამქვეყნად… და ამიტომაც ღვთის ეკლესიაში ყოველივე წესრიგს ექვემდებარება… და ჩვენი ვალია რომ დავიცვათ ეს წესები… თუ კი ადამიანზე ღირსებით ნაკლები ზის წესსა და რიგში, გნებავთ მნათობნი ანდა წყალნი… ან კი ამინდი… რაოდენ გვმართებს ჩვენ, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანებს წესრიგში ყოფნა… ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მარხვის მნიშვნელობაზე, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მარხვა და ლოცვა, რომ ეს არის ჩვენი სულიერი ჯანმრთელობის გარანტი… და რომ ეს - მარხვა ისწავლება ეკლესიაში, სულიწმიდის მადლით…ხანდახან, სუსტნი რწმენასა და ეკლესიურ ცხოვრებაში მარხვას უკავშირებენ საკვების შემადგენლობის ცვლილებას… წინააღმდეგ ამისა "უფრო მეტად გაგებულნი და გაბედულნი" კი სრულიად უარჰყოფენ საკვების შემადგენლობის შეცვლას… და შემდეგში უკვე ნებით თუ უნებლიეთ, ასეთი მიდგომები განაგრილებენ მათ მოშურნეობას საღვთო მცნებების სწავლასა და შემეცნებაში… ამიტომ ეცემიან შემდეგ "ყოფილი მორწმუნეები" იოგას გაკვეთილებს, სხვადასხვა აღმოსავლურ "მედიტაციებს" და ა.შ… და იქ სადაც ნამდვილი კურნება აღესრულება ადამიანისა, ქრისტეს წმინდა ეკლესიაში, გაურბიან მას, როგორც პატარა ბავშვები ექიმებს გაურბიან… ხან რა მიზეზით და ხან რა… თავშეკავება, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მარხვის ხერხემალი… ეს არის, ის პირველი, რაზეც ჩვენი თავი უნდა განვაწყოთ მარხვის წინ…. თავშეკავება და საკუთარ სულში ჩაღრმავება, არის პირველი ნაბიჯი იმ "დიდ მოგზაურობაში" რასაც დიდმარხვა ჰქვია… თავშეკავების გარეშე არ არსებობს სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა, თავშეკავება არის სიწმინდე მძლეველი ვნებათა მორევის… თუ კი რაიმე სულიერი განსაცდელი თავს დაგატყდება ან ცდუნების წინაშე აღმოჩნდები თავშეკავებულობა გადაგარჩენს ცოდვის ჩადენისგან… თუ კი ღალატისკენ მიიდრიკება შენი გული თავშეკავება ძალაუნებურად შეგაჩერებს ნაბიჯის გადადგმამდე… თავშეკავებულმა ადამიანმა იცის თუ სად, როგორ და როდის რა ილაპარაკოს… თავშეკავებული, რაც ყველაზე ძნელია, ენასა და კუჭს ათვინიერებს... ამიტომაა საჭირო, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ მარხვა, რაც ხელს შეუწყობს მისი პიროვნების კეთილად ჩამოყალიბებას… ნებისყოფის გამომუშავებას და ა.შ… მაშ მოვედით, ძმანო და დანო, ვიმარხოთ მარხვა სინანულით, გულწრფელად და სიმდაბლით, რომ ვიქცეთ ჭეშმარიტ შვილებად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამინ.

Friday, February 22, 2013

წერილი

ჩემო საყვარელო შვილო, გთხოვ არ ჩაერიო არანაირ პოლიტიკურ გარჩევაში, გახსოვდეს რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამქვეყნად, ჩვენი სულების სახსნელად მოვიდა, რათა ჩვენი სულიერი მეუფება აღედგინა იმიტომ მოვიდა და არ მოსულა იგი იმ მიზნით, რომ რომაელების უღელი მოეცილებინა თავისი ერისთვის ან სხვა რაიმე უფრო საპატიო მიზეზის გამო.. ჩვენთვის ბოროტების უღელი რომ აეხსნა და ზეციური მამის წიაღში დავებრუნებინეთ, იმიტომ მოვიდა უფალი ჩვენთან... ებრაელებსაც უნდოდათ მაცხოვარი მეფედ მოეყვანათ , მაგრამ არ იყო ეს მხსნელის მისია… არ გვაქვს ჩვენ მაგალითი მისგან პოლიტიკური მოღვაწეობის, ამიტომაც არ არის კეთილგონივრული ქრისტეს მხედრისათვის (მით უმეტეს თუ სასულიერო პირობა გსურს), ის, რომ გამოდიოდე და აკრიტიკებდე ან ლანძღავდე სხვას, ქვეყნისათვის ამა თუ იმ, საჭირბოროტო საკითხზე… ნუ შეგაშინებს თუ კი ვინმე შენს ასე ვთქვათ, (ამ კონტექსტში არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის თქმა მაგრამ) ნეიტრალობას სისუსტედ ჩაგითვლის… ყოველთვის ლოცვას შეაფარე თავი და შეგეშვებიან…ამბობენ რომ იუდასაც უნდოდა რომ ისრაელის მეფე გამხდარიყო ქრისტე და იმედი რომ გაუცრუვდა, იმიტომ მივიდა მის გაცემამდეო… გაექეცი!ჩემო შვილო, გაექეცი! ყველანაირ პოლიტიკურ დაპირისპირებებს და დისკუსიებს… ილოცე და შენი საქმე აკეთე და ღმერთი ძალას - სიხარულს მოგმადლებს და ვერავინ წაგართმევს, შენ თუ არ მოისურვებ რომ დაკარგო ეს სიტკბოება… გახსოვდეს! ეკლესიის გარეთ, ღვთის სიტყვის გარეთ, სიკეთე ვერ ხარობს დიდხანს… და წმინდა ეკლესია ის ადგილია, სადაც სიკეთე, სიყვარული და სამართლიანობა სუფევს, მუდამ… ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს არის ჩვენი არჩევანი, მკაფიო და გასაგები… ვინც ეკლესიის არის, მას ესმის მისი და ეკლესიასაც ესმის მისი, ხოლო ვინც არ არის ეკლესიის, ის მეამბოხეა ან მსხვერპლია მეამბოხის… ერთერთი უდიდესი შეცდომა რომელიც სასულიერო პირმა შეიძლება დაუშვას, ეს არის პოლიტიკაში ჩარევა და რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ხმამაღალი განცხადებით… რადგან კეთილსა და ბოროტს შორის, სწორედ საერონი ირყევიან აქეთ-იქეთ, თავიანთი საერო სიბრძნეებით თუ პარტიული დოქტრინებით… ჩვენთვის კი ყოვლადწმიდა სამებაა ჭეშმარიტება და ქრისტე… და ჩვენი ვალია იმ მანათობელ შუქურებად ვიქცეთ რომლებსაც გემები მიჰყავთ უსაფრთხო ნავსაყუდლამდე… ახლა კალამი მითავდება და ბევრს ვეღარ გწერ, თუმცა ვაპირებ კიდევ მოგწერო ამ საკითხზე… სიყვარულით შენი მამა საბერძნეთი კუნძული პატმოსი 2011 წელი

Monday, January 7, 2013

ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. 2013 წელი. ქრისტესშობა.

ქრისტესმიერ საყვარელნო, გილოცავთ ქრისტესშობის დღესასწაულს!!! ლოცვა-კურთხევას გადმოგცემთ და მოგილოცავთ ჩვენი მეუფის, ბათუმის, ლაზეთის და ჩრილოეთ ამერიკის მიტროპოლიტ დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით!!! სიყვარული ღვთისა და მოყვასისა გამრავლდეს თქვენს შორის!!! ამინ!!! “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”, უკვე 2013 წელია რაც, ანგელოზთა თანა, გალობს წმინდა ეკლესია ამ საგალობელს... დღეს დაედო დასაბამი ჩვენს გამოხსნას ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისაგან, დღეს აღესრულა სასწაული გამოუთქმელი, ღმერთი დაუსაბამო და უხილავი იშვა ხილულად, ის, ვინც დროისა და სივრცის მიღმაა, დროში შემოვიდა როგორც კაცი... ღმერთი განკაცდა და კაცი განიღმრთო... დიდება ღვთის წინაგანგებულებას!!! დიდება ღვთის მოწყალებას!!! დიდება ქრისტესშობას!!! ჯერ კიდევ, ჩვენი პირველმშობლების ადამის და ევას ცოდვით დაცემიდან, ელოდა კაცობრიობა მხსნელის გამოჩენას დედამიწაზე, და იგი უნდა ყოფილიყო მოლოდება და ხსნა ყოველთა მკვიდრთა ქვეყანისათა, როგორც მართალთა ისე წარმართთა... და აი პირველად, მოგვებს გამოეცხადათ რომ მაცხოვარი უნდა შობილიყო.. საიდან იცოდნენ მათ ეს, მათ ხომ სწორი სწავლება არ ქჰონდათ ღმერთის შესახებ მიღებული? და მაშინდელი მართლმადიდებლები ხომ ებრაელები იყვნენ? - როგორც წმინდა მამები ამბობენ, როდესაც დანიელ წინასწარმეტყველი ბაბილონის სამეფოში მოგვთა მეთაურად იყო დანიშნული, მან განუცხადა სპარსელებს, რომ კაცობრიობას მხსნელი უნდა მოვლინებოდა... ხედავთ? სჯულის დამცველებზე ადრე, უცხო ტომის მოგვებს, მაძიებლებს განეცხადათ ეს ჭეშმარიტება... ამიტომაც ჩვენც ღვთის მცნებების დაცვასთან ერთად, ღვთის სიტყვის მოძიების სურვილი უნდა გაგვაჩნდეს მუდამ... (არ ვგულისხმობ იმას რომ ცაში დავიწყოთ ყურება მოგვებისა ან ზოგიერთი უცნაური აღმსარებლობების მიმდევრების მსგავსად... რადგანაც უკვე სასუფეველი ღვთისა ჩვენს შორის არის) მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პირველად მოგვებმა შეიტყვეს მაცხოვრის შობის შესახებ... ანგელოზთაგან მაინც, პირველად, ხარების ღირსნი მწყემსები გახდნენ... იმიტომ რომ მწყემსმა კეთილმა - იესო ქრისტემ, უბრალო მწყემსები გამოირჩია ამ წყალობის ღირსად... რითაც გვიჩვენა ჩვენ ის, რომ იგია ნამდვილი მწყემსთავარი და ამავე დროს მეგობარი მწყემსებისა, კაცთა მოდგმისა... ის გახდა ერთერთი ჩვენთაგანი... და იშვა იგი უბრალო ბაგაში... ცისა და ქვეყნის მპყრობელი, შემოქმედი ყოვლისა სოფლისა... ეს არის საკვირველი საიდუმლო, რომლის დიდებისმეტყველების სიღრმეს ჯერ კიდევ ვერ მიწვდომია ადამიანი... ითესება უძლურებით და აღდგება დიდებით... ეს არის ნიშანი იმისა რომ ვერც ჩვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტი სიკეთე ვერ აღმოცენდება თუ კი არ დაითესა შრომით, ტანჯვით... (სხვათაშორის ეს ორი სიტყვა, ძველქართულში ნიშნავდა ერთი და იგივეს, ასევე ბერძნულშიც...) უშრომელად შეძენილი, ადამიანისთვის, მხოლოდ სილამaზე შეიძლება იყოს დაბადებიდან, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, თავისი ბედნიერებისთვისაც კი ვერ იყენებს იგი... თითქმის ყოველგვარ სიკეთეს ამ ცხოვრებაში წინააღმდეგობა ხვდება და ეს არის დაუწერელი კანონი, ამიტომაც სულ ბრძოლა, წვრთნა და გულმხურვალე მოშურნეობა გვჭირდება იმისათვის რომ მიზანს მივაღწიოთ... ჩვენი ეკლესიაც სწორედ ის ბრძოლის ველია, სადაც უნდა ვიღწვოდეთ, რომ უფრო უკეთესები გავხდეთ.. ბევრს მცდარად ჰგონია ის, რომ ეკლესია არის მხოლოდ სულის დამამშვიდებელი სამყოფელი, სახლი... აქ კი სკოლაა... აქ ბრძოლაა... და სული ეკლესიისა გვწინაგვმძღრობს და გვასწავლის ჩვენ, თუ როგორები უნდა ვიყოთ, რომ გადავრჩეთ... ამიტომაც ყოველ კვირას, საკუთარი თავი რომ ვწვრთვნათ, რომ მივიღოთ პური ჩვენი არსობისა, საკვები სულიერი, ღვთისმსახურებებზე ვესწრებით და ვმონაწილეობთ მასში, და ვიხსენებთ იმ მოვლენებს, როცა ღმერთმა მოხედა კაცობრიობას და გვიჩვენა გზა სრულყოფილებისა და გზა ჭეშმარიტების... ჩვენი ვალია რომ ვიდგეთ ღვთისმსახურებებზე, სიკეთეს ვემსახუროთ... რათა ასე და ამგვარად განვამზადოთ ჩვენი გულები, სიმდაბლით და უბრალოებით, თანადგომით და თანაგრძნობით, სიყვარულით და სითბოთი, იმ ბაგად სადაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე უნდა იშვას... ადამიანს ადამიანად ფული და სამსახური არ აქცევს, არამედ თანადგომა, თანაგრძნობა, თანალმობა აქცევს...მოწყალება, მიმტევებლობა, თავმდაბლობა და თანაზრუნვა, ღვთის სადიდებლად და საკუთარი სულის საცხოვნებლად აქცევს ადამიანს ადამიანად... თქვენ ხედავთ, დღეს, თუ როგორ აღნიშნავენ მრავალი ქვეყნები, მრავალი ერები ქრისტეშობის დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში... დიდი მაშხალებით, სანახაობებით, დიდი კონცერტებით, ჟრიამულით ცეკვა-თამაშით და ა.შ... ჭეშმარიტად! გვაქვს ჩვენ სასიხარულო, რადგან ქრისტე იშვა ბეთლემს, მხსნელი მოევლინა ქვეყანას...ალილუია, ალილუია, ალილუია... მაგრამ ეს არის ზოგადი სახე ჩვენი დღევანდელობისა და იგი არ გამოხატავს იმას, თუ როგორ განიცადა ადამიანმა პროგრესი სულიერად, სულიერ ცხოვრებაში, რადგან აქცენტები შინაარსზე მეტად ფორმაზეა გადატანილი... და ამის გამო, სულ უფრო მეტად და მეტად იკარგება სინამდვილე და არსი ყოველი საგნის, ამის გამო ცივდება ადამიანი სარწმუნოებისადმი... ამის გამო კარგავს ადამიანი ღრმა აზროვნების უნარს და მხოლოდ ინსტინქტებით ცხოვრობს... უფრო სწორად უკვე აცხოვრებენ... ყველაფერს “სხვა” კარნახობს... სად იტიროს, სად გაიცინოს და ასე შემდეგ... და იგი უკვე იმასაც კი ფიქრობს რომ ის თავისუფალია... რასაც უნდა იმას აკეთებს... ქრისტესმიერ საყვარელნო, ხვდებით როგორ დასცინის ეშმაკი ადამიანებს? ხვდებით რა მახეებია დაგებული ჩვენს თანამედროვე ყოფაში...? ჩვენმა საყვარელმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, არაერთხელ აღნიშნა თავის ქადაგებებში თუ ეპისტოლეებში, რომ ჩვენ დღეს გვჭირდება ანალიტიკური აზროვნება... რომ არ ვიქცეთ უსულო მანქანებათ... უფრო დაზუსტებით კი მომყავს ციტატა მისი ერთერთი ქადაგებიდან, "სკოლებში აუცილებლად უნდა შემოვიდეს საგანი, როგორც დედაენა, არითმეტიკა, ქიმია, ფიზიკა, ისე, განყენებული ანალიტიკური აზროვნების კურსი. და ჩვენ სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღებთ განათლებულ და ღრმად მოაზროვნე ადამიანს. ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. აქ უნდა იყოს გამოყენებული ლოგიკა, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოსოფია და სხვა". ამას ამბობს ჩვენი პატრიარქი… აი, ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში, დავაკვირდეთ ჩვენს ყოფასაც, როგორია იგი..?! მატერიალურად შეიძლება ყველანაირად უზრუნველყოფილნი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით რომ ეს არ არის ის მთავარი, რაც ადამიანს ნუგეშს და სიყვარულს აძლევს… ჩვენ გვჭირდება ღმერთი და ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი… სიყვარული ჩვენს შორის არის და ამას დანახვა უნდა… ამიტომ გვჭირდება ჩვენ, აქ, ქართველებს ჩვენი ეკლესია… ძალიან ცოტა ერს ააქვს ჩვენისთანა გამოცდილება წამართობასთან და უკეთურობასთან ბრძოლისა… მართლაც, რომ ჩვენ გავიარეთ ცეცხლი და წყალი… და გამოგვიყვანა უფალმა დღემდე, გადავრჩით.. და კიდევ გადაგვარჩენს მუდამ, თუ კი ჩვენ თვითონ არ მოვინდომებთ მისგან განდგომას... ამიტომაც ვისწრაფოთ, ძმანო და დანო, ღვთის დიდებისკენ და ერთმანეთის სიყვარულისკენ... მეტი მოგვეცა ჩვენ და მეტიც მოგვეკითხება, თითოეული თქვენთაგანის აქ ყოფნაშიც რაღაც მისიაა ღვთისაგან თქვენზე, ბევრი ამერიკელისათვის, თქვენ უნდა იქცეთ აქ ღვთის დიდების მიზეზად... ერთერთმა აქაურმა ამერიკელმა ბერმა ისიც კი მითხრა, რომ თქვენი ამერიკაში ემიგრაციის მიზეზი ისაა, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ქრისტიანობა იქადაგოთ, ღვთისა და მოყვასის სიყვარული იქადაგოთო აქ... არა ამპარტავნებით არამედ სიმდაბლით, იმიტომ რომ ბევრი იგივე ამერიკელი თუ სხვა ეროვნების ან აღმსარებლობის ადამიანი ვინაც კი ახლა მოვიდა მართლმადიდებლობაში, ვინაც კი მოიძია ჭეშმარიტი ღმერთი... უკვე ჩვენ გვჯობნის მოშურნეობაში... სულ მალე, ვინც არ იცის ეს, მინდა რომ ვახარო, რომ ჩვენ უკვე საკუთარი ეკლესია გვექნება აქ და ეს იქნება პირველი ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, და ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი... და მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ რომ მოხედოთ თქვენს ეკლესიას, თქვენი შეკრების ადგილს, რადგან ახლა მხოლოდ თქვენს შემოწირულობებზე დგას ჩვენი ეკლესიის ფუნქციონირების საკითხი... აქ ჩვენ სანთელსაც კი ვერ გთავაზობთ ჩვენსას.. გთხოვთ, თქვენი თანადგომა უპირველეს ყოვლისა ყოველ კვირას ღვთისმსახურებებზე დასწრებით გამოავლინოთ... ვაქციოთ ყოველი შაბათი და კვირა დღე ჩვენ სულიერ ზეიმად, აღსარებებით, ზიარებით და ქრისტიანული აღაპებით... გლოცავთ და მოგილოცავთ ქრისტესშობას!!! ქრისტე ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების ცხოვრების გზის მანათობელი... და გახსოვდეთ, არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა მხოლოდ ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესი... რომლისა არს დიდება, მადლობა და თაყვანისცემა უკუნისამდე!!! ამინ!!! ქრისტესმიერი სიყვარულით, იღუმენი იოანე (კავსაძე) შობა ქრისტესი, 2013 წელი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია