Tuesday, August 9, 2011
კალიფორნიის ქართულ სამრევლოებს
ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო, ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა თქვენდამი ჩემმა სიყვარულმა და პირიქით თქვენმა სიყვარულმა ჩემს მიმართ... უკვე მესამე წელია ჩვენი პატრიარქისა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ვიმყოფები თქვენთან და შეძლებისდაგვარად ღვთის მადლით და წყალობით ვემსახურები ქრისტეს და თქვენ. . .
ჩვენ უკვე მეტნაკლებად გავიცანით ერთმანეთი, განვვლეთ ერთად განსაცდელებიც და ლხინის დღეებიც...
საოცარი საიდუმლოა და გრძნობაა მღვდლობა, რომელიც თავის თავში მამობასაც და შვილობასაც შეიცავს ერთად...ამით მინდა ის ვთქვა, რომ ამ ხნის მანძილზე, მე თითქოს, ხან თქვენი მამა ვიყავი და ხან კიდევ, თითქოს თქვენი შვილი... როდესაც ვგრძნობდი ჩემს მამობას, მაშინ ვფიქრობდი რომ თავს გავწირავდი თქვენთვის, ნებისმიერ დროს, დაგიცავდით და დაგიფარავდით ყოველგვარი ბოროტებისგან... სულს დავდებდი თქვენი გულისთვის! - ხოლო როდესაც ვიძლეოდი ხოლმე ამასოფლის რაიმე ცდუნებისაგან და სულიერად სუსტად ვიგრძნობდი თავს, მაშინ თითქოს თქვენი შვილი ვიყავი, რომელსაც მშობელი ყველაფერს პატიობდა... J რისთვისაც გმადლობთ სიმდაბლით..
...ძალიან მახარებდა ის, რომ თქვენ, კარდაკარ, დამყვებოდით ყველგან, სხვადასხვა ტაძრებში სალოცავად, იქ სადაც კი ღვთისმსახურების ჩატარების საშუალებას გვაძლევდნენ... და მიხარია, რომ ეს დღესაც ასეა... ვწუხვარ იმაზე რომ აღსარებისა და ყოველკვირეული ზიარების საკითხები ისევ წაიფორხილებს ჩვენში... ნუ გეშინიათ! სინანულის კარი ღიაა..! საიდანაც ღვთისაკენ მიმავალი გზა იწყება...“…ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ.; ნუ დაფრთხები რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელიც გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით.” - ამბობს უფალი..
“მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო”.. ...მაშვრალნო შრომით და განსაცდელებით... და ტვირთმძიმენო ცოდვებით და წუთისოფლის ამაოებით... და მე განგისვენებთ თქვენ, მე შეგეწევით თქვენ და გაგაძლიერებთ თქვენ...
..რა ბედნიერებაა.. ღვთის სახლში დამკვიდრება... ამას გაიგებს, ის ვინც სიყვარულს მიელტვის... ეს ცხოვრება ჩაივლის მალე დიდი ხმაურით და დადგება დიდი სიმყუდროვე, რომელიც არასდროს არ იქნება მოსაწყენი...
ჩვენ კი ვიაროთ ერთად ღვთისაკენ... სიყვარულისკენ და ვერავინ მოგვერევა ვერასდროს...
ღვთის წყალობა და სიხარული გამრავლდეს თქვენში და სიყვარული წინა-გიძღოდეთ თქვენ!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,
თქვენი მსახური ქრისტეში იღუმენი იოანე+
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment