Monday, March 18, 2013

გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას!

გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას! ეს პერიოდი მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში ხვნა-თესვის პერიოდს წააგავს, როდესაც შენ საკუთარ თავზე იწყებ მუშაობას… საკუთარი შინაგანი სამყაროს შესწავლას და მოწესრიგებას… და ეს არის უმნიშნელოვანესი ადამიანისათვის… ყოველივე ჩვენს ირგვლივ ისევე წარემართება, როგორ კალაპოტსაც ჩვენ მივსცემთ მას - ჩვენს ცხოვრებას… ყოველგვარი ღირებული და ყოველივე ღირსეული ამ სამყაროში და ამ სამყაროს მიღმაც, წესრიგს ექვემდებარება... რაც ჰქმნის დიდ ჰარმონიას ჩვენს ირგვლივ.. მაგალითად; კოსმოსი ბერძნულიდან, პირდაპირ რომ ვთარგმნოთ ქართულად, ნიშნავს წესრიგს… და ეს წესრიგი, რომ არა ჩვენი ყოფიერება სათუო იქნებოდა ამქვეყნად… და ამიტომაც ღვთის ეკლესიაში ყოველივე წესრიგს ექვემდებარება… და ჩვენი ვალია რომ დავიცვათ ეს წესები… თუ კი ადამიანზე ღირსებით ნაკლები ზის წესსა და რიგში, გნებავთ მნათობნი ანდა წყალნი… ან კი ამინდი… რაოდენ გვმართებს ჩვენ, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანებს წესრიგში ყოფნა… ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მარხვის მნიშვნელობაზე, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მარხვა და ლოცვა, რომ ეს არის ჩვენი სულიერი ჯანმრთელობის გარანტი… და რომ ეს - მარხვა ისწავლება ეკლესიაში, სულიწმიდის მადლით…ხანდახან, სუსტნი რწმენასა და ეკლესიურ ცხოვრებაში მარხვას უკავშირებენ საკვების შემადგენლობის ცვლილებას… წინააღმდეგ ამისა "უფრო მეტად გაგებულნი და გაბედულნი" კი სრულიად უარჰყოფენ საკვების შემადგენლობის შეცვლას… და შემდეგში უკვე ნებით თუ უნებლიეთ, ასეთი მიდგომები განაგრილებენ მათ მოშურნეობას საღვთო მცნებების სწავლასა და შემეცნებაში… ამიტომ ეცემიან შემდეგ "ყოფილი მორწმუნეები" იოგას გაკვეთილებს, სხვადასხვა აღმოსავლურ "მედიტაციებს" და ა.შ… და იქ სადაც ნამდვილი კურნება აღესრულება ადამიანისა, ქრისტეს წმინდა ეკლესიაში, გაურბიან მას, როგორც პატარა ბავშვები ექიმებს გაურბიან… ხან რა მიზეზით და ხან რა… თავშეკავება, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მარხვის ხერხემალი… ეს არის, ის პირველი, რაზეც ჩვენი თავი უნდა განვაწყოთ მარხვის წინ…. თავშეკავება და საკუთარ სულში ჩაღრმავება, არის პირველი ნაბიჯი იმ "დიდ მოგზაურობაში" რასაც დიდმარხვა ჰქვია… თავშეკავების გარეშე არ არსებობს სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა, თავშეკავება არის სიწმინდე მძლეველი ვნებათა მორევის… თუ კი რაიმე სულიერი განსაცდელი თავს დაგატყდება ან ცდუნების წინაშე აღმოჩნდები თავშეკავებულობა გადაგარჩენს ცოდვის ჩადენისგან… თუ კი ღალატისკენ მიიდრიკება შენი გული თავშეკავება ძალაუნებურად შეგაჩერებს ნაბიჯის გადადგმამდე… თავშეკავებულმა ადამიანმა იცის თუ სად, როგორ და როდის რა ილაპარაკოს… თავშეკავებული, რაც ყველაზე ძნელია, ენასა და კუჭს ათვინიერებს... ამიტომაა საჭირო, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ მარხვა, რაც ხელს შეუწყობს მისი პიროვნების კეთილად ჩამოყალიბებას… ნებისყოფის გამომუშავებას და ა.შ… მაშ მოვედით, ძმანო და დანო, ვიმარხოთ მარხვა სინანულით, გულწრფელად და სიმდაბლით, რომ ვიქცეთ ჭეშმარიტ შვილებად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამინ.

No comments:

Post a Comment