Sunday, February 1, 2015
მოძღვრის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება
"როდესაც მთაზე ასულმა მოსემ ორმოცი დღე და ორმოცი ღამე გაატარა მარხვასა და სიმდაბლეში (II რჯ 9,9; გამ. 34, 28), ღმერთმა უთხრა მას: ”ჩადი აქედან მალე, რადგან რჯული დაარღვია შენმა ხალხმა, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მსწრაფლ გადადრკენ იმ გზიდან, რაც ვამცნე მათ და კერპები შექმნეს თავისთვის” (II რჯ. 9,12; გამ. 32, 7-8). და თქვა უფალმა მის მიმართ: ”გითხარი შენ და ვთქვი ერთგზის და ორგზის: ვიხილე ეს ხალხი, და აჰა, ურჩი ხალხია. მაცალე, მოვსპო ისინი, და აღვხოცავ მათ სახელს ცის ქვეშეთიდან, შენ კი გაქცევ დიდ და საკვირველ ხალხად, უფრო დიდად ვიდრე ეს არის” (II რჯ.9, 13-14;გამ. 32,10). და უთხრა მოსემ: ”არა უფალო, მიუტევე ამ ხალხს ცოდვა, ან მეც ამომშალე ცოცხალთა წიგნიდან” (გამ. 32,32). ჰოი დიდო სიყვარულო! ჰოი, უძლეველო სრულქმნილებავ! მონა თავისუფლად ლაპარაკობს უფალთან, მიტევებას ევედრება მრავალთათვის, ან კი იმას ითხოვს, რომ თვით ისიც მოისპოს მათთან ერთად."
ეს არის მაგალითი, ყველა ქრისტიანისთვის, მოძღვრისათვის თუ მორჩილისთვის, თუ როგორი ქომაგი უნდა იყოს თავისი ხალხის... არა აქვს მნიშნელობა რა ცოდვაშია შენი ახლობელი თუ შენი ოჯახის წევრი, შენი ვალია ღვთის წინაშე თავდებად დაუდგე მას, იყო ქომაგი და გულშემატკივარი მისი, რადგანაც სწორედ ესაა იმ ძირითადი მისიის მსგავსი ღწვა რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღასრულა კაცობრიობის გამოსახსნელად… ის ჩვენ დაგვიდგა თავდებად, როგორც ღმერთკაცი, მამაზეციერის წინაშე, მიუხედავად ჩვენი უღირსობისა, ჩვენი დაცემულობისა… ესაა მშობლიური სიყვარული, ყველაზე აღმატებული სიყვარული, რომელსაც ღმერთი ჰქვია და რომლის წყალობითაც სულდგმულობს ყოველი იძვრისი მთელ სამყაროში...
მოსემ განა მიატოვა, თავისი ხალხი მიუხედავად იმისა რომ აშკარად სცოდავდნენ ისინი ღვთის წინაშე და მოსეს წინაშეც, არამედ მან თავი დასდო მათთვის, მათ გამოსახსნელად, განა მიატოვა თავისი ცხვრები, როდესაც მგელი (ეშმაკი) დაესხა თავს მის ფარას, არამედ უფრო მეტად გამოესარჩლა, უფრო მეტად გამოექომაგა მათ… ამიტომ აღმოიტყვის ღვთის დიდებას მოციქულებრივი მამა წმინდა კლიმენტი რომაელი, შეძახილით: “ჰოი დიდო სიყვარულო! ჰოი, უძლეველო სრულქმნილებავ! მონა თავისუფლად ლაპარაკობს უფალთან, მიტევებას ევედრება მრავალთათვის, ან კი იმას ითხოვს, რომ თვით ისიც მოისპოს მათთან ერთად.”
ამის გაგრძელებაა ის სახარებისეული ჭეშმარიტებაც, რომ
"კეთილი მწყემსი თავის სულს დასდებს ცხვრებისათვის… ხოლო ..ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს” და გაიქცევა…
ამიტომაც ჭეშმარიტ მოძღვარს სწორედ მაშინ შეიცნობ, როდესაც დაინახავ რომ ის ყველაზე ცოდვილს, დაწუნებულსა თუ დაწიხლულს წუთისოფლისგან, გამოექომაგება და დაიცავს შეურაცხყოფისაგან…
ჭეშმარიტი მოძღვარი ზუსტადაც რომ შემრიგებელია ღმერთთან ცოდვილი ადამიანისა… შემწყნარებელი ადამიანთა სისუსტეებისა და არა დამსჯელი ან განმსჯელი ადამიანისა…
ძმაო ჩემო ეკლესია არაა მხოლოდ ცემენტი და აგური, ან თუნდაც კანონი და ისტორია, ეკლესია სულთა სავანეა, რომელსაც მარადის ცოცხალი უფალი წინამძღვრობს ...
მღვდელი დევიდ ასტრიდისი ტოკიო 2015 წელი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment