Monday, January 7, 2013
ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. 2013 წელი. ქრისტესშობა.
ქრისტესმიერ საყვარელნო,
გილოცავთ ქრისტესშობის დღესასწაულს!!! ლოცვა-კურთხევას გადმოგცემთ და მოგილოცავთ ჩვენი მეუფის, ბათუმის, ლაზეთის და ჩრილოეთ ამერიკის მიტროპოლიტ დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით!!! სიყვარული ღვთისა და მოყვასისა გამრავლდეს თქვენს შორის!!! ამინ!!!
“დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”, უკვე 2013 წელია რაც, ანგელოზთა თანა, გალობს წმინდა ეკლესია ამ საგალობელს...
დღეს დაედო დასაბამი ჩვენს გამოხსნას ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისაგან, დღეს აღესრულა სასწაული გამოუთქმელი, ღმერთი დაუსაბამო და უხილავი იშვა ხილულად, ის, ვინც დროისა და სივრცის მიღმაა, დროში შემოვიდა როგორც კაცი... ღმერთი განკაცდა და კაცი განიღმრთო... დიდება ღვთის წინაგანგებულებას!!! დიდება ღვთის მოწყალებას!!! დიდება ქრისტესშობას!!!
ჯერ კიდევ, ჩვენი პირველმშობლების ადამის და ევას ცოდვით დაცემიდან, ელოდა კაცობრიობა მხსნელის გამოჩენას დედამიწაზე, და იგი უნდა ყოფილიყო მოლოდება და ხსნა ყოველთა მკვიდრთა ქვეყანისათა, როგორც მართალთა ისე წარმართთა... და აი პირველად, მოგვებს გამოეცხადათ რომ მაცხოვარი უნდა შობილიყო.. საიდან იცოდნენ მათ ეს, მათ ხომ სწორი სწავლება არ ქჰონდათ ღმერთის შესახებ მიღებული? და მაშინდელი მართლმადიდებლები ხომ ებრაელები იყვნენ? - როგორც წმინდა მამები ამბობენ, როდესაც დანიელ წინასწარმეტყველი ბაბილონის სამეფოში მოგვთა მეთაურად იყო დანიშნული, მან განუცხადა სპარსელებს, რომ კაცობრიობას მხსნელი უნდა მოვლინებოდა... ხედავთ? სჯულის დამცველებზე ადრე, უცხო ტომის მოგვებს, მაძიებლებს განეცხადათ ეს ჭეშმარიტება... ამიტომაც ჩვენც ღვთის მცნებების დაცვასთან ერთად, ღვთის სიტყვის მოძიების სურვილი უნდა გაგვაჩნდეს მუდამ... (არ ვგულისხმობ იმას რომ ცაში დავიწყოთ ყურება მოგვებისა ან ზოგიერთი უცნაური აღმსარებლობების მიმდევრების მსგავსად... რადგანაც უკვე სასუფეველი ღვთისა ჩვენს შორის არის)
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პირველად მოგვებმა შეიტყვეს მაცხოვრის შობის შესახებ... ანგელოზთაგან მაინც, პირველად, ხარების ღირსნი მწყემსები გახდნენ... იმიტომ რომ მწყემსმა კეთილმა - იესო ქრისტემ, უბრალო მწყემსები გამოირჩია ამ წყალობის ღირსად... რითაც გვიჩვენა ჩვენ ის, რომ იგია ნამდვილი მწყემსთავარი და ამავე დროს მეგობარი მწყემსებისა, კაცთა მოდგმისა... ის გახდა ერთერთი ჩვენთაგანი...
და იშვა იგი უბრალო ბაგაში... ცისა და ქვეყნის მპყრობელი, შემოქმედი ყოვლისა სოფლისა... ეს არის საკვირველი საიდუმლო, რომლის დიდებისმეტყველების სიღრმეს ჯერ კიდევ ვერ მიწვდომია ადამიანი...
ითესება უძლურებით და აღდგება დიდებით...
ეს არის ნიშანი იმისა რომ ვერც ჩვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტი სიკეთე ვერ აღმოცენდება თუ კი არ დაითესა შრომით, ტანჯვით... (სხვათაშორის ეს ორი სიტყვა, ძველქართულში ნიშნავდა ერთი და იგივეს, ასევე ბერძნულშიც...) უშრომელად შეძენილი, ადამიანისთვის, მხოლოდ სილამaზე შეიძლება იყოს დაბადებიდან, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, თავისი ბედნიერებისთვისაც კი ვერ იყენებს იგი...
თითქმის ყოველგვარ სიკეთეს ამ ცხოვრებაში წინააღმდეგობა ხვდება და ეს არის დაუწერელი კანონი, ამიტომაც სულ ბრძოლა, წვრთნა და გულმხურვალე მოშურნეობა გვჭირდება იმისათვის რომ მიზანს მივაღწიოთ... ჩვენი ეკლესიაც სწორედ ის ბრძოლის ველია, სადაც უნდა ვიღწვოდეთ, რომ უფრო უკეთესები გავხდეთ.. ბევრს მცდარად ჰგონია ის, რომ ეკლესია არის მხოლოდ სულის დამამშვიდებელი სამყოფელი, სახლი...
აქ კი სკოლაა... აქ ბრძოლაა... და სული ეკლესიისა გვწინაგვმძღრობს და გვასწავლის ჩვენ, თუ როგორები უნდა ვიყოთ, რომ გადავრჩეთ...
ამიტომაც ყოველ კვირას, საკუთარი თავი რომ ვწვრთვნათ, რომ მივიღოთ პური ჩვენი არსობისა, საკვები სულიერი, ღვთისმსახურებებზე ვესწრებით და ვმონაწილეობთ მასში, და ვიხსენებთ იმ მოვლენებს, როცა ღმერთმა მოხედა კაცობრიობას და გვიჩვენა გზა სრულყოფილებისა და გზა ჭეშმარიტების... ჩვენი ვალია რომ ვიდგეთ ღვთისმსახურებებზე, სიკეთეს ვემსახუროთ... რათა ასე და ამგვარად განვამზადოთ ჩვენი გულები, სიმდაბლით და უბრალოებით, თანადგომით და თანაგრძნობით, სიყვარულით და სითბოთი, იმ ბაგად სადაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე უნდა იშვას...
ადამიანს ადამიანად ფული და სამსახური არ აქცევს, არამედ თანადგომა, თანაგრძნობა, თანალმობა აქცევს...მოწყალება, მიმტევებლობა, თავმდაბლობა და თანაზრუნვა, ღვთის სადიდებლად და საკუთარი სულის საცხოვნებლად აქცევს ადამიანს ადამიანად...
თქვენ ხედავთ, დღეს, თუ როგორ აღნიშნავენ მრავალი ქვეყნები, მრავალი ერები ქრისტეშობის დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში... დიდი მაშხალებით, სანახაობებით, დიდი კონცერტებით, ჟრიამულით ცეკვა-თამაშით და ა.შ... ჭეშმარიტად! გვაქვს ჩვენ სასიხარულო, რადგან ქრისტე იშვა ბეთლემს, მხსნელი მოევლინა ქვეყანას...ალილუია, ალილუია, ალილუია... მაგრამ ეს არის ზოგადი სახე ჩვენი დღევანდელობისა და იგი არ გამოხატავს იმას, თუ როგორ განიცადა ადამიანმა პროგრესი სულიერად, სულიერ ცხოვრებაში, რადგან აქცენტები შინაარსზე მეტად ფორმაზეა გადატანილი... და ამის გამო, სულ უფრო მეტად და მეტად იკარგება სინამდვილე და არსი ყოველი საგნის, ამის გამო ცივდება ადამიანი სარწმუნოებისადმი...
ამის გამო კარგავს ადამიანი ღრმა აზროვნების უნარს და მხოლოდ ინსტინქტებით ცხოვრობს... უფრო სწორად უკვე აცხოვრებენ... ყველაფერს “სხვა” კარნახობს... სად იტიროს, სად გაიცინოს და ასე შემდეგ... და იგი უკვე იმასაც კი ფიქრობს რომ ის თავისუფალია... რასაც უნდა იმას აკეთებს...
ქრისტესმიერ საყვარელნო, ხვდებით როგორ დასცინის ეშმაკი ადამიანებს? ხვდებით რა მახეებია დაგებული ჩვენს თანამედროვე ყოფაში...?
ჩვენმა საყვარელმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, არაერთხელ აღნიშნა თავის ქადაგებებში თუ ეპისტოლეებში, რომ ჩვენ დღეს გვჭირდება ანალიტიკური აზროვნება... რომ არ ვიქცეთ უსულო მანქანებათ... უფრო დაზუსტებით კი მომყავს ციტატა მისი ერთერთი ქადაგებიდან, "სკოლებში აუცილებლად უნდა შემოვიდეს საგანი, როგორც დედაენა, არითმეტიკა, ქიმია, ფიზიკა, ისე, განყენებული ანალიტიკური აზროვნების კურსი. და ჩვენ სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღებთ განათლებულ და ღრმად მოაზროვნე ადამიანს. ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. აქ უნდა იყოს გამოყენებული ლოგიკა, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოსოფია და სხვა". ამას ამბობს ჩვენი პატრიარქი…
აი, ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში, დავაკვირდეთ ჩვენს ყოფასაც, როგორია იგი..?! მატერიალურად შეიძლება ყველანაირად უზრუნველყოფილნი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით რომ ეს არ არის ის მთავარი, რაც ადამიანს ნუგეშს და სიყვარულს აძლევს…
ჩვენ გვჭირდება ღმერთი და ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი… სიყვარული ჩვენს შორის არის და ამას დანახვა უნდა…
ამიტომ გვჭირდება ჩვენ, აქ, ქართველებს ჩვენი ეკლესია… ძალიან ცოტა ერს ააქვს ჩვენისთანა გამოცდილება წამართობასთან და უკეთურობასთან ბრძოლისა… მართლაც, რომ ჩვენ გავიარეთ ცეცხლი და წყალი… და გამოგვიყვანა უფალმა დღემდე, გადავრჩით..
და კიდევ გადაგვარჩენს მუდამ, თუ კი ჩვენ თვითონ არ მოვინდომებთ მისგან განდგომას...
ამიტომაც ვისწრაფოთ, ძმანო და დანო, ღვთის დიდებისკენ და ერთმანეთის სიყვარულისკენ... მეტი მოგვეცა ჩვენ და მეტიც მოგვეკითხება, თითოეული თქვენთაგანის აქ ყოფნაშიც რაღაც მისიაა ღვთისაგან თქვენზე, ბევრი ამერიკელისათვის, თქვენ უნდა იქცეთ აქ ღვთის დიდების მიზეზად... ერთერთმა აქაურმა ამერიკელმა ბერმა ისიც კი მითხრა, რომ თქვენი ამერიკაში ემიგრაციის მიზეზი ისაა, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ქრისტიანობა იქადაგოთ, ღვთისა და მოყვასის სიყვარული იქადაგოთო აქ... არა ამპარტავნებით არამედ სიმდაბლით, იმიტომ რომ ბევრი იგივე ამერიკელი თუ სხვა ეროვნების ან აღმსარებლობის ადამიანი ვინაც კი ახლა მოვიდა მართლმადიდებლობაში, ვინაც კი მოიძია ჭეშმარიტი ღმერთი... უკვე ჩვენ გვჯობნის მოშურნეობაში...
სულ მალე, ვინც არ იცის ეს, მინდა რომ ვახარო, რომ ჩვენ უკვე საკუთარი ეკლესია გვექნება აქ და ეს იქნება პირველი ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, და ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი... და მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ რომ მოხედოთ თქვენს ეკლესიას, თქვენი შეკრების ადგილს, რადგან ახლა მხოლოდ თქვენს შემოწირულობებზე დგას ჩვენი ეკლესიის ფუნქციონირების საკითხი...
აქ ჩვენ სანთელსაც კი ვერ გთავაზობთ ჩვენსას..
გთხოვთ, თქვენი თანადგომა უპირველეს ყოვლისა ყოველ კვირას ღვთისმსახურებებზე დასწრებით გამოავლინოთ... ვაქციოთ ყოველი შაბათი და კვირა დღე ჩვენ სულიერ ზეიმად, აღსარებებით, ზიარებით და ქრისტიანული აღაპებით...
გლოცავთ და მოგილოცავთ ქრისტესშობას!!!
ქრისტე ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების ცხოვრების გზის მანათობელი...
და გახსოვდეთ, არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა მხოლოდ ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესი... რომლისა არს დიდება, მადლობა და თაყვანისცემა უკუნისამდე!!! ამინ!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,
იღუმენი იოანე (კავსაძე)
შობა ქრისტესი, 2013 წელი,
ლოს ანჯელესი, კალიფორნია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment