Thursday, August 21, 2014

თანაგრძნობაზე

შენ შეიძლება ლოცვებს კითხულობ, სანთლებს ანთებ და წმინდა წერილი ზეპირად იცი, შეიძლება, "მოწყალებას" გასცემ, მოყვასიც გიყვარს და არავის არ ვნებ, შეიძლება, ტკბილადაც გალობ და ზედმიწევნით ზუსტად იცავ ყველა კანონს, არაფერს არღვევ… იმარხავ "ორგზის", ლოცულობ "ოთხგზის" და ზეთს იცხებ "ოცგზის"... შეიძლება, ეკლესიაშიც, ყველაზე ადრე, შენ მიდიხარ და ანთებ კანდლებს, გულსაც იჩუყებ სიკეთის ქმნაზე და ვერ იკავებ ცრემლებს თვალზე… მაგრამ თანაგრძნობა და თანალმობა მეგობრისა, თუ შენში არ ზის, შენ ვერ ყოფილხარ ქრისტიანი და ასე რა გრჯის…(!?) (მღვდელი დევიდ ლინდგრენი, თარგმანი - იოანე კ.) თუ კი ქრისტიანს არ გააჩნია თანაგრძნობა და თანალმობა მოყვასის, მწუხარებასა ან თუნდაც სიხარულში, ძნელია მას ქრისტეს მიმდევარი ეწოდოს… რადგანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სწორედ თანამლმობელი და თანაგანმცდელი გახდა ჩვენი ყოფის, ჩვენი გაჭირვების… შიშვლები ვიყავით და შეგვმოსა, მშივრები ვიყავით და დაგვაპურა, მწყურვალები ვიყავით და წყალი გვასვა, ციხეში ვიჯექით დამნაშავენი და ისიც, უდანაშაულო, ციხეში ჩაჯდა ჩვენი გულისთვის… ის ჩვენს ყოფაში შემოვიდა და თანაგანიცადა ჩვენი დაცემები და ტკივილები, უცოდველად.. მან ივნო არა როგორც თანაზიარმა ჩვენი უსჯულოების, არამედ როგორც ერთგულმა მეგობარმა, თანამტვირთველმა, ჩვენი შეცდომების… რათა ჩვენ დავებრუნებინეთ ცათა სასუფეველში, რათა ჩვენთვის ესწავლებინა ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი მეგობრობა და ნამდვილი სიცოცხლე… ყოველ წესსა და რიგს რასაც ვსწავლობთ ჩვენ ეკლესიაში ამისკენ უნდა მოვყავდეთ… და არა უსულგულო "სულიერი" “მიხვრა-მოხვრისკენ” “სულიერი” პოზიორობისკენ, ან თუნდაც საუბრის მანერისკენ, არა ანნასკენ და კაიაფასკენ… არამედ ქრისტესკენ..!!!

No comments:

Post a Comment