ჩვენი ცხოვრება სავსეა სხვადასხვა სახე-სიმბოლოებით... დღევანდელი დღეც სიმბოლურად გაგრძელებაა ნინოობის დღესასწაულისა, რომელიც პირველ ივნისს ვიზეიმეთ, და აგრეთვე გაგრძელებაა, 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულისაც. წმ. მოციქულთასწორნი მეფე-დედოფალი, მირიანი და ნანა არიან საქართველოს პირველნი მმართველნი რომელთაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს და ეს მოხდა 326 წელს. მანამდე კი როგორც იცით საქართველოში ნაქადაგები ჰქონდათ მოციქულებს; ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას...
და მას შემდეგ... საქართველოს სახელმწიფოს გაქრისტიანებიდან, მოყოლებული, ჩვენი ერი დგას მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე - ქრისტიანობაზე... მეოთხე საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი აღნიშნავს, რომ -"იბერები ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველა იმათზე უკეთ იცავენ, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ.-"ო. რამდენიმე საუკუნის შემდეგ წმ. გიორგი მთაწმინდელი კიდევ ცხადჰყოფს ქართველთა ერთგულებას ქრისტეს სარწმუნოებისადმი, როდესაც იგი წარსდგა ანტიოქიის პატრიარქის წინაშე, როდესაც ბერძენმა ბერებმა შეასმინეს ქართველი ბერები, რათა გაეძევებინათ ისინი მონასტრიდან, მაშინ წმინდა გიორგიმ მიუგო, ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსის: „ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყჳ კანანელსა - ქვეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს და არღა ოდენ წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი...“... ამას შემდეგ რუის-ურბნისიც კრებაც მოჰყვა სადაც კიდევ ერთხელ დაამოწმეს და დაბეჭდეს თავიანთი ერთგულება ქრისტესადმი ქართველებმა... და ბოლოს ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ... დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველობა და ქრისტიანობა - მართლმადიდებლობა იყო არის და იქნება განუყოფელი ერთი-მეორისაგან მარად, თუმც იგი ყოველთვის განიცდიდა დევნასა და შევიწროებას ურჯულოთაგან და მტერთაგან, ურწმუნოთაგან თუ ერთმორწმუნეთაგან...
... „და ესე ენაჲ“ - ერი ჩვენი - „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“ ჩვენ მოველით, იმ დღეს როდესაც საღვთო კანონზომიერება იზეიმებს და ერი ჩვენი გაიხარებს ქრისტეს მადლით, მანამდე კი სიმდაბლით დაგვატარებს უფალი უდაბნოში... ამიტომაც ჩვენი პატრიარქი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ საქართველო გადარჩება და გავა სამშვიდობოს...
ქრისტიანობის ოცსაუკუნოვან ისტორიას, რომ გადავხედოთ, მრავალი ბრძოლებით არის აღსავსე, ხილული თუ უხილავი... როგორც ესეთი დედამიწაზე, არცერთ ქრისტიანულ თემსა თუ სახელმწიფოს არ ჰქონია მოსვენებისა და განცხრომის დრო... თუ კი ოდნავ მოეშვებოდნენ მტერი უცბადვე მახეში აბამდა და დასცემდა ხოლმე... ესეა ადამინის ცხოვრებაც... სრული ჰარმონია არაა მის ნებასურვილებსა და შესაძლებლობებს შორის... სულ ბრძოლა მიდის გარესამყაროსთან თუ საკუთარ თავთან...
მაცხოვარმა ჩვენ არ გვითხრა, მეორედ მოსვლამდე განცხრომაში და სიამოვნებაში გაატარებთო, არამედ მოგვცა სამოქმედო გეგმა, ცხრა ნეტარება, მცნებები და საღვთო წესები, რათა შევწვდეთ საუკუნო მშვიდობას და სიხარულს ჯერ ჩვენს სულებში და შემდეგ ზეცაში... თქვა უფალმა: „ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.“ო... ამიტომაც არის კვლავაც ამ ქვეყნად, „ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი“...აღმდგარია ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: მრავალ ქვეყანაში შიმშილია და გაჭირვებაა, მიწისძვრანი და ვულკანები ადგილ-ადგილ...
დიახ, ეს ყოველივე უნდა მოხდეს რათა გაირჩეს იფქლი ბზისაგან, კეთილი ბოროტისაგან... ვინმე თუ იკითხავს რატომ ხდება ასე, რა ღმერთს არ შეეძლო ამის გარეშე მოეწყო კაცთა ცხოვრება ისე, რომ ამდენი მსხვერპლი და ტკივილი არ ყოფილიყოო? ვუპასუხებთ, რომ ესეც მისი სახიერებისა და კაცთმოყვარების გამო ხდება, რადგანაც ჩვენი თავისუფალი არჩევანი და ნება გამოიწრთოს ჩვენსავე ხელებში, ჩვენივე სულში... ეს ცხოვრება ერთგვარი განსაწმედელი ქურასავითაა სულებისათვის... ვინც ღვთის გზას ირჩევს, როგორც ოქრო ისე იწმინდება, ხოლო ვინც უკეთურებას ირჩევს იწვება და ფერფლად რჩება... წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რობოტები ვიქნებოდით, საკუთარი თავისუფალი ნების არმქონე... ჩვენს ნებაზე ძალა რომ გამოეყენებინა უფალს ...
ასე რომ ვისაც ყური აქვს უნდა ისმინოს, რას ამბობს წმ. ეკლესია და მიჰყვეს მის მცნებებს...
რადგან წმ. მირიან მეფის და ნანა დედოფლის ღვაწლი უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებას საქართველოში, ორიოდ სიტყვით სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობებსაც მინდა შევეხო...
წმ. პავლე მოციქული ამბობს: „ყოველი სული ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელმწიფება, გარნა ღმრთისაგან და რომელნი იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან“ ე.ი. ყოველი მთავრობა თუ ხელისუფლება ღვთის დაშვებით არიან სათავეში განწესებულნი... და ყოველი ქრისტიანის ვალია, იყოს როგორც უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეკლესიის მორჩილი, ასევე სახელმწიფოს კანონმორჩილიც... აქედან გამომდინარე ნამდვილი ქრისტიანი არასდროს ყოფილა მეამბოხე, ინტრიგანი და პროვოკატორი, არამედ ღვთის იმედით, მშვიდობით და მოთმინებით იტანდა ყოველივეს... რა თქმა უნდა თუ მის სიწმინდეს - სარწმუნოებასა და ოჯახს არ შეურაცხყოფდნენ, რისი გულისთვისაც თავს დებდნენ ქრისტიანენი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე... პეტრე მოციქულიც თითქმის იგივეს ამბობს: „დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს: გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს; გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურის მეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს.“ და შორს რომ აღარ წავიდეთ თვით უფალი ბრძანებს: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღმრთისა ღმერთს“...
ამგვარი დამოკიდებულებით დაიწყო ურთიერთობა ქრისტიანობისა სახელმწიფოებრიობასთანაც.
მეოთხე საუკუნეში ისევე როგორც ჩვენთან ბიზანტიის იმპერიაში გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, რამაც ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას მთელ მსოფლიოში. უნდა ითქვას, რომ ბიზანტიის იმპერიამ თავის დროზე ძალიან დიდი როლი შეასრულა ქრისტიანობის გავრცელებაში. მაგრამ ამ ყოველივეს ფონზე არსებობდა აგრეთვე პარალელური უარყოფითი მხარეებიც, მაგალითად ის, რომ ქრისტიანობა ხდებოდა არა შინაგანი სულიერი მოთხოვნილებიდან გამომდინარე სარწმუნოება მავანთათვის, არამედ მოდური და სხვაზე აყოლით მიღებული სარწმუნოება... რაც ქრისტიანობას დიდ ზიანს აყენებდა... ქრისტიანული სარწმუნოების შინაარსი და იდეა არის ადამიანის სულის გადარჩენა - ცხონება, და როდესაც ამ იდეას ძალით ნერგავ ან ძალით ავრცელებ, უპირისპირდები ღვთისავე განგებულებას, რომელმაც თავისუფალი ნება მიანიჭა ადამიანს და მისი გადასაწყვეტია რას აირჩევს... თუნდაც ისეთ პარადოქსულ არჩევანთა შორის როგორიცაა, ვთქვათ ცხონება თუ წარწყმედა... ასეთმა მეთოდურმა მიდგომამ საბოლოოდ კარგი არ მოუტანა ბიზანტიის იმპერიას,... ალბათ, იმიტომ რომ ნებისმიერი რელიგიის სახელმწიფო იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ მანქანაში ჩართვა რყვნის სახელმწიფოებრიობისა და თვით რელიგიის იდეას... ამის მაგალითია თუნდაც რუსეთის იმპერიის დასასრულიც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მთელი რელიგიური მანქანა, გარდა მცირედი გამონაკლისისა - წმინდა მოღვაწეთა, ჩართული იყო სახელმწიფო მართვა-გამგეობის საკითხებში ან გნებავთ პირიქით, სახელმწიფო იყო ჩართული რელიგიის მართვა-გამგეობის საკითხებში... ასეთმა მიდგომამ თვით სამეფო ოჯახის წევრებშიც კი გამოიწვია ბუნებრივი ადამიანური სისუსტეები, იმედგაცრუება თავიანთი რელიგიის მიმართ და ეჭვები, ამის შედეგი იყო ის, რომ ზოგიერთი მათგანი დაინტერესდა სპირიტიზმითა თუ სხვადასხვა სულიერი სწავლებით... რაზეც შედეგმა არ დააყოვნა და რუსეთის იმპერია დაეცა... მაგრამ მართლმადიდებელი სარწმუნოება დარჩა ... „კეთილ არს სჯული უკეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი"... ამბობს წმ. პავლე მოციქული... კეთილად უპყრია სჯული მას ვინც მას მთელი თავისი არსებით აღასრულებს...
ქრისტიანულ მართლმადიდებლობას თავი არ ამოუწურავს, ჯერ კიდევ არ არის ქრისტიანული მართლმადიდებლობა სრული სისავით ნაქადაგები დედამიწაზე, რადგანაც როგორც ზემოთ ვთქვით, იგი ყოველთვის განიცდიდა ზეგავლენას იმპერიალისტური სახელმწიფოებიდან... დღეს დგება რეალობა იმისა, რომ ვიქადაგოთ მართლმადიდებლობა, იმ სულისკვეთებით, როგორი სულისკვეთებითაც ამას პირველ საუკუნეში აკეთებდნენ...
კარგია როდესაც ხელისუფალში ჰარმონიულად არის შერწყმული რელიგიური და სახელმწიფოებრივი აზროვნება, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება... ამის მაგალითია ჩვენში წმ. მეფე დავით აღმაშენებელი...
დღესდღეობით საქართველოში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა გაფორმებულია, ალბათ, შეიძლება ითქვას, საუკეთესო შეთანხმებით, (საუბარია კონსტიტუციურ შეთანხმებაზე) რაც შეიძლება არსებულიყო ამ ხნის მანძილზე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის... ჩვენთან მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არ არის გამოცხადებული, მაგრამ მისი ავტირიტეტულობა აღიარებულია კონსტიტუციით, რაც მის უპირატესობასა და დამსახურებას ხაზს უსვამს ყველას წინაშე და რაც ბუნებრივად მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატულებაა ქართველი ერისა საკუთარი ეკლესიის მიმართ...
ა.შ.შ-ში მართლმადიდებლობის არსებობა წარმოადგენს შესანიშნავ საზომს ჩვენი ჭეშმარიტების დასამოწმებლად და განსამტკიცებლად, ეს ქვეყანა, რაღაცით პირველი საუკუნეების რომს წააგავს, ოღონდ უფრო ცივილიზებული და დახვეწილია იგი...
და დღეს ჩვენი ვალია, აქ, გავხდეთ მქადაგებლები ჩვენი სარწმუნოებისა, ჩვენი საქციელით, ჩვენი სიტყვით, ჩვენი პატიოსნებით, ჩვენი სიყვარულით, რათა ამით ცნან ყველამ რომ ჩვენ ქრისტესნი ვართ... და რომ უფალი ჩვენთან არს....ამინ..
ქრისტესმიერი სიყვარულით იღუმენი +იოანე კავსაძე
This comment has been removed by the author.
ReplyDelete