Monday, June 7, 2010

ლოცვა მოწაფეთათვის


*************************************
დღეს ჩვენ სახარებაში მოვისმინეთ ის თუ როგორ ავედრებს მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე მამაზეციერს თავის მოწაფეებს. ...ქვეყნიერებისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი,რადგანაც შენი არიან ისინიო... შენი ე.ი. ღვთისო... ვინ არიან ღვთისანი? ... ღვთის არის ის, ვინც უპირველეს ყოვლისა იწამა ღმერთი განკაცებული და დაემოწაფა მას. მთელ ქვეყანას კი არ ავედრებს მას არამედ მათ ვინც იწამა ღმერთი და შეუდგა უფლისაკენ სავალ გზას... რადგანაც წუთისოფლის შვილები არ ცნობენ ღმერთს - ჭეშმარიტების სულს, მათი ღმერთები განცხრომაში და წუთიერ სიამოვნებაშია, მათ უკვე არჩევანი გაკეთებული აქვთ და ცხოვრობენ მხოლოდ მიწიერი საზრუნავით. გსმენიათ ალბათ გამოთქმა “ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის”(“Homo sum, humani nihil a me alienum puto .”) დღეს ბევრი იყენებს ამ ფრაზას რათა თავისი პირუტყვული საქციელი გაამართლოს.
...ქვეყნიერებისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი,რადგანაც შენი არიან ისინიო... როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები უფლისა? რა წინასწარ არის განსაზღვრული ვინ გადარჩება, ვინ არა... ბედისწერაა ეს? რა თქმა უნდა არა... აქ უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ უფალმა ყოველივე უწყის წინასწარ, წინასწარ იცის ის, ვინც ღმერთში დარჩება და იცის ის ვინც წუთისოფელს დაემონება, .... მაგრამ ყველა ადამიანს აქვს შანსი მიწვდეს ღმერთს და გადარჩეს, კაცთმოყვარე და ყოვლადსახიერი ღვთისავე ძალით... და ეს ძალა არის ღვთის წყალობა,... რომელიც ყველა წინაღობას , წინააღმდეგობას ლახავს და ფარავს... თვით ღვთის სამართალს აღემატება ღვთისავე წყალობა, ე.ი. ღვთის წყალობა არის ღვთაებრივი სამართლის უმაღლესი გამოვლინება...მაგრამ ეს ხდება მაშინ როდესაც ადამიანი იწყებს მოქმედებას, პირველი ნაბიჯების გადადგმას ღვთისაკენ შემობრუნებას...“ დიდ არს ზესთა ცათა შინა წყალობა შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტება შენი“ო... ბრძანებს წინაისწარმეტყველი დავითი... .... მაგრამ ყველა როდი ცდილობს ღმერთთან სიახლოვეს და მის სიყვარულში ყოფნას....ყველა როდი ცდილობს მთელი თავისი არსებით მიეცეს, უფრო სწორედ, დაუბრუნდეს თავისავე შემოქმედს - ღმერთს... იუდა ისკარიოტელი გამცემი რომ იყო, ეს უკვე დაწერილი იყო, მაგრამ მას შეეძლო ამის შეცვლა, თავისივე პიროვნული გადაწყვეტილებით, არჩევანით... ქრისტემ ფეხები დაბანა, აზიარა, უთხრა გამცემი ხარ... იქნებ მიმხვდარიყო რაიმეს... მაგრამ ვერა და არა... ის უკვე ჩამოყალიბებული იყო თავისავე უკეთურობაში...
და აი, ქვეყნიერებაში სწორედ ის ადამიანები იგულისხმებიან, რომლებმაც თავიანთი ნებით, თავიანთი არჩევანით თქვეს უარი ქრისტეზე, გამოხსნაზე... ღმერთთან ურთიერთობაზე... თქვენ გახსოვთ ალბათ, ჯვარზე ქრისტე როცა ევნებოდა, ჯვარმცმელებზე ლოცულობდა, მამაო მიუტევე ამათ რამეთუ არა იციან რას სჩადიანო... და მართლაც ვის ჰქონდა ჯვარმცმელებიდან გაცნობიერებული ის, რომ ღმერთკაცს აცვამდნენ ჯვარს... ალბათ არავის... დღევანდელმა ჯვარმცმელებმა კი უკვე იციან ვისაც აცვამენ ჯვარს, იციან ვისაც ლანძღავენ, ვისაც აგინებენ... და რაღა სიტყვა და ლოცვა ითქმება მათზე მამაზეციერთან... ?
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ადამიანი დაბადებისთანავე არ ხდება ბოროტი, ანდა კეთილი... მაგრამ მას დაბადებიდანვე აქვს მიდრეკილებანი ორივესკენ... (ეს არის ერთერთი შედეგი ჩვენი დაცემულობისა), და ჩვენ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, გვემატება რა წლები, ვაზროვნებთ, ვმოქმედებთ, მივდივართ ან სიკეთისკენ, ან ბოროტებისკენ... აქ საშუალო და სტატიკური არაფერი არ არსებობს... ეს მართლაც ერთგვარ კიბეს ჰგავს, რომელზეც მოძრაობა არ ჩერდება, ზოგიერთნი ზევით მიდიან, ზოგიერთნი კი ქვევით...
ასე, რომ ადამიანი თავადაც არის თავისი ბედის მჭედელი, აწმყო მის ხელთაა და მისი ცხოვრება მისივე გაგრძელებაა... და თუ გაიღებს ის ძალისხმევას, მოვა წყალობაც და წარმატებაც სიკეთეში... და თუ გაჩერდება და სიზარმაცეს მიეცემა არ დაახანებს საცდურიც უკეთურისგან და სასოწარეკვეთება და დაიღუპება...
ამიტომაც დავით მეფე ამბობს: „მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ. ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი? დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა; მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას.“
ამიტომაც მობაძავ მოწამეთა ვიყოთ რწმენაში, მობაძავ მოციქულთა ვიქმნეთ მოშურნეობაში, და მობაძავ ქრისტესა ვიყოთ სიყვარულში!!!ამინ..
სიყვარულით იღუმენი იოანე
სან ფრანცისკო 2010წ.

No comments:

Post a Comment