Monday, June 7, 2010

ყოველთა წმიდათა კვირა


დღევანდელ სახარებაში... მაცხოვარი ამბობს: „ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.“ ყველა წმინდანმა რომელთა ხსენებასაც აღვსარულებთ ჩვენ დღეს აღიარეს მაცხოვარი კაცთა წინაშე, ზოგიერთებმა თავიანთი შრომითა და კეთილი საქმეებით, ზოგიერთებმა ბერული აღთქმებით და მოღვაწეობით, ხოლო ზოგიერთებმა მოწამეობით... მაგრამ დღეს ჩვენთან რა მიმართებაშია ეს სახარების საკითხავი? მხოლოდ მოწამეთა აღიარებაზეა აქ საუბარი თუ ჩვენც უნდა გულისხმავჰყოთ ჩვენს ყოველდღიურობაში ეს სიტყვები? აი, ხშირად ზოგიერთნი მორწმუნენი, თითქოს მთელი გულით არიან ჩართულნი ეკლესიაში, ლოცულობენ, მაგრამ როგორც კი გავლენ ეკლესიიდან თითქოს არც ყოფილან ეკლესიაში ისე იქცევიან... უჭირთ თავიანთი ქრისტიანობის აღიარება, აღსაარება ხალხში... იკითხავთ რა არის აღიარება? აღიარება ქრისტესი არის ის რომ სიკეთეს თესავ, თავმდაბალი ხარ, მომთმენი ხარ, მოსიყვარულე ხარ, მიმტევებელი ხარ, მლოცველი ხარ, მმარხველი ხარ, არ მრისხანებ, სხვისი არ გშურს, არ მედიდურობ და რომ ხმამაღლა შეგიძლია თქვა მე ვარ ქრისტიანი მართლმადიდებელი... მე ქრისტესი ვარ... რომ არ გრცხვენია ქრისტესი, რომელიც გლახაკად გვეჩვენა ჩვენ... ეს არის აღიარება, აღსაარება, და ბოლოს უმაღლესი აღიარება ეს არის მოწამეობა ... ის რაც წმინდა გიორგიმ გააკეთა და ის რაც წმ. ქეთევან დედოფალმა გააკეთა...
„..„ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.“ ... ეს სიტყვები ჩვენ ადრეც მოგვისმენია და ოცსაუკუნოვანი ქრისტიანობისა და ეკლესიის ავტორიტეტმა ეს ჩვენ ტკბილად შეგვაგრძნობინა... მაგრამ ეხლა რომ გაგვეგო ეს სიტყვები პირველად, ალბათ ბევრი ჩვენთაგანი დაბრკოლდებოდა...
რაზეა საუბარი აქ? მართლა დედ-მამისა და შვილის სიყვარულის დატოვების ხარჯზე უნდა შევიყვაროთ უფალი? არა... აქ მაცხოვარი ამბობს, რომ ყველა სიყვარული რომელიც უფლისმიერი არაა, არ არის სიყვარული, არ არს ჩემდა ღირს, ამას თავად სიყვარული ამბობს ღმერთკაცის პირით... „რადგან ყოველგვარი სიყვარული, რომელიც ადამიანს აიძულებს, რომ ქმნილება მეტად უყვარდეს, ვიდრე შემოქმედი, უსჯულო და დამღუპველია იმისთვის, ვისაც უყვარს და იმისთვისაც, ვინც უყვართ....“ და ამიტომაც ისიც ვინც ქრისტეს გარეშე ეძებს სიყვარულს ყალბ სიყვარულს შეხვდება... ვერ შეუდგები სიყვარულის გზას ჯვრის გარეშე... როგორც ჯვარცმის გარეშე აღდგომა არ იქნებოდა ისე ტკივილის გარეშე სიყვარულიც არ იქნება...
გარდა ამისა აქ საუბარია დედამიწაზე უმაღლეს მსახურებაზე მონაზვნობაზე, მონაზვნები არიან ისინი ვინც ქრისტეს გულისთვის მიატოვეს ეს სოფელი... ძველი ვნებები და ძველი მისწრაფებები... და პეტრე შემდეგ თითქოს, მონაზონთა სახელით შეკითხვას უსვამს მაცხოვარს აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა? და ქრისტე აღუთქვამს მას საუკუნო სიცოცხლეს უფლის დიდებულებაში, მის ბრწყინვალებაში... „ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკანანი წინა.“ ე.ი. თავმდაბლები ამაღლდებიან და ამპარტავნები დამდაბლდებიან... ანუ ეს იქნება საღვთო კანონზომიერების სრული აღდგენა.
....................................................
გასულ კვირას ჩვენ ვიზეიმეთ, სულთმოფენობის დღესასწაული, ამას წინ უძღვოდა ჰავაის ივერიის ღვთისშობლის მირონმდინარე ხატის სტუმრობა სან ფრანცისკოს, ასევე, ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის ქართულ სამლოცველოში.
მართლაც, საკვირველია უფლის საქმეები... წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს, წირვის აღსრულების შემდეგ ჩვენს სამლოცველოში მობრძანდა თვით დედაღვთისმშობელი თითქოს, მფარველი ივერიისა - საქართველოსი, და ასევე მფარველი, და მეოხი სან ფრანცისკოს ქართული მართლმადიდებელი სამრევლოსი... საერთოდ არცერთი მოვლენა ეკლესიაში, არ ხდება შემთხვევითობით, და ის დღეც, ღვთის საოცარი წინაგანგებით წარიმართა...
ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვინც ვცდილობთ ცხოვრებას ქრისტეს მცნებებით, არ ვაფუძნებთ ჩვენს სარწმუნოებას და რწმენას სასწაულებზე, თუნდაც ისეთზე, როგორიცაა მაგალითად, მირონმდინარე ხატი... რადგანაც ჩვენი სარწმუნოება გაცილებით უფრო დიდი სასწაულია და დიდი საიდუმლოა, ვიდრე, ეს იქნება რომელიმე კონკრეტული ხილული სასწაული..
მაგრამ მაინც დიდად, სასიხარულო და სანუგეშო იყო ჩვენთვის მედავითნე ნექტარიოსის სიტყვები (ვინც დააბრძანებს მირონმდინარე ხატს თითქმის მთელს მსოფლიოში), რომელსაც აღუნიშნავს სხვაგან, რომ ქართულ სამლოცველოში ყოფნისას, ჰაუაის ივერიის ღვთისმშობლის ხატს, მირონდენა უფრო მეტად დაუწყია... დიდება და მადლობა ღმერთს და დედაღვთისშობელს ყველაფრისათვის!!!
დღეს ვინაიდან ხსებნებაა ყოველთა წმინდათა და სულთმოფენობის დღესასწაულის სიხარულიც ჯერ კიდევ არ გაგვნელებია, მინდა მოკლედ გესაუბროთ,... ამ დღესასწაულთა ურთიერთმიმართებაზე... და საერთოდ სულთა მოქმედებაზე და ურთიერთკავშირზე...
თქვენ იცით სულთმოფენობა არის დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების დღესასწაული. თუმც ეს დებულება არ გამოხატავს ბოლომდე ამ მოვლენის, მთლიან, სულიერ და მისტიურ შინაარსს. სულიწმიდაზე საუბრისას წმ. კირილე იერუსალიმელი როგორც აღნიშნავს, სულიერი მადლია საჭირო და საფრთხილოა, ვიანიდან ნათქვამია: „„რომელმან ჰსთქუას სულისა წმიდისათჳს არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მათე 12,32).“ ამიტომაც ჩვენც ვფრთხილობთ რა, მსგავსად, წმ. კირილე იერუსალიმელისა, შევეცდებით ზედმეტი არ ვთქვათ ჩვენი უვიცობით ან მოგონილი მოწიწებით სულიწმიდაზე... და ვჯერდებით იმას რაც თვით სულიწმიდით გაცხადდა ეკლესიაში...
... სულიწმიდა არის, სული ჭეშმარიტებისა, ნუგეშინისმცემელი, სული ღმრთისა, სული მამისა, სული უფლისა, სული ღმრთისა და ქრისტესი, სული გამოცხადებისა, სული აღთქმისა, სახიერი, სული ხელმწიფებისა, სული სიბრძნისა, გულისხმისყოფისა, ზრახვისა, ძლიერებისა, შიშისა ღმრთისა... ნაყოფი სულისა წმიდისა კი არის, როგორც ამას წმ. პავლე მოციქული - ჭეშმარიტი ქნარი სულიწმიდისა გადმოგვცემს; „ სიყუარული, სიხარული, მშჳდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.“ ამბობს მოციქული, ანუ ვისაც ეს სათნოებანი გააჩნია თავისუფალია სჯულისაგან, რადგანაც აღასრულებს უკვე სჯულს.... ეს რაც შეეეხებოდა სულიწმიდას... რომელი დიდებულ არს მამისა თანა და ძისა თანა...
მაგრამ არსებობს ასევე სულთა სამყარო, უხილავი სამყარო... ჩვენ მორწმუნე ქრისტიანებმა ვიცით ანგელოზნი რომელნიც არიან სულნი და ასევე ვიცით რომ ადამიანებსაც აქვთ სული ... და მთელს ამ ხილულ და უხილავ სამყაროში ურთიერთობენ ან არ ურთიერთობენ სულები...
დაცემული ანგელოზი სატანა და მის თანამყოფნი დაცემულნი ანგელოზნი არიან უკიდურესად უკეთურნი სულნი, რომელნიც ზემოქმედებენ ხილულ სამყაროზე, წუთისოფელზე... მათი და მათი საქმეების შეცნობა ეკლესიის გარეშე თითქმის შეუძლებელია, რადგანაც არიან ძალზედ მზაკვარნი... მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ, მას შემდეგ, რაც განკაცდა ქრისტე მაცხოვარი, ფარდა აეხადა უკეთურს და მის საქმეებს, და ჩვენ შეგვიძლია, თუ კი ქრისტეს მცნებებით ვიცხოვრებთ ეკლესიაში, დავინახოთ ის მახეები რასაც განამზადებენ ხოლმე უკეთურნი ადამიანთა სულების დასაღუპავად...
ჩვენში, ხანდახან საუბრობენ ხოლმე, როცა რაიმე სიტუაცია ან ადგილი არ მოეწონებათ ,„ცუდი აურა“ ტრიალებსო... ან პირიქით თუ მოეწონებათ - კარგი „აურა“ ტრიალებსო.... „აურა“ არის ბერძნული სიტყვა და ნიავის ქროლვას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ვგულისხმობთ სულს, რადგან სული როგორც ნიავი უხილავი ენერგიაა და ძალაა...
ამ ყოველივეს ფონზე გასაოცარია, ურწმუნოთა - ვისაც სულის არსებობისა არ სჯერა, ურწმუნოება... რადგან ისინი იმას თუ კი უშვებენ ნორმალურად, თავიანთ გონებაში, თუ როგორ გადაეცემა ერთი ანტენიდან მეორე ანტენას სიგნალი... უხილავად... ან მობილურ ტელეფონზე როგორ მოქმედებს, რაღაც, ასევე უხილავი სიგნალი - ენერგია და როგორ ამუშავებს მას... რატომ ვერ უშვებენ იმას, რომ ადამიანსაც, შესაძლოა, ჰქონდეს სული უხილავი..?
მაგრამ აქაც სულთა ჭიდილია, უკეთური ჩააგონებს ურწმუნოს, რომ არ არსებობს სული და აქედან გამომდინარე არც ღმერთი... და აქცევს რა თავის მარწუხებში ურწმუნოს, მართავს მას როგორც უნდა ისე... ადამიანში მუდმივად მიდის ჭიდილი სიკეთესა და ბოროტებას შორის, რადგანაც ადამიანი რთული არსებაა, შემდგარი სულისგან და ხორცისაგან... და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ანგელოზებზე უფრო მეტ პატივშია კაცობრივი ბუნება ამაღლებული, და გვირგვინია იგი უფლის ქმნილებისა, მაინც უწევს ბრძოლა უკეთურობის წინააღმდეგ მთელი თავის ცხოვრების მანძილზე... რადგან ნაბრძანებია დავით წინასწარმეტყველის წიგნში: „დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა.“ ... (ამ ფსალმუნში წინასწარმეტყველი ქრისტეს გულისხმობს, მაგრამ ქრისტეში ვიგულისხმებით ჩვენც, ჩვენი ბუნება და ჩვენი კაცება...) ე. ი. ჩვენი ამქვეყნიური მდგომარეობა გარკვეული კურთხევაა მამაზეციერისგან... თუმც ჩვენი ჩვენი შესაძლებლობებით მცირედ დაკლებული გვაქვს ანგელოზთა დარი ძალა და მდგომარეობა, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი არსება უფრო მეტად არის განდიდებული უფალში... ყოველივე მორჩილებს ადამინს „ქუეშე ფერხთა მისთა“ ხილულ სამყაროში... (აქვე მინდა ავღნიშნო, შენიშვნასავით, როცა ადამიანის განდიდებაზე ვსაუბრობთ არ უნდა ვიგულისხმოთ მიწიერი გაგებით განდიდება ან პატივი, რაღაც შეჯიბრითობის მსგავსად)... რადგანაც ცათა სასუფეველში, ყველა სულს თავისი ბრწყინვალება აქვს მინიჭებული სულიწმიდის მადლით... მსგავსად პავლე მოციქულის მიერ თქმულისა, მნათობთა შესახებ: „სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.“ მაგრამ შეჯიბრითობა და შური კი არ არის მათ შორის, არამედ ჰარმონიულადაა შერწყმული ყოველივე, ყველას თავისი დანიშნულება და წესი აქვს დადგენილი შემოქმედისგან... და ეს ასევე უნდა იყოს ჩვენშიც... არავისი არ უნდა გვშურდეს, არამედ უნდა ვანათოთ ისე როგორც ეს უფალმა დაგვიდგინა წმ. წერილში... „ესრეთ ბრწინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა ...“...
ამიტომაც ბრძანებს მოციქული : „გამოიცადეთ, რაი-იგი არს სათნო უფლისა, და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა,“ გამოვიცადოთ თავნი ჩვენნი, რა არის ჩვენში უფლისათვის სათნო და ჩვენთვის სარგო...
თუ სიყვარულის ნაცვლად სიძულვილია ჩვენში ვინმეს მიმართ, ე.ი. უკეთურია ჩვენში, თუ ღვთიური სიხარულის ნაცვლად მოწყენილობაა ჩვენს სულში, ამ სოფელთან ტრფობის გამო, ე.ი. უკეთურისგან არის ესეც, თუ მშვიდობისა წილ შფოთია ჩვენში, ესეც უკეთურისგან არის, თუ სულგრძელებისა წილ სულმოკლეობაა, თუ სიტკბოებისა წილ სიმწარეს ანთხევს ჩვენი პირი, თუ სიკეთისა წილ ბოროტებას ჩავდივართ, თუ სარწმუნოებისა წილ ურწმუნოებაა ჩვენში, თუ მარხვისა წილ ნაყროვანებაა ჩვენში და თუ მოთმინების ნაცვლად მოუთმენლობაა ჩვენში... ე.ი ჩვენ ჯერ ვერ მივწდომილვართ ღვთის შვილობას...
ყოველნი წმინდანნი რომელთა ხსენებასაც აღვასრულებთ ჩვენ დღეს, ღვთის შვილებად შეიქნენ, მობაძავნი თავიანთი მამისა, ქრისტესი და სულისაწმიდისა... ისინი თავიანთი ცხოვრებით გახდნენ ღვთის შვილები, ამიტომაც ვევედრებით ჩვენ მათ, მეოხებას, შემწეობას და მფარველობას, რადგანაც უფლის მამობით - სულიწმიდის მადლით, მათაც შეიძინეს მამის მსაგავსი თვისებები... ვევედროთ ღმერთს, რომ ღირსგვყოს ჩვენც თავის შვილად წოდებისა და როცა დრო მოვა, დაგვამკვიდროს იქ სადაცა ყოველნი წმინდანი განისვენებენ...
ზოგიერთს ეს შეუძლებლად მიაჩნია, და ეშმაკიც ჩააგონებს მას „შენ ვერ მიაღწევ ისეთ სიწმინდეს, სასუფეველში რომ შეხვიდე“... მაგრამ ჩვენ ყური არ უნდა დავუგდოთ ამ ჩაგონებას, ვინაიდან ნათქვამია ქრისტესგან; შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია ღვთის მიერ!!! ამინ!!! უფალო იესუ ქრისტე!!! გვაცხოვნენ ჩვენ!!!

No comments:

Post a Comment