Tuesday, June 8, 2010

ყოველთა წმიდათა კვირა, 14 ივნისი

გასულ კვირას ჩვენ ვიზეიმეთ სულთმოფენობის - ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღესასწაული დედამიწაზე. დღეს კი ვზეიმობთ ყოველთა წმიდათა ხსენებას. ყოველნი წმინდანნი არიან ისინი, რომელთაც კეთილად იღვაწეს ამ ქვეყანაზე და ღვთის სასუფეველის ღირსნი გახდნენ. მათი ამ ქვეყნიური ცხოვრების მაგალითით ვსწავლობთ იმას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, რომ სასუფევლის ღირსნი გავხდეთ. როგორი გულები უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ უფალი ჩვენში შემოვიდეს და დამკვიდრდეს. ეკლესიური სწავლებით ყველა ადამიანს მოეთხოვება სიწმინდით ცხოვრება, რადგან წმიდაა შემოქმედი, უფალი, ღმერთი ჩვენი და მისი სული მკვიდრობს ყოველი ადამიანის სხეულში. „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკვიდრებულ არს თქვენ შორის?“ (I კორ. 3,16). ამბობს წმ. პავლე მოციქული...“

სწორედ დღევანდელი სახარების საკითხავს შეესაბამება ყოველთა წმინდანთა ცხოვრების არსი და წესი, ისინი იყვნენ რომელთაც უდრტვინველად აღიარეს და იქადაგეს ქრისტე წინაშე კაცთა, მათ დაითმინეს ტანჯვა და წამება ქრისტესთვის, მათ დაუტევეს ყოველივე ქრისტესთვის და აღიღეს ჯვარი თვისი და შეუდგნენ მას... ვადიდებთ და ვაქებთ მათ კეთილ ღვაწლს და უფლისმიერ საქმეებს. არათუ ცოდვები და ცოდვიანი ცხოვრება დაუტევეს მათ, არამედ ზოგიერთმა მათგანმა ამქვეყნიური სიკეთეები დაუტევა ქრისტეს გულისათვის, სიყვარულისათვის და შეუდგა მას... ჩვენ კი ხშირად, მავნე და დამღუპველ საკუთარ ცოდვებს ვერ ვტოვებთ ღვთის გულისათვის...

ყოველთა წმიდათა ხსენებასთან დაკავშირებით, თქვენთან საუბრის მომზადების დროს, უნებურად გამიჩნდა კითხვა (ალბათ, საკუთარი თავის მიმართ): საერთოდ, აქვს კი ვინმეს მორალური უფლება იქადაგოს სიწმინდეზე...? ...და უხერხულობისაგან პასუხი ვერ გავეცი შინაგან ხმას, რადგან შეუდარებლად შორს არის ჩემი ცხოვრების სტილი იმ მამათა ცხოვრების წესისაგან, რომელსაც მრავალი საუკუნის წინ, ქადაგებდნენ და საქმეებით წარმოაჩენდნენ ისინი და საზღაურად, ნაყოფიც ეძლეოდათ მათ ღვთისაგან; „მკვდართა აღადგენდნენ, ეშმაკთა განასხმიდენ და სნეულთა განკურნავდნენ...“

მაგრამ მიუხედავად ამ სხვაობისა მაინც ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი მოწოდებულია იქადაგოს სიწმინდე და დაიცვას იგი, მითუმეტეს დღეს, როდესაც ზნეობრივად ასე თავდაყირა დადგა მთელი მსოფლიო. ჩვენ ვხედავთ ყოველდღე, თუ როგორ ცდილობს ამ სოფლის სული, სიწმინდის დაცინვას და დაკნინებას. თითქოს ისტორიას ჩაბარდა ათი მცნება, ცხრა ნეტარება, თითქოს ტყუილად ეწამნენ სიწმინდისათვის, ქრისტესათვის ამდენი წმინდანნი, თითქოს აღარავინ მოგვთხოვს პასუხს ჩვენს უზნეობაზე და უკეთურობაზე...

ყველანი ცოდვილები ვართ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს, ასე უნდა იყოს... ჩვენ ყოველდღე უნდა ვცდილობდეთ, რომ უფრო და უფრო უკეთესნი გავხდეთ, ნუ შეგვაშინებს დაცემა და წარუმატებლობა სულიერ გზაზე, არამედ სასწავლებლად მივიღოთ ყოველივე ეს და უმალვე წამოვდგეთ ხოლმე ღვთის იმედით , და შენდობა და წყალობა ვთხოვოთ უფალს აღსარებაში... ამის სათქმელად იმიტომ ვკადნიერდები რომ ქრისტე, ჩვენი - ეკლესიის წიაღში მყოფთა, შემწე, მფარველი და მოსიყვარულე მამაა... „ნუ გეშინინ“ გვეუბნება მაცხოვარი, „რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“...

ქრისტიანული ცხოვრების გზა, ღვთის შემწეობით თვითგანწმენდის გზა არის. ეს არის ვიწრო გზა ღვთისაკენ მიმავალი, რომელიც საკუთარ გულზე გადის. ამიტომაც წმ. ეკლესია ამ მაცხოვნებელ გზაზე სიარულისას ხშირად მოგვიწოდებს ხოლმე სიფრთხილისაკენ და სიფხიზლისაკენ, ამიტომაც დაწესდა მარხვა და წესი სულიერი ცხოვრებისა ეკლესიაში. მარხვა არის სულის სიმსუბუქე და საკუთარ სხეულზე და ნება-სურვილებზე უფლობა. ყველაფერი შეიძლება მიიღოს ადამიანმა, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ იქნება მისთვის, როგორც სულიერად ასევე ფიზიკურად... მარხვა არის უდიდესი საქმე, რომელიც სულსაც ადგება და სხეულსაც. მხოლოდ თავშეკავება, რომელიც მარხვისას გამოგვიმუშავდება, არის ერთერთი ის თვისება, რომელიც ადამიანს ადამიანად წოდების ღირსად ხდის. ხვალიდან იწყება პეტრე-პავლობის მარხვა და შესაბამისად ჩვენი სულიერი ცხოვრებაც უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს. ჩვენი ლოცვა და მარხვა ჰარმონიულად უნდა შეერწყას ერთმანეთს რათა ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე გაგვიჩნდეს სინანული ჩვენს ცოდვებზე. პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. საეკლესიო გადმოცემით ეს მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ პირველ საუკუნეში, მე-6 საუკუნეში კი წმინდა მამებმა საეკლესიო კრებებზე სახელდვეს და განაწესეს როგორც პეტრე-პავლობის მარხვად. თავდაპირველად ეს მარხვა ერთ კვირამდე გრძელდებოდა, ხოლო დღესდღეობით მისი ხანგრძლივობა ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება და იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და მთავრდება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე 12 ივლისს.

უფალმა ინებოს, რომ კეთილად და მშვიდობით შევხვდეთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს, უფრო აღმატებულები სულიერ საქმეში, უფრო წარმატებულები სიკეთის ქმნაში, სიყვარულში და საერთოდ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგცეთ მადლი, წყალობა და მიტევება ცოდვათა, თქვენ და კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველებს, ჩვენი ეკლესიის შვილებს. მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ მარხვაში განსაკუთრებით ვილოცოთ ერთმანეთისათვის საქართველოს გამთლიანებისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, და გაძლევთ ლოცვა-კურთხევას რათა თქვენი ყოველდღიური ლოცვების კანონთან ერთად თქვათ ეს ლოცვაც:

(ლოცვა სიყვარულის განსავრცობად და შურისა და ყოველგვარი სიავის აღმოსაფხვრელად)

მოციქულთა შენთა სიყვარულის კავშირით შემაერთებელო ქრისტე, შეგვაერთენ ჩვენ, ერთგულნი მონანი შენნი, მით შენთან მჭიდროდ, რათა აღვასრულებდეთ მცნებათა შენთა და სიყვარულითა წრფელითა ვიყუარებოდეთ ურთიერთას, ლოცვითა ღმრთის-მშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარეო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიყვარულის ცეცხლით გაათბე შენდამი გულნი ჩვენნი ქრისტე ღმერთო, რათა მით მიერ აღნთებულნი, გულით, გონებით და მთელი არსებით შეგიყვაროთ შენ წრფელად და მცნებათა შენთა დამმარხველნი გადიდებდეთ შენ, ყოველთა კეთილთა მომცემელო ჩვენდა უფალო, დიდება შენდა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღევანდელი წაკითხული სახარების ბოლოში წერია: „ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა და უკანანი წინა...“ დიახ, არავინ არვიცით ხვალ, ვინ სად ვიდგებით იმ ქვეყნად, არავითარი ამქვეყნიური წოდება და ხარისხი არაა გარანტი სასუფეველში მოხვედრისა და ამიტომაც გთხოვთ, რომ ვილოცოთ ერთმანეთისთვის ამ ქვეყნად სანამ ვართ და აღუთქვათ ერთმანეთს რომ გვეყვარება ერთმანეთი ქრისტეში, რადგანაც ჩვენ ქრისტეს სიყვარულში ყველანი თანასწორნი ვართ... ჩვენთან არს ღმერთი!!!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
ყოველთა წმიდათა კვირა, 14 ივნისი 2009წ.
სან ფრანცისკო, კოლმა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

No comments:

Post a Comment