Tuesday, June 8, 2010

8 აპრილი 2009 წელი, დიდმარხვის მე-6 კვირა

ყოველი გათენებული დღე არის სასწაული და წყალობა ღვთისა ადამიანისათვის მომადლებული, ყოველი დღე, ჩვენ, შეგვაგრძნობინებს სიცოცხლის სულს და სუნთქვას, მოგვითხრობს ღვთის საქმეებისა და ქმნილებათა შესახებ, არ არსებობს დღე სიახლის გარეშე.

სულ ახლახანს, მიილია დიდმარხვის მე-5 კვირა და მინდა შეგახსენოთ , ზოგადად, დიდმარხვის გასულ კვირებში, ეკლესიაში მოწოდებული ზოგიერთი საღვთო შეგონება, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ ამჟამინდელი ჩვენი სულიერი მდგომარეობა და სულიერი მოძრაობა. მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან მოყოლებული ეკლესია მორწმუნეებს ამზადებს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად. მეზვერისა და ფარისევლის კვირამ ჩვენ გვასწავლა ის, რომ სიმდაბლით უნდა მივეახლოთ უფალს, რომ ,,მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული “ . სიმდაბლე ჩვენში ჩვენი ცოდვების ხედვითა და განცდით წარმოიშვება, რომელიც შემდეგში სინანულისკენ და კეთილი ღვაწლისკენ აღვგვძრავს.

„უძღები შვილის“ კვირამ გვასწავლა რომ მონანულ შვილს უფალი ისევ გულში ჩაიკრავს, ანუგეშებს და მადლს მისცემს. მაგრამ ამ ყოველივეს დასატევნელად და შესანარჩუნებლად საჭიროა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შვილობის მადლს ვიღებთ არა ჩვენი დამსახურებით და ღირსებით, არამედ ღვთისა და მამის დიდი წყალობით და სიყვარულით, და ამიტომაც, რომ არ დავკარგოთ ის, რაც შევიძინეთ ჩვენ ღვთის შვილობით და რომ უფრო ფრთხილები ვიყოთ, ეკლესია ხორციელის კვირას საშინელ სამსჯავროს შეგვახსენებს და კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, რომ არსებობს სასჯელი ბოროტთათვის და უმადურთათვის და არსებობს ჯილდო კეთილთათვის და მდაბალთათვის.

ასეთი სულიერი განწყობით ვხვდებით ჩვენ ყველიერის-შენდობის კვირას. შენდობას ვთხოვთ ღმერთს და ერთმანეთს, რათა შედარებით უფრო სუფთა სინდისით დავიწყოთ მარხვა.
შემდეგ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმით ჩვენ ავღნიშნავთ, ჩვენი ეკლესიის უცდომელობას და თაყვანსვცემთ ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებას, რათა რწმენაში გავძლიერდეთ და გულმხურვალედ ვადიდოთ ღმერთი.

დიდმარხვის მე-2 კვირას კი, როდესაც ეკლესია იხსენიებს, წმ. გრიგოლ პალამას, ლოცვის შინაარსის წვდომისაკენ მოგვიწოდებს, რომელიც საკუთარ გულებში უნდა ვეძიოთ. გულით ლოცვა არის უმთავრესი საქმე მართლმადიდებელი ქრისტიანისა. ლოცვა და გალობა ღვთისადმი არის ნეტარება გულისა და სულისა და ვინც შეიგრძნობს ღვთის შეხებას თავის გულში, მას აღარ მოუნდება შეწყვეტა ლოცვისა და ღვთის დიდებისმეტყველებისა... არამედ, მას მუდმივად ენდომება ღვთის დიდება და სიყვარული, ლოცვითა და გალობით. ასეთ სულიერ საფეხურს მცირედნი აღწევენ, თუმცა კი ყველა მორწმუნე უნდა ვცდილობდეთ ამ საფეხურზე ასვლას, რადგან მარადიული და უსასრულო სიყვარულია „ის“ ვისკენაც ჩვენ მივილტვით. სწორედ ჯვრისთაყვანისცემის ერთ-ერთი მიზეზიც ამ ფორმულაშია; ლტოლვა ზეცისკენ ღვთის მიმართ და ლტოლვა მოყვასისკენ- ადამიანების მიმართ. დიდმარხვის მე-3 კვირაც ამ უდიდეს მცნებასა და ჯვარსახოვან ჭეშმარიტებას გვასწავლის, „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ და „შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. მე-4 კვირას ჩვენ წმ. იოანე კიბისაღმწერელის ხსენებას ვდღესასწაულობთ, რომელმაც მონაზვნებისათვის და ამქვეყნად ანგელოზებრივი ცხოვრების ამრჩევლებისათვის, მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის უდიდესი სახელმძღვანელო, ზეცადაღმავალი „კიბე“ დაგვიტოვა, რომლის სწავლებებითაც იკვებება დღეს მართლმადიდებელ ბერ-მონაზონთა სამყარო.

წინა კვირას კი, წმ. მარიამ მეგვიპტელის ხსენებამ შეგვახსენა ღვთის დიდი წყალობა და კაცთმოყვარება ადამიანთა მიმართ. წმ. მარიამის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი დიდი დაცემიდან, როგორ დიდ სიწმინდეს აღწევს ადამიანი ღვთის წყალობით, რომელიც „აღადგენს ქუეყანისაგან გლახაკს და სკორეთაგან აღამაღლებს დავრდომილს.... “

ახლოვდება ბზობის კვირა, მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში და ჩვენს გულებს სიხარულთან ერთად მწუხარებაც ავსებს... რადგან ჩვენ უკვე ვიცით სახარებიდან, რომ ის ხალხი, რომელიც უგალობდა“ოსანა“ს მაცხოვარს იერუსალიმში შესვლისას, იყვირებს მალე მის საწინააღმდეგოდ „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე“.... ვიხსენებთ და ვძრწუნდებით იმ მოვლენების გახსენებისას, როდესაც გაიცა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ოცდაათ ვერცხლად იუდასაგან , ევნო და დაეფლა. ვნების შვიდეული არის ყველაზე მძიმე შვიდეული წელიწადისა. ამ კვირაში მორწმუნე ქრისტიანი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, გახდეს თანაგანმცდელი იმ მოვლენებისა, რომელიც 2009 წლის წინ მოხდა. ეს კი შესაძლებელია; ხშირი ლოცვით, მარხვით, ეკლესიაში მსახურებებზე დასწრებით და იმ საკითხავების მოსმენით, რომლებიც ეკლესიაში იკითხება ამ კვირას. (თუ შესაძლებლობა არ არის ეკლესიაში წასვლისა სახლშიდაც შეიძლება წაკითხვა სახარების იმ თავებისა, სადაც აღწერილია ეს მოვლენები). ვნების შვიდეულში ადამიანი სულიერად თავდახრილი უნდა იდგეს ჯვარცმული ქრისტეს ქვეშ და ცრემლებითა და სიყვარულით აღმოთქვამდეს ამ სიტყვებს; „ ტკბილო იესუ, შემიწყალე მე...“ და მაპატიე მე...
უნდა ითქვას, რომ ეკლესია, ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ვნებებს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობით არ აღნიშნავს, ეს არ არის მხოლოდდამხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ეს დროში განფენილი სინამდვილეა, რომელიც დღესაც აღესრულება სხვადასხვა სახით ჩვენში... დღესაც გასცემს იუდა ქრისტეს ოცდაათ ვერცხლად, დღესაც წუწუნებს და შენიშვნებს იძლევა იუდა მარიამის შესაწირავზე, როდესაც ნელსაცხებელი სცხო მარიამმა იესუს და თმებით შეუმშრალა ფეხები, „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა“ო,... ჩვენ დროშიც ასე „კეთილზნეობრივად“ არ ცდილობენ ხოლმე იუდასნაირები თავიანთი სახის წარმოჩენას? „განა დღესაც არ ამხედრდებიან ხოლმე ღვთისადმი ამგვარი შესაწირავის წინააღმდეგ?! ჩვენივე ეკლესიისგან განზე გამდგარი შვილები, როცა ეკლესიების მშენებლობისა და კეთილმოწყობისათვის შემოწირულობას ხედავენ, განა არ ამბობენ? „რა საჭიროა ამდენი ხარჯი, ღმერთს სიმდიდრე არ სჭირდება. ეს ფული შეიძლება სკოლებს ან საქველმოქმედო შენობების აშენებას მოხმარდესო“. მაგრამ ჩვენ ვიცით სახარებიდან, რომ უფლისათვის სათნოა ამგვარი მსხვერპლი, რადგან შემომწირველის სიყვარულისა და ერთგულების გამომხატველია... დიახ, ეს ყველფერი თითქოს ყველა ეპოქაში მეორდება, ოღონდ ახლებურად და სხვადასხვანაირად. ჩვენ დროშიც იბანს პილატე ხელებს, კაიაფა კი სამოსელს იხევს, დღესაც აცვამენ ქრისტეს ჯვარზე... და დღესაც ამბობს იესუ ჯვარზე, „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“... ჯვარცმული ქრისტეს მაგალითით, ჩვენც უნდა შეგვეძლოს, რომ არ დავკარგოთ სიყვარულისა და მიტევების უნარი,მიუხედავად ჩვენი ტკივილებისა, განცდებისა და წყენისა. რათა „ვიყვნეთ ჩვენ სრულ, ვითარცა მამაი ჩვენი ზეცათაი სრულ არს“ ... კიდევ ერთხელ შევთხოვოთ უფალს შენდობა ცოდვათა და მოტევება უსჯულოებათა ჩვენთა, და შევეცადოთ ამ კვირაში, ვნების შვიდეულში, ახლოს ვიყოთ ქრისტესთან თანაგრძნობით და თანაგანცდით, რათა თანა აღვსდგეთ მასთან ერთად დიდებით და შევწიროთ მას ყოველი პატივი, დიდება, ქება, მადლობა, სიყვარული, სიხარული და თაყვანისცემა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

„მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთაქ თანა“.

ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე.
8 აპრილი 2009 წელი, დიდმარხვის მე-6 კვირა ორენჯ ქაუნთი,
ჰანტინგტონ ბიჩი

No comments:

Post a Comment