დღევანდელი სახარების საკითხავიდან უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვასწავლის, თუ როგორია ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა. თუ როგორ უნდა ვცეთ ჩვენ თაყვანი ღმერთს. სულიერი არსი ამ საკითხავისა მდგომარეობს ჭეშმარიტი ლოცვის შეცნობაში. იმ დროს, იუდეველნი ამტკიცებდნენ რომ მხოლოდ იერუსალიმის ტაძრიდან იწირებოდა ჭეშმარიტი მსხვერპლი და ლოცვა უფლისადმი, ხოლო სამარიტელნი ფიქრობდნენ რომ მხოლოდ იმ მთაზე შეიძლებოდა უფლისადმი თაყვანისცემა რომელ მთაზეც მათ ააშენეს ტაძარი. ამ განსხვავებების გამო და არამარტო ამ განსხვავებების გამო, სამარიტელებსა და იუდეველებს შორის არსებობდა კონფლიქტი, რომელიც ერთმანეთის სიძულვილში იყო გადაზრდილი. იუდეველები ცოდვად მიიჩნევდნენ მცირეოდენ ურთიერთობასაც კი სამარიტელებთან და ასევე სამარიტელებიც, არ ურთიერთობდნენ იუდეველებთან და სძულდათ ისინი. და აი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე მიმავალი გალილეის მხარისკენ, სამარიის ქალაქ სუქარში მოსასვენებლად ჩამოჯდა წყაროსთან, სადაც სამარიტელ დედაკაცს გაესაუბრა და დამოძღვრა იმ სათნოებაში, რომელსაც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა ეწოდება. ჩვენ ვიცით, რომ განხორციელებული ღმერთის, იესუ ქრისტეს ყოველი სიტყვა და ნაბიჯი უდიდესი განგებულებითა და წინასწარგანზრახვითაა განსაზღვრული და ეს შეხვედრაც სამარიტელ დედაკაცთან შემთხვევითი არ იყო, რადგანაც უფალს სურდა ყველგან დაეთესა მარცვალი ჭეშმარიტებისა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახარების ამ მონაკვეთიდან, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, იწყება სამარიტელი დედაკაცის მიერ ნათქვამი სიტყვებით მაცხოვრის მიმართ: „ უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.“... ,, ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა.“ თაყვანისცემა.“ .. გვითხარი სად გვმართებს ღვთის თაყვანისცემაო, თითქოს შეეკითხა ქრისტეს სამარიტელი დედაკაცი, რომელსაც ხუთი ქმარი ყავდა და რომელსაც მეექვსესთან ჰქონდა გაბმული უკანონო ურთიერთობა … ხედავთ რა საოცარია? მიუხედავათ დედაკაცის ცოდვიანი ცხოვრებისა მასში იყო დაფარული სურვილი ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემის „ადგილის“ მოძიებისა და მასში აღმოჩნდა საკმარისი სარწმუნოება ღვთის სიტყვის მისაღებად და დასაჯერებლად... და ჩვეულებრივ ბუნებრივ წყაროსთან მისულს, დახვდა ზებუნებრივი, სიცოცხლის წყარო - იესუ ქრისტე ... ჭეშმარიტად, „საკვირველ არიან საქმენნი შენნი უფალო...“
ამ მოვლენიდან ძალიან დიდი ხანი გავიდა და დღესაც ზოგიერთ ჩვენთაგანს მსგავსი შეკითხვა კიდევ უჩნდება, და ეს თავისთავად კარგი არის, რადგანაც ყოველი, ღვთის, კეთილად, მაძიებელი ადამიანი, ესწრაფვის იმ „ადგილს“, სადაც უფლისათვის სათნოა თაყვანისცემა. და მიუგო უფალმა: „დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა.“ ... „. არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. 24. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ.“ ანუ მთავარია სულით და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა მამისა და არამხოლოდ გარეგნულად თაყვანისცემაო. ცხადია რომ ამ სიტყვებით უფალი არ გამორიცხავს თაყვანისცემის გარეგნულ ქმედებებსაც, რადგან სანამ ადამიანი ხორცშია, რჩება სხეულებრივ-სულიერ არსებად და მისი შინაგანი ღვთის თაყვანისცემა დროსთან და ადგილთან ერთად, გარკვეულ სიმბოლურ ქმედებებთანაც არის დაკავშირებული, რომელიც ასევე სულიერი სარგებელისთვისაა განსაზღვრული. მაგრამ, უფრო მეტად უფალი გვეუბნება, რომ მარტოოდენ გარეგნულ თაყვანისცემას, რომელიც მხოლოდ განსაზღვრულ ადგილთან არის დაკავშირებული, შინაგანი თაყვანისცემის გარეშე, ღვთის თვალში ფასი არა აქვს. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში უფალი ადამიანთაგან მოითხოვდა გარეგნულ სიწმინდეს მხოლოდდამხოლოდ შინაგანი სიწმინდისათვის. რატომ? იმიტომ, რომ გარეგნული ქმედებით ჩვენ ვეჩვევით სულიერ ქმედებასაც, ანუ გარეგნული ქმედების ფორმა გამოხატავს სულიერი ქმედების შინაარსსაც. ხოლო სრულყოფილთ ღვთის თაყვანისცემაში აღარ სჭირდებათ გარეგნული ფორმების ძებნა. . .
და მაინც, დღეს სად არის ის ადგილი, სადაც ჩვენ თაყვანი უნდა ვსცეთ ღმერთს? მხოლოდ ეკლესიაში? ან მხოლოდ ჩვენ სალოცავ კუთხესთან? ... დიახ, რა თქმა უნდა ეკლესიაშიც და ჩვენს სალოცავ კუთხესთანაც, მაგრამ მთავარი ადგილი სადაც თაყვანი უნდა ვსცეთ ჩვენ ღმერთს, ეს არის ჩვენი გულები და ჩვენი სულები... ეს ის ადგილებია სადაც ყველაზე მეტად სათნოა ღვთისათვის თაყვანისცემა. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჯვარსეცვა გოლგოთაზე, მთელი დედამიწა წმიდათა წმიდაზე უფრო წმიდა გახადა და ამიტომაც მუდამ უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა ვიყოთ, უნდა ვილოცოთ მოუკლებელად, რადგანაც ლოცვა არის ის სულიერი საკვები, რომლის გარეშეც ადამაინი კვდება სულიერად... მრავალ თქვენთაგანს ალბათ გაახსენდა ეხლა, ის რომ ლოცვებს სათანადოდ ვერ კითხულობს, ან დრო არა აქვს, ან მეტისმეტად გრძელი ეჩვენება, ან უბრალოდ ეზარება. დიახ, შეიძლება, ცოტათი ძნელი იყოს დღევანდელ ყოფაში, ყველა ლოცვისა და წესის ზედმიწევნით შესრულება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენთვის, ჩვენი სულებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ოდესღაც, ლოცვა, ჩვენი წინაპრებისთვის სისხლსა და ხორცში გამჯდარი ჩვევა იყო, და ეს არ იყო უცხო მდგომარეობა სულისა, მათ იცოდნენ, რომ როგორც საჭიროა საზრდელი სხეულისათვის, ასევეა საჭირო საზრდელი სულისათვის. ამიტომ დღეს მინდა კვლავაც მოგოწოდოთ ჩვენი წინაპრებისეული, მაგრამ განახლებული, სულისკვეთებით ლოცვისაკენ, ვისაც როგორ შეუძლია ისე ილოცოს, ოღონდ წესად ჰქონდეს ყოველდღიურობაში ლოცვა. გაგვიანდება სადმე? გზაში ილოცე; შეხვედრები გაქვს ბევრი ? თხუთმეტი წუთით განმარტოვდი სადმე და შენთვის ჩუმად ილოცე; დაღლილი ხარ ძალიან და გეძინება? მხოლოდ „მამაო ჩვენო“ თქვი და მერე დაისვენე, დაიძინე...
... ნამდვილი ლოცვა არის უმაღლესი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა ადამიანისა დედამიწაზე, არ არსებობს დიდ მლოცველზე ბედნიერი და მოხარული ადამიანი... რადგან ლოცვა თავისი არსით არის ღმერთთან საუბარი... ღმერთთან, რომელიც დროისა და სივრცის მიღმაა... და რომელიც სიყვარულია...
ამიტომაც არის რომ მართლმადიდებელი ეკლესია და საერთოდ წმინდა მამები, ყოველდღიურ ლოცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მოუწოდებენ მორწმუნეებს სისტემატიური ლოცვისკენ. ალბათ, ჩვენთაგან უმრავლესობას, ჯერ არ განუცდია ის ბედნიერება, რასაც ლოცვა ანიჭებს, მაგრამ ღმერთთან სულიერი შეხვედრის იმედით, ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ ლოცვის ჯერ ყურადღებით წაკითხვას, შემდეგ გონების მოკრებას ლოცვისას, შემდეგ სისტემატიურად ლოცვის აღვლენას და ა. შ. ასე, რომ ესე იწრთობა ადამიანი ლოცვაში...
და ბოლოს, გვახსოვდეს! წუთისოფელში ყველაფერი დროებითია და წარმავალია, ხოლო ლოცვა ბედნიერი მარადიულობისკენ სწრაფვაა....
ვილოცოთ საქართველოს ერთიანობისათვის, მშვიდობისათვის და კეთილდღეობისათვის!!!ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მოგვცეს მადლი ჭეშმარიტი თაყვანისცემისა და გულისმიერი ლოცვისა!!!
ამინ!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
17 მაისი, კვირა 2009წ. სან ფრანცისკო, კოლმა,
წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი
No comments:
Post a Comment