Tuesday, June 15, 2010

ფერისცვალება 2009წ.


გილოცავთ ფერისცვალებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესა!
„კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი“ პეტრე მოციქულის მიბაძვით ხმობს დღეს ჩვენი ეკლესია, „კეთილ არს ჩვენდა“ ღვთის სიხარულში „ყოფაი“ და „კეთილ არს ჩვენდა“ ქრისტესთან „ყოფაი“...
დღეს დიდებით ეჩვენა უფალი მოციქულებს თაბორის მთაზე და კიდევ ერთხელ განცხადდა სამება დედამიწაზე... დღეს ნუგეში სცა ღმერთმა მორწმუნეებს და ახალი იერუსალიმის მომავალ მოქალაქეებს. სწორედ ახალი იერუსალიმის და მარადიული სიცოცხლის სიდიადე იხილეს მოციქულებმა თაბორის მთაზე. მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე, მოსე წინასწარმეტყველი და ელია წინასწარმეტყველ საუბრობდნენ ჯვარცმაზე, რადგანაც მოახლოებული იყო დრო ჯვარცმისა და მოციქულები ღვთის შემწეობის გარეშე მათი მოძღვრისა და მასწავლებლის - ღმერთკაცის ჯვარცმასა და მისი საიდუმლოს შინაარსს ვერ დაიტევდნენ, ამიტომაც ეჩვენა მათ დიდებით ქრისტე, რათა გამხნევებული ყოფილიყვნენ ამ საშინელი მოვლენის წინ... მოსე წინასარმეტყველი სიმბოლურად გარდაცვლილ მართალთა სახედ წარმოჩნდა, ხოლო ელია წინასწარმეტყველი კი ცოცხალ მართალთა სახედ... ასევე იქნება უფლის მეორედ მოსვლის დროსაც, წმინდანნი და მართალნი, რომელნიც მკვდრეთით აღდგებიან იბრწყინებენ მოსეს მსგავსად ქრისტესთან ერთად, ხოლო ვინც ცოცხალი იქნება იმ დროს ელიასავით იბრწყინებს უფალთან ერთად...
რა შეიძლება გავიგოთ კიდევ ამ მოვლენიდან? რას გვიწყაროებს უფალი კიდევ დღეს? როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ პეტრეს, იოანესა და იაკობის მსგავსად ვიხილოთ თაბორისეული ნათელი ჩვენს სულებში? უპირველესად სიყვარული უნდა გვქონდეს ქრისტესი პეტრესავით, უნდა ვუერთგულოთ მაცხოვარს იოანესავით და ისეთივე მოშურნეები უნდა ვიყოთ ღვთისათვის თავგანწირვაში როგორც იაკობი იყო, ანუ უნდა შეგვეძლოს თავგანწირული სიყვარული...
ვინც წრფელი გულით და ყურადღებით კითხულობს წმინდა წერილს, მან კარგად იცის, რომ რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხოთ ის, ყოველთვის აღმოვაჩენთ ახალ სიბრძნეს, რომელიც გაგვინათებს ადამიანური სამყაროს რომელიღაც უცნობ ადგილს, მოგვცემს მიმართულებას ღმერთისკენ სავალ გზაზე.

წმ. წერილის კითხვისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველ სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს და ამ სიტყვებში ღვთის ნებაა გამოხატული, ბევრი მათგანი წინასწარმეტყველურია... იმისათვის, რომ ჩვენთვის გასაგები გახდეს წაკითხულის აზრი და მნიშვნელობა, საჭიროა სიწრფელე, სიმდაბლე და სათნოება, ვინაიდან ნათქვამია; „მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს“.

ფერისცვალების დღესასწაულში, მომავლის წინასწარმეტყველებაც უნდა ამოვიკითხოთ; იესოს მიერ, პეტრეს, იოანეს და იაკობის თაბორის მთაზე აყვანა გვარწმუნებს იმაში, რომ ამაღლების გარეშე არ არსებობს ღვთაებრივი დიდების ხილვა, და იმ უმჭვირვალესი სიწმიდით შემოსვა, რამაც ადამიანი უნდა დაამკვიდროს სასუფეველში, ანუ ვინც ჯერ თაბორზე სულიერად არ გაბრწყინდება ლოცვით ის ვერ ავა გოლგოთაზე მომავალში ... და ის ვერ ავა ზეთისხილის მთაზეც...
...რადგან ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს ვზეიმობთ და ამ დღესასწაულზე ვსაუბრობთ, მინდა პასუხი გავცე იმათ, ვინც კითხულობს, თუ რატომ ხდება ამ დღეს ხილის კურთხევა? უფალი ჩვენ გვახსენებს იმ პირველ ცოდვას, რომელითაც შესცოდა პირველმა ადამიანმა და აგრეთვე იმას, რომ ეს ცოდვა დაკავშირებული იყო ხილთან. ამ კურთხევით ვცდილობთ განვწმინდოთ ადამის ცოდვით შებილწული ხილი და დაუბრუნოთ მას სიწმინდე, რომლითაც მოსილი იყო ედემის ბაღში.

თუ გვსურს, ღვთის სასუფევლში დამკვიდრება, ღვთაებრივ ნათელში დამკვიდრება, ჩავუღრმავდეთ ფერისცვალების საიდუმლოების არსს, კიდევ ერთხელ ვირწმუნოთ, რომ სულიერი ფერისცვალებისათვის მზადება ადამიანმა უნდა დაიწყოს სიცოცხლეში, სწორედ ახლა, ამ დღიდან და ამ წუთიდან...
...რატომ დავაგვიანოთ? მოდით, ახლავე შევუდგეთ და გავყვეთ ფერისცვალების ნათელს თაბორის მთის მწვერვალისაკენ... ვისურვოთ, აღსვლა თაბორის მთაზე მოციქულებთან ერთად და გვესმინოს სანატრელი ხმა უზენაესისა თაბორის ნათელში: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ“...
ქრისტესმიერი სიყვარულით, მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
ფერისცვალება, წმ. ტიხონ ზადონელის სახელობის საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია,
( წმ. იოანე მაქსიმოვიჩის სენაკი) 2009 წლის 19 აგვისტო

No comments:

Post a Comment