Tuesday, June 15, 2010

დიდმარხვის მესამე კვირა, ჯვრისთაყვანისცემა


მოგვიახლოვდა დიდმარხვის მე-3 კვირა. ამ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრისთაყვანისცემას დღესასწაულობს. თაყვანსა ვცემთ ჯვარს როგორც ღვთის ცხოველსმყოფელ ძალას. ჯვარი უპირველეს ყოვლისა სიყვარულის სიმბოლოა, რომლის მეშვეობითაც უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ დაგვაბრუნა ღვთის სასუფეველში, ჯვარი საუკუნო სიცოცხლის წყაროა და მისით ჩვენ შევწვდით ცხონებას, ჯვარი ასევე ძლიერებაა უძლეველი რომლითაც სიკვდილი და ჯოჯოხეთი დამარცხდა და ადამიანი განთავისუფლდა ბოროტის ტყვეობისაგან.. და ბოლოს ჯვარი უდიდესი საიდუმლოა, რომლის სიდიადის განმარტებაც ამოუწურავია ალბათ უკუნისამდე...
მაგრამ წმ. პავლე მოციქული ბრძანებს ასევე, რომ : „...სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს.“ რატომაა სისულელე წარწყმედულთათვის და ცხორებულთათვის ანუ მორწმუნეთათვის ძალა ღვთისა...?
ჩვენ ვიცით, რომ დღესაც ზოგიერთნი ჯვარსა და ჯვრის ძალას უარყოფენ, მათი აზრით; როგორ უნდა გიყვარდეს ის საშუალება რომელი საშუალებითაც დასაჯეს ქრისტე..? როგორ უნდა გვიყვარდეს ის იარაღი, რომლითაც თუნდაც, არა თუ ჩვენი ღმერთი, არამედ ჩვენი საყვარელი ადამიანი მოგვიკლეს, ...და მართლაც ადამიანური ლოგიკით და ინტელექტუალური განსჯით ჯვრის საიდუმლოს რომელნი ჩვენთაგანი ჩავწვდებოდით დღეს..? რომ არა ჩვენი ღირსეული წინაპრების ღვაწლი, სიწმინდე და მოწამეობა, რომ არა ღვთის უსაზღვრო მოწყალება, რომელიც იღვრება მათზე ვინც ღმერთს სულით ეძიებს... წარმოვიდგინოთ აბა, უფალი ჩვენი, ამ სამყაროსა და მისი მიღმიერების შემოქმედი ღმერთი ჯვარცმულად... რომელი ჩვენთაგანის ლოგიკა დაიტევდა ამ „სისულელეს“...? იგი ვინც ყოვლადძლიერია, ყოვლისმყრობელია, ყოვლისმცნობელია, ყოვლისშემოქმედია... ჯვარს აცვეს? ძნელი დასაჯერებელია… მაგრამ დღეს ჩვენ, ვინც ღვთის ტაძარში ვდგავართ, არა ფიზიკურად არამედ სულიერად, ღვთისავე მადლით ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ეს არა ამსოფლიური, არაამქვეყნიური სიბრძნეა... „რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“. სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ?“ „...სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს.“ სირცხვილეულ იქმნა ადამიანური სიბრძნე და მაძიებლობა, რადგან ადამიანური სიბრძნით ჩვენ ვერანაირად ვერ მივხვდებოდით ამ ღვთაებრივ მისტერიას, უფალი რომ არ განკაცებულიყო, რომ არ ექადაგათ და არ დაემოწმებინათ ეს ჩვენთვის ღმრთის ე.წ. „სულელთ“ - მოციქულებს, ღირს მამებს, რომელთა უძლურებაშიც ძალი ღვთისა სრულიქმნა...
და აი დღეს ჩვენ სახარებაში მოვისმინეთ სიტყვები მაცხოვრისა ჯვრის შესახებ:
“ და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.“ ამ სიტყვებს ყველა ისმენს და ყველას არ ესმის, როგორც ყველაა მოწოდებული ზეცისკენ და მცირედნი არიან რჩეულნი...
ვისაც სურს უფალთან, საუკუნო სიცოცხლესთან, საუკუნო სიხარულთან და საუკუნო სიყვარულთან მიახლება უნდა უარჰყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შეუდგეს მას. რა არის ეს, თავის უარყოფა?... ეს არის უარჰყოფა წუთიერ და მშვინვიერ სიამოვნებათა, ამსოფლიურ გართობათა, რომელნიც არაფერს არ ტოვებენ ადამიანის სულში სიცარიელის გარდა, რომელნიც აღვივებენ ადამიანში მდაბალ, უბირ და ეგოისტურ გრძნობებს, რაც ავიწყებს კიდეც ადამიანს ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულს და მსახურებას. სიყვარულისადმი მიახლების გზა მხოლოდდამხოლოდ გოლგოთაზე გადის და ამიტომაც უნდა აღვიღოთ ჯვარი ჩვენი და შევუდგეთ ამ გზას... მრავალჯერ უთქვამთ, ჩვენი ეკლესიის მამებს, რომ ეს ცხოვრება ჩვენი გამოცდაა და აქ იწრთობა ჩვენი სულები... ქრისტეს საუფლოსთან და ზეციურ სინამდვილესთან შედარებით ეს ცხოვრება და აქაური სიამტკბილობანი მტვერიც კი არაა... რა არის ჩვენი გოლგოთა? თუ არა ის რომ დავივიწყოთ ჩვენ ჩვენი ცოდვილი ცხოვრება, განვეშოროთ ბოროტ ჩვეულებებს და უწმინდურ ვნებებს, დავითმინოთ განსაცდელნი წუთისოფლისგან და ამის სანაცვლოდ ჩვენ ზეცას ვიღებთ ღვთისაგან... წარმოიდგინეთ!!! წამიერი სიამოვნების სანაცვლოდ მარადიულ სიყვარულს და სიხარულს ვიღებთ...
უფალი ბრძანებს: “ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.“ ... ნეტარ არიან ისინი ვინც შენ სიტყვას ისმენენ და ასრულებენ უფალო...
ამ ქვეყნად ყველას თავისი ჯვარი აქვს საზიდი, ზოგი მეფობის ან მთავრის ჯვარს ზიდავს, ზოგიც უბრალო ხელოსნისა და მუშის ჯვარს, ზოგიც მღვდელმთავრის ან უბრალო მონაზვნის ჯვარს ზიდავს, ხოლო ზოგი კი თუნდაც ხელოვანის ჯვარს ეზიდება...
ყველას თავის სულიერი საზომის მიხედვით ეძლევა ჯვარი და არავინ არ უნდა დაიქადნოს იმით, რომ ვინმეზე უპირატესია ის, მისი ჯვრის წონა ან ხარისხი, რადგანაც ნამდვილი ჯილდო იმას კი არ მიეცემა რომლის ჯვრის წონა და ხარისხიც უკეთესი იქნება, არამედ იმას ვინც ღირსეულად ზიდავს თავის ჯვარს ამ ცხოვრებაში... რადგანაც ჭეშმარიტ ჯილდოს ჩვენ აქ კი არ ველით, არამედ მარადიულ სიცოცხლეში. ამ ქვეყნად კი საქმე და მსახურება გვეძლევა ავანსად ღვთისაგან...
„ ... რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი.“ უკაცრავად ჩართვისათვის, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ ჩემი პატარა პირადი გამოცდილებაც ამასთან დაკავშირებით.
ეკლესიაში განსაცდელების შემდეგ მოვედი და ძალიან გამიჭირდა ეკლესიური სინამდვილისთვის თვალის გასწორება, რადგანაც ჩემს მსოფლმხედველობას სულ თავდაყირა აყენებდა ეკლესია და სახარება... ის მე რაც სიამოვნებად მიმაჩნდა ადრე აღმოჩნდა მომაკვდინებელი ცოდვა, რაც სიკეთედ მიმაჩნდა აღმოჩნდა ბოროტება, მეგონა რომ ჩემს ზრახვებსა და აზრებს ვერავინ კითხულობდა და ხედავდა და აღმოჩნდა რომ თურმე .... უფალი ხედავდა ყველაფერს, თურმე უფალს ესმოდა ყველაფერი ... „გულისხმა-ჰყავთ აწ, უგუნურ¬ნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისხმა-ჰყოთ. რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა. ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა.“ დავით წინასწარმეტყველის ამ სიტყვებმა შემაცბუნა და შემაშინა, რადგანაც წარმოვიდგინე ჩემი დაფარული აზრები გაშიშვლებული უფლის წინაშე და კაცთა წინაშეც... საშინლად შემრცხვა! და მივხვდი, რომ რადიკილაურად უნდა შევცლილიყავი, რომ უნდა განმემოსა ძველი კაცი და დამეწყო ახალი ცხოვრება ეკლესიაში - ქრისტეში... და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, ვცდილობ დაუტევო ძველი ცოდვილი ჩვეულებანი და შევიძინო ახალი ჩვევები... ვინაიდან:
რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?“
ადამიანი როცა იწყებს ეკლესიური სინამდვილის გაცნობიერებას, იმ წუთასვე წინააღმდეგობაში მოდის ამ სოფელთან, რადგანაც ეს სოფელი და ეს ჩვენი ყოფა სულ სხვა კანონებსა და პრინციპებს გვკარნახობს...
ვიწყებთ, ვთქვათ, ბოროტი ჩვევების გადაგდებას, მაგალითად; ბილწსიტყვაობის, თამბაქოს მოწევის ან ჭარბად ალკოჰოლის მიღების ... იმ წუთში გვიმხედრდება ხოლმე, ჯერ საკუთარი თავი, მერე ეშმაკი, შემდეგ ახლობლები... და სამწუხაროდ, ხშირად, ასეთ გარემოებებში და არა მარტო ასეთ გარემოებებში, ვივიწყებთ ხოლმე უფალს და მის მცნებებს და ყოველივე ეს კი ღალატს ემსგავსება... რადგან უფალი ბრძანებს, „ ...რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა.“ მრუშობა ხომ ღალატსაც ნიშნავს... დაე უფალმა შეგვიწყალოს ოდეს მოვიდეს სუფევითა თვისითა და შეგვინდოს ჩვენ ყოველგვარი სულიერი სილაჩრე, რასაც ჩავდივართ ჩვენ ჩვენი გოლგოთის გზაზე... და ნუ გვარცხუენს ჩვენ უკუნისამდე... ამინ!!!
ჯვრის ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ და კალიფორნიაში მცხოვრები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებს!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით
იღუმენი იოანე (კავსაძე)

No comments:

Post a Comment