Tuesday, June 15, 2010

კეთილი ღვაწლისთვის 2010წ.


ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო, მოგმართავთ რა ამ სიტყვებით სიხარულით ვივსები, რადგანაც ეს სიტყვები, ყველაზე ნათლად ცხადჰყოფს ღმერთთან ჩვენს ნათესაობას . ჩვენ სასულიერო პირები პირობითად ვიწოდებით მამებათ და მოძღვრებათ, „რამეთუ ერთი არს მამაჲ“ ჩუენი „რომელ არს ცათა შინა“ და „ ერთი არს წინამძღუარი“ ჩუენი - „ ქრისტე“ თანა მამით და სულიწმიდითურთ... ჩვენ, ადამიანები, ღვთის განუზომელი წყალობით გავხდით მამები ქრისტეში და ვიწოდებით მამებათ და მღვდლებად უფალში, ეს „ზედწოდება“ სასულიერო პირებისა საჩინოს ხდის იმას რომ ღმერთი განკაცდა და კაცი განიღმრთო და ამ დიდ მისტერიაში ადამიანს ღმერთმა გაუყო თავისი ღვთაებრივი ძალაუფლება მიტევებისა... ადამიანს შეუძლია ღვთის სახელით მიუტევოს ცოდვები თავისნაირ ადამიანს... ჭეშმარიტად, საოცარია ყოველივე ეს! ...და ამიტომაც ყველა ჩვენთაგანი უნდა ზრუნავდეს ცხონებაზე და უნდა ეძიებდეს ცხონების გზებს. რა არის ცხონება? ... თანამედროვე ქართულით ეს ცხოვრებას ნიშნავს, რომელშიც ვგულისხმობთ მარადიულ სიცოცხლეს სიყვარულში - ღმერთთან. და ეს ცხოვრება - ცხონების გზა ამ ქვეყნიდან იწყება. ჩვენ ვიცით მოციქულთაგან რომ სულ ორი გზა არსებობს ერთი ცხონებისა და ერთი წარწყმედისა.
„სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი. მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ. რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი“. (დიდაქე მოძღვრება 12 მოციქულისა)
წარწყმედის - „სიკვდილის გზა კი ამგვარი არის: უპირველესად, ბოროტია ეს გზა და წყევლით აღსავსე: მკვლელობა, მრუშობა, გულისთქმა, სიძვა, ქურდობა, კერპმსახურება, გრძნეულება, მეწამლეობა, ტაცება, ცრუმოწმეობა, პირმოთნეობა, ორგულობა, მზაკვრობა, ამპარტავნება, სიავე, თავმოთნეობა, ნაყროვანება, ურცხვადმეტყველება,... და ა. შ.“(დიდაქე მოძღვრება 12 მოციქულისა)ღმერთმა გვაშოროს ამ გზას...
დღევანდელი წაკითხული სახარება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ქრისტიანული ცხოვრების წესსა და რიგს, ჩვენ თითქოს ვსწავლობთ ცხოვრებას ეკლესიურად მაგრამ მაინც ვერ გავხდით ეკლესიურნი ბოლომდე, ვერ გავაეკლესიურეთ ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ტაძრების კედლების სისქეებით ვამაყობთ, ჩვენი წინაპარი გმირების სახელებით ვამაყობთ და არა თუ ღმერთი გვიყვარს უხილავი, არამედ საკუთარი მოყვასი, რომელსაც ვხედავთ ჩვენს გვერდით ის არ გვიყვარს, მტრის სიყვარულისკენ მოწოდებულია ყოველი ქრისტიანი და ზოგიერთ ჩვენთაგანს ეს ისევ სიშლეგე ჰგონია, დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ამის შესახებ სახარებიდან: „ხოლო თქუენ გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ; და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლისა, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვისცა და უკეთურთა“ (ლკ 6,35) ... მოწოდებულნი ვართ მივუტევოთ და არ ვუტევებთ, მოწოდებულნი ვართ გვიყვარდეს და კეთილი ვუყოთ ერთმანეთს, ჩვენ კი გვშურს ერთმანეთის და მახეებს ვუგებთ ერთმანეთს, უნდა ვმარხულობდეთ და არ ვმარხულობთ, ღვთის წყალობით და ძალით ეკლესიაში ვდგავართ ვისმენთ ღვთის სიტყვას, მაგრამ გარეთ რომ გავალთ აღარ ვასრულებთ,.. თითქოს ერთი ხელით ვთესავთ, ვრგავთ, ხოლო მეორე ხელით ვძირკვავთ და ვანადგურებთ...
უნდა გვახსოვდეს! რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ მადლისმიერი განღმრთობისაკენ, მარადიული სიცოცხლისათვის და მარადიული სიხარულისთვის ღვთის სასუფეველში... რადგან თავდაპირველად უფალმა შეგვქმნა ჩვენ „ხატად და მსგავსად თვისსა“... ამიტომაც უნდა გავხდეთ მსგავსნი ღვთისა; სიწმინდით, სიყვარულით, სიმდაბლით, სიმშვიდით, მოწყალებით, მიმტევებლობით, მოთმინებით, სასოებით და ძლიერებითაც კი... ამისათვის საჭიროა შინაგანი შრომა და გარჯა ყოველივე ამის შესაძენად...
ჩვენ ამ წუთიდან უნდა შევუდგეთ ღვთივსათნო საქმეებს, დღესვე დავლოცოთ, დღესვე ვაკურთხოთ, დღესვე მივუტევოთ, დღესვე შევინანოთ ცოდვები და დღესვე შევიყვაროთ ერთმანეთი... ასეთი დამოკიდებულება ჩვენს სინამდვილეს გააეკლესიურებს და აღარ ვიქნებით მხოლოდდამხოლოდ გარეგნულად ქრისტიანები, არამედ სულშიც შეაღწევს ღვთაებრივი ნათელი...
ჩვენი უწმინდესი, მოგვიწოდებს ხოლმე, რომ ხშირად დავლოცოთ ერთმანეთი, რადგანაც გულიდან ამოსულ სიტყვას დიდი ძალა აქვს. იგი სულ გვლოცავს ჩვენ და ჩვენც მოგვიწოდებს რომ დავლოცოთ იგი... ღმერთმა დღეგრძელი და ჯანმრთელი გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი!
ღვთის განკაცების შემდეგ მთელი სამყარო გაეხვია მამა-შვილური სიყვარულის წიაღში და იკურთხა ქვეყნიერება ახალი აღთქმის სულით და თუ ჩვენ ჩვენივე ნება-სურვილით არ განვუდგებით მამას აუცილებლად გავიმარჯვებთ ბოროტებაზე...
მაშ მოვედით ეკლესიაში, ამ უსაფრთხო ნავთსაყუდელში ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო, განვემზადოთ ღვაწლისათვის, ვიშრომოთ და ვიხმიოთ წყარო სიცოცხლისა სადიდებელად და სამადლობელად წმიდისა ერთარსისა, ცხოველსმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა და საცხოვნებელად სულთა ჩვენთათვის. ამინ!!! მადლი და წყალობაი განმრავლდინ თქუენ შორის. ამინ!!!
ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს ჩვენი საქართველო!!! ამინ!!!
……………………………………………………………………………………………..
თქვენ უკვე იცით, რომ მეუფე დიმიტრიმ სან ფრანცისკოს ქართული სამრევლო ივერიის დედაღვთისმშობელს ჩააბარა და შეავედრა ჩვენი თავი მას. მაშასადამე ჩვენ ვართ, სან ფრანცისკოს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძარი...
„ვითარ ვუგალობდეთ საკვირველებათა და მოწყალებათა შენთა დედაო ღვთისავ!?“
და „რაი მივაგოთ უფალსა“ ამ დიდი წყალობისათვის „რომელი მოგვაგო ჩვენ“...

ივერიის დედაღვთისმშობელი, კარიბჭისად წოდებული, ზეცით გარდამო განბრწყინვებული გარემოადგა სან ფრანცისკოს ოქროს კარიბჭეს... სანუგეშოდ, შესაწევნელად, დასაცავად და საცხოვნებელად თავისი ერისა... გიხაროდეთ! სან ფრანცისკოში მცხოვრებნო ივერიელნო!!!
ამიერიდან, სულ მალე, აქ ამ ქალაქში, მუხლს მოიდრეკენ ივერიის დედაღვთისმშობლის წინაშე ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენნი, მსასოებელნი ღვთისმშობლისანი...
იგი იქნება ზღუდე და მფარველი უცხოობაში მყოფი ქართველებისა და არა მარტო ქართველებისა... ახლო მომავალში მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით დაიწერება ჩვენი ტაძრისთვის ხატი ივერიის ღვთისმშობლისა, რომელიც იქნება ანალოგიური იმ ხატისა რომელიც დაბრძანებულია ათონის მთაზე ივერთა მონასტერში...
ღმერთმა მოგვცეს შემწეობა და ძალა რათა ღირსი გავხდეთ ივერიის დედაღვთისმშობლის სახელობის სამწყსოდ წოდებისა...
და დედაღვთისმშობელმა მოგვმადლოს ჩვენი ეკლესიისთვის თავის მისადრეკი საკუთარი ადგილი - შენობა...
ეხლა კი პირველი ჩვენი ერთობლივი ლოცვა-ვედრება აღვუვლინოთ ივერიის დედა ღვთისმშობელს:
უფლისა მიმართ ვილოცოთ...
ჰოი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო კარისაო, ივერთა სავანესთან ზღვასა ზედა ზეგარდამო განბრწყინვებულო ბჭეო სასუფევლისაო, კიბეო ზეცისაო წიაღმყვანებელო ქუეყანისათაო ცად მიმართ და კარავო საღვთოისა მის დიდებისაო, კაცთა ნაშობთაგან უაღმატებულესო და უზეშთაესო თვით მათ ზეცისა ძალთაო, სნეულთა მკურნალო, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო და დაცემულთა აღდგომაო... დედაო ღვთისმშობელო...
მოგვხედენ ჩვენ, სან ფრანცისკოში მცხოვრებ ქართველებს... დაგვიცევ, დაგვიფარე და გვიხსენ ჩვენ ყოველგვარი განსაცდელისაგან და ბოროტებისაგან. მოგვხედენ ჩვენ (და ჩვენს შვილებს) ყოვლადწმიდაო დედუფალო რათა არა ირგონ მტრებმა ჩვენგან არა რა, ნურც ხილულმან, ნურც უხილავმან, შეგვეწიენ ჩვენ დედაო ღვთისავ; სიკეთის ქმნაში, სიწმინდის დაცვაში, საღვთო სწავლათა შემეცნებაში, ლოცვაში, მარხვაში და ღვთისა და მოყვასის სიყვარულში. შეგვეწიე და შეგვჭურვე ჩვენ შენმიერი სიყვარულით ღვთისადმი, რათა წყალობა მოვიღოთ მისგან, რათა სიყვარულით მცნებათა მისთა დამმარხველნი, ყოვლითა სულითა, ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა ვადიდებდეთ ყოვლადპატიოსანსა და დიდადშუენიერსა სახელსა მისსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე... ამინ!



ქრისტესმიერი სიყვარულით, იღუმენი იოანე (კავსაძე)
სან ფრანცისკოს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის
სამრევლო. 2009 წლის 18 ოქტომბერი.

No comments:

Post a Comment