Tuesday, June 15, 2010
დიდმარხვის პირველი კვირა 2010წ
დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, ეს დღესასწაული დაკავშირებულია ხატთა თაყვანისცემასთან. მე-8 საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიის იმპერიაში გაჩნდა მწვალებლობა ხატმებრძოლობისა და თითქმის ერთი საუკუნე მძვინვარებდა ეს ერესი. ადრეც იყვნენ და ეხლაც არიან ადამიანები, რომლებიც ხატთთაყვანისცემას უარყოფენ და უფრო მეტიც გმობენ. ესენი არიან; მუსლიმები, იუდევლები და შორს რომ აღარ წავიდეთ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები თუ სექტები... ისინი უარყოფენ და გმობენ ძირითადად ერთი მიზეზით - თვლიან ხატთაყვანისცემას კერპთაყვანისმცემლობად, რაც სრულიად აბსურდულია. მართლმადიდებლობამ საკმაოდ რთული ბრძოლა გადაიტანა ამ ერესთან და საბოლოოდ დაამარცხა ის. დღესაც თუ კი ვინმეს ეჭვი გაუჩნდება ამ საკითხზე ჩვენ კვლავაც ვიმოწმებთ და ვიშველიებთ ხოლმე უდიდესი წმ. მამის იოანე დამასკელის გარდმოცემას, სადაც ის ზუსტად გადმოცემს ხატთა შესახებ სწავლებას. ჩვენის მხრივ კი მოკლედ ასე ვიტყოდით; რომ ამ სამყაროში ყოველივე ხატია, ადამიანებიც ღვთის ხატად და მსგავსად არიან შექმნილნი, ყოველი საგანი ხატია იდეისა და მათ შორის ღრმა კავშირია, თვით ჩვენი სიტყვაც კი ხატია იდეისა, რომელსაც გამოვთქვამთ ჩვენ, სხვა საშუალებით გაგვიჭირდებოდა გამოთქმა თუნდაც ისეთი სიდიადისა, რასაც ცათა სასუფეველი ეწოდება... მართალია ღმერთი არასოდეს არავის უხილავს თავისი სისავსით, მაგრამ პირდაპირი ხატი ღვთისა ღმერთკაცი ქრისტე იხილეს ადამიანებმა... ამგვარად, ჩვენ ხილული საგნებით ვწვდებით უხილავს, ზეციურს ... რატომ არის, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირები იმოსებიან გამშვენებულად და დიდებულად? ქრისტე ხომ სიგლახაკეს ქადაგებს... იმიტომ, რომ ამით ჩვენ უხილავ, ზეციურ ეკლესიას ვბაძავთ და გარკვეულწილად ვლუცულობთ ჩვენი ფორმით. ღმერთს ვანახვებთ ხილულად ჩვენს შინაგან ლტოლვას მისკენ... ასევეა ხატებზეც, ჩვენს თაყვანსვცემთ რა ხატს, ამით მასზე გამოსახულ წმინდანსა და ანგელოზს ვსცემთ თაყვანს და არა ხეს და საღებავს, ან თუნდაც ხის არსებას...
სწორედ ჩვენი სულიერი ტაძრის, ჩვენი სამრევლოს მფარველი ხატიც ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი, ხატმებრძოლობის შემდეგ განდიდდა ათონის მთაზე, როდესაც ერთერთმა ღვთისნიერმა ოჯახმა, ზღვაში გაუშვა, რომ არ შებილწულიყო ხატმებრძოლებისაგან ხატება ყოვლადწმინდისა... შეგვეწიოს...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკვე ერთი კვირაა გასული, რაც მართლმადიდებელი ეკლესია, წმ. ეფრემ ასურის ლოცვებს წარმოთქვამს „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდადმეტყველიბისასა ნუ მიმცემ მე“... ეს ლოცვა ყოველ მორწმუნე ქრისტეანს უყვარს, რადგანაც მასში ზუსტად და მოკლედ არის გადმოცემული ის სათხოვარნი უფლისა მიმართ, რომელთაც მთელი ცხოვრება უნდა ვითხოვდეთ ღვთისაგან. ჩვენ მეტნაკლებად, ვიცით რომ უქმობის - უსაქმურობის და სიზარმაცის სული დამღუპველია ადამიანისათვის, ასევე ვიცით რომ მთავრობისმოყვარეობა და ამპარტავნებაც ღუპავს კაცს. ხოლო ცუდადმეტყველება კი სასიცოცხლო ენერგიებიდან სცლის ადამიანს და ფიტავს, სხვა ნეგატიურ მხარეებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.
მაგრამ რა არის მიმოწვლილველობა? რატომ არ უნდა მივეცეთ ამ სულს? - მიმოწულილვა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ცუდი გამოძიებაა... რომელსაც სასოწარკვეთამდე მიყავს ადამიანი. ეს არის სწორედ ის სენი, რომლითაც დღეს კაცობრიობის ალბათ უმრავლესობა არის ავად. ეს არის, როდესაც ადამიანი გარკვეულ ცოდნას შეიძენს და ჰგონია, რომ რწმენის საიდუმლოსაც ფლობს, როდესაც დიდ საღვთისმეტყველო და დოგმატურ საკითხებს ჩხრეკვას უწყებს და ახალ-ახალ დასკვნებს გვთავაზობს, ანუ ის რაც ადრე წმინდა მამებს სულით ეცხადებოდათ დროში, მავანი ფიქრობს დღეს, რომ მხოლოდ თავისი ინტელექტით მიწვდება მას და ამოხსნის „სამყაროს საიდუმლოებას“. ამიტომაც გვესმის უამრავი ნოვაციები სარწმუნოებაში, ოჯახურ ცხოვრებაში, ბავშვთა აღზრდაში და ა.შ. ... მიმოწვლიველობის გამო... ამას კი მოყვება სასოწარკვეთა, რადგანაც ამაოდ მჩხრეკელი ადამიანი ყველაფერს ეხება, არ ტოვებს შეუხებელს არცერთ შეუხებელ სიწმინდეს. რატომ არის ჩვენს ხილულ ეკლესიაში, რომ ჩვეულებრივ ადამიანს არა აქვს უფლება, რომ ყველაფერს შეეხოს, ყველგან შევიდეს? იმიტომ კი არა, რომ დოგმაა ასეთი, არა... არამედ იმიტომ, რომ ისწავლოს სულიერი კრძალულება საღვთო საკითხებთან მიმართებაში... აი ეს წმინდა ტრაპეზი, სიმბოლურად გულსაც განასახირებს... საიდანაც მსხვერპლი იწირება ღვთისადმი... ანუ სიმბოლურად თქვენც მღვდლებად უნდა იქცეთ თქვენს არსებაში, რომ შესწიროთ უფალს მსხვერპლი - ლოცვა „სული შემუსვრილი და გული შემუსვრილი და დამდაბლებული“ ...
ცუდად გამომეძიებლობა ასევე არის მეტისმეტი ცნობისმოყვარეობა, როდესაც ჩვენთვის სრულიად არასაჭირო ინფორმაციებით ვინტერესდებით...
ადრე მემგონი მითქვამს თქვენთვის: მე მყავს ძალიან ახლო მეგობარი, ბავშვობის, რომელთანაც, მე როდესაც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, მომდიოდა კამათი ხოლმე რიგ საკითხებზე, რა თქმა უნდა ეს კამათი არ სცდებოდა ჩვენს ძმურ ურთიერთობებს. და იცით რა კითხვას მისვამდა ხშირად? ... ცხონდება თუ არა გარდაცვლილი პატარა ინდუსი ბავშვიო? ესეიგი მე უნდა გამეცა პასუხი ამ ურთულესი შეკითხვისათვის, ადამიანის ცხონება არცხონების საკითხზე... აი მე გეკითხებით თქვენ, ვის შეიძლება ჰქონებოდა პასუხი ამ შეკითხვაზე? რა თქმა უნდა მხოლოდდამხოლოდ ღმერთს, რომლის ხელმწიფებაშია ადამიანის სიცოცხლეც, გარდაცვალებაც და სულთა საუფლოც... ასე რომ ჩვენი გამოსაძიები არაა სხვისი ცხონება-არცხონება, ჩვენ მივყვებით და გვწამს ის, რაც მოგვემადლა და რაც გვეხარა სახარებიდან ქრისტესგან: „„ამენ, ამენ, გეტყვ შენ: უკეთუ ვინმე არა იშუეს მეორედ, ვერ ჴელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ“...ანუ ეს არის აუცილებელი პირობა ჩვენი ცხონებისათვის... ჩვენ ნათელვიღოთ და ვილოცოთ ყველასთვის, და დანარჩენი უფალს დავუთმოთ... და ის ჩემი მეგობარი ბოლოს მაინც მკითხავდა: „და რა დააშავა ინდუსმა ბავშვმაო...?“ მოკლედ შორს რომ აღარ წავიდეთ, დღევანდელ სახარებაშიც გარკვეულწილად გამომეძიებლობაზეც არის საუბარი, ოღონდ კეთილად გამომეძიბლობაზე... როდესაც ფილიპე მოციქულმა უთხრა ნათანაელს: „რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით.“ ნათანაელმა უპასუხა: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?“ რადგანაც წმ. წერილი კარგად იცოდა მან, ჰქონდა ცოდნა იმის შესახებ, რომ იუდეის ბეთლემში უნდა შობილიყო მესია და ამიტომაც ჩაეძია იგი ფილიპეს და არა პირდაპირ გაჰყვა მას ხოლო ფილიპემ უთხრა „მოვედ და იხილე“... და დაინახა რა იესუმ მომავალი ნათანაელი თქვა მასზე: „აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.“ უკაცრავად, ამბიონიდან სახარებაზე საუბრისას, ჩემი კერძო მოსაზრების ჩართვისათვის, მაგრამ ამ სიტყვებზე, ნათანაელი მე წარმომიდგება, როგორც უბრალო ადამიანი, პატიოსანი და უჩინარი ბევრისთვის და არანაირად არ წარმომიდგება როგორც ასოკირკიტა, მჩხრეკელი მეცნიერი ან თუნდაც ფარისეველივით - „ძალზედ მორწმუნე“ ადამიანი... რა არის მზაკვრობა, თუ არა ადამიანურ სიყალბესთან შეზავებული ეშმაკობა, რისგანაც თავისუფალი იყო ნათანაელი, რაც უფალმა დაამოწმა... „ვინაჲ მიცი მე?“ პირველად თითქოს გაუკვირდა ნათანაელს, „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.“... დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ...
ესიგი ფილიპეს მოწოდებამდე, უფალმა ნათანაელი მანამდე მოიძია და მოხედა მას, როდესაც ის ლეღვის ძირში იჯდა და ებუტბუტებოდა თავისთავს და უფალსაც ალბათ... ნეტავ რა გულისხმისყოფა ჰქონდა მაშინ მას? წმ. მამები ამბობენ რომ მომავალ მესიაზე ფიქრობდა იგი და სწორედ ამიტომ შეახსენა მას მაცხოვარმა ეს ადგილი... თუმცა ამას ალბათ ზუსტად ვერ მივხვდებით დღეს... მაგრამ შესაძლოა ოდესმე მივწვდეთ კიდეც ამ მდგომარეობას, თუ კი სიწმინდით ვიცხოვრებთ. უფალი გულთამხილავია და არ არსებობს ადამიანის არსებაში - სულში არანაირი კუთხეკუნჭული, სადაც ის დაფარავს თავის აზრებს, ზრახვებსა თუ გულისთქმებს უფლისაგან... ამიტომაც უნდა ვიყვეთ მუდამ ლმობიერნი და მუდამ უნდა ვატარებდეთ გულში ლოცვას... ვინაიდან არ ვიცით როდის სათნოიყოფს უფალი ჩვენს კეთილ გულისთქმას... წმ. მამებს უთქვამთ; თუ ადამიანმა ღვთის მოძიება დაიწყოო, ესიგი ეს იმას ნიშნავს, რომ უფალმა ის უკვე მოიძიაო... ასე.რომ ჩვენ ვინც აქ ვდგავართ ეხლა, უფალმა მოგვიყვანა და მოგვიძია... და ეხლა რიგი ჩვენზეა, რათა ვიშრომოთ და ვიღვაწოთ, რომ კეთილი ნაყოფი გამოვიღოთ ბოლოსთვის და ვთქვათ ოდესღაც ნათანაელთან ერთად სიხარულით: „რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ.“ და გვესმას უფლის საწადელი სიტყვები, ვინაიდან გითხარი რომ გიხილე და გრწამს შენ ამისი „უფროჲსი ამათსა იხილო“. . . „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა.“ ამინ, მოგვმადლე უფალო ნათანაელისნაირი კეთილი გამომეძიებლობისა და კეთილი გულისხმისყოფის უნარი რათა კეთილად ვზრახვიდეთ ყოველივეს ჩვენს ცხოვრებაში... ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგახაროთ სიკეთეში და სიწმინდეში!!! ამინ!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით, იღუმენი იოანე (კავსაძე)
სან ფრანცისკო, 2010 წელი 21 თებერვალი
დიდმარხვის პირველი კვირა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ძვირფასო იოანე კავსაძე
ReplyDeleteსტატიაში ასეთი სიტყვები გიწერიათ:
„ჩვენს თაყვანსვცემთ რა ხატს, ამით მასზე გამოსახულ წმინდანსა და ანგელოზს ვსცემთ თაყვანს და არა ხეს და საღებავს, ან თუნდაც ხის არსებას...“
ადამიანებმა წმინდანებს და ანგელოზებს უნდა სცენ თაყვანი, თუ ღმერთს? (იოანე 4:23,24).
პატივისცემით
„რწმენა და თქვენი მომავალი“